Home რუბრიკები საზოგადოება “სითი პარკი” წავა, რა ეშველება “სტაიანშიკების” კლასს?

“სითი პარკი” წავა, რა ეშველება “სტაიანშიკების” კლასს?

1600
ოლეგ ჯავახიშვილი

თბილისის მოქალაქეთა შორის, ალბათ, არავინ დარჩა ისეთი, ვისაც არ გაუხარდა ნაცების ხელისუფლების ხელშეწყობითა და კორუფციული (როგორც ამბობენ) გარიგებით ჩვენს დედაქალაქს დაპატრონებულსითი პარკთანგაყრის პროცედურის დაწყება. როგორც იქნა!

ვინ არ შეებრძოლა, ვინ არ დაუპირისპირდა ყოფილთა ხანაშიც და საოცნებო საქართველოშიც!

ამაოდ.

ამ ორომტრიალში რომელიღაც დაჯგუფებამ პრინციპული პარტიის სახელი მოირგო, ვიღაც მოლაყბემ დეპუტატობას გამოჰკრა ხელი, სხვამ საკრებულოში შერგო თავი და კიდევ ვიღაც წვრილ-წვრილ სიკეთეს გამორჩა.

“სითი პარკი” შეურყევლად იდგა, როგორც უნიკალური აფერის, ხალხის ჯიბეებიდან ფულის სასრუტი ნოვაციური ნიმუში.

წავა, აბა, რა იქნება, გაისტუმრებენ, ფეხს ამოაკვეთინებენ, მაგრამ ამ საერთო კმაყოფილების ჟამს დაფიქრებულა კი ვინმე იმსტაიანშჩიკებისბედზე, რომლებისთვისაცსითი პარკისმიერ მოხაზულ ადგილებთან დგომა ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო და არის?

დღეს ამ “არალეგალურ დარგში” დასაქმებულთაგან ერთ-ერთს გაგაცნობთ, ერთ ტიპურ “სტაიანშჩიკს”.

_ ოლეგ არსენის ძე ჯავახიშვილი, ქართველი, _ ასე გამეცნო ის კაცი, რომელიც მიცკევიჩის ქუჩისა და პეკინის პროსპექტის შესაყარზე, მოედნის მარჯვენა მხარეს, მანქანების სადგომზე მეთვალყურედ “მუშაობს”.

მიპასუხებს ისე, თითქოს საბჭოთა დროინდელ ანკეტას ავსებდეს, რომელშიც მამის სახელი, ეროვნებისა და სქესის ჩაწერა აუცილებელი იყო; იმის აღნიშვნაც, ჰყავს თუ არა ნათესავთაგან ვინმე უცხოეთში, არის თუ არა ტყვეობაში ნამყოფი და ა.შ.

სხვა რეჟიმი იყო, სხვა მოთხოვნებით.

დღეს ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფა არ არსებობს, არც მამის სახელის გახსენებას გვთხოვენ, ხოლო ანკეტას ჰქვია “სივი” (CV _ ლათ. Curriculum Vitae _ ცხოვრების გზა), რომელშიც უცხოეთში გადახვეწილი შენი ნათესავ-მოყვრების გვარ-სახელების ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან ისედაც ცნობილია, რომ უნდა იყვნენ და არიან კიდეც, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

სქესზე სიტყვას ნუ გავაგრძელებთ…

_ სულ ქუჩაში ვდგავარო, _ მეტყვის ყოფილი უმაღლესი კლასის მექანიზატორი, რომლის მამა ტრაქტორს ამუშავებდა კოლმეურნეობაში და შვილიც მამის კვალს მისდევდა.

_ შოფერიც ვიყავი, სვარშჩიკადაც ვმუშაობდი _ შემდუღებლად (მიხსნის), შემდეგ წისქვილკომბინატში, ზეინკლად _ გორის უშველებელ წისქვილკომბინატში, ხუთ წელიწადს. იქიდან წამოვედი გორის ხრუსტალის ქარხანაში (ბროლის ქარხანაში, _ მე გავახსენე. _ ჰო, ასეაო). მერე ერთიც დაიშალა, მეორეც დაიშალა, ეს მთავრობაც სულ დაინგრა, გამსახურდია რომ მოვიდა. აღარაფერი იყო და რა უნდა გაგვეკეთებინა?!

მოვიდნენ არაფორმალები, ხომ გახსოვთ, როგორ იყო _ მასკიანები (ნიღბიანები-მეთქი. ამაზეც დამეთანხმა. და გადავწყვიტე, თავი დამენებებინა ამ ჩასწორება-გასწორებისთვის, რადგან მის ლექსიკას იმ ძველი დროის სურნელი და უშუალობის რაღაცნაირი სითბო მოჰქონდა). სოფელში რომ მქონდა ქათმების ფერმა და რაღაც ორი მანეთი ვიშოვე, რაც დანადგარი იყო იქ და ყველაფერი წაიღეს. ღამე მოვიდოდნენ, ეს მინდა, ეს მინდა! და, აბა, ავტომატიან კაცს ცარიელი ხელებით ვინ დაუდგება წინ?! დავრჩი ცარიელ-ტარიელი. ცემა, ჩხუბი, უბედურება… აღარც კბილები შემრჩა პირში.

მიწის დამუშავება დავიწყე ახალსოფელში და მე და ჩემი მეუღლე, რასაც მოვიწევდით, მომქონდა თბილისში, ახმეტელის ბაზარში და ვყიდდით. 14 წელიწადი ვიმუშავე. ასე მოვიტანე დღევანდლამდე თავი.

_ მამული კარგი გაქვთ?

_ კარგია, მაგრამ წყალი არ არის და რად გინდა? ადრე, კომუნისტების დროს, წყალიც იყო და ყველაფერიც. დაბურღული იყო, ნასოსები აკაჩავებდა, წყალი მოდიოდა არნახული, როცა მოისურვებდი, მაშინ მორწყავდი. ერთი ჰექტარი ვაშლის ბაღი მქონდა, ჰექტარ-ნახევარი _ შავი ქლიავისა, სათესი ყანაც მქონდა და ცარიელი მიწაც. ახლა ვეღარც ის მომყავს, ვეღარც ის მომყავს (ვერაფერიო ანუ).

_ წაგართვეს მიწა?

_ არა, მაგრამ უწყლოდ რა გაიხარებს?! გახმა. ბალახიც აღარ მოდის.

_ ოჯახი დიდი გაქვთ?

_ მე და ჩემი ცოლი, ორი შვილი მყავს, ორივენიც _ დაოჯახებულები, ოთხი შვილიშვილი. შვილებს უმაღლესები აქვთ დამთავრებულები ეკონომიკური განხრით, არც ერთს სამსახური არ აქვს. მე კი აქა ვდგავარ.

(ვდგავართ. ვსაუბრობთ. ამასობაში “სტაიანკიდან” ერთი მანქანა წავიდა და ერთიც მოვიდა _ ხურდა მიაწოდა მანქანის პატრონმა. გმადლობთო და გაიხარეთო, უპასუხა ჩემმა რესპონდენტმა _ დალოცვასავით).

_ ის ოც თეთრს მომცემს, სხვა _ ორმოცდაათს. ჭრელია ხალხი. ზოგი მოვა, ადგილს მოვუნახავ. გავაჩერებინებ მანქანას. მთელი დღე დგა, დგა, დგააა. მოვა, ჩაჯდება და წავა. დამწყდება გული. მრცხვენია. თავმოყვარეობა მკლავს, ამ დღეში რომ აღმოვჩნდი, მაგრამ, რა ვქნა? მადლობა ღმერთს, კარგ ხალხს რომ არ გამოლევს. ახალ წლებზე ზოგმა საჩუქარი მომართვა, ზოგმა ხუთი ლარი მაჩუქა, ერთმა ტორტი მომიტანა, ბიჭო! ღმერთმა გაუმარჯოს! ღვთისნიერი და მადლიანი ადამიანი ბევრი ცხოვრობს თბილისში. კეთილი ადამიანი კიდევ ბევრია შემორჩენილი… აი, ამ სიყვარულით ვარ გაჩერებული.

მაინც იმ დროს ნატრობს, მუშათა და გლეხთა სახელმწიფო რომ ერქვა ქვეყანას.

_ ნეტავ, ამ დროს არ მოვსწრებოდი, რა სიმწარეც აქ ვნახე და გადავიტანეო, _ მეტყვის და მიტრიალდება, ცრემლს დამიმალავს, თვალზე მომდგარს.

აქვე ვიტყვი: გამომშვიდობებისას მანეთიანი გავუწოდე, რკინისა. მოიკლა თავი, არ გამომართვა. მე უფრო მოვიკალი თავი. არაფერი რომ არ გამომივიდა, მანქანის კაპოტზე დავუტოვე. ვისთვის არაფერს ნიშნავს, ვისთვის _ ფულია…

_ აქ როგორ მოხვდით?

_ მაგასაც მოგიყვებით. აი, აქ, ეზოში შესასვლელთან 5 წელიწადი ვიდექი და ვყიდდი ჩემს მოწეულ მოსავალს. ყველა მცნობდა.

ამ ადგილზე “სტაიანშჩიკად” მუშაობდა ერთი მეგრელი კაცი. დალევა უყვარდა. ერთხელ ვუთხარი: ოღონდ იმ პადვალში არ ჩახვიდე და ის გაკეთებული ღვინო არ დალიო და მე ჩამოგიტან ჩემს დაწურულს-მეთქი. ჩამოვუტანდი ხოლმე. დავძმაკაცდით.

თემურ ოდიშარია იყო, კაი კაცი, გემრიელი კაცი.

_ იყო?!

_ გარდაიცვალა. დაიღუპა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. იმ კაცმა დამაწყებინა აქ მუშაობა _ ერთმანეთს ჩავენაცვლებოდით ხოლმე. თავიდან მრცხვენოდა აქ დგომა, მერე თანდათან შევეჩვიე. ხან ხუთი მანეთი მრჩებოდა…

_ მანეთი?!

_ უკაცრავად, _ ლარი. ხომ იცი, შეჩვეულს ძნელად გადაეჩვევი… ხან ხუთი ლარი, ხან _ ათი, ხან _ რვა… იმ დღიდან დღემდისინ აქა ვარ. უკვე ხუთი წელია, ქუჩაში ვარ. მეტი აღარაფერი საშუალება არ გამაჩნია.

სახლში რომ მივდივარ, იქაც ვეწვალები. ვშრომობ (სამ ოპერაციაგადატანილი კაცია. _ ა.ს.). ასე შემოვრჩი.

შემორჩა. ჯერჯერობით. რადგან არავინ იცის, როგორ გადაწყდება მისი, როგორც “თვითდასაქმებული” ადამიანის, ბედი, “სითი პარკის” ბობოლა მფლობელები წავლენ ისრაელში, არ დაბრუნდებიან (იმედი ვიქონიოთ!), მაგრამ დარჩებიან კი ჩემი რესპონდენტისნაირი “სტაიანშჩიკები” თავიანთ სამუშაო ადგილებზე?

დატოვებენ? თბილისის მერიაში ვინმე ფიქრობს ამათზე?

ან, ეგებ, მოფიქრებულიც აქვთ? თუ _ ჰო, ბარაქალა! მაგრამ დღეს პერსპექტივა გაურკვეველია.

და ქუჩაში, რომელიც ყველა დროსა და ვითარებაში გაჭირვებული კაცის პარადოქსული თავშესაფარი იყო, “სტაიანშჩიკად” დგას 66 წლის პენსიონერი, ერთ დროს უმაღლესი კლასის მექანიზატორი ოლეგ არსენის ძე ჯავახიშვილი, ეროვნებით ქართველი.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here