რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 14 მაისს სოჭში აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს უმასპინძლა. შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, რომ დროა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაივიწყონ უნდობლობის წლები და კონსტრუქციულად მუშაობის გზები გამონახონ.
“ჩვენ ვხედავთ, რომ არის ეჭვებიც და ცუდი განწყობებიც. ეს ხელს უშლის თქვენსა და ჩვენს უსაფრთხოებას და იწვევს შეშფოთებას მსოფლიოში. ჩვენი აზრით, დროა, ახალი და უფრო კონსტრუქციული მატრიცის შექმნა ჩვენი ურთიერთობისთვის”, _ აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
თავის მხრივ, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
“ჩვენი ქვეყნები, ბუნებრივია, იცავენ თავიანთ ინტერესებს, ჩვენი პოზიციები ზოგჯერ განსხვავებულია, მაგრამ არის უამრავი საკითხი, რომელთა მიმართაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სფეროებზე დაყრდნობით მივაღწიოთ ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებას ჩვენივე უსაფრთხოებისთვის”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. იმ სფეროებს კი, რომლებშიც რუსეთისა და აშშ-ის ინტერესები ემთხვევა, პომპეომ მიაკუთვნა ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, შეიარაღების შემცირება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება. “უნდა განვაგრძოთ ეს დიალოგი, ჩვენმა პრეზიდენტებმა მოგვიწოდეს, ძალისხმევა არ დავიშუროთ ჩვენი ურთიერთობისა და, საერთოდ, ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის მსოფლიოში”, _ დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.