17 სექტემბერს საერთაშორისო არხ RTVI-ის ეთერში გავიდა პროგრამა “სპეციალური სტუმარი”, რომელიც წაიყვანა პოპულარულმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა. პროექტის პირველი სტუმარი იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც RTVI-ის კორესპონდენტმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. მინისტრმა უპასუხა შეკითხვებს ბელარუსში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე, აშშ–ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლასა და უკრაინისა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. გთავაზობთ ჩვენთვის, ქართველებისთვის, საინტერესო ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან:
_ სერგეი ვიქტორის ძევ, როგორც ქართველმა, აუცილებლად უნდა გკითხოთ: ხომ არ დადგა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების დრო? უკვე გაიზარდა ქართველების მეორე თაობა, რომელსაც რუსეთი არ უნახავს…
_ ამჟამად ქართველებს შეუძლიათ ვიზის მიღება და რუსეთში ჩამოსვლა. ვიზის მიღების შემთხვევების ჩამონათვალი გაფართოვდა, ამჟამად არ არსებობს არანაირი შეზღუდვა რუსეთში ჩამოსასვლელად. ეს შეიძლება თბილისში ჩვენი ინტერესების სექციაში ან საზღვარგარეთ ჩვენს დაწესებულებაში ვიზის აღების შემდეგ.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთი წლის წინათ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა ამის გამოცხადებისგან, მაგრამ მართლმადიდებლობის საერთაშორისო პარლამენტთაშორის ასამბლეაზე მოხდა ის შემთხვევა, როცა სერგეი გავრილოვი მიიწვიეს, ჩასვეს სავარძელში, შემდეგ კი ამის გამო შეეცადნენ, პრაქტიკულად, ძალა გამოეყენებინათ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, მოგვარდება! ვხედავთ, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას მოითხოვენ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვებს ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიეირთმისწრაფება. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, არ დაუშვან საქართველოს გადასვლა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის რელსებზე, შერცხვენილნი იქნებიან.
ახლა ცდილობენ, საქართველოც ზუსტად ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინა გამოიყენეს. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უზარმაზარ როლს თამაშობს. ცოტა ხნის წინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული ტრანში, რომლებსაც გამოუყოფენ უკრაინას, მოკლევადიანი იყოს.
_ მიკროკრედიტები.
_ მიკროკრედიტები და მოკლე სადავე, რომლის ცოტა დაჭიმვაც ყოველთვის შეიძლება. ასე ცდილობენ საქართველოს გამოყენებასაც. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ვითარება შენარჩუნდეს. ჩვენ არაფერი წამოგვიწყია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა 2008 წლის მოვლენები, რომ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩავიდნენ და წვრთნიდნენ ქართულ არმიას. ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც დაარღვია ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება.
ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭირო იყო, გვერწმუნა სიტყვის. ბევრი შემთხვევა იყო, როცა სიტყვაზე ვენდეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჰაერი აღმოჩნდა. 2003 წელი, კოლინ პაუელი, სინჯარა _ ეს აკადემიური ვარიანტია. შემდეგ იყო თავდასხმა ერაყზე. წლების შემდეგ ტონი ბლერმა აღიარა, რომ არანაირი ბირთვული იარაღი ერაყს არ ჰქონია. ასეთი ისტორიები საკმაოდ ბევრი იყო.
1999 წელს იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიის დასაწყებად სასხლეტის როლი შეასრულა ბალკანეთის ნახევარკუნძულზუ ეუთოს ამერიკელი წარმომადგენლის, უილიამ უოლკერის, მოღვაწეობამ, რომელიც ეწვია სოფელ რეჩაკს, რომელშიც 3 ათეული გვამი იპოვეს, და განაცხადა: ეს ალბანელი მოსახლეობის გენოციდიაო. როცა ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალმა სპეციალური გამოძიება ჩაატარა, გაირკვა, რომ ისინი იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სამხედროები, მაგრამ უოლკერი გაჰყვიროდა, _ ეს ყველაფერი გენოციდიაო. ეს განცხადება მყისვე აიტაცეს ვაშინგტონში, ლონდონში, სხვა დედაქალაქებში. ნატომ დაიწყო აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც დასრულდა მშვიდობის იძულების 5-დღიანი ოპერაცია, ევროკავშირმა მოხსენება შეუკვეთა ექსპერტთა ჯგუფს, რომელშიც მიიწვიეს შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი. შემდეგ ის მინსკის პროცესითაც იყო დაკავებული, იმხანად კი მას სთხოვეს, ეხელმძღვანელა ექსპერტთა ჯგუფისთვის, რომელმაც გამოიკვლია 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო. ეს ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით და მომიზეზება, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს და გვირაბის მეორე მხარეს ვიღაც ელოდებოდა, მზაკვრული ნათქვამია.
ქართველი ხალხი ბრძენია. მას უყვარს სიცოცხლე, შეიძლება ისევე და იმავე გამოვლინებით, როგორითაც უყვარს რუსეთის ფედერაციის ხალხებს. დავძლევთ ამჟამინდელ ანომალიურ ვითარებას და აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობას სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის.
mid.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ