Home რუბრიკები პოლიტიკა “სეპარატისტული რენესანსი”

“სეპარატისტული რენესანსი”

დაიშლება თუ არა ესპანეთი?

1805
რეფერენდუმი

1 ოქტომბერს კატალონიის ხელისუფლება დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას გეგმავს. ესპანეთის მთავრობა მას უკანონოდ მიიჩნევს და მის ჩასაშლელად ყველა ღონეს მიმართავს. რა გავლენას მოახდენს ეს დაპირისპირება ესპანეთისა და ევროკავშირის მომავალზე?

კატალონიელების სეპარატისტული მოძრაობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ის მყარ ეკონომიკურ ბაზისს, მდიდარ ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება, ხოლო მის მთავარ მედროშედ დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება გვევლინება.

შუა საუკუნეებში კატალონია ყოველთვის სარგებლობდა ფართო უფლებებით ჯერ არაგონის, შემდეგ კი ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში, მანამ, სანამ XVII-XVIII საუკუნეებში მადრიდი მათ შეკვეცას არ შეუდგა. 1714 წელს, როდესაც ესპანეთის ისტორიაში მკაცრი ცენტრალიზაციის ეპოქა დაიწყო, ყოველივე განსხვავებული და ავტონომიური გაუქმდა, ხოლო კატალანური ენის გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საქმის წარმოებაში აიკრძალა.

XIX საუკუნის მეორე მესამედში კატალონიაში კულტურული რენესანსი დაიწყო, რომელიც პროვინციის სწაფ ეკონომიკურ განვითარებას და ესპანური სახელმწიფოს დასუსტებას დაემთხვა. ამან საფუძველი ჩაუყარა კატალონიელთა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესს; ამ ნიადაგზე აღმოცენდა ავტონომიის აღდგენის, შემდეგ კი დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეა.

როდესაც XX საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთის დესტაბილიზაცია დაიწყო, კატალონიამ (აგრეთვე, ბასკების სახელმწიფომ) ავტონომიური უფლებების მნიშვნელოვან გაფართოებას მიაღწია. ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურთან სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა, მაგრამ სამოქალაქო ომის პერიოდში ისინი მოკავშირეები გახდნენ. გენერალმა ფრანკომ, გამარჯვების შემდეგ, კატალონიის ავტონომია გააუქმა, ხოლო 4 ათასამდე კატალონიელი სიკვდილით დასაჯა. პროვინციის ათიათასობით მკვიდრი ციხეში აღმოჩნდა ან იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცულიყო.

წინააღმდეგობამ დიქტატურის მიმართ კატალონიაში ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის ელფერი შეიძინა. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ავტონომია აღადგინეს, ადგილობრივი მთავრობის უფლებები თანდათან გაფართოვდა, ისევე, როგორც ადგილობრივი ენის გამოყენების სფერო, რომელზეც დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი საუბრობს _ ყოველივე ეს ამჯერადაც რეგიონის ეკონომიკურ აღმავლობას დაემთხვა. კატალონია ესპანეთის ტერიტორიის 6,3%- იკავებს, ხოლო მოსახლეობა ესპანეთის მოსახლეობის 16%- შეადგენს, მაგრამ პროვინცია ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის 20%-ზე მეტს ქმნის და ექსპორტის მეოთხედზე მეტს უზრუნველყოფს.

ბოლო ათწლეულებში კატალონიის ისტებლიშმენტსა და საზოგადოებაში პრინციპულად მნიშვნელოვანი განხეთქილება მოხდა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფართო ავტონომია სავსებით საკმარისია, ხოლო მეორეს დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს. ექსპერტები თვლიან, რომ “ავტონომისტები” მეტნი არიან, მაგრამ გაცილებით პასიურად იქცევიან, ვიდრე ერთ მუშტად შეკრული “სეპარატისტები”, არჩევნების, რეფერენდუმების და გამოკითხვების დროს. ამასთანავე, ზღვარი მკაფიო არ არის, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლა ძლიერდება, “ავტონომისტების” ნაწილი რადიკალურ პოზიციებზე გადადის.

2014 წელს კატალონიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი დანიშნა, მაგრამ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და პარლამენტმა ის უკანონოდ გამოაცხადეს. ამის გამო, რეფერენდუმის ნაცვლად, ჩატარდა გამოკითხვა (ხმის მიცემის ფორმით), შედეგად, 80,8 პროცენტმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 37% მივიდა. ამასთანავე, ელექტორატის საერთო რაოდენობის გასაზრდელად კატალონიის ხელისუფლებამ გარკვეულ მანიპულაციებს მიმართა. მან 16 (და არა 18) წლიდან ახალგაზრდებსა და უცხოელებს, რომელთაც კატალონიაში ცხოვრების უფლება აქვთ, გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება მისცა; ორივე კატეგორიას სეპარატისტული იდეები მოსწონს. უბნებზე მაშინ მივიდა “ავტონომისტების” ნაწილიც, რომელმაც, ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლის გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. საბოლოოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც სურდადამოუკიდებლობის საყოველთაო მხარდაჭერის სურათი, მიუხედავად იმისა, რომ ის არითმეტიკულად არ დასტურდებოდა.

ცენტრალური ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ რეფერენდუმი უკანონოა. სამართალდამცავებმა ორგანიზატორების ნაწილი დააპატიმრეს (შემდეგ გაუშვეს) და დაახლოებით ათი მილიონი ბიულეტენი ამოიღეს. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება რეფერენდუმის შესახებ. პრემიერ-მინისტრი მარიანო რაჰოი ირწმუნება, რომ “არანაირი რეფერნედუმი არ ჩატარდება”. ცენტრალური ხელისუფლება ეყრდნობა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლს, სადაც ნათქვამია: “თუ ავტონომია არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით და სხვა კანონებით, ან მისი ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ესპანეთის სახელმწიფო ინტერესებს, მთავრობა ავტონომიის თავმჯდომარეს აფრთხილებს. თუ მისი მხრიდან პასუხს ადგილი არ ექნება, მთავრობას, სენატის აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია მიიღოს აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ ავტონომიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება აიძულოს ან სახელმწიფო ინტერესები დაიცვას”. ამ მუხლის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ ჩამოთვილი ღონისძიებების გატარებისას ესპანეთის მთავრობას შეუძლია, მითითებები მისცეს ავტონომიის ნებისმიერ სახელისუფლო რგოლს.

უნდა გავითვლისწინოთ, რომ ესპანეთი არ არის ბელგია _ კატალონიაში ავტონომიისა და თვითგამორკვევის იდეის გამო უამრავი სისხლი დაიღვარა და ნებისმიერმა ძალისმიერმა ქმედებამ შეიძლება ვულკანის ამოფქრვევა გამოიწვიოს.

სეპარატისტებს უკვე მომზადებული აქვთ კანონპროექტიგარდამავალი პერიოდის შესახებ”, რომელიც დროებითი კონსტიტუციის როლს შეასრულებს. ესპანურიეს პაისისცნობით, ის შემდეგფეთქებადსაშიშმუხლსაც შეიცავს: “თუ ესპანეთის სახელმწიფო ქმედითად შეეწინააღმდეგება რეფერენდუმის გამართვას, ეს კანონი ძალაში სრულად შევა მაშინვე, რაც კატალონიის პარლამენტი ასეთი დაბრკოლების არსებობას დაადასტურებს”. საგულისხმოა, რომ კატალონიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა რეგლამენტი და ახლა შეუძლია კანონები დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან სწრაფად, ერთი მოსმენით მიიღოს. ამგვარად, ესპანეთიდან გამოყოფის იურიდიულ გაფორმებას შეიძლება მხოლოდ 48 საათი დასჭირდეს.

ძალადობაზე გადასვლა, ერთი შეხედვით, არავის სურს, მაგრამ ესკალაციის შემთხვევაში მადრიდს შესაძლებლობა ექნება, დაეყრდნოს სამოქალაქო გვარდიას, კატალონიაში განლაგებულ საჯარისო შენაერთებს (თუმცა მათ გამოყენებას მყარი იურიდიული საფუძველი სჭირდება) და პოლიციის იმ მცირე ნაწილს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ექვემდებარება. რაც შეეხება ავტონომიის პოლიციას, აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ის ჯერჯერობით ემორჩილება მითითებებს ესპანეთის შსს-დან, თუმცა კრიტიკულ მომენტში შეიძლება საბოტაჟის გზას დაადგეს. კატალონიის ხელისუფლებას კი “ქუჩის სივრცეში” შეუძლია დაეყრდნოს ასიათასობით დემონსტრანტს და ახალგაზრდების ჯგუფებს, რომლებიც “ფერად რევოლუციებში” თუ ჰიბრიდულ ომებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუ 1 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში ბარსელონაში სისხლი დაიღვრება, ვითარება, ადგილობრივების ფეთქებადი ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება უკონტროლო გახდეს. იმის მიუხედავად, რომ მადრიდს, წინააღმდეგობის ჩასახშობად, ერთი შეხედვით, საკმარისი რესურსი აქვს, მან საკმაოდ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა უმართავი ესკალაცია არ დაუშვას. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სისხლისღვრა არავის (ან თითქმის არავის) სურს და გამორიცხული არაა პროცესი იმავე შედეგით დასრულდეს, რომლითაც 2014-ში დასრულდა.

ბრიუსელი დაპირისპირებას დიდი სიფრთხილით ეკიდება და აცხადებს, რომ, გამოყოფის შემთხვევაში, კატალონია ევროკავშირშიავტომატურადვერ გაწევრდება, რამაც შეიძლება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს. სეპარატისტების წარმატება კატალონიაში, “დომინოს” პრინციპით, გაართულებს სიტუაციას შოტლანდიაში (მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის), ბასკეთში, კორსიკაში, ბელგიაში, ჩრდილოეთ იტალიაში და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ავტონომიის გაფართოების ან სეპარატიზმის პრობლემა დგას.

საინტერესოა, რატომ არ წავიდა ესპანეთის ხელისუფლება ბრიტანელების გზით, რომლებმაც შოტლანდიელებს რეფერენდუმის ჩატარების უფლება მისცეს? კატალონიაში ერთიანობის შენარჩუნების მომხრე ხომ უფრო მეტია, ვიდრე სეპარატისტი და მათი მობილიზება პიარ-ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორც ეს ლონდონმა შოტლანდიელი ამომრჩევლების მიმართ გააკეთა, სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ორმა ფაქტორმა იმუშავა: ჯერ ერთი, ქვეყნის ერთიანობა ესპანეთში აღიქმება, როგორც უზენაესი ღირებულება (დაახლოებით ისე, როგორც საქართველოშია); მას თითქმის საკრალური მნიშვნელობა აქვს და მისი ეჭვქვეშ დაყენება ან მისი ბედის გადაწყვეტა პროვინციულ რეფერენდუმზე ბევრ ესპანელს წარმოუდგენლად მიაჩნია. ამასთანავე, “ბრექსიტმა” და ტრამპის გაპრეზიდენტებამ ნათლად აჩვენა, რომ რეფერენდუმის თუ არჩევნების შედეგი შეიძლება მოსალოდნელის საპირისპირო აღმოჩნდეს. ესპანეთის ხელისუფლებას არც ლატარეის თამაში სურს და არც ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა სისუსტედ აღიქვამს. იქიდან გამომდინარე, როგორ განვითარდება მოვლენები კატალონიასა და შოტლანდიაში, სადაც დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმის გამართვა იგეგმება, გამოჩნდება, ვინ აირჩია უფრო გონივრული ტაქტიკა _ დიდი ბრიტანეთის თუ ესპანეთის ხელისუფლებამ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქართველს ბარსელონასთან საუკეთესო მოგონებები და ადამიანური კონტაქტები აკავშირებს, კატალონიის გამოყოფა და ევროპაში “სეპარატისტული რენესანსის” დაწყება საქართველოს ხელს არ აძლევს, რადგან ეს ჩვენი კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივას კიდევ უფრო რთულს და ბუნდოვანს გახდის. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ქართველი მაყურებლები, სავარაუდოდ, მხარს უფრო მეტად მადრიდის “რეალს” დაუჭერენ, ვიდრე “ბარსელონას” და “კატალონიის კორიდაში” ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას უგულშემატკივრებენ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here