1 ივლისიდან ამოქმედდება მთავრობის დადგენილება “საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესის” შესახებ, რომლის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს მიენიჭებათ კლასი 1-დან 12-მდე. და ამ კლასების მიხედვით, ისინი შესაბამის დანამატსაც მიიღებენ. მოხელეს კლასი მუდმივად შეუნარჩუნდება და მისი ჩამორთმევა დაუშვებელია.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მოხელისთვის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მოხელის კლასების რაოდენობა 12-ია, პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი, ხოლო მე-12 _ ყველაზე მაღალი. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
აღსანიშნავია, რომ კლასი არ მიენიჭება მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება. მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი, რომლის ოდენობა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად რეგულირდება.
2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა.