ქვეყნის სიძლიერე ქართველების მშობლიურ მიწასთან უღალატო კავშირში იყო ოდითგან. აკი ილიაც ბრძანებდა: “ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეაო”.
მიწისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ ქართველთა უძველეს და უმთავრეს საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, რომელიც შემდგომ ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის საფუძველიც შეიქნა. “ქართველების ძალა ძველის–ძველ დრომდე მიწის შემუშავება, მეურნეობაა, ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყოო”.
ჰოდა, ჩვენც თავი მოგვქონდა მტერთან თუ მოყვარესთან, რომ ჩვენი წინაპარი ერთი ხელით ხმალს იქნევდა მტრის მოსაგერიებლად და მეორით _ მიწას ამუშავებდა, ხნავდა, სხლავდა და იწევდა ჭირნახულს… მრავალფეროვან ბუნებასთან ჰარმონიულად შეთანასწორებული ქართული ცხოვრების წესი იყო ის ძალა, რომელიც მტრისგან გავერანებულ საქართველოს კვლავ ფეხზე აყენებდა.
“საკვირველი ეს არის, _ წერდა ილია ჭავჭავაძე, _ რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფას? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლისღვრასა?” და იქვე დასძენდა: “უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყაროებში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი წინანდელი წყობა ისეთი ყოფილა, რომ იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ–ღონე, რომლითაც იგი გაძღოლია ამოდენა ვაი–ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში”.
ამ უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ერმა ყოველთვის იცოდა, რომ მზეს საქმესთან უნდა დახვედროდა, საქმემდე თუ მზე მიასწრებდა, ვეღარაფერს გააკეთებდა (ოტია იოსელიანი). დღეს კი ისევ ცარიელია სოფლები, გლეხკაცი არ იხედება მიწისკენ…
ეს როგორო?! _ შემომედავებიან მავანნი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით შეიქმნა და დაფინანსდა არა ერთი და ორი პროექტიო: ეს აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაო, ეს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაო, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა თუ შეღავათიანი აგროკრედიტიო და სხვა თანადაფინანსების პროექტები.
მაგრამ ყველა საქმე შედეგით ფასდება. ეს უდავო ჭეშმარიტებაა და, რაკი ამდენ პროგრამებს სათანადო შედეგი არ მოაქვს, ანუ მათი წყალობით სოფელი მაინც ვერ მოღონიერდა, გამოდის, რომ ფული, ანუ კრედიტები წყალში გადაიყარა, თუმცა ისიც საკითხავია, სად გადაიყარა…
საინტერესოა, რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები:
ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, თავისი საწარმოო მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია შეაღწიოს ევროპულ ბაზარზე და დამკვიდრდეს, ამაში დარწმუნებულნი არიან, მაგრამ, მათი აზრით, აქცენტი არა წარმოების მასშტაბსა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ პროდუქციის უსაფრთხოებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებზე უნდა გაკეთდეს; უნდა აღვადგინოთ და განვავითაროთ აგროეკოლოგიური წარმოების ის ტრადიციები და უნიკალური წესები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ უხვი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. აი მაშინ ექნება ქართულ აგრარულ მეურნეობას განვითარების კარგი პერსპექტივაო.
სოფლის პრობლემებზე მსჯელობისას თავის დროზე დიდი ილიაც ხაზს უსვამდა საქართველოში მრავალდარგოვანი, ფართოდ სპეციალიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობას; რომ დარგობრივ სპეციალიზაციას უნდა ეპასუხა საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნებისთვის. “ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება აირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არ აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერც–კი გაუსაღებია – სახელმწიფო ინტერესის თვალითაც–კი მეტად სახეიროა რუსეთისთვისაც”, _ წერდა ერის მამა.
ამგვარი მიდგომა საკითხისადმი სწორედ დღეს ყველაზე მეტად საშურია, რადგან სხვისი ხელების შემყურე ქვეყანას როდის გამოაცლიან პირიდან ლუკმას, კაცმა არ იცის. დღეს რომ მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის იმედად ვართ, რომ შეგვიწყვიტოს (მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს) მოწოდება, რა ვქნათ?! შეიძლება გამოჩნდეს სხვა გზა, მაგრამ, ჩიხში მიმწყვდეულს, არა მგონია, საუკეთესო გამოსავალი შემოგვთავაზოს ვინმემ, ამიტომ უნდა გვქონდეს საკუთარი, მცირე მაინც, რისი მიღწევაც სულაც არ არის რთული, თუ ხელს გაანძრევ და არ დაიზარებ, რადგან, როგორც ილია ამბობს, “ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ–მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა–პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით – კი არა, არამედ სულითაც და გულითაც; ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ “მკვიდრია” თავის სოფლისა და სხვა თავ–მოსაწონებელი სახელი არ იცის”. ერის მამის თვალსაზრისით ქართველი გლეხის ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ სახეს მიწათმოქმედების გაძღოლის ეროვნული ტრადიციები და თავისებურებები აყალიბებდა. სწორედ ამიტომ გაიხადა სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად.
ილიას სწამდა, რომ “ჩვენ, ქართველები, პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ, თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა–თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და აქედან ზნეობითადაც”.
ერის მოძღვარი ქართველ გლეხს შეახსენებდა იმ მრავალსაუკუნოვან ფუნქციას, რომელიც ვაზის კულტურას ჰქონდა ქართველი კაცის სამეურნეო საქმიანობასა და ყოფაცხოვრებაში. ილიამ კარგად იცოდა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა იყო ეროვნულობის, ქართველობის დაცვისა და შენარჩუნების მძლავრი სტიმული. “ჩვენებურ გლეხკაცს ვენახი და ხილნარი მარტო გამორჩომის წყაროდ კი არ მიაჩნია, არამედ იმ წმინდა აუზადაც, სადაც მის მამა–პაპას თავისი ოფლი მოუდენია და მიუბარებია საშვილიშვილოდ”. “ჩვენში რომ გლეხკაცმა თავი დაანებოს თავის ადგილს, ჯერ უნდა გულიდამ ამოიღოს თავისი თემი, თავისი ოჯახის წარსული, თავისი მამა–პაპა, რომელთა ნაშთი, ძეგლი თვითოეული ვაზია, თვითოეული ხეა, მამა–პაპის ხელით დარგული და ოფლით მორწყული, და რომელსაც იგი სამკვიდროს ეძახის. ყოველ ამის გულიდამ ამოღება ძნელია”.
სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის შესწავლისა და ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებათა გაანალიზების შედეგად, ილიამ დაასაბუთა სოფლის მეურნეობის უპირატესი განვითარების როლი და აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში. “სოფლის მეურნეობას, ადგილ–მამულის პატრონობის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიკური წარმოება არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებისა. თავი და ბოლო ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა, სიმდიდრისა მაგაზედ არის დამყარებული”.
სოფლის მეურნეობა, როგორც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი წარმმართველი დარგი, ყოველთვის უკავშირდებოდა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებს, ამიტომ ილიას მიწათმოქმედების გაძლიერება, ანუ “სოფლური მეურნეობა” მიაჩნდა ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების ქვაკუთხედად და ჩამოაყალიბა კიდეც დარგის განვითარების გზები, რომლებზეც იმდროინდელი ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა ყურადღების გამახვილებას. პრაქტიკულად არ დარჩენილა სოფლის მეურნეობის განვითარების არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ გამხდარიყო მისი განსჯა-განხილვის საგანი.
საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში “კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების შესახებ”, რომელიც 1850 წელს იყო დაფუძნებული. დიდი მწერლის სიტყვებით, კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოებას წარმატებისათვის რომ მიეღწია, იგი უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტი წარმომადგენელი ადგილობრივ მიწათმოქმედთა და სასოფლო მეურნეობის მოწარმოეთა, _ უნდა ყოფილიყო შუამდგომელი მთავრობის წინაშე, რათა მისი მუდმივი მზრუნველობა და შემწეობა იქით მიემართა, საითაც საჭირო იყო. თუ ეს არ მოხდებოდა, საზოგადოება ისევე ისე მკვდარი იქნებოდა, როგორც აქომამდე იყო. მოწინავე ევროპული ქვეყნების: საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, გერმანიისა და ინგლისის გამოცდილების მიმოხილვის შემდეგ ილია დაასკვნის: “მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით _ მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება”.
დღეს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დაძლევას; ვერ უზრუნველყოფს:
* სოფლად საქონელმწარმოებელთა მოტივაციის ამაღლებას;
* სასურსათო პროდუქციისა და ნედლეულის წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
* სოფლის მეურნეობის პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გადამმუშავებელი საწარმოების ამოქმედებას.
ამ ამოცანის განსახორციელებლად, სპეციალისტების აზრით, გამოყოფილი მილიონები უნდა დაიხარჯოს გამიზნულად და უნდა მოხმარდეს მთავარი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა:
* ერთიანი აგრარული სისტემის შექმნა;
* სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების პოლიტიკის შემუშავება _ არა მხოლოდ აგრარული, არამედ სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა;
* საქონელმწარმოებელთა უზრუნველყოფა ფინანსური რესურსებით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს კრედიტებისა და წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნას;
* ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემების აღდგენა და მისი შემდგომი განვითარება ქვეყნის შესაბამის რეგიონებში;
* გლეხურ მეურნეობათა საკონსულტაციო (სასწავლო) ინფორმაციული მომსახურების, როგორც სისტემის, შექმნა და ამოქმედება;
* სოფლად მიწის წვრილმესაკუთრეთა ნებაყოფლობითი საწარმოო და მარკეტინგული კოოპერირება;
* აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება აგროსექტორის განვითარების მიმართულებით;
* მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესების ჰარმონიული შეთანაწყობა, შეზღუდული საწარმოოო რესურსების გამოყენება ეკონომიკურ-ეკოლოგიური ეფექტიანობის ამაღლების თვალსაზრისით.
აი მაშინ იმედი ჩაესახება გლეხკაცს გულში და ხალისიც დაუბრუნდება მიწაზე მუშაობის, მით უფრო, რომ “ეკონომიკური გაძლიერებისათვის ჩვენს სოფელს ბუნებისაგან თითქმის არა აკლია–რა. ზომიერი ნელ–თბილი ჰავა, ნაყოფიერი და თითქმის ყველაფრის უხვად მომცემი მიწა, მომასწავებელნი არიან იმოდენა სიმდიდრისა, რამოდენიც საჭიროა, რომ ერმა უმტკივნეულოდ თავი ირჩინოს და ყოველ სფეროში ღონივრად გაიწივ–გამოიწიოს წარმატებისა და კეთილმდგომარეობისათვის”.
მაგრამ ვაითუ ამ ხნის განმავლობაში ის ჯაჭვი გაწყდა, რომლითაც მშობლიურ მიწასთან, როგორც მარჩენალთან, მიბმული იყო გლეხკაცი? მაშინ სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი? ვინღა გააღებს სოფლებში უამრავი მიტოვებული სახლის კარებს, რომელთა ფანჯრებიდან ახლა სიკვდილი იმზირება? ვაითუ ევროპაში გაქცეულს აღარ სჯერა, რომ “ერთი უდიდესი წყარო სიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნა–თესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ, რომ ამ მრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისას”? ვაითუ აღარ თვლის, რომ “ჩვენი ძალღონე, ჩვენი ცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანია”?
აი კიდევ ერთი წყევკა-კრულვიანი საკითხავი, რომელზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება.
ახლახან “ფეისბუკის” მომხმარებელთა ყურადღება ერთმა საინტერესო ამონარიდმა მიიპყრო, რომელიც იმის უტყუარი დადასტურებაა, რომ ადამიანს, ვინც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, თუ მიწის სიყვარული აქვს, ის ანდამატივით მიიზიდავს: “მზეს საქმესთან უნდა დახვდე! საქმემდე თუ მზემ მიგასწრო, ვეღარაფერს გააკეთებ და ესე იგი დრო დაკარგე. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ. დანაყრებული კაცის გაკეთებული საქმე არ არსებობს! ასე რომ იყოს, მაშინ ლუარსაბს უნდა დაეწერა “ვეფხისტყაოსანი”. ყველაფერს მშივრები აშენებდნენ. შაქარს არ ვხმარობ, აკრძალული მაქვს, რადგან თეთრი სიკვდილია. თაფლს ვიღებ, ოღონდ ნამდვილს. ფუტკარი ჩვენ გვყავს. ჩემი შვილები არაფრისმაქნისები არიან, მაგრამ 200 ძირი ფუტკარი კი ჰყავთ. ერთი კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა ჩაი კაცს მთელი დღე გეყოფა. 10 საათზე ჩაის ვსვამ და 4 საათამდე ვმუშაობ. საქმესთან მისვლაა ძნელი, თორემ მერე თვითონ წაგიღებს იგი. დილაობით თავს ვატყუებ _ გავალ და ორ მეტრას დავბარავ-მეთქი და ბოლოს ათ მეტრზე ავდივარ, რადგან იგი უკან აღარ მიშვებს.
ეს მხოლოდ ჩემი ჩვევა კი არაა, ყველა ქართველ კაცს ჰქონდა. პუტინია თუ რასპუტინი, ვეთანხმები, რომ ქართველები გამოყაროს აქეთ! სახლში დაეტიე და შენს გაჭირვებას შენვე მოუარე, კი არ გამოკეტო სახლის კარი! რომ მიადექი ვინცხას სამათხოვროდ…
უნდა შექმნა და გექნება! წადი და ითევზავე, ხე დარგე… ფულიც რომ გქონდეს, იფიქრე ილიასავით _ დღეს მე ვის რა ვარგეო. “ბედნიერი ერი” დიდი ასოებით უნდა დავბეჭდოთ და ყველა სახლის კარზე გავაკრათ. მე მაქვს ილიაზე ლექსი, სადაც მიწერია, შენ დროს ერი მართლა ბედნიერი იყო, დღეს უნდა ნახო, რა დღეში ვართ–მეთქი. ძეგლებს კი არ ვუდგამთ გამოჩენილ ადამიანებს, დადგმულს ვიპარავთ, ვყიდით და მერე იმით რესტორანში ვქეიფობთ. იმიტომ რომ გაყიდო, ტრაქტორი იყიდო და მოხნა, კიდევ ხო, მაგრამ…
თბილისში ერთ ღამეს რაც რესტორნებში იხარჯება, მთელ ხელოვნებას შეინახავს. მეორე ღამისასაც თუ დაუმატებ _ მეცნიერებას. მინდა, ერთი ლუარსაბის და მეორე დარეჯანის ორდენი ჩამოვაყალიბო. მერე ნახეთ, როგორი ორდენოსნები გვეყოლება!
ჩაი მაინც მოვიყვანოთ იმდენი, რომ სხვა ქვეყნიდან არ ვიყიდოთ! კაცი არ იხედება სოფლის მეურნეობისკენ. იმ ადგილებზე აღარც ჩაია, აღარც ყანა. ვუცდით, შავ პურს ვინ გვიწყალობებს”.
აი ეს არის მწარე სიმართლე, რომელსაც გამუდმებით შეგვახსენებდა ხოლმე ბატონი ოტია იოსელიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გლეხივით ფუსფუსებდა თავის კარ-მიდამოში და თანამოძმეთაც იმას უკიჟინებდა, მარჩენალი მიწისთვის მიეხედათ.
უფრო ადრე კი დიდი ილია მოუწოდებდა თანამემამულეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნებისკენ, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გათვალისწინებით სახავდა მისი განვითარების გზებსა და საშუალებებს, იცავდა მიწათმოქმედთა ინტერესებს ყველა ჯურის უცხოელი ვაისპეციალისტებისგან, იმხანად მრავლად რომ შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ საქართველოში, ისევე, როგორც დღეს: “გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთო”.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე