Home რუბრიკები საზოგადოება სახიფათო სათამაშოები ქართველი ბავშვებისთვის

სახიფათო სათამაშოები ქართველი ბავშვებისთვის

შემოწმებული 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

სათამაშოები

ქართველი ბავშვები ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი საგნებით თამაშობენ _ ეს დაადასტურა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა, რომელთა მიხედვით საქართველოს მაღაზიებში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება ეთილჰექსილფტალატი აღმოჩნდა, ეს ნივთიერება საზიანოა ჯანმრთელობისთვის და მისი გამოყენება აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში.

“ავიღეთ სათამაშოების 40 ნიმუში და მათგან 24-ში აღმოჩნდა მავნე ნივთიერება. ეს ნივთიერება გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, უარყოფითად მოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ ფუნქციონირებასა და თირკმლებზე. ეს მყისიერად არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სწრაფად იმის გარკვევა, რაიმე ზიანი მიადგა თუ არა ბავშვს, მაგრამ, თუ მავნე ნივთიერებით დამზადებულ სათამაშოს წლების განმავლობაში ეხება ბავშვი, იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას.

ნიმუშები ავიღეთ თბილისის 14 მაღაზიასა და 4 აფთიაქში. აფთიაქებში აღებული ნიმუშებიდან არც ერთში არ აღმოჩნდა მავნე ნივთიერება ჭარბი რაოდენობით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო სერიოზული გადაჭარბება. ზოგიერთ სათამაშოზე დატანილი იყო ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათამაშო შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, მაგრამ ბევრი ასეთი სათამაშო, რომლებსაც ნიშანი ჰქონდა, ნორმის შესაბამისი არ იყო”, _ განაცხადა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ ამა წლის 1 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოსაკვლევად აღებული ყველა სათამაშო ჩინური იყო, მათგან ნაწილი _ ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის დაკვეთით შესრულებული. ქართული პროდუქცია კი კვლევაში არ მოხვდა.

მართალია, მაღაზიების გამყიდველები ირწმუნებიან, რომ სათამაშოები თურქეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან შემოაქვთ და უსაფრთხოების აღმნიშვნელი სერთიფიკატიც აქვთ, მაგრამ მაინც მაღაზიების მფლობელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, განაგრძობენ თუ არა იაფფასიანი ჩინური სათამაშოების გაყიდვას, მით უფრო, რომ პროდუქცია, რომელიც ვითომ თურქეთიდან, რუსეთიდან, აშშდან და კანადიდან არის შემოტანილი, სინამდვილეში ჩინურია. ეს სათამაშოები სწორედ ზემოაღნიშნული ქვეყნების საზედამხედველო სამსახურებმა დაიწუნეს, მერე კი არაკეთილსინდისიერმა იმპორტიორებმა საქართველოში შემოიტანეს.

თავის დროზე რუსეთში განგაში ატეხეს, რადგან ბავშვებში გახშირდა მავნე ჩინური სათამაშოების მოხმარების შედეგად გამოწვეული შინაგანი ორგანოებისა და კანის დაავადებები, ბრონქული ასთმა. საფრანგეთსა და აშშ-ში არაერთხელ გაანადგურეს ჯანმრთელობისთვის საშიში ჩინური პროდუქცია. კარგა ხანს საერთოდ აკრძალეს ტყვიით გაჯერებულ ჩინური საქონლის იმპორტი, თუმცა შემდეგ ჩინელმა მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ტყვიას აღარ გამოიყენებნდნენ, მაგრამ, როდესაც იმპორტი აღდგა, გაირკვა, რომ ტყვია მწარმოებლებს შეუცვლიათ არანაკლებ საშიში ნივთიერებით _ კადმიუმით. ამ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა უამრავ ზიანს იწვევს, ალერგიით დაწყებული, სიმსივნით დამთავრებული. მოგვიანებით ევროპული ქვეყნებიც ჩაერთნენ საქმეში. ევროკავშირმა სათამაშოების მწარმოებლების ე.წ. შავი სიაც კი შეადგინა, რომელშიც, ჩინეთის გარდა, შედიოდა კორეა, ინდოეთი და რამდენიმე აღმოსავლური ქვეყანა. რადგან ამ ქვეყნების არა მხოლოდ სათამაშოები, იაფფასიანი ბიჟუტერიაც დამზადებული იყო მავნე ნივთიერებებით.

მართალია, კონტროლის ეფექტიანი საშუალებები არ არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ხვდება ჩინური პროდუქცია, მაგრამ ექიმები მშობლებს ურჩევენ, სათამაშოს შეძენისას ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებაზე _ სანამ ბავშვს მისცემენ, ჯერ თვითონ შეისწავლონ _ დაყნოსონ, ხელით მოსინჯონ. სათამაშოს საღებავი არ უნდა გადადიოდეს და სუნი არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოში ჯერჯერობით არ ფუნქციობს ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფოს კონტროლის მიღმა რჩება, არადა, მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, გულდასმით შეარჩიონ ბავშვებისთვის სათამაშოები.

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო სათამაშო

მავნე სათამაშოების “ამოსაცნობად” სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას:

  1. მარკირება. უარი თქვით სათამაშოს შეძენაზე, თუ მასზე ან შესაფუთ მასალაზე არის სამი ისარი (სამკუთხედის სახით), რომლის შიგნითაც ჩაწერილია ციფრი “3”. პოლივინილქლორიდის (უფერო, გამჭვირვალე პლასტმასა) არსებობაზე მიუთითებს ასოები PVჩ და Vინილი. თუმცა ზოგიერთი ჩინელი მწარმოებელი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის მარკირებაზე საერთოდ უარს ამბობს;
  2. უსაფრთხო პლასტმასა, ჩვეულებრივ, მაგარია და გრილი. პოლივინილქლორიდისგან დამზადებული ზოგიერთი სათამაშოც შეიძლება იყოს მაგარი, მაგრამ უფრო ხშირად რბილია.

ტყვია საღებავში

ბავშვების სათამაშოებში შეიძლება იყოს ეს მძიმე ლითონიც, განსაკუთრებით _ საღებავში, რადგან მწარმოებლები ხშირად არ იცავენ ნორმებს.

ორგანიზმში დიდი რაოდენობით ტყვიის მოხვედრა იწვევს:

* სისხლის ნაკლებობას;

* თავის ტვინის დაავადებას;

* თირკმლების დაზიანებას;

* ყურადღების გაფანტვასა და მოძრაობის კოორდინაციის მოშლას;

* ძვლის ქსოვილის დაშლას.

შეუძლებელია, თვალით დაადგინოთ, არის თუ არა ტყვია საღებავში. ამის დადგენა სპეციალური ტესტებითაა შესაძლებელი, ამიტომ ბავშვს საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ააცილებთ, თუ სერთიფიცირებულ სათამაშოს შეიძენთ.

ვერცხლისწყალი პლასტმასში

ბავშვებისთვის საზიანოა უხარისხო პლასტმასისგან დამზადებული სათამაშოები. მავნე გარდამავალი ლითონი _ ვერცხლისწყალი _ საბავშვო საგნებში შეიძლება მოხვდეს, თუ შენობა, რომელშიც ამ საგნებს ამზადებენ, “მოწამლულია” ვერცხლისწყლის მავნე ორთქლით. ვერცხლისწყალი ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სათამაშოს შეხებითა და მავნე ორთქლის შესუნთქვით.

ვერცხლისწყალი იწვევს:

* ნერვული სისტემის დაზიანებას;

* ღვიძლის უკმარისობას;

* კუჭნაწლავთა სისტემის დაავადებებს;

* აუტოიმუნურ დაავადებებს;

* სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.

ვერცხლისწყლით მოწამვლის ნიშნები შეიძლება მყისვე არ გამოვლინდეს და ამას დასჭირდეს რამდენიმე კვირა. დაბინძურებულია თუ არა ვერცხლისწყლით სათამაშო _ ამის გარკვევა თვალით შეუძლებელია, ამიტომ შეიძინეთ მხოლოდ სერტიფიცირებული სათამაშოები.

ფენოლი თოჯინებში

ამ ქიმიურ შენაერთს იყენებენ ბევრ საწარმოო ციკლში, მათ შორის, იმისთვის, რომ რეზინისა და პოლივინოლქლორიდისგან დამზადებულ საგნებს ფორმა მისცენ. ფენოლის ზემოქმედებით ბავშვს შეიძლება დაუზიანდეს:

* სასუნთქი ორგანოები;

* საკვების მომნელებელი სისტემა;

* იმუნური სისტემა;

* ნერვული სისტემა.

ფენოლი დიდი რაოდენობითაა ჩინეთში დამზადებულ თოჯინებში. ამ ქიმიური შენაერთის აღმოჩენა შეიძლება ყნოსვით: ფენოლის ქიმიური “არომატი” შესაფუთი მასალიდანაც კი იგრძნობა.

ფორმალდეჰიდიანი საწოვარა

ფორმალდეჰიდი _ აირისებრი შენაერთია, რომელსაც აქტიურად იყენებენ პლასტმასისა და პოლივინილქლორიდის, აგრეთვე, საღებავების დამზადებისას.

ეს მავნე ნივთიერება ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საწოვარას ან ჩხარუნას პირში ჩადებისას.

ფორმალდეჰიდი იწვევს:

* მწვავე ტოქსიკოზს, რომელიც ვლინდება ღებინებით, ხველებით, კუჭ-ნაწლავის დაავადებებითა და ალერგიული რეაქციებით;

* ლეიკოზს;

* საყლაპავი მილის სიმსივნეს.

საგნები, რომლებშიც არის ფორმალდეჰიდის შენაერთი, ჩვეულებრივ უსიამოვნო სინთეტიკური “არომატით” გამოირჩევა და არ უნდა შეიძინოთ, მაგრამ სჯობს, თავი დაიზღვიოთ და ყურადღებით შეისწავლოთ მონაცემები, რომლებიც მოცემულია სათამაშოს იარლიყზე.

ევროპულ ხარისხიან საქონელს აწერია:CE.

ფოსფორი მისაკრავ აპლიკაციებზე

მშობლები თავიანთი პატარებისთვის ხშირად ყიდულობენ მანათობელ აპლიკაციებს, რომელთა მიკვრაც შეიძლება ჭერზე, მაგალითად, ვარსკვლავებიანი ცის შესაქმნელად. საყურადღებოა, რომ მწარმოებლებმა, კარგა ხანია, უარი თქვეს ფოსფორიანი საღებავის გამოყენებაზე სათამაშოებში და ის ლუმინესცენციური ფენით ან შუქის უსაფრთხო ამრეკლავებით შეცვალეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჩინელი მწარმოებელი კვლავ განაგრძობს სათამაშოების დამზადებას ამ მავნე ნივთიერებით. რამდენიმე თვის წინათ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღაზიებიდან ამოიღეს ჩინური სათამაშოები, რომლებშიც დიდი რაოდენობით იყო ფოსფორი.

მანათობელი სათამაშოს შეძენისას აუცილებლად წაიკითხეთ ხარისხის სერტიფიკატი. ხარისხის სერტიფიკატის წაკითხვა აუცილებელია ნებისმიერი იმპორტირებული საქონლის შეძენისას.

სათამაშო მარკირებული უნდა იყოს ასოებით CE (Conformite Europeenne_ ევროპული შესაბამისობა), რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაფუთავ მასალაზე, აგრეთვე, უნდა ეწეროს მწარმოებელი და იმპორტიორი. თუ ეს არ არსებობს, სათამაშოს დაბალი ფასის გამო ნუ შეიძენთ, ბავშვის ჯანმრთელობაზე ეკონომია დაუშვებელია!

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here