85 წელი შეუსრულდა საქართველოს აგრარული მეცნიერების ღირსეულ წარმომადგენელს, გამოჩენილ პიროვნებასა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნაპოლეონ ქარქაშაძეს.
85 წელი სოლიდური ასაკია, ზოგისთვის მშვიდ და უშფოთველ ცხოვრებასთან გაიგივებული, მაგრამ არა ბატონი ნაპოლეონისთვის. ჩვენ, ვინც მას კარგად ვიცნობთ და დღესაც მის გვერდით განვაგრძობთ საქმიანობას, ვიცით, რომ ნაპოლეონ ქარქაშაძე ფენომენური შესაძლებლობის, ულევი ენერგიის, დაწყებული საქმის ბოლომდე მიმყვანი ადამიანია და, რაც მთავარია, ყოველთვის ზუსტად გრძნობს დროის მოთხოვნებს და ამის გამო მუდამ ახალგაზრდა და ნოვატორია.
ბატონი ნაპოლეონი ომისდროინდელი თაობაა. 1943 წელს სწავლა დაიწყო თბილისის ვაჟთა პირველ საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მისაღები გამოცდები ჩააბარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. 1961 წელს გაიგზავნება სასწავლებლად მოსკოვის ეკონომიკურ-მათემატიკური სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაბრუნდა თავის მშობლიურ ინსტიტუტში, სადაც აირჩიეს ეკონომიკის კათედრის დოცენტად, შემდგომ _ კათედრის გამგედ.
1975 წელს საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ სოხუმში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორად ბატონ ნაპოლეონის დანიშვნის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ქვეყნის ინტერესები, აგრეთვე, მისი პიროვნული თვისებები, ცხოვრებისეული გამოცდილება და მამულიშვილობა.
ამ მაღალ პოსტზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ბატონ ნაპოლეონის ფართო ერუდიცია, კვანძებად შეკრული ძველი და ახალი პრობლემების გადაწყვეტის უნარი. სწორედ აქ სხვა ხარისხში გამოცადა მან წარმატებების მასტიმულირებელი ძალა, ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობის ოპტიმიზმით მინიჭებული კმაყოფილებაც. ამ პერიოდში სრულად გამოვლინდა მისი ორგანიზატორული შესაძლებლობები, საქმიანობის ყოველი ნაბიჯი იყო წინასწარ გათვლილი. ბატონი ნაპოლეონი დიდ ენერგიასა და ძალისხმევას ახმარდა ინსტიტუტის სასწავლო და სამეცნიერო დანაყოფების სრულყოფასა და განვითარებას, მატერიალურ–ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას, ახალგაზრდა კადრების მომზადებას. იგი არის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი კუთხის, აფხაზეთის, ცხოვრებაში. თავისი მაღალი ავტორიტეტით მაქსიმალურად ხელს უწყობდა საზოგადოების თვითშეგნებისა და ერთიანობის სულისკვეთების განმტკიცებას.
1982 წელს ბატონმა ნაპოლეონმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იმავე წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1990 წელს აირჩიეს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად, რომელშიც იმუშავა 2004 წლამდე. ამავე პერიოდში ინსტიტუტი გადაკეთდა აგრარულ უნივერსიტეტად. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ძნელბედობის ჟამს შეენარჩუნებინა და განევითარებინა აგრარული განათლება და მეცნიერება.
იგი იყო საქართველოში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი. ნაპოლეონ ქარქაშაძე აირჩიეს აკადემიისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 2004 წელს _ პრეზიდენტად.
ფართოა მისი სამეცნიერო კვლევის არეალი. ბატონი ნაპოლეონი 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 5 მონოგრაფიისა და 7 სახელმძღვანელოსი. მათში ასახულია ფიქრის, განსჯის, გამოცდილების ქურაში გამოწრთობილი მოსაზრებები. მის საქმიანობას მუდამ ახლდა თავდაუზოგავი შრომა, მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომებიდან ბოლო წლების გამოკვლევების ჩათვლით, ბატონი ნაპოლეონი ყოველთვის მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს ბუნებათსარგებლობაში, მიწის რესურსებში, დარგობრივ ეკონომიკაში და ა.შ. მან გაზარდა ასპირანტებისა და დოქტორანტების მთელი პლეადა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ნაპოლეონ ქარქაშაძე მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორია. იგი ფართო კავშირებს ამყარებდა და ამყარებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ცნობილ მეცნიერებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან. მონაწილეობდა მრავალ სამეცნიერო სიმპოზიუმსა და კონფერენციაში, სესიებსა და შეხვედრებში; არის დიდი დიაპაზონის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც თავისი მეცნიერული შემოქმედებით გაითქვა სახელი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ამ ყველაფერთან ერთად იგი ცნობილი მწერალი და პუბლიცისტია. მის კალამს ეკუთვნის პოლიტიკური რომანები “სტალინი”, “ბრეჟნევი” და “ხრუშჩოვი”.
2013 წელს მკითხველმა მიიღო მისი სათავგადასავლო რომანი “აკადემიკოსი გისოსებს მიღმა”, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბატონი ნაპოლეონი უაღრესად კეთილშობილი, მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებაა, რომლის ცხოვრებისეული გზა, დიდი ავტორიტეტი და საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება ქვეყნისა და ხალხისათვის გაწეული ღვაწლის ჭეშმარიტი მაგალითია საქმისადმი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, საზოგადოებრივ ინტერესების უზენაესობა, პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა. მის მოსაზრებებს ყოველთვის ყურადღებით ისმენდნენ და ითვალისწინებდნენ სამეცნიერო საზოგადოებაშიც და ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც. ბატონი ნაპოლეონის ცოდნა და გამოცდილება ის განძია, რომელსაც მთელი სიცოცხლე აგროვებდა, გადასცემდა და გადასცემს მომავალ თაობებს, რათა ახალგაზრდობა შემოვაბრუნოთ ფუნდამენტური ღირებულებებისკენ, რომელთაც სამშობლოს, ხალხისადმი და ტრადიციებისადმი სიყვარული და პატივისცემა ჰქვია.
მისი მოღვაწეობა სახელმწიფომ ღირსეულად შეაფასა. 1985 წელს იგი დაჯილდოვდა “საპატიო ნიშნის” ორდენით, ხოლო 1995 წელს _ ღირსების ორდენით. 1981 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. აფხაზეთში მოღვაწეობისას არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ამ დახვეწილმა ინტელიგენტმა და საზოგადო მოღვაწემ თავისი ქვეყნის წინაშე საკეთილდღეო ტვირთი ვაჟკაცურად ატარა. ამ საქმეში მას მუდამ გვერდით ედგა და ხვედრს უმსუბუქებდა შესანიშნავი მეუღლე, ქალბატონი სულიკო როგავა (სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა). დღეს მისი საქმიანობისთვის ხელის შეწყობას ცდილობს მისი ქალიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ქარქაშაძე. ბატონ ნაპოლეონს ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები.
სამწუხაროდ, წინამდებარე წერილის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ვრცლად გვესაუბრა ამ მართლაც მრავალმხრივ განათლებულ, ერუდირებულ პიროვნებაზე, თუმცა ვფიქრობთ, მთავარის თქმა მაინც შევძელით, შევეცადეთ, მკითხველისთვის წარმოგვედგინა მისი საქმიანი და ადამიანური პორტრეტის მთავარი შტრიხები.
ჩვენ, მისი მრავალრიცხოვანი კეთილმსურველები და, განსაკუთრებით, ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის კოლექტივი, რომელსაც 16 წელი ედგა სათავეში, გულითადად ვულოცავთ აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩვეული მხნეობა და შემართება მომავალშიც შეენარჩუნებინოს! ბატონი ნაპოლეონის ბიოგრაფია ხომ თვით ისტორიაა, ისტორია, რომელიც გრძელდება და კვლავ შეივსება მრავალი წლის განმავლობაში ახალ-ახალი ფურცლებით.
როლანდ კოპალიანი,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
თამაზ ცანავა,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი,
რანი ჭაბუკიანი,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი
ბატონო ნაპო!
გულითადად გილოცავთ იუბილეს! თქვენ ქართული მამაცობის, შემართების და ინტელექტის განსახიერება და ჩვენი საზოგადოებისთვის საამაყო და მისაბაძი პიროვნება ბრძანდებით. დიდხანს კარგად ყოფნას გისურვებთ!
დიდი პატივისცემით: ალექსანდრე ჭაჭია