საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეხილეობისა და ეკოლოგიის კათედრის პროფესორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს–მდივნის, ქალბატონ მარგარიტა სიმონის ასულ მჭედლიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
ქალბატონ მარგარიტა მჭედლიძის ცხოვრება იყო იმის ნათელი მაგალითი, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს ქვეყნისათვის, როდესაც ის ცხოვრების მიზნად სამშობლოსა და ხალხის სამსახურს დაისახავს. გამორჩეული ინტელექტი და თეორიული ცოდნა, სახელოვანი წინაპრები და ოჯახური გარემოცვა, ჭეშმარიტების მიღწევის დაუოკებელი ჟინი, კომუნიკაბელობის უბადლო ნიჭი, უბრალოება, დიდი პრაქტიკული გამოცდილება, თანდაყოლილი შინაგანი სისპეტაკე, ყველგან და ყოველთვის სიკეთის თესვის უდიდესი სურვილი იყო ის დადებითი აურა რომლითაც დამუხტული იყო ქალბატონი მარგარიტა და, რომელსაც ასე გულუხვად უნაწილებდა თავის სტუდენტებსა და კოლეგებს, მის გარშემო მყოფ ადამიანებს.
მარგარიტა მჭედლიძე დაიბადა 1917 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში სასულიერო პირის, სიმონ მჭედლიძის ოჯახში. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1869 წელს ქუთაისში გახსნა პანსიონი პროგიმნაზია და 1908 წელს ქუთაისშივე დაარსა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო საზოგადოება “ძმობა”. საზოგადოება “ძმობის” საქმიანობის ფართოდ გასაშლელად მან იყიდა შენობა და გამართა სტამბა, რომელიც მდებარეობდა თამარ მეფისა და პაოლო იაშვილის ქუჩების კუთხეში. სტამბაში იბეჭდებოდა სიმონ მჭედლიძის დაარსებული გაზეთი: “შინაური საქმეები”, შემდეგ _ ჟურნალი “განთიადი”, ორივე გამოცემას თვითონვე რედაქტორობდა. “ძმობის” სტამბაში იბეჭდებოდა იმერეთის მხარის 10 სხვადასხვა გაზეთი. აქვე გამოიცა 100-მდე წიგნი. მათი უმრავლესობა გამომცემლის შემწეობით, ხოლო 20 დასახელება მისივე ავტორობით და თანაავტორობით დაისტამბა.
მღვდელ–განმანათლებლის ესოდენ ნაყოფიერი მიმართულების საქმიანობის მიუხედავად, 1924 წელს სიმონ მჭედლიძე დააპატიმრეს და იმავე წლის 28 აგვისტოს ღამით, შეურაცხყოფილი და ნაწამები, 4 სხვა მღვდელთან ერთად, დახვრიტეს საფიჩხიის ძველ სასაფლაოზე. მათი დასაფლავების სავარაუდო ადგილს ამკობს მემორიალური დაფა. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეპარქიის გაფართოებულ კრებაზე სვეტიცხოველში მოხდა სიმონ მჭედლიძის მოწამედ კანონიზება.
სიმონ მჭედლიძის მეუღლე გახლდათ თავადის, გენერალ ბესარიონ დგებუაძის ასული ეკატერინე. მათ 13 შვილი ჰყავდათ, მათგან 6, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაადრევად გარდაიცვალა. დანარჩენებმა დიდი შრომის შედეგად ღირსეული ადგილი დაიკავეს ქვეყნის ისტორიაში.
უფროსი ვაჟი ბესარიონ მჭედლიძე გადაასახლეს 1937 წელს და გადასახლებაში დაიღუპა.
ქალიშვილი ბარბარე თითქმის 70 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის პირველი გიმნაზიისა და შემდეგ I საშუალო სკოლის მასწავლებლად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. შექმნა თბილისის I გიმნაზიის ისტორია. 1996 წელს აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი. გარდაიცვალა 90 წელს გადაცილებული.
ქალიშვილი ნინო _ მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო ეკატერინე ინჟინერი გახლდათ.
ბიძინა მჭედლიძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობა. ხელმძღვანელობდა ქუთაისში მსხვილ საამშენებლო ტრესტს. მან ააშენა სოხუმში უნიკალური გუმისთის ხიდი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.
დიმიტრი მჭედლიძე _ ცნობილი მომღერალი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. წლების განმავლობაში ამშვენებდა მოსკოვის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრს არა მხოლოდ როგორც წამყვანი სოლისტი, არამედ როგორც საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ 20 წელი სათავეში ედგა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს. მისი დამსახურებაა ქუთაისში საოპერო თეატრის დაარსება და ეს ღვაწლი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებითაც აღინიშნა.
სიმონ მჭედლიძეს ჰყავს სახელოვანი შთამომავლობა. ზოგიერთი მათგანის აღნიშვნა აუცილებლად მიგვაჩნია.
ბიძინა მჭედლიძე _ საქართველოს დამსახურებული ინჟინერი იყო, ტრესტის მმართველი და მამის საქმის გამგრძელებელი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა სოხუმის აეროპორტი და მისკენ მიმავალი ტრასა. ხელმძღვანელობდა აფხაზეთში სოხუმის შემოსავლელი გზის მშენებლობას.
ნანა მჭედლიძე _ კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე. ავტორი ფილმებისა “იმერული ესკიზები”, “პირველი მერცხალი” და სხვ.
რამაზ მჭედლიძე _ ცნობილი ჟურნალისტი და დიპლომატი.
ვაჟა მელიქიშვილი (ნინო მჭედლიძის მეუღლე) ცნობილი მოქანდაკეა, ხოლო დამანა მელიქიშვილი _ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პროფესორი, იოანე პეტრიწის მკვლევარი. გელათის აკადემიის დამაარსებელი და მისი ნამდვილი წევრი (ისინი ნინო მჭედლიძის შვილები არიან).
ქალბატონ მარგარიტას დიდი და სასახელო სანათესაოს ღირსეული წარმომადგენლები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე უცხოეთში.
რაც შეეხება ქალბატონ მარგარიტას, მან 1934 წელს დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და მომდევნო წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1940 წელს. 1941-45 წლებში მან ასევე წარჩინებით გაიარა საასპირანტო მომზადება ეკოლოგიის სპეციალობით აკადემიკოსების _ ტარასი კვარაცხელიას და ვასილ გულისაშვილის ხელმძღვანელობით და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
* 1948-52 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის ლაბორანტად და შემდეგ ასისტენტად. 1951 წელს მას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება.
* ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო ინდტიტუტის გახსნის შემდეგ, 1952 წელს, ქალბატონი მარგო გადმოჰყავთ ამ ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის დოცენტად.
* 1954 წელს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სუბტროპიკულ მცენარეთა ეკოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის კათედრა, სადაც დოცენტის თანამდებობაზე იმუშავა 1967 წლამდე. ეს იყო ახალი სპეციალობის, ამ პროფილის მიმართულების პირველი კათედრა არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. მის ფორმირებასა და მიმართულების განსაზღვრაში, ავტორიტეტისა და აღიარების მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა ქალბატონმა მარგომ, როგორც იმხანად ერთ-ერთმა პირველმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა.
* 1959 წელს ინსტიტუტი ქუთაისიდან სოხუმში გადაიტანეს, სადაც მას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ეწოდა. ქალბატონი მარგო განაგრძობდა იმავე კათედრის დოცენტად მუშაობას. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ამავე წელს ის კათედრის გამგედ აირჩიეს.1969 წელს მიენოიჭა პროფესორის წოდება. 1981 წელს, სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, კათედრა ჩამოყალიბდა ახალი სახელწოდებითა და შინაარსით: სუბტროპიკული მეხილეობის და სუბტროპიკულ მცენარეთა ეკოლოგიის კათედრა, რომელსაც მარგარიტა მჭედლიძე განაგებდა 1991 წლამდე.
* 1973-88 წლებში ქალბატონი მარგარიტა იყო დეკანი ინსტიტუტის წამყვანი მაპროფილებელი სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტისა, სადაც მან არაერთ კარგ წამოწყებასა და ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
განუზომელია მისი ღვაწლი სტუდენტობის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ჩართვის მხრივაც. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების უცვლელი ხელმძღვანელი იყო. ამ ხნის განმავლოვბაში ჩატარდა 45 სამეცნიერო კონფერენცია და მოსმენილი იქნა 2 500-ზე მეტი მოხსენება (მათგან 50 მოხსენების ხელმძღვანელი იყო ქალბატონი მარგო). სწორედ სამეცნიერო მუშაობამ განაპირობა უამრავი ახალგაზრდის ბედი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა თუ სასწავლო ინსტიტუტებში.
ქალბატონი მარგარიტა მჭედლიძე ათობით სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე იყო, უანგაროდ იღვწოდა კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის. მისი ხელმძღვანელობით საასპირანტო მომზადება გაიარა 25 ახალგაზრდამ, ხოლო დოქტორანტურა _ 5-მა. ისინი წარმატებით განაგრძობენ ნაყოფიერ საქმიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, კუბაში, ვიეტნამში, ეგვიპტეში, სირიაში, ჩეხეთში. ქალბატონი მარგარიტა გახლდათ მრავალი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი და რეცენზენტი.
მარგარიტა მჭედლიძე არჩეული იყო საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და აკადემიკოს-მდივნად. იყო ამავე აკადემიის აფხაზეთის განყოფილების უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭოს წევრი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, მრავალი წლის განმავლობაში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის, საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის და სხვა საპატიო წოდებები. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
როლანდ კოპალიანი, პროფესორი;
რამაზ კილაძე, ასოცირებული პროფესორი