Home რუბრიკები საზოგადოება საჩუქარი მადლიერების ნიშნად

საჩუქარი მადლიერების ნიშნად

1853
გელა კესიდი

ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიის მისაღებ გამოცდაზე მიიპყრო ჩვენი ყურადღება, როგორც უაღრესად ნიჭიერმა და განსხვავებული ხედვის ახალგაზრდამ. ჩვენ თვალწინ ყალიბდებოდა წარსულის კულტურული მემკვიდრეობის სამაგალითო წარმომადგენელი, შემდგომში კი უახლესი დინამიკით წარმოჩნდა და განვითარდა ემოციურესთეტიკურობით დატვირთული მისი შემოქმედებითი გზა”, _ ამ სიტყვების ავტორი გამოჩენილი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, საზოგადო მოღვაწე მერაბ ბერძენიშვილია, ადრესატი კი საქართველოში დაბადებული და აღზრდილი, მამით ბერძენი, დედით ქართველი, მოქანდაკე გელა კესიდი.

ნიშანდობლივია ცნობილი იაპონელი არტკრიტიკოსისა და გალერისტის _ შუიჩი ტაკაგაკის შეფასება: “გელა კესიდის დიდი ჰუმანიზმით აღსავსე ნამუშევრების მიერ შექმნილ სივრცეზე დაკვირვებისას ხელოვნების შემფასებლებისა და მაყურებელთა გულებში სიმშვიდე ისადგურებს. ამასთანავე, ნამუშევრები სამყაროსეული სილამაზისკენ მისწრაფებასაც აკმაყოფილებს, _ ეს მის სისხლში არსებული ტრადიციების ნაწილი უნდა იყოს, თუმცა ნამუშევრებს რაღაც აუწერელი თავისებურებაც აქვს. თუ ვეცდებით ამ თავისებურების სიტყვებით გამოხატვას, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ამას აღმოსავლურ-დასავლური სივრცის აღქმის ერთიანობას დავარქმევთ. საგულისხმოა, რომ ბერძენ მოქანდაკე გელა კესიდიში ქართული სისხლიც ჩქეფს. ძალიან პრიმიტიულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ვიტყვით, რომ გელას შემოქმედების თავისებურება იმ ქვეყნის თავისებურებით განისაზღვრება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის შეხვედრის ადგილას არის განლაგებული. თუმცა “თავისებურება”, რომელიც მე შევიგრძენი საქართველოში მოგზაურობისას, და გელას ნამუშევრებიდან გამოჟონილი “თავისებურება” ჩემს გულში ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის მადიდებელი ჰიმნი, რომელიც მის ნამუშევრებში შეიგრძნობა, რომელიც მოგვითხრობს სიხარულსა და მწუხარებაზე, ჟღერს მშვიდად და ძლევამოსილად”.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ცნობილი ხელოვანის _ გიორგი ოჩიაურის მიერ ხელდასხმული გელა კესიდი, უკვე კარგა ხნის სახელმოხვეჭილი, საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედია. მისი ქანდაკებები ამშვენებენ მსოფლიოს არაერთ ქალაქს (ათენი, პარიზი, რომი, ლონდონი, პეკინი და ა. შ.) და გალერეას. გელა კესიდი, 25 წელიწადია, რაც ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში, ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, ცხადია, საქართველოსთან არც პიროვნული და არც შემოქმედებითი კავშირი არ გაუწყვეტია, პირიქით, მის მოღვაწეობაში პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქართული ხელოვნების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარებას, რაზეც მისი საქმენი მეტყველებენ.

ამჯერად გელა კესიდიმ სხვა რაკურსით წარმოაჩინა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოსადმი _ თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადასცემს თბილისს თავის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებას.

შემოდგომაზე კი ეროვნულ გალერეაში გაიმართება მოქანდაკის პერსონალური გამოფენა, გამოიცემა მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი. ყოველივე ეს ხორციელდება ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ის (პრეზიდენტი ვალერი ასათიანი) და საქართველოს კულტურის ფონდის (თავმჯდომარე თამაზ შილაკაძე) მიერ, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საზოგადოებრიობის თანადგომით.

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here