Home ახალი ამბები საქართველო საყრდენი და კოაბიტაცია

საყრდენი და კოაბიტაცია

საყრდენის ფაქტორი უდიდესია. ვისაც საყრდენი არ გააჩნია, ჰაერში გამოკიდებულს უწოდებენ. ჰაერში გამოკიდებულის ანუ საყრდენის გარეშე დარჩენილის ფართხალი ამაო და განწირულია. ოცდაოთხი საუკუნეა, არქიმედეს ცნობილ გამონათქვამს საყრდენის მნიშვნელობის შესახებ  მთელი მსოფლიო იმეორებს: ”მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას დავძრავ”.

საყრდენის ფაქტორი პოლიტიკაში არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკასა და ასტრონომიაში. საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს და ერთიან იდეოლოგიურ ფუნდამენტზე უნდა იგებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ პარტიასა და მთავრობას უნდა ჰქონდეთ ქვეყნის განვითარების მკაფიო და ხალხის წინაშე ღიად გაცხადებული გრძელვადიანი პროგრამა. მაგალითად, საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსული მთავრობები აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ, სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფოს, რომლის საგარეო ვექტორი იყო დასავლური, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივით. მათ მიერ დიდი რიხით გაცხადებული ეს საგარეო ვექტორი, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, იმთავითვე არარეალური იყო, მაგრამ ეს არარეალურობა იმ დროს ისე თვალში საცემი არ გახლდათ, როგორც დღეს. იმ დროს თანამშრომლობისა და ერთად ყოფნის პერსპექტივა ორივე მხრიდან იყო გაცხადებული და, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არანაირი კონკრეტიკა და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა, მაინც ყველაფერი უფრო სოლიდურად და, შედარებით მაინც, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე დღევანდელი ”ღირსეულად შესვლა ევროპაში”, იმ ვითარებაში, როდესაც ევროპაც და ამერიკაც საჯაროდ აცხადებენ, რომ ”ქართული ოცნება” არადემოკრატიული (ავტორიტარული) მმართველობის გზას დაადგა და გაყალბებული არჩევნების გზით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი არამხოლოდ აცხადებენ ამას, არამედ მოქმედებენ კიდეც ამ პოზიციის შესაბამისად. მათ უარი გვითხრეს თითქმის ყველა იმ დაფინანსებაზე, რომლებიც სხვადასხვა პროგრამის შესაბამისად საქართველოს უნდა მიეღო. მეტიც, ეს თანხები იმ არასამთავრობო სექტორისკენ მიმართეს, რომლებიც, როგორც დასავლეთში გვეუბნებიან, თურმე თავისუფლებისთვის იბრძვიან. ”ქართული ოცნება” დასავლეთის ამ პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებს, მაგრამ მაინც აპირებს ”ევროპაში ღირსეულად შესვლას”. რაც მართალია, მართალია – ნატოს ხსენება თითქმის შეწყვიტეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ევროკავშირი და ნატო, ფაქტობრივად,  ერთი და იგივე ორგანიზაციაა. ნატო არის სამხედრო ბლოკი ევროკავშირის წევრი (და კანდიდატი) ოცდაათი სახელმწიფოსი, პლუს ორი ამერიკული ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში შესვლა ხომ რეალურად ნატოში შესვლას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, ამბობ თუ არა ამას ხმამაღლა?!  ევროკავშირი და ნატო იდეოლოგიურ საყრდენად ოდესღაც ასე თუ ისე გამოსადეგი იყო, მაგრამ ამ ორგანიზაციებს სადღეისოდ ეს ფუნქცია (ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის) აშკარად დაკარგული აქვთ. ამ ვითარებაში ეს საყრდენი ყინულის იმ თხელი აპკივითაა, რომელიც ტბის ზედაპირზეა გადაკრული და საყრდენის ილუზიას ქმნის, მაგრამ შემაკავებელი ფაქტორი არ არის, როგორც კი ზედ შედგები, წყალში აღმოჩნდები. დროთა განმავლობაში მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში ახალი რეალური საყრდენები (პოლუსები) გამოჩნდა (მაგალითად, ბრიჩსი), მაგრამ ამ ახალი საყრდენებისკენ საერთოდ თუ არ იყურები, ყოველ შემთხვევაში, საამისო ნიშანწყალსაც არ ავლენ და კვლავაც ყინულის იმ თხელ აპკზე შედგომას ლამობ, რომლის ქვეშაც უზარმაზარი, ცივი და ღრმა წყალსაცავი გაწოლილა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდეგანო სამყაროში საყრდენის გარეშე  დარჩი, ანუ ფეხქვეშ მიწა გამოგეცალა (არსებობს ასეთი ქართული გამოთქმა) და თავისუფლად ვარდნილი სხეულის მდგომარეობაში აღმოჩნდი.

არ მსურს, ვამტკიცო (დავიჯერო), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება უკვე ამ ვითარებაშია, მაგრამ ხვალ და ზეგ,  ”ევროპაში ღირსეულად შესვლის” მომაკვდინებელ ლოზუნგს თუ არ მოეშვება, შესაძლებელია, მართლაც ასე დაემართოს.

საშინაო ვითარებაშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო ”ნაციონალური მოძრაობის” ვიგინდარა წევრის ხუთასი ლარით დაჯარიმება სამარცხვინო რევერანსია იმ დამნაშავე ძალის წინაშე, რომლის აკრძალვა-გასამართლებასაც ”ქართული ოცნება” დიდი რიხით გვპირდებოდა. მერე რა, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს (სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე მთლად სწორი წარმოდგენა არ აქვთ). რამდენიმე ასეულ ადამიანს, ქალაქში რომ დაყიალობს და ქუჩების გადაკეტვით, კარვების გაშლითა და ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევით ქვეყანა ქაოსისკენ მიჰყავს, ხელისუფლება არ უნდა ელოლიავებოდეს. მთავრობამ, მიუხედავად იმისა, არჩევნებში საკოსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა თუ უბრალო უმრავლესობით, წესრიგი უნდა დაამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველმა ძალამ პოლიტიკური საყრდენი ევროპა-ამერიკაში კი არა, შესაძლებელია, საქართველოშიც დაკარგოს. ხალხი თუ დაგიპირისპირდა და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა, ”წესრიგის დამყარება” კი არ უნდა დაიწყო, ქუდი უნდა დაიხურო და სახლში წახვიდე, მაგრამ დაქირავებული არამზადები ”საკუთარი საარჩევნო ხმების დაცვის” მოტივით ქუჩაში პროვოკაციებს თუ გიწყობს იმ დროს, როდესაც ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს გიჭერს, ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხარ,  ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმები და მათი კონსტიტუციური უფლებები დაიცვა. მოსახლეობა რატომ უნდა გამოვიდეს ქუჩაში საკუთარი ხმების დასაცავად, როდესაც მას ხალხის ინტერესების დაცვის ლეგიტიმური უფლებამოსილება ხელისუფლებასთან აქვს დელეგირებული?! კეთილი ინებეთ და გაითვალისწინეთ, რომ საქმე მხოლოდ დასავლეთის აგენტურასთან კი არ გაქვთ, რომელსაც სიტყვით უპირისპირდებით, მაგრამ საქმით ელოლიავებით, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე ხართ პასუხისმგებელი. ღმერთმა დაგიფაროთ იმისგან, რომ ხალხმა კოაბიტაციის მსგავსი ვერაგობის სუნი იკრას, თორემ პატიება აღარ იქნება, ერთიანად წაგლეკავთ ამ ბინძურ გარიგებაში მონაწილე ორივე მხარეს.

საყრდენის მოშლა და ფეხქვეშ მიწის გამოცლა მაშინ ნახეთ შინაც და გარეთაც.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here