Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო _ ნაცრის საჩხრეკი ჯოხი დასავლეთის ხელში

საქართველო _ ნაცრის საჩხრეკი ჯოხი დასავლეთის ხელში

ბაიდენს ზამთრისთვის მატყლის წინდები გაუგზავნეთ, ფეხებზე რომ არ შესცივდეს. ხუმრობა ხომ არ არის, ის ფეხები გაეყინოს, რომლებზეც ვკიდივართ!

საქართველო _ ნაცრის საჩხრეკი ჯოხი დასავლეთის ხელში

დასრულდა ნატოს მორიგი სამიტი და ჩვენი მოლოდინი გამართლდა _ საქართველომ ამ სამიტის შედეგად მიიღო ძალიან დიდიარაფერი. ჰო, არაფერი, მაგრამ ადრინდელივით არაფერი კი არა, ძალიან დიდი არაფერი. რა თქმა უნდა, ამ არაფრის შელამაზებას ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცადნენ და ტაში დაუკრეს, რომ ნატოს დაფინანსება მცირდება _ აქაოდა, ავღანეთიდან ჯარები გავიყვანეთ და დაფინანსება იმიტომ მცირდება, თანხებს რაციონალურად ხარჯავენ ალიანსშიო. რა შუაშია ეს საქართველოსთან? არაფერ შუაში არ არის, ბატონებო, მაგრამ ხომ უნდა ეთქვათ რამე იმ არაფერზე, რაც საჯაროდ გვიწყალობეს და თქვეს ეს არაფრისმომცემი ფრაზა.

სამაგიეროდ, ოპოზიციის ლიდერები ჩამოდგნენ მჭმუნვარე სახეებით, კიევიდან სააკაშვილიც ჩაერთო, _ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს კვირაში ერთხელ მაინც ახსენებდა, ახლა კი მსოფლიო რუკიდან გააქრესო. ოპოზიციის ლიდერებმა საზეიმოდ ფიცი დადეს, პირად კავშირებს გამოვიყენებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, დასავლეთმა საქართველო უფრო ხშირად რომ ახსენოსო. არ არის გამორიცხული, რომელიმე ევროპარლამენტარს ან სენატორს ყოველთვიური გასამრჯელოც კი დავუნიშნოთ, ოღონდ საქართველო ახსენოს. ისე, ეს იდეა ცუდი არ არის და დიდი რამე, ამდენ უსაქმურს ინახავს ჩვენი ფულით შევსებული ბიუჯეტი და ერთ სენატორს როგორ ვერ აიტანს?!

სხვათა შორის, უფრო დიდი არაფერი მიიღო უკრაინამ. რაც უნდა იყოს, უკრაინა საქართველოზე გაცილებით დიდია, ევროპის უდიდესი სახელმწიფოა და ამიტომ მისი არაფერი უფრო მასშტაბური გამოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის იმედი ჰქონდა, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრისას ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში, მაგრამ შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა მოკლედ მოჭრა: რაც შეეხება საკითხს უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლაზე, ამ თემას შევეხეთ გაკვრით და აქ არაფერია განსახილველი…” ამ წინადადებით ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ არც ამერიკა განიხილავს ამ საკითხს სერიოზულად, არც რუსეთი და, რაც მთავარია, ამ თემაზე საუბრით ბაიდენს თავი არ გამოუდია.

საგულისხმოა, რომ საქართველოზე კითხვაც არავის დაუსვამს და ეს მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსები მოლოდინს ქმნიდნენ, მთავარი სასაურბო თემა სწორედ საქართველო იქნებოდა და ბაიდენი პუტინს დაუცაცხანებდა, დღე-დღეზე საქართველო ნატოს წევრი გახდებაო… სინამდვილეში კი, ბაიდენს საქართველო არც გახსენებია და არც არასდროს გაახსენდება, საქართველო კარგი მიზეზი რომ არ იყოს რუსეთისთვისშესაჩხიკინებლად”. მინავლებულ ნაცარს ჯოხით რომ აჩიჩქნიან ხოლმე ნაკვერჩხლის გასაღვივებლად, ზუსტად ასეთი ჯოხის მდგომარეობაშია საქართველო და ვაი, რომ დღეს ეს ჯოხი სწორედ დასავლეთს უპყრია ხელთ და მის გაშვებას არც ფიქრობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ჯოხიც მაქსიმალურად ცდილობს, არ მოშორდს ხელს, რომელიც, აგერ უკვე 30 წელია, მხოლოდ ნაცარში აგორავებს და ცეცხლთან ათამაშებს. ეს ყველაფერი ქართულ ზღაპარ “ნაცარქექიას” ჰგავს ძალიან, მაგრამ ზღაპრისგან განსხვავებით დევი, ანუ დასავლეთი, ნაცარქექიას, ანუ ჩვენს კისერზეა შემომჯდარი და ჩამოსვლას არ აპირებს.

და მაინც, რას ველოდით სამიტისგან, რომელზეც, უბრალოდ, არ დაგვიძახეს, ფული არ დახარჯეს, საქართველოდან ვინმე რომ ჩასულიყო და ხალხში გარეულიყო? მაპს რომ არ მოგვცემენ, ეს მაშინ გაირკვა, როცა მიშა ელოდა და ბოლოს “მაპზე უკეთესი” მისცეს. ნაციონალებმა იმ მაპზე უკეთესს ჩასჭიდეს ხელი (სხვა არაფერი გამოიმეტეს) და “ოცნებასაც” მემკვიდრეობით სწორედ ის დაუტოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაგრძნობინებს, რომ საქართველო ვერც ნატოს წევრი გახდება და უახლოეს ათწლეულში ევროკავშირის წევრობაც წარმოუდგენელია, საქართველოს პოლიტიკური ელიტა სწორებას მაინც დასავლეთზე აკეთებს. არის თუ არა ეს თავის მოტყუება? გაგიკვირდებათ და, არა, რადგან ქართველმა პოლიტიკოსებმა ზუსტად იციან, რომ ასეთი ქმედებით ძალაუფლების შენარჩუნების შანსი აქვთ, დასავლეთისგან წამოსული გრანტების განაწილებასაც თავის ჭკუაზე ახერხებენ და, რაც მთავარია, ჰგონიათ, რომ, თუ ამას არ გააკეთებენ, ამომრჩეველს დაკარგავენ. რეალურად კი, ამომრჩეველი უკვე გულიანად იცინის, როცა ამერიკისგან ნატოს შესახებ ისმენს დაპირებებს, ევროპისგან კი _ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივებზე საუბარს. ამომრჩეველი დაიღალა გაუთავებელი დაპირებებით, ადამიანები მიხვდნენ, რომ დასავლეთი ყალბია, რომ ყველაფერი ტყუილია, რომ მოსეს მრევლზე გაცილებით დიდი ხნით ვივლით ერთ წრეზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამომრჩევლამდე ის გრანტები არ მიდის და ამიტომ ხმამაღლა ამბობენ, რასაც ფიქრობენ, პოლიტიკოსები კი _ ვერა.

საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წამოწევა დასავლეთისთვის უმარტივესი საქმეა. ევროკავშირმა და ამერიკამ რომ მოინდომონ, ერთ თვეში არც საგარეო ვალი გვექნება, ინვესტიციების ბუმიც დაიწყება, ლარიც გამყარდება და მოსახლეობაში დასავლური ინსტიტუტების მიმართ მეტი ნდობა გაჩნდება, მაგრამ ეს დაახლოებით 20 მილიარდი დაჯდება და რატომ უნდა გადაიხადონ ამხელა თანხა, როცა მარტივად შეიძლება წლიურად 40-50 მილიონი დოლარი გადარიცხო გრანტის სახით, არ გააკონტროლო, იცოდე, რომ პოლიტიკოსები ჭამენ და იყო მშვიდად?! თანაც, მაძღარ ადამიანს სხვა რამეზე მეტი ფიქრის დრო აქვს და ის სხვა ამ შემთხვევაში სწორედ ქვეყნის საგარეო კურსი იქნება. როგორ გგონიათ, როგორია ქვეყნის დღევანდელი საგარეო კურსი? ჩვენი აზრით, ის ქვეყანას, უბრალოდ, არ აქვს _ ქართველი პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რასაც დასავლეთი კარნახობს.

ანალოგიურ დღეშია უკრაინაც და ყველაზე სასაცილო, იცით, რა არის? როცა დასავლეთი უკრაინას ახსენებს და ნატოში გაწევრებას ჩვენსავით მასაც ჰპირდება, ქართველები ხელისგულების გადატყავებამდე ვუკრავთ ტაშს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინას ნატოში საქართველოს გარეშე არ მიიღებენ და პირიქით _ საქართველო ნატოში უკრაინის გარეშე ვერ შევა.

ჩლუნგობის დონეს დაახლოებით მაინც თუ ხვდებით, ბატონებო?! უკრაინას სადავო ტერიტორია აქვს რუსეთთან, პრაქტიკულად, ომშია ჩართული და ამ ქვეყნის მიღება ნატოში ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ომს იწყებს. ამას კი დასავლეთი არ დაუშვებს არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნის ხარჯზე. ეს თქვეს კიდეც ამერიკელმა სენატორებმა, მაგრამ უკრაინელი პოლიტიკოსების თვალებში იმედგაცრუება რომ დაინახეს, მაშინვე შეასწორეს _ ყველაფერს მალე მოვაგვარებთო. უკრაინისთვისმალეროდის იქნება, ვერ გეტყვით, საქართველოში კი, აგერ უკვე 30- წელიწადია, “მალეგვესმის. უკრაინას საქართველოსთან ასე ხშირად იმიტომ ვახსენებთ, რომ ეს ორიქეისიდასავლეთმა გააერთიანა და ერთ იღლიაში აქვს ამოდებული. ჩვენდა საუბედუროდ, ეს ყველაფერი ერთადერთ რამეზე მიუთითებს _ საქართველოს მსგავს მაჩანჩალას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამათხოვრებულ და დამონებულ ქვეყანას, ტოლ-სწორად არც ნატო დაიყენებს გვერდით და არც ევროკავშირი. ევროკავშირიდან გაქცეული დიდი ბრიტანეთი არ მალავს, რომ ამ გაერთიანებაში ყოფნით დრო დაკარგა, რომ უკან დაიხია. არადა, დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტსა და ეკონომიკასთან საქართველოს ბიუჯეტისა და ეკონომიკის შედარება, უბრალოდ, არ შეიძლება. ევროკავშირმა ყველაზე მეტად მაშინ გამოაჩინა თავისი რეალური სახე, როცა ფინანსური პრობლემები საბერძნეთს შეექმნა და ეს უძველესი ქვეყანა ისეთ დღეში ჩააგდეს, წელში, სულ ცოტა, ნახევარ საუკუნეს ვერ გასწორდება. ეს ის საბერძნეთია, სადაც ქართველები მიდიან სამუშაოდ და წელში წყდებიან, ანუ საქართველოზე გაცილებით წინ წასული, გაცილებით მდიდარი და ძლიერი ეკონომიკის მქონეა. ხომ წარმოგიდგენიათ, რომ დასჭირდეთ, საქართველოს რა დღეში ჩააგდებენ?! ვინმემ შეიძლება იკითხოს: ამაზე უარესს რაღას უზამენ? გვერწმუნეთ, 1990-იანი წლები სანატრელი გვექნება. ეს შეუძლია “სტრატეგიულ პარტნიორსა” და “მეგობარს” და ამ შესაძლებლობას მაშინვე გამოიყენებს, როცა დასჭირდება.

მანამდე კი დაველოდოთ ნატოს მორიგ სამიტს, ზამთარში _ დავოსის ფორუმს, ზაფხულში… არა, ზაფხულში არ გვცალია, ვისვენებთ… ისევ შეიკრიბებიან დასავლელი ლიდერები, ისევ განიხილავენ რაღაც თემებს და შესაძლოა, ისევ გაკვრით გვახსენონ ან, საერთოდ, არც გვახსენონ. რატომ გაკვრით? გაკვრით აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა და იმიტომ. სწორედ გაგვკრეს, აგერ უკვე 30- წელიწადია, მაგრამ თვალის გახელა ცოცხალი თავით არ გვსურს. ჰო, ბაიდენს ზამთრისთვის მატყლის წინდები მოუქსოვეთ და გაუგზავნეთ, ასაკშია კაცი და ფეხებზე არ შესცივდეს. ხუმრობა ხომ არ არის, ის ფეხები გაეყინოს, რომლებზეც ვკიდივართ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here