ქვეყანაში უმუშევრობის დონე, წლებია, ძალიან მაღალია, პრემიერმინისტრი კი ვირტუალური 40 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე საუბრობს
საქართველოს ხელისუფლება ხშირად იკვეხნის, რომ უმჯობესდება ეკონომიკური მაჩვენებლები, ქვეყანა ამა თუ იმ სარეიტინგო სიაში პოზიციებს იუმჯობესებს და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 21 აპრილს ამბროლაურში “ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თამამად შეუძლია, ხალხს თვალებში შეხედოს, რადგან ხელისუფლებას არცთუ ცოტა საქმე აქვს გაკეთებული. პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში უამრავი პრობლემა გადაიჭრა და, ფაქტობრივად, უმოკლეს დროში სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საშუალება შეიქმნა: “ამ ექვსმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ _ დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს”. აღნიშნულ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. “უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან გვაქვს, მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ დადებითად შეფასდა. დაგეგმილზე მაღალია ეკონომიკური ზრდა, 2018 წლის დასაწყისიც არის ძალიან კარგი. დასაწყისში, 2 თვის მონაცემებით, გვქონდა 4.9%, 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის გარდა, სახელისუფლო სტრუქტურებში მოკალათებული “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც სიდუხჭირეში მცხოვრები მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. გაიხსენეთ პარლამენტარი ქალბატონის, გუგული მაღრაძის, შარშანდელი განცხადება: მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია დღეს გაჭირვებული, მხოლოდ 5 პროცენტს უჭირსო; ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის _ დიმიტრი ქუმსიშვილის ნათქვამი, როგორ გააჟრჟოლა ბღუჯა-ბღუჯა ლარების დანახვაზე. ახლა კი პრემიერმინისტრი 40 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე ალაპარაკდა… როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერს, როცა 40 ათასი ადგილის შექმნაზე ლაპარაკობდა, სხვა ქვეყანა ჰქონდა მხედველობაში, ან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს არ იყო გაცნობილი და, შესაბამისად, რეალობას აცდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, საქართველოში უმუშევრობის დონე 11,8 %-ს შეადგენს _ ქვეყანაში უმუშევარია 235,1 ათასი კაცი. ამ მაჩვენებლით საქართველო, ვებგვერდ tradingeconomics.com–ის მონაცემებით, ჩამორჩება არა მხოლოდ წამყვანი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებს _ იაპონიას (2,5%), გერმანიას (3.4%), შვეიცარიას (2,9%), აშშ–სა (3.9%) და დიდ ბრიტანეთს (4.2%), არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანას _ მეზობელ სომხეთს (6.9%), აზერბაიჯანს (5,1%), რუსეთს (5.0%), ყაზახეთს (4,9%), უკრაინას (9,9%), თურქმენეთს (8,6%), ბელარუსს (0,5%) და ისეთ სახელმწიფოებსაც კი, როგორიც არის ომებით გაწამებული ავღანეთი (8,5%), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (6,87 %), ბურკინა ფასო (2,98 %)…
სხვათა შორის, 1928 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, რომელსაც დასავლური პროპაგანდით გაბრუებული ჩვენი ნეოლიბერალები “ბნელსა” და “უკუნს” უწოდებენ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მუშაობდა 183 ათასი მუშა და მოსამსახურე. 1970 წელს მათმა რაოდენობამ 1,4 მლნ–ს მიაღწია, მათგან 385 ათასი მრეწველობაში იყო დასაქმებული და თითქმის არავინ იყო უმუშევარი (უსაქმურობა ისჯებოდა). 1970-იან წლებში საქართველო იყო ინდუსტრიული ქვეყანა, რომელშიც განვითარებული იყო კვებისა და მსუბუქი მრეწველობები, მუშაობდა მეტალურგიული, ქიმიური, სამშენებლო და მანქანათმშენებლობის ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ ელმავლებს, გამომთვლელ მანქანებს, ავტომობილებს, წყალქვეშა ფრთიან კატარღებს, ტრაქტორებს, ელექტროტექნიკურ მოწყობილობებს, ზუსტ ხელსაწყოებს, ჩაის საკრეფ მანქანებს და სხვ. საქართველო საექსპორტოდ აწარმოებდა 300 სახის პროდუქტს, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში გაჰქონდათ, მათ შორის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში აღორძინდა კოლხეთი; მოჰყავდათ ციტრუსები, ჩაი, დაფნის ფოთოლი, თამბაქო. ჩაის პლანტაციებს ეკავა 60 ათასი ჰექტარი და საქართველო სსრკ–ის მოსახლეობის მოთხოვნას 95%-ით აკმაყოფილებდა, ამასთანავე, ქართული ჩაი საექსპორტოდ გადიოდა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, გდრ–ში, რუმინეთში, ფინეთში, ირანში, სირიასა და მონღოლეთში. დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აგრეთვე, ქართული ღვინო და კონიაკი. დღეს კი საქართველოში ჩაის პლანტაციები თითქმის განადგურებულია, ქვეყნის სავაჭრო ქსელი კი გადავსებულია იმპორტული ჩაით, ციტრუსებით, სიგარეტით. ეგვიპტიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს ხილი, ბოსტნეული და ყურძენი. ქართველმა გლეხმა კი არ იცის, სად წაიღოს ვაშლის, ატმის, ციტრუსისა და ყურძნის მოსავალი. საბჭოთა საქართველოში განვითარებული იყო აბრეშუმის მრეწველობა, დღეს კი ეს დარგი მკვდარია.
1971 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავალი 4,2 მლრდ მანეთს შეადგენდა. იმხანად მანეთი, ოფიციალური საშუალო კურსით, 1,5 დოლარი ღირდა, ანუ 1971 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი 6,04 მლრდ დოლარი იყო, ამჟამად კი, “საქსტატის” მონაცემებით, 3,6 მლრდ დოლარია (2017 წლის მონაცემი). თანაც, 1970-იან წლებში დოლარის შემსყიდველობითი უნარი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაღალი დონის პარალელურად, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, “საქსტატის” მონაცემით, 21,3 პროცენტს (788 100 კაცს) შეადგენს.
აი ამ ვითარების ფონზე ლაპარაკობს საქართველოს პრემიერმინისტრი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, მხოლოდ ერთ წელიწადში 42 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და თამამად შეუძლია ხალხს თვალებში შეხედოს. არადა, რეალობა ძალიან მძიმეა: საქართველოს მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი, დიდი ხანია, დაუსაქმებელია. მასობრივი უმუშევრობის, ლარის გაუფასურების, ფასების კატასტროფული მატების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრება გაუსაძლისი შეიქნა და ამიტომ ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნიდან გარბის _ საელჩოებთან რიგები დგას საზღვარგარეთ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად წამსვლელი მოქალაქეების. საქართველო უმუშევრობის დონის მაჩვენებლით, ისევე, როგორც პენსიისა და საშუალო ხელფასის მხრივ, მსოფლიოში აუტსაიდერ ქვეყნებს შორისაა; ამ ვითარებაში ეკონომიკის ზრდასა და ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნაზე ლაპარაკი სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობის დაცინვაა და სხვა არაფერი…
ნიკა კორინთელი