ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე “ქართულმა ოცნებამ” მიწის რეფორმა დაიწყო. პროლეტარულშტრიხებიანი ლოზუნგი “მიწა გლეხებს!” ისე მიმზიდველი ჩანდა, ბევრმა დაიჯერა, რომ სახელმწიფო მიწებს უფასოდ დაარიგებდა, უფასოდ მოხნავდა, დათესავდა, მოსავალს კი გლეხს მისცემდა. ამასთანავე, სოფლის პროგრამაში ყოველწლიურად ჩასადები მილიარდი ლარიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაპირება იყო და მისი “ბოქაულებიც” სოფელ–სოფელ სიარულისას ამბობდნენ, რომ თითოეული სოფელი სამიდან ხუთ მილიონ ლარამდე მიიღებდა ყოველწლიურად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ქაღალდზე დაწერილი თუ ზეპირად მოყოლილი, ძალიან ლამაზად ჩანდა, მაგრამ…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (ეჭვი გვაქვს, ხელისუფლება ამ სამსახურს გააუქმებს, ისეთ ციფრებს დებენ ხოლმე, წყალში უყრიან წლობით ნაგროვებ ტყუილებს), 2014 წელს საქართველოში ნათესების საერთო ფართობი 480 ათასი ჰექტარი იყო. 2015 წელს ეს რიცხვი 464 ათასამდე შემცირდა, 2016 წელს _ თითქმის განახევრდა და, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვამცნობს, ამ წელს მხოლოდ 240 ათასი ჰექტარი მოიხნა და დაითესა. ასეთი კლების შემდეგ ხელისუფლებამ ყურები გამოიბერტყა და 2017 წელს 420 ათასი ჰექტარი დამუშავდა, მაგრამ ხელოვნურად ეს პროცესი ვეღარ დაიჭირეს და შარშან მხოლოდ 207 ათასი ჰექტარი დაამუშავეს გლეხებმა თუ ფერმერებმა. შედარებისთვის იმასაც გეტყვით, რომ, თუ, მაგალითად, 2014 წელს მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების საერთო მოცულობა 213 ათასი ჰექტარი იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 153 ათასამდე დაეცა. ანალოგიური მონაცემებია კარტოფილზე, ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე…
დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებამ აღებული ტემპი მიწების გადაფორმების პროცესისა დააგდო და, შეიძლება ითქვას, შეაჩერა კიდეც. უფრო მეტიც, ადგილობრივს თვეობით უწევს საბუთების შეგროვება და იმის მტკიცება, რომ მიწა მისი საკუთრებაა. კანონში კი ჩაიწერა, რომ მიწას იმ შემთხვევაში დაგიმტკიცებენ, თუ წლების განმავლობაში სარგებლობ და ამ მიწაზე, სულ ცოტა, 2007 წლიდან კაპიტალური შენობა დგას, იქნება ეს სახლი, სათავსო თუ ფერმა. ოღონდ, არ უნდა იყოს ხის, თუნუქის, ფიცრული… უნდა იყოს კაპიტალური. ჰოდა, შეიძლება ადამიანი ფლობდეს მიწას, მაგალთად, 20-25 წლის განმავლობაში, არ ედგას არანაირი შენობა და ვერ იმტკიცებდეს. და ასეთი ადამიანი არის ათასობით.
ახლა რაც შეეხება მთავარ პრობლემას, გლეხის იმედგაცრუებასა და გულაცრუებას. დავიწყოთ იმით, რომ ქართული პროდუქცია, რომელიც სოფლად გლეხს მოჰყავს, არის მაღალი ხარისხის, თუმცა, გამონაბოლქვისა თუ ათასი უბედურების გამო, აუცილებელია ნაკვეთში სასუქის შეტანა, შეწამვლა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქეთ ფაროსანა, იქით აზიიდან თუ აფრიკიდან შემოსული მცენარეების დაავადებები და, რბილად რომ ვთქვათ, თუ დათესვა, მოვლა და მოსავლის აღება გლეხს უჯდება, მაგალთად, ათასი ლარი, სასუქებსა და წამალში სამი ათას ლარს იხდის, რაც პროდუქციის თვითღირებულებას სამჯერ აძვირებს. ამის მიუხედავად, მოყვანილი პროდუქტი ითვლება საუკეთესოდ. მაშ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ჯანსაღ პროდუქტს ვერ ასაღებს გლეხი? მიზეზი სწორედ მისი სიძვირეა. სწორედ მაშინ, როცა გლეხს ბაზარში გააქვს თავისი ნაშრომი გასაყიდად, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან შემოდის პესტიციდებით გაჯერებული, სათბურებში მარტივად, მიწის გარეშე მოყვანილი პროდუქტი, რომლის თვითღირებულებაც ისე დაბალია, რომ გლეხის პროდუქტზე ორჯერ და სამჯერ იაფი ღირს. საქართველოს მოსახლეობა კი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის და იძულებულია, იყიდოს იაფი და ცუდი, ვიდრე ძვირი და კარგი, რადგან, ძვირი რომ იყიდოს, თვიდან თვემდე საჭმლის ფული არ ეყოფა, რომელიც ისედაც არ ჰყოფნის და სიმწრით იზოგავს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ გლეხებმა ხელი ჩაიქნიეს პროდუქტის მოყვანაზე და მიწას თავს აღარ აკლავენ. მათთვის უფრო მარტივია შემოტანილი პროდუქტის ყიდვა, მერე გაყიდვა და საქართველო ნელ–ნელა დაემსგავსა მომწამვლელი პროდუქტის გამყიდველ–მყიდველთა პოლიგონს, სადაც ნახევარი საქართველო ყიდის, მეორე ნახევარი ყიდულობს და მიწაზე შრომა აღარავის უნდა. მით უმეტეს, სახელმწიფომ დაპირება არ შეასრულა და მიწის რეფორმა, რომელიც კვლავ გრძელდება, ისე არ ხორციელდება, როგორც დაგეგმილი იყო.
პრობლემა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ არის. უდიდესი დეფიციტია ხორც-პროდუქტების ბაზარზე. დღეს საქართველოში ძალიან ძნელია ჯანსაღი ხორცის შეძენა. იოლად გამდიდრების მიზნით, სახორცე პირუტყვს პრემიქსითა და ქიმიური დანამატებით ზრდიან, მაქსიმალურ წონაზე 4-6 თვეში აჰყავთ და მერე ყიდიან. მეტსაც გეტყვით, საქონელს ისეთ მომწამვლელ რაღაცებს აჭმევენ, 6 თვის კვების შემდეგ რომ არ დაკლან, კუჭი გაუსკდება, რადგან ქიმიკატების გადამუშავებით, კუჭის კედლები იცვითება და ქაღალდივით გამჭვირვალე ხდება. მათ აღარ აქვთ ე.წ. პირსახოცები კუჭში და, შესაბამისად, ასე გასუქებული საქონლისგან აღარც ხაშის მასალა მიიღება, რადგან სახსრებში დაგროვებულ ქიმიკატებს სუნი აქვს, ფაშვი კი გაცვეთილია და არ ვარგა. სამაგიეროდ, თუ არ იცით, ხორცს ვერ შეატყობთ ვერაფერს და ასე მარტივად ვყიდულობთ და ვჭამთ იმას, რისიც, ქიმიური ანალიზი რომ ჩაუტარდეს, ჭამა კი არა, დამარხვა და მიწაში დაკონსერვებაც კი შეიძლება საშიში იყოს.
ხელისუფლება იტყვის: მოსახლეობას ფული რომ არ აქვს, ჩვენი ბრალი არ არის, რადგან ამდენი დოვლათი ერთ სულ მოსახლეზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილაო. რეალურად კი, საქართველოს მოსახლეობას რომ გამოვაკლოთ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც საარაკო ხელფასები აქვთ და სწორედ მათი ხელფასებით იქმნება საერთო სურათი, იქამდე მივალთ, რომ ასეთი ღარიბი საქართველოს მოსახლეობა არასდროს ყოფილა. ასე განსაჯეთ, ასეთი ღარიბი არც ნაციონალების დროს იყო ქართველი ერი და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაციონალებს სოციალური თემის გამო აუჯანყდა ვინმე, ძალიან ცდება _ ნაცებს იმიტომ აუჯანყდა ერი და ბერი, რომ ადამიანების ღირსებას შეეხნენ, უფლებები შეუზღუდეს, დაიმონეს, თორემ არავის უთქვამს: შიმშილით კუჭი გვიხმებაო. რა თქმა უნდა, იქაც იყო მონოპოლიები, კლანები, მაგრამ რიგით ადამიანებს სუნთქვის საშუალება ჰქონდათ. ნაცებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მოსახლეობას რაც მალე მოშივდებოდა, მით მალე აუმხედრდებოდა და ამიტომ მცირედით, მაგრამ მაინც კვებავდნენ. აი, “ოცნება” თითქოს ადამიანის ღირსებაზე ზრუნავს, ადამიანის უფლებებს იცავს, მაგრამ ერს აშიმშილებს. რამდენად ღირსეულია მშიერი კაცი, რამდენად თავმოყვარეა მშობელი, რომელიც სახლში მივა, შვილი ეტყვის, მშიაო, და მას პურის ფულიც არ აქვს, თვითონ განსაჯეთ. ასეთი ტრაგედიები ყოველდღიურია, ყოველდღიურობაა ჩვენი მოშიმშილე ოჯახები, სიღატაკეში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც გაზაფხულს, სითბოს გამო კი არა, ბალახის გამო ელოდებიან, საკვებად რომ გამოიყენონ.
არის კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრებაც. მას შემდეგ, რაც ხალხის ზეწოლით ხელისუფლებამ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა შეაჩერა, თურმე ინვესტიციებმა იკლო. უცხოელი ვეღარ ყიდულობს სახელმწიფო მიწას, ვეღარ ამუშავებს მონებად ადგილობრივებს და ინვესტიციები შემცირდა თურმე. რეალურად კი ის უცხოელები საქართველოში მოყვანილ მოსავალს თავის ქვეყანაში მიარბენინებდნენ და იქიდან ნაგავი შემოჰქონდათ. ჰოდა, ახლა ამბობენ, რომ ეს ისევ დასავლელი პარტნიორებისა და ხელისუფლების ხრიკია, იძულებული რომ გახდნენ, მიწა ისევ უცხოელებზე გაიყიდოს და საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყოსო. “საქსტატი”, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იმასაც წერს, მიწის ფასი ყოველწლიურად იკლებსო და ხომ ვერ გვეტყვით, სად იკლებს? მიწის ფასი ყოველწლიურად მატულობს და, თუ ვინმეს არ სჯერა, შეუძლია, სოფლებში ჩავიდეს და შეამოწმოს. არ ეთმობათ გლეხებს მიწა და ამ ეტაპზე დამუშავების აზრს თუ ვერ ხედავენ, იმას არ ნიშნავს, რომ მამაპაპისეულ მამულს შეელევიან.
სახელმწიფო ვალდებულია, კონტროლი დააწესოს საქართველოში შემოსულ პროდუქციაზე. ხომ არ ვამბობთ, გინდა თუ არა გლეხებს მიცემული პირობა შეუსრულოს _ დაუხნას, სუბსიდია ჩადოს, არა, კონტროლი დააწესოს იმაზე, რა შემოდის, რას ვჭამთ და რომელი პრეპარატებით ასუქებენ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვს და რა დანამატებით მიჰყავთ 2 თვის ქათამი 2 კილომდე. ეს არის ფაქტი და, თუ არ იცით, მოგვმართეთ, ჩვენ გასწავლით, ჩვენ ჩაგიტარებთ ექსპერიმენტს და განახვებთ, 1,60-ლარიანი პრეპარატით როგორ გავზრდით წიწილს 2 თვეში 2 კილოიან დასაკლავ ქათმად.
ბესო ბარბაქაძე
სრული სიმართლეა!! 45 წელზე მეტია 25 მეასედი მიწა გვაქვს ოჯახს..და ვამუშავებთ იმ დროიდან.ეს გარშემომეზობლებმა ყველამ იცის–და რა მარტო ჩვენ გვაქვს ასე /იმ ნაკვეთში ათეულობით ოჯახს აქვს მიწა კოლმეურნეობიდან მიცემული კოლწევრებზე/ხოდა იმ დროიდან მუშავდება ეს მიწები ხალხის მიერ!რომლის საბუთებიც არსებობდა თავისთავდ/კოლმეურნეობების გაუქმების შემდეგ დაიწვა კოლმეურნეობის შენობა და….განადგურდა არქივი/დავრჩით ასე უსაბუთოდ/და მას მერე არავინ გვიფორმებს ამ მიწებს ათასმა წყალმა ჩაიარა მაგრამ საშველი არ გვაქვს…………