Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო მოსალოდნელ კონფლიქტში უნდა იყოს ნეიტრალური და არა რომელიმე მხარე

საქართველო მოსალოდნელ კონფლიქტში უნდა იყოს ნეიტრალური და არა რომელიმე მხარე

თუ ჩვენ დავეხმარებით დასავლეთს და იარაღს გავატარებთ უკრაინის მიმართულებით, რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციას სამართლიანი უფლება ექნება, პასუხი მოგვთხოვოს

მსოფლიოს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არც ერთ კონტინენტზე აღარ მიმდინარეობს. მთავარი ცხელი წერტილი _ ავღანეთი, უბრალოდ, აღარ არსებობს და ახლა იქ თალიბები ცდილობენ თავიანთი წესრიგის დამყარებას. უფრო მეტიც, თალიბებთან, რომლებსაც ლამის ნახევარი საუკუნე ტერორისტები უძახეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად ევროპის არაერთი ქვეყანაა მზად. საომარი მოქმედებები თითქმის შეწყვეტილია სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იარაღს ვერ ყიდის ვერსად. რა არის ამისთვის საჭირო? სწორია _ ახალი შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შემდეგ იარაღი კვლავ საჭირო იქნება და იარაღთან ერთად ის ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტების სახით, რომელიც ამერიკას საწყობში უდევს და ვადა გასდის. ამიტომ, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს _ უკრაინისა და მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოს _ რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირება ამ ყველაფრის გასასაღებლად საუკეთესო საშუალებაა. მეტიც, თუ ეს კონფლიქტი დაიწყება, ერთ და ორ კვირაში ნამდვილად არ დასრულდება და უკრაინას პრაქტიკულად ყოველდღიურად დასჭირდება როგორც იარაღის, ასევე საკვების ახალი პარტია. რუსეთი კი

რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა მას შემდეგ, რაც ხორბლის წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერობა მოიპოვა და ევროპისა თუ ამერიკის სანქციები, პრაქტიკულად, აღარ ადარდებს, მართალია, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, სანქციები იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთი დოლარსა და ევროს ვერ მიიღებსო, მაგრამ საინტერესოა, რომელი ვალუტით გადაუხდიან რუსეთის ფედერაციას ხორბლისა და ნავთობპროდუქტების მიღების შემდეგ დასავლელი პარტნიორები ფულს.

ისე, ბაიდენმა გასულ კვირას იმდენი რამ თქვა, შეუძლია, მშვიდად გავიდეს პენსიაზე, მეტ აღიარებას მაინც ვეღარ მოახერხებს.

ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატოს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს დიდი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის ნატოში გაწევრებას”, _ აღნიშნა ბაიდენმა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინას არ უნდა ჰქონდეს ნატოში ინტეგრაციის იმედი. რაც შეეხება საქართველოსსაქართველო ნახსენებიც არ არის. ჯერ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გვახსენონ გრძელვადიანი პერსპექტივით ნატოში ინტეგრაციაში და შემდეგ ვიფიქროთ გაწევრიანებაზე, ოღონდ ეს ყველაფერი რამდენ ათეულ წელს გასტანს, არავინ იცის.

ბაიდენის ამ განცხადებას ბევრი კრიტიკა მოჰყვა. ეგ კი არა, ვლადიმერ ზელენსკიმაც კი შეჰბედა “პატრონს”, _ ეგ რამ გათქმევინა, მცირე და დიდი შეჭრა აქამდე არ გამიგიაო; ბაიდენმაც “თავი იმართლა”, მცირე შეჭრაში კიბერშეტევას ვგულისხმობდიო. ჰოდა, რატომღაც გვგონია, რომ უკრაინაზე კიბერშეტევა, დიდი ალბათობით, განხორციელდება, არავინ იცის, ვისგან და როგორ, მაგრამ ბაიდენი აუცილებლად გაიშვერს ხელს რუსეთისკენ და იტყვის, როგორც ვივარაუდე, კიბერშეტევა განხორციელდაო. როგორც წესი, კიბერშეტევებისას გამორიცხულია ზუსტად იმის თქმა, საიდან განხორციელდა ის, ამიტომ ამერიკა მშვიდად დაადებს ხელს რუსეთს და ეს, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, რუსეთი საქმის კურსში საერთოდ არ იყოს.

უკრაინარუსეთის შესაძლო კონფლიქტი იმას ნიშნავს, რომ ამ ომში მთელი მსოფლიო ჩაერთვება, ვინ რა დოზით, სხვა საკითხია. სურთ თუ არა, კონფლიქტში ჩართული იქნება ევროპის ყველა ქვეყანა, თავისთავად ამერიკა და, რაღა თქმა უნდა, ჩინეთი. ეჭვი გვაქვს, დარტყმა სწორედ რუსეთსა და ჩინეთზეა გათვლილი, რადგან გასული წლის მიწურულს ჩინეთი იყო ის სახელმწიფო, რომელმაც ეკონომიკის მიმართულებით ამერიკას ლიდერობა ჩამოართვა და მსოფლიოში ნომერი პირველი გახდა. სწორედ ამ სტატუსის დაკარგვას ვერ ეგუება შტატები და სურს, კვლავ პირველი ზესახელმწიფო იყოს. საამისოდ კი, რუსეთის მორიგ კონფლიქტში ჩართვა ძალიან ხელსაყრელია, ხოლო ჩინეთი რომ განზე ვერ გადგება, ადვილი ასახსნელია.

ჩინეთი თავს მოუვლის, რაც უნდა იყოს, მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და, საჭიროების შემთხვევაში, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოახერხებს ძალების გადანაწილებას. მთავარია, ამ არეულობაში ჩვენ არ მოვყვეთ ისე, რომ გავისრისოთ და ყველაზე დიდი ლოდი მოგვხვდეს. აქედანვე შეიძლება იმის განსაზღვრა, რომ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ამერიკაც და ევროპაც საქართველოს აუცილებლად მოსთხოვენ შავი ზღვის აკვატორიის გამოყენებას, რათა უკრაინაში არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, არამედ საბრძოლო მასალა და ტექნიკაც შევიდეს. საქართველოს თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნება პირდაპირი მინიშნება რუსეთისთვის, რომ საქართველო მხარეა და მას ექნება სრული უფლება, ჩვენს ქვეყანასაც თუ არ დაარტყამს, თუნდაც ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადოს და ასეთ შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი გვემუქრება. გაცილებით მეტი საფრთხე გვემუქრება სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში. თუ ჩვენ  დავეხმარებით დასავლეთს და იარაღს გავატარებთ უკრაინის მიმართულებით,  რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციას სამართლიანი უფლება ექნება, პასუხი მოგვთხოვოს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა იბროლოს იმისთვის, რომ მოსალოდნელ კონფლიქტში იყოს მშვიდობისმყოფელი, ნეიტრალური და არა რომელიმე მხარე. მხარეს როცა ვამბობთ, ორივე ვარიანტს ვგულისხმობთ: როგორც რუსეთის მხარის დაჭერას, ისე უკრაინის. შეიარაღებულ კონფლიქტში არ შეიძლება,  რომელიმეს მხარეს დადგე, პირიქით, უნდა შეეცადო, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს, საომარი მოქმედებები შეწყდეს და შესაბამისად, შეწყდეს ადამიანების დაღუპვა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ადამიანთა გარდაცვალება მსოფლიოში ისედაც ყოველდღიურ ამბად იქცა და ტრაგედიის ნაცვლად, მაჩვენებლების  ასახვა მხოლოდ ციფრებში ხდება. აგერ, საქართველოში ლამის 15 ათასი გარდაცვლილი გვყავს, მაგრამ გლოვის დღე გამოაცხადა ვინმემ? არა, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ეს რიცხვი ბოლო არ არის და ექიმები მის გაორმაგებას ვარაუდობენ.

ისევ მოსალოდნელ კონფლიქტს დავუბრუნდეთ. ვითარება ისეთია, თითქოს მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმა. არადა, ჯერჯერობით, პრაქტიკუალად, არაფერი უთქვამთ ჩინეთს, ირანს, აზიის დანარჩენ ქვეყნებს. არადა, მოსალოდნელი ომი ნამდვილად არ იქნება მხოლოდ ამერიკაევროპის გასარჩევი და თავში საცემი. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ის გადაიქცეს მესამე მსოფლიო ომად, ანუ კონფლიქტად, რომელმაც, შესაძლოა, პლანეტა შეიწიროს.

ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ _ რუსეთს უკრაინაში შეჭრა რომ სურდეს, ამას დღესაც გააკეთებდა, გუშინაც და ერთი თვის წინათაც. თანაც ისე, რომ არც ამერიკას გაითვალისწინებდა, არც ევროპას და, საზოგადად, არც არაფერს. გარედან ისე ჩანს, თითქოს არაფერი ხდება და მხოლოდ დასავლეთი ტეხს განგაშს, _ არიქა, რუსეთი შეჭრას აპირებს, ფრთხილად იყავითო, და ამით დამფრთხალი უკრაინა დახმარებას ითხოვს. ისიც ხომ ყველამ იცის, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინულ მხარეს აქვს ის ინფორმაცია, რომელსაც ამერიკელები აწვდიან. 22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ტექნიკით დატვირთული 200 ეშელონი შეიყვანა და თითო ეშელონზე 50 სამხედრო მანქანა იყო. ამერიკამ და ევროპამ ეს ნაბიჯი დაგმო, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ მხოლოდ ბრიტანეთიდან უკრაინაში იარაღით დატვირთული 8 სამხედრო ხომალდი შევიდა, არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება ვინმეს, რომ ამერიკამ არაერთი ათეული მილიონის იარაღი მიაწოდა უკრაინელებს. სამაგიეროდ, ყველამ ერთხმად დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელმაც ესტონეთს უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიყიდვა აუკრძალა, _ იარაღის მიცემა კი არა, კონფლიქტის მოგვარება უნდა ვცადოთო. ეს იყო ყველაზე ადეკვატური განცხადება, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლელმა პარტნირებმა გააკეთეს და გერმანიის მთავრობა კინაღამ ჩაქოლეს, როგორ გაბედე და უკრაინას იარაღზე უარი უთხარიო?! არადა, სწორედ გერმანია იყო პირველი, ვინც, იარაღის ჟღარუნის ნაცვლად, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომის პერსპექტივა განიხილა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ დასრულებული კონფლიქტების პირობებში, ახალი კონფლიქტი დიდი სახელმწიფოებისთვის შველაა, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფლიქტი უშუალოდ მათ არ ეხება. ასეთი მანამდეც ბევრი გვინახავს და, საბოლოო ჯამში, ხელში აღშფოთებები და შეშფოთებები შეგვრჩენია; ჰო, კიდევ _ იმ დიდი სახელმწიფოების მიერ დაცლილი ხელი, ის ხელი, რომელსაც გასაყიდად გამოტანილი იარაღი უჭირავს და ფიზიკურად ვერ ასაღებს, იმიტომ, რომ ერებმა ომს მშვიდობა არჩიეს და იმედია, უკრაინაც მალე მიხვდება, რომ ომს მშვიდობა სჯობია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here