Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო და “განვითარების დიქტატურა”

საქართველო და “განვითარების დიქტატურა”

რუკა

საქართველოში ახლო წარსულში საკმაოდ აქტუალური იყო დისკუსიაგანვითარების დიქტატურაზე”, როგორიც, თავის დროზე, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში და ზოგიერთ სხვა აზიურ ქვეყანაში დამყარდა. სააკაშვილის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ხსნასინგაპურიზაციაშია”, მათი ოპონენტები კი ადამიანის უფლებების თანმდევ დარღვევაზე მიუთითებდნენ, მაგრამ არც ერთ მხარეს არ უსაუბრია იმაზე, რაც საქართველოს ჩამოთვლილი სახელმწიფოებისგან განასხვავებს.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ეკონომისტები ეძებდნენ განვითარებადი ქვეყნების რეფორმირების უნივერსალურ მოდელს, თუმცა გამოცდილებამ ცალსახად აჩვენა _ ის, რაც მუშაობს აზიაში, ნაკლებად გამოსადეგია ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში და ამის სავარაუდო მიზეზი ღირებულებების განსხვავებული სისტემაა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ბრინჯია. მისი მოყვანა კოლექტიურ შრომას მოითხოვს, სტაბილური მოსავლის მიღებას საირიგაციო სისტემების განვითარება სჭირდება, რომელთა შესაქმნელად საჭიროა ასეულობით, ხანდახან კი ათასობით ადამიანის შრომა. აგრეთვე, აუცილებელია მუდმივი კონტროლი, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს. ერთი ან რამდენიმე მეზობელი სოფლის, ხანდახან კი დიდი რაიონის მიწებს ერთიანი სარწყავი სისტემა კვებავდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია, ერთსა და იმავე დროს წყალი ერთ ნაკვეთს მიეწოდოს, ხოლო მეორეს არა, იმის გამო, რომ მისმა პატრონმა გრაფიკის შეცვლა გადაწყვიტა. ეს გლეხების მუშაობას ურთიერთშეთანხმებულს და ურთიერთდამოკიდებულს ხდიდა. საირიგაციო სისტემების შექმნისა და კონტროლის აუცილებლობა ამყარებდა მოთხოვნას ძლიერ სახელმწიფოზე და პასუხისმგებლობის მქონე ჩინოვნიკზე იმ პერიოდში, როდესაც ევროპაში დაქსაქსულობა სუფევდა, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ტრადიციულად განიხილებოდა, როგორც ადგილობრივ ფეოდალზე უარესი ლეგალიზებული ყაჩაღი.

კოლექტივის ინტერესების დომინირებამ ინდივიდის ინტერესებზე შვა ღირებულებათა სისტემა, რომელშიც პიროვნების უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას შედარებით მშვიდად აღიქვამენ, ვიდრე ევროპაში. თუმცა ევროპელებს იმის აღიარება უწევთ, რომ ზოგიერთ ასპექტში ისინი ჩამორჩებოდნენ. შუა საუკუნეების აზიაში საკმაოდ ძლიერი იყო მერიტოკრატიის ტრადიცია _ ნებისმიერ გლეხს შეეძლო ჩაებარებინა გამოცდა, გამხდარიყო ჩინოვნიკი და დროთა განმავლობაში დიდგვაროვანებზე გაცილებით მაღლა დამდგარიყო. იმ პერიოდის ევროპაში მსგავსი კარიერა ძალზე იშვიათია და, როგორც წესი, ეკლესიას უკავშირდება. ამის გამო აზიაში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული დამოკიდებულება განათლების მიმართ. მნიშვნელოვანი სხვაობა პოსტფეოდალურ ხანაშიც არსებობდა _ მაშინ, როდესაც ევროპაში ბურჟუაზიის აღმასვლა და სიმდიდრის გაღმერთება დაიწყო, აზიაში ვაჭარს კვლავინდებურად უფრო დაბალი სტატუსი ჰქონდა, ვიდრე გლეხს, ხოლო გამდიდრება მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის “ავტომატურ” მოპოვებას არ ნიშნავდა.

მაშინ, როდესაც ევროპული ცივილიზაცია მივიდა ლოზუნგამდე “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” და ძველი იერარქიებისა თუ ავტორიტეტების უარყოფამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცენტრალურ ადგილს კვლავინდებურად ოჯახური და კვაზიოჯახური ტიპის იერარქია იკავებდა, რომლის ფარგლებში უმცროსი უნდა დაემორჩილოს უფროსს, შვილი _ მამას, თანამშრომელი _ დირექტორს, ხალხი _ იმპერატორს, ხოლო უფროსმა, თავის მხრივ, უმცროსზე უნდა იზრუნოს. ოპოზიცია ამ ქვეყნებში არსებითად სისტემურია, რადგან ის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასოდეს მოითხოვს პატერნალისტური სისტემის განადგურებას, უბრალოდ, ამტკიცებს, რომ პირობითი “მამა” არასაკმარისად მზრუნველია. ეს დამოკიდებულება კონფუცის ეპოქიდან დღემდე არ შეცვლილა.

განსხვავებულია დამოკიდებულება კანონის მიმართაც _ ავიღოთ თუნდაც იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. თუ ლათინური სიტყვა “იუსტიცია” სამართლიანობასა და კანონიერებას ნიშნავს, შესაბამისი სიტყვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენებში პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება, როგორც “დასჯა”. ევროპაში ცენტრალურ ადგილს კანონის უზენაესობის იდეა იკავებს, ხოლო აზიაში ტრადიციული ღირებულებების პირამიდის მწვერვალზე დგას მმართველი, რომელიც ქვეყანას, მაღალი ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ძველი რიტუალების დაცვით უნდა მართავდეს, ხოლო კანონი გამოიყენოს, როგორც სადამსჯელო “მათრახი”. ამასთანავე, ევროპაში ცნება “სამართლიანობა”, როგორც წესი, სოციალურ ქვეტექსტსაც მოიცავს და მას პრიორიტეტულობას ანიჭებს, აზიაში კი გაცილებით მაღლა ეთიკური ქვეტექსტი დგას _ იქ სამართლიანობის აღდგენა, უპირველესად, წესრიგისა და ჰარმონიის აღდგენაა.

მსგავსი პარალელების გავლება დიდხანს შეიძლება, თუმცა, ალბათ, დროა, პრობლემის არსზე გადავიდეთ. სამხრეთკორეელი პოლიტოლოგი იუნ მინ ბონი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეპოქაშიაზიური ღირებულებებიშემდეგია: “კორპორატიული მიდგომა ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის მიმართ და კონსენსუსი სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ტრადიციული მოწიწება ხელისუფლების მიმართ, სწრაფვა წესრიგის და ჰარმონიის დაცვისკენ, ოჯახის, აგრეთვე, თემის, კოლექტივის და .. განსაკუთრებული მნიშვნელობა, თვითდისციპლინა და საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესება კოლექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, კოლექტიური უფლებების პრიორიტეტულობა ინდივიდუალურთან შედარებით, განათლების განსაკუთრებული მნიშვნელობა, მომჭირნეობა და პატივისცემა უფროსების მიმართ”. იუნ მინ ბონი მიიჩნევს, რომ ეს ღირებულებები უკეთესობისკენ ცვლის პოლიტიკის და ეკონომიკის მართვის დასავლურ მოდელებს.

ძნელი მისახვედრი არაა, რა იზიდავდა სააკაშვილს ამ სისტემაში, ხოლო მისი მომხრეები ყოველთვის ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ კეთილდღეობის პრიორიტეტულობისთვის უფლება-თავისუფლებებთან შედარებით. მათ, სავარაუდოდ, სურდათ, საქართველოში ისეთი სიტუაცია მიეღოთ, როდესაც მშპ-ს ზრდას “ამომრჩევლის სასწორზე” გაცილებით დიდი წონა ექნებოდა, ვიდრე მიტინგების დარბევას ან პატიმრების წამებას. “სულ ტყუილად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვიღებთ განვითარების აზიურ მოდელს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო სამხრეთ კორეასთან, თუნდაც ხალხებს შორის ხასიათის მსგავსებაში”, _ ამბობდა სააკაშვილი.

გასული საუკუნის 60-იან წლებში სიტუაცია სამხრეთ კორეაში უარესი იყო, ვიდრე ყოფილ აფრიკულ კოლონიებში _ ომმა ის მიწასთან გაასწორა: განადგურდა სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის 80%, საბინაო ფონდის ნახევარი, სამთავრობო შენობების სამი მეოთხედი, არანაირი ღირებული ბუნებრივი რესურსი ქვეყანას არ გააჩნდა. სამხრეთკორეული ეკონომიკური სასწაული მსუბუქი მრეწველობის შექმნით დაიწყო, პერანგებით, შარვლებით, რბილი სათამაშოებით _ ქვეყანა თანდათან გადაიქცა ერთ დიდ ფაბრიკად, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას ახდენდა და საექსპორტო პროდუქციას ქმნიდა. ამან ფუნდამენტი შექმნა, შემდეგ დაიწყო კვალიფიციური კადრების მომზადება და ერთი მეორის მიყოლებით მეტალურგიის, გემთმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის განვითარება, შემდეგ საქმე ავტომობილებსა და ელექტრონიკაზე მიდგა. სულ რაღაც 50 წელიწადში სამხრეთ კორეამ, რომელმაც ნოლიდან დაიწყო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდა.

შესაძლებელი გახდებოდა თუ არა ეს ნახტომი, რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი “აზიური ღირებულებები”? ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ არააზიურ სახელმწიფოებს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. გერმანიას, მეორე მსოფლიო ომში მიღებული უდიდესი ზარალის მიუხედავად, აღორძინება ნოლიდან ნამდვილად არ დაუწყია.

დისციპლინირებული და გამძლე მასების გარდა, “განვითარების დიქტატურისგამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მმართველის ფაქტორიც. კორეელი გენერალი პაკ ჩონ ჰი სასტიკი დიქტატორი იყო, მაგრამ, სააკაშვილისგან განსხვავებით, მამაცი და შინაგანად პატიოსანი ადამიანი გახლდათ, ამას მისი დაუძინებელი მტრებიც კი აღიარებენ. იგივე შეიძლება ითქვას სინგაპურის გამჭრიახ პრემიერ ლი კუან იუზე, რომელმაც, სხვათა შორის, სააკაშვილს “უკიდურესად ავანტურისტული ლიდერი” უწოდა. ის და პაკ ჩონ ჰი ატარებდნენ რეფორმებს, რომელთა მთავარ იდეას წარმოადგენდა “დაყრდნობა საკუთარ ძალებზე”, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გარე დახმარებაზეა ორიენტირებული, ხოლო მისი მთავარი ლოზუნგი, აგერ 25 წელია, ჟღერს, როგორც “ბიძია, დაგვეხმარე!”

არიან თუ არა ქართველები ან მათი მეზობლები “საკმარისად აზიელები” იმისთვის, რომ იმავე გზით წავიდნენ? სავარაუდოდ, არა _ მათ ღირებულებების სხვა სისტემა აქვთ, განსხვავებული მიდგომა შრომის, დისციპლინის, თავისუფლების, ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთობის მიმართ (თუმცა კოლექტივიზმი ქართველებისთვის მიუღებელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავტორი სწორედ ასე ფიქრობს). ცხადია, არის შეხების წერტილებიც, მაგალითად, განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, თუმცა განსხვავება გაცილებით მეტია.

ყველაზე პარადოქსული, ალბათ, ისაა, რომ დღევანდელი საქართველო არასაკმარისად აზიურია იმისთვის, რომაზიური გზააირჩიოს და, ამავე დროს, არასაკმარისად ევროპული იმისთვის, რომევროპული გზითიაროს.

მსჯელობა ამ თემაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროცესმა მეტად არასახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანა. უნივერსალური რეცეპტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გამოყენებამ, მარტივად რომ ვთქვათ, არ გვიშველა. ამ სიტუაციაში, ალბათ, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ იმაზე, რომ რეფორმატორებმა აზიაში ადგილობრივი სპეციფიკა და მენტალიტეტის თავისებურებები გაითვალისწინეს და სწორედ ის მცირერიცხოვანი კოზირები გამოიყენეს, რომლებიც გააჩნდათ. შეგვიძლია თუ არა ჩვენი უნიკალური პლუსები ვიპოვოთ და იგივე გავაკეთოთ? თუმცა მთავრობა ამაზე ნაკლებად ფიქრობს და, სავარაუდოდ, მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდი ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია მალე (მორიგ) “ჯადოსნურ რეცეპტსშემოგვთავაზებს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here