საქართველოში წარმოებულ ნებისმიერ პურში სინესტე  დასაშვებზე რამდენიმეჯერ მეტია

    ახალი ბაზრების მოძიების ნაცვლად, ხორბალი საქართველოში რომ დაგვეთესა და მოგვეყვანა, ეგებ უფრო მარტივი ყოფილიყო და იაფიც

    მოგეხსენებათ, პურისა და პურ-ფუნთუშეულისთვის საჭირო ხორბლისა თუ ფქვილის ლამის 100% რუსეთიდან შემოგვაქვს.  მსოფლიო აღიარებს, რომ რუსული ფქვილი და ხორბალი საუკეთესოთა  შორისაა და მანძილის გამო მისი შემოტანა იაფიც გვიჯდება. იყო მცდელობები, რომ უმთავრესი პროდუქტით რუსეთზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებულნი, და სხვა ბაზრის მოძიებაც დავიწყეთ, მაგრამ  ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

     საინტერესო, იცით, რა არის? ახალი ბაზრების მოძიების ნაცვლად, ხორბალი საქართველოში რომ დაგვეთესა და მოგვეყვანა, ეგებ უფრო მარტივი ყოფილიყო და იაფიც. მით უმეტეს, საქართველოში ბევრი სავარგული არათუ დაუმუშავებელი, უბრალოდ, მიგდებულია. საკმარისია, მისი დამუშავება მოინდომო და სახელმწიფოს მიმართო, აღმოჩნდება, რომ მიწის შეძენა არ შეიძლება, რომ იჯარით უნდა აიღო და იჯარა იმდენია, დამუშავებას აზრი არ აქვს. კი მიმდინარეობს მიწების სისტემური რეგისტრაცია, მაგრამ კანონის შესაბამისად ერთ ოჯახს, საუკეთესო შემთხვევაში, 1,25 ჰა-ს უფორმებენ, ანუ ჰექტარს და ჰექტრის მეოთხედს. ეს კი ხორბლის მოსაყვანად კი არა,   საკმარისი არაფრისთვის  არის.  გამონაკლისია, თუ ამ ტერიტორიაზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის სათბურს გააკეთებ, თაროებად ააწყობ და, მაგალითად, დიდი ოდენობით მარწყვს მოიყვან, მაგრამ ეს ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობის უმრავლესობა, ფიქრსაც კი ვერ გაბედავს.

    ისევ ხორბალს დავუბრუნდეთ. თუ გახსოვთ, ორიოდე წლის წინათ რუსეთის  ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში და  ოპოზიციამ ხმაური ატეხა, რუსეთი ოკუპაციას გვიპირებსო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებდნენ და გაჩუმდნენ. ჰოდა, იმხანად რუსების უმრავლესობა ამბობდა: თქვენთან ყველაფერი მოგვწონს, მაგრამ რატომღაც პური გაქვთ ცუდი. არადა, ქართველებს, წესით, პურის ცხობა არ უნდა გიჭირდეთ და არც სწავლა  გჭირდებოდეთო. მაშინ ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, ალბათ, იმიტომ, რომ წლებია, მიჩვეულნი ვართ იმის ჭამას, რაც იყიდება, და პრეტენზიაც ყველაზე ნაკლებად სწორედ პურის ხარისხზე იყო…

    რეალურად, ისეთ დღეში ვართ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ნორმალური პურის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ძველ თაობას ემახსოვრება, რას ვჭამდით – შავ პურად შემოსაღებულმა ქატომ და კიდევ ათასმა რამემ ჩვენს თავზე გადაიარა. მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ სწორედ  თითქოს. სინამდვილეში ნებისმიერ (ვიმეორებთ, ნებისმიერ) ქართულ პურში, ანუ ჩვენთან წარმოებულ პურში სინესტე, სისველე დასაშვებზე რამდენიმეჯერ მეტია. სწორედ ამას ჩიოდნენ რუსები, ამას ჩივიან ევროპელები და გვეუბნებიან, რომ ჩვენს პურში ბევრი წყალია. მეტიც, ისინი ჯიუტად ამბობენ, რომ გამორიცხულია, თონეში ჩაკრული ლავაში 5 წუთში მზად იყოს. მართალია, ის ძალიან გემრიელია, მაგრამ რეალურად დიდი წილი ცომია და ამის აღიარება ან არ გვინდა, ან ვერ ვხვდებით. ერთი შეხედვით, პრობლემას ბევრი ვერ დაინახავს.  წლებია, ლავაშს მივირთმევთ, საახალწლო სუფრა ხომ  მის გარეშე წარმოუდგენელია და არასდროს არავის უთქვამს, ლავაშმა მაწყინა ან მომწამლაო, მაგრამ, სპეციალისტებს რომ ვკითხოთ, ისინიც დაგვიდასტურებენ, რომ ლავაშს გამოცხობა აკლია. კარგი, ეს პურის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ მათ რა ვუყოთ, დახლებზე რომ დევს დაჭრილი, დაუჭრელი, ქაღალდში, ცელოფანში… ის თუ იცით, რომ ცელოფანში თბილი პური იდება (რაც კატეგორიულად დაუშვებელია) და შემდეგ ხვდება დახლებზე. ყველა სტანდარტით დაცული რომ იყოს პურის ცხობა, ცელოფანში თბილი პურის ჩადება მის გაფუჭებას ნიშნავს. ამ საკითხზე  პურის ერთ-ერთი დიდი ქარხნის ტექნოლოგს დავეკითხეთ და საინტერესო პასუხი მივიღეთ.

    „ახალი წლის შემდეგ არაერთი დიასახლისი წუწუნებს, რომ პურს რაღაც დაემართა. გარედან თითქოს მაგარია, მაგარი ქერქი აქვს, შიგნიდან კი რბილია და ცოტა ნოტიო. არავის არაფერი  ეჩვენება. არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა ქარხანა ასეთ წარმოებაზე გადავიდა. როცა ცომი ღუმელში შედის,  ტემპერატურას უწევენ, გარედან პური მაშინვე იბრაწება, შიგნით კი ბოლომდე ვერ ცხვება. ასეთი პური არ არის მავნე, მაგრამ მყიდველის მოტყუებაა, რადგან ნოტიო პური მეტს იწონის და ბოლომდე გამომცხვარიც არ არის. რა არის ამის მიზეზი? – ბიზნესისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადის არანორმალური გაძვირება. სხვანაირად პურის ქარხნები მოგებაზე  ვერ გავლენ. ყველაფერი სუფთად რომ ვაკეთოთ, ყველაფერი სტანდარტების მიხედვით რომ იყოს, პურის თვითღირებულება იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ახლა გასაყიდი ფასია. გვესმის, რა დღეშია სახელმწიფო და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პურის ფასმა არ მოიმატოს, მაგრამ სახელმწიფომაც ხომ უნდა შეგვიწყოს ხელი? არ დაადგა საშველი ამ პრობლემის მოგვარებას და კარგა ხანს კიდევ არ დაადგება“, – გვითხრა მან.

    სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. პურის ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუშახელის  დიდი დეფიციტია, რაც მთავარია, სპეციალისტების ნაკლებობა ისე თვალშისაცემია, რომ მათი მოძიება უკვე საზღვრებს გარეთ ხდება. ჰო, ჩამოჰყავთ ტაჯიკები, თურქმენები და ცდილობენ, აქ ქართული პურის გამოცხობა ასწავლონ, მერე კონტრაქტი გაუფორმონ და, სულ ცოტა, 3 წლით „დააბან“ სამსახურში. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ვიზალიბერალიზაცია არ აქვთ და ევროპაში ვერ მიდიან სამუშაოდ, თორემ ისინიც გაიქცეოდნენ.

    „ფიზიკურად ვერ ვიხდით მეტს. ადამიანს ეუბნები, რომ დღეში ვუხდი 100 ან 120 ლარს, მუშაობს დილიდან მეორე დილამდე და ამბობს, რომ ცოტაა. თუ დავფიქრდებით, მართლა ცოტაა, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს მეტის შესაძლებლობა. ვიღაც მუშაობს თვეში 10 დღეს და იღებს 1200 ლარს, რაც საკმარისი არ არის, თუმცა, მთლიანობაში, ჩვენ ხომ ერთ პოზიციაზე 3600 ლარს ვიხდით, უბრალოდ, ეს სამ ადამიანზე ნაწილდება. რა გავაკეთოთ?  გამოდის, რომ ერთ პოზიციაზე 1000 დოლარზე მეტს ვიხდით, იმ ადამიანებს კი ეს თანხა არ ჰყოფნით“, – გვითხრა პურის ქარხნის წარმომადგენელმა.

    უკვე გაზაფხული მოგვადგა კარს და, სამწუხაროდ, არსად არ იგრძნობა, რომ ხორბლის მოყვანა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია; რომ სურვილი გვაქვს, უმთავრესი პროდუქტით, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ადგილობრივი ბაზრით ვიყოთ უზრუნველყოფილი. ცალკე თემაა აქ მოყვანილი ხორბლის ღირებულებაც.  ხშირად შემოტანილი უფრო იაფი ჯდება და მწარმოებლებიც ცდილობენ, იაფად „გამოძვრნენ“, მაგრამ გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არის – თუ სახელმწიფო პრიორიტეტად დაისახავს ხორბლის მოყვანას, დიდ ფართობებს აითვისებს ან მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს, მისცემს და ვალდებულებად ჩაუდებს, რომ ხორბალი მოიყვანოს, ადგილობრივი ხორბალიც გაიაფდება და კონკურენტუნარიანი გახდება. აგერ  ნათელი მაგალითი გვაქვს, როგორ ებრძოდა მთელი მსოფლიო რუსეთს, როგორ თქვეს უარი რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირზე, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს ხორბალს, რომლის წარმოებითაც რუსეთმა ყველას გაუსწრო და, საქმე საქმეზე რომ მიდგა, პოლიტიკას კუჭმა აჯობა.  ასე იქნება მუდამ.

    მანამდე კი შევეგუოთ, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები აღფრთოვანებულნი დარჩებიან ქართული სამზარეულოთი, მოიხიბლებიან აქაური კერძებით, მაგრამ შენიშვნას მოგვცემენ და გაოცებული იქნებიან პურის ხარისხით. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და ჯერჯერობით  ვერაფერს შევცვლით. ტაჯიკებისა და თურქმენების გამომცხვარი პური, შესაძლოა, არ იყოს ისეთი გემრიელი, როგორსაც ქართველები აცხობენ, მაგრამ სპეციალისტები  ევროპაში მიდიან, იქ სამჯერ და ოთხჯერ მეტს იღებენ ხელობაში, აქ კი აღარავინ დარჩა და არც არავის სურს ამ პროფესიის შესწავლა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველას დიპლომი უდევს შინ და ვერაფერში იყენებს, მაგრამ დიპლომიანს პურის ცხობა არ მოსწონს, მოლარე-კონსულტანტობა ურჩევნია, ხელი მაინც არ ექნება დასვრილი და ზაფხულშიც არ მოუწევს ცხელ ღუმელთან დგომა.

    ისე, როგორც გავიგეთ, ყველაზე მეტად პურის ხარისხს თურმე იტალიაში აკონტროლებენ; მეტიც, იტალიელებს პრეტენზია აქვთ, რომ საუკეთესო პურს აცხობენ მსოფლიოში. არადა, ქართველი ბებიების მიერ თონეში ამოკრულ შოთს, ალბათ, ვერაფერი შეედრება, მაგრამ… აღარც ბებიები არიან სოფლად და აღაც „ქეთო დადის ღამე თონი ფიჩხისთვინა“…

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here