მოძრაობა “სირცხვილიამ” დაამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების სახეებით ვლადიმერ პუტინის გამოსახულება იქმნება. ამ რგოლით “სირცხვილიამ” ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება (ასე ფიქრობენ) გააპროტესტა. ეს რგოლი დიდი სიხარულით დაატრიალა ეთერში “მთავარმა არხმა” და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც არ დააყოვნა _ არხი 111 903 ლარით დააჯარიმა. რა თქმა უნდა, “მთავარი არხი” ამ ჯარიმას აპროტესტებს და სასამართლოშიც მიდის. გარდა იმისა, რომ მათ ჯარიმის გადახდა არ სურთ, აქცენტს იმაზეც აკეთებენ, რომ ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი მარეგულირებელს ოდესმე გამოუწერია, მაგრამ …
სრულიად ვეთანხმებით “მთავარ არხს” იმ მიმართულებით, რომ მარეგულირებელი ცუდად მუშაობს, თანაც ძალიან ცუდად, რადგან მარეგულირებელმა არა მხოლოდ “მთავარ არხს”, არამედ სხვა ოპოზიციურ არხებსაც ისეთი რაღაცები აპატია, რომელთა მიტევებაც არ შეიძლებოდა და, რაც მთავარია, წინა ხელისუფლება არ აპატიებდა. არაფერს ვამბობთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ამას ისე მივეჩვიეთ, რომ აზრიც არ აქვს გაპროტესტებას. საუბარია იმ უმსგავსობებზე, რომლებიც ამ ტელევიზიებიდან იღვრება. დედის გინება, ოჯახის გინება, ადამიანების აუგად მოხსენიება ჩვეულებრივ ნორმად იქცა და ყურადღებას არავინ აქცევს. ჰო, არ აქცევს და მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის სახელით, ეს ტელევიზიები ერთმანეთს ზუსტად ისე აჰყვებიან, როგორც ახლა, ამ ჯარიმის გამო აჰყვნენ და ეს ყველაფერი მედიაზე ზეწოლად მონათლეს. რა თქმა უნდა, ხმა დასავლეთმაც ამოიღო და მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. არადა, დასავლეთი დუმდა, როცა კონკრეტულად “მთავარი არხის” ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და მათ მხარდამჭერებს დედას აგინებდა. ეს თურმე თავისუფალი აზრის გამოხატვა ყოფილა, მაგრამ იმ ჟურნალისტს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ეთერიდან დედას გაგინებენ, ქუჩაში თუ დაინახავ და პასუხს დაუბრუნებ, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა გამოდის. თურმე პასუხი იქვე, ტელევიზორთან უნდა დააბრუნო და შენს პასუხს მხოლოდ ოჯახის წევრები გაიგონებენ, ტელეეთერიდან ნათქვამი კი ასიათასობით ადამიანს ესმის.
სხვათა შორის, იმავე დასავლელი პარტნიორები უკვე მიგვანიშნებენ, რომ ურიგო არ იქნება, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ამ პროცესებში ჩართვას სრულად შეძლებს მიხეილ სააკაშვილი. ამ მინიშნებებით დასავლეთი თავზე გვახევს კონსტიტუციას, სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსებს. პირველს იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩართვის უფლება არ აქვს; მეორეს იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ციხეში უნდა იყოს და არა გარეთ, არჩევნებზე დარბოდეს; და მესამეს იმიტომ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე უწევს და არა 2022 წლის გაზაფხულზე. დასავლეთი იმასაც ივიწყებს, რასაც აგვისტოში ბოლო ხმაზე ყვიროდა _ შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ, თუ მმართველი ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებაო. ისინი იმ მექანიზმებზეც საუბრობდნენ, რომლებითაც “ოცნებას” რიგგარეშე არჩევნებს დაანიშნინებდნენ, მაგრამ ახლა, როცა არჩევნები ჩატარდა და დასავლელ დამკვირვებლებს შესადავებელი არაფერი აქვთ, მცირე პაუზა აიღეს და კვლავ რიგგარეშე არჩევნების შესახებ დაიწყეს საუბარი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, “ოცნებას” არჩევნებზე 43%-იანი ბარიერი რომ ვერ გადაელახა? დასავლეთი და, რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები ბოლო ხმაზე იყვირებდნენ, რომ მათ გაიმარჯვეს რეფერენდუმში და ხელისუფლებას აიძულებდნენ (ჰო, აიძულებდნენ), რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა. ახლა კი რა ხდება? ოპოზიციასაც და დასავლეთსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ დანებებას არ აპირებენ და სწორედ ტელევიზიების საშუალებით ცდილობენ, შექმნან ისეთი ფონი, თითქოს საქართველოში მეორედ მოსვლა იწყება. რაც მთავარია, არ შეიძლება, ეს ტელევიზიები ტყუილში ამხილო, ამის გაკეთება, პრაქტიკულად, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში ყველა ერთ ხმაში მღერის _ ეს არის თავისუფალ მედიაზე ზემოქმედება!
ევროპასა თუ ამერიკაში ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო მილიონობით ჯარიმას იხდიან, ბოდიშებით გამოდიან, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტებს მგლის ბილეთით სამსახურიდან უშვებენ და ეს არ არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, ამას იქ მაღალფარდოვანი სახელი ჰქვია _ დემოკრატია. აი, საქართველოში კი დემოკრატია და იდიოტიზმი ისეა ერთმანეთში ათქვეფილი, რომ გარჩევა ჭირს და რეალურად ამის გარჩევა ძლიერთა ამა ქვეყნისა ხელს არ აძლევს. ასეთ პირობებში ხომ გამოვა, რომ ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ტყუილია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა გაზეთების მიმართ. საკმარისია, რომელიმე გაზეთს რაიმე შეცდომა გაეპაროს და მაშინვე თარგმნიან სხვადასხვა ენაზე, გზავნიან საელჩოებში, ევროპარლამენტში და გაზეთის რედაქციას მიკერძოებაში ადანაშაულებენ. ეს არ ეხება იმ გაზეთებს, რომლებსაც კონკრეტული მიმართულება აქვთ და მკაცრად ოპოზიციის მხარეს არიან. მათ ტყუილიც ეპატიებათ და მათ მიერ გავრცელებულ ტყუილებს არსადაც არ გზავნიან. რატომ? იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამთავრობოები ისევ წინა ხელისუფლებას ემსახურებიან, მედიის კონტროლიც სწორედ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აბარიათ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს დასავლეთიდან მწვანე შუქი უნთია. დასავლეთმა ზუსტად იცის, რომ ინფორმაციას ცალმხრივად იღებს, მაგრამ ახლა ასე სჭირდება. დასავლეთს არც ობიექტური გაზეთები აძლევს ხელს, ამიტომაცაა სწორედ ბეჭდური მედია ყველაზე დიდ წნეხში და, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხელისუფლების, ოპოზიციისა და დასავლეთის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. სხვათა შორის, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, გაზეთები იმიტომ არიან მძიმე დღეში, რომ ინტერნეტმა შეჭამა ყველაფერი, ხალხი ინფორმაციას იქიდან იღებს და გაზეთებს აღარ ყიდულობსო. არადა, ინტერნეტის და, საზოგადოდ, ტექნოლოგიების მხრივ ვერც ევროპას ვუსწრებთ, ვერც ამერიკას და ვერც აზიას, მაგრამ გაზეთები იქ მილიონიანი ტირაჟებით იყიდება და ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას არ ცდილობს.
სამწუხაროდ, იმის აღიარებაც გვიწევს, რომ ყოველდღიურად სულ უფრო ძნელია არათანაბარ გარემოში არსებობა და ეს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს, უფრო ზუსტად, სირაქლემის პოზაშია და მედიის მდგომარეობა სირაქლემის იმ ნაწილის მდგომარეობას შეიძლება შევადაროთ, რომელი ნაწილიც თავის დამალვის შემდეგ უჩანს. ოპოზიციურმა არხებმაც იციან, რომ ხელისუფლება მათ ხმას არეულობის შიშით ვერ სცემს, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ, ერსა და ბერს სულში აფურთხებენ და, თუ ვინმემ პასუხი მოსთხოვა, მაშინვე “განგაშის ზარებს” შემოჰკრავენ _ არიქა, გვჩაგრავენო! რეალურად დაჩაგრული კი რიგითი ადამიანები არიან, რომლებსაც ტყუილის კორიანტელში ხვევენ და ვერ ხვდებიან, ვის დაუჯერონ და ვის _ არა…
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ “მთავარი არხი” დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, რაც ავტომატურად გამოიწვევს მათთვის საურავების დაკისრებას, მაგრამ არც იმას გადაიხდის და იცით, რატომ? ხელისუფლება ვერ შეძლებს “მთავარი არხის” ანგარიშებს ყადაღა დაადოს, შეზღუდოს, მაუწყებლობა აუკრძალოს, რადგან ეს კონკრეტული არხი ამ ყველაფერს მედიაზე ზეწოლად გაასაღებს და დასავლეთიც, რომელსაც რეალური სურათი კარგად ეცოდინება, “დალალებს გაიშლის” და დაადასტურებს, რომ ეს არის ზეწოლა. ანუ, ე.წ. ოპოზიციურ ტელეარხებს, ოპოზიციურ პარტიებს, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ერთი სული აქვთ, ხელისუფლება შეცვალონ და მერე რა, თუ ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობის ფარგლებს და საერთოდ, ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. პირველი შემთხვევა იქნება, კანონების გადაბიჯებას რომ გვაიძულებენ, თუ უკანასკნელი? ჰოდა, ასეთ პირობებში ხელისუფლებამ მართლა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაზე რომ იზრუნოს, მასაც წაადგება და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სიმართლის გაგება სურთ, მაგრამ… ამის ფინანსური რესურსი არ აქვს. ჰო, საქართველოში დღეს სიმართლე ფული ღირს და ის გაზეთებშია ასახული, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პრესას ვერ ყიდულობს.
კიდევ, იცით, რატომ ვართ შავ დღეში? ზედიზედ რამდენიმე კვირაა, კვირის ეთერში, ანუ მაშინ, როცა მშრომელები ისვენებენ და შინ არიან, რეიტინგის პირველ ადგილზე, ყველა დათვლით და გათვლით ერთ-ერთი თურქული სერიალია. ხვდებით ხომ, ეს რას ნიშნავს? ყველაზე კარგ საეთერო დღეს და ყველაზე კარგ დროს მოსახლეობის უმრავლესობა თურქულ სერიალს უყურებს. არ გვგონია, ესეც ხელისუფლების ან ოპოზიციის ბრალი იყოს.
ბესო ბარბაქაძე