Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში საჯარო მოხელეები ხელფასების მომატებას მოითხოვენ და ამის გამო ერთმანეთს ცემენ, კანადაში...

საქართველოში საჯარო მოხელეები ხელფასების მომატებას მოითხოვენ და ამის გამო ერთმანეთს ცემენ, კანადაში კი ექიმები ხელფასების მომატებას აპროტესტებენ

3015
კანადა

პარადოქსების ქვეყანაა საქართველო. ქვეყანაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარია, პენსიონერის პენსია _ 180 ლარი. უმუშევართა რაოდენობა 235 ათასია, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21,3%; ხელისუფლების წარმომადგენლების, ხალხის რჩეულების ანაზღაურება კი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს, კიდევ უფრო მეტი აქვთ პრემიები და .. დანამატები.

მაგალითად, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილეებმა _ ნინო ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ 15-ჯერ აიღეს პრემია-დანამატი (როგორ ახერხებენ წელიწადში ხელფასის 12-ჯერ აღებას, სახელფასო დანამატისა კი _ 15-ჯერ, გაუგებარია). მათი ძირითადი ხელფასი წელიწადში 33 600 ლარი იყო, პრემია-დანამატები კი 2-ჯერ მეტი მიიღეს _ 75 ათასი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, ანაზღაურება 2016 წელს 142 609 ლარი იყო (თვეში საშუალოდ 11,8 ათასი ლარი), აქედან თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 35 400 ლარს, ხოლო პრემია-დანამატები _ 107 209 ლარს.

რამდენიმე დღის წინათ კი დიდი აურზაური იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებისგან ხელფასების მომატებას ითხოვდნენ და ამის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის _ გასაოცარი, საზოგადოებისთვის კი სასიამოვნო უნდა იყოს ის, რაც რამდენიმე დღის წინათ კანადაში მოხდა:

კანადის სამედიცინო სფეროს 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააპროტესტა ახალი რეფორმა, რომელიც მათთვის ხელფასების მომატებას ითვალისწინებს. ექიმებმა, რეზიდენტებმა და სტუდენტებმა თავიანთი პოზიცია საჯარო წერილში გამოხატეს:

“ჩვენ, კვებეკის ექიმები, რომლებსაც გვჯერა ძლიერი საზოგადოებრივი სისტემის, წინააღმდეგნი ვართ ხელფასის მომატების”, _ წერია წერილში.

ექიმების ჯგუფის აზრით, მომატებული ხელფასის მიღება მაშინ, როდესაც ექთნებს დაბალი ანაზღაურება და რთული სამუშაო პირობები აქვთ, პაციენტებს კი, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ხარჯების შემცირების გამო, მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ, ექთნებისა და პაციენტების შეურაცხყოფა იქნება.

213 ზოგად პრაქტიკოსს, 184 სპეციალისტს, 149 რეზიდენტსა და 162 სტუდენტს სურს, მათთვის მომატებული თანხა სახელმწიფო ფონდში დაბრუნდეს.

ასე ხდება ნორმალურ ქვეყნებში, საქართველოში კი ყველაფერი უკუღმაა.

ნიკოლოზ აბაშიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here