Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში განათლების სისტემა ბანანის რესპუბლიკის დონეზეა

საქართველოში განათლების სისტემა ბანანის რესპუბლიკის დონეზეა

3523
საქართველოში განათლების სისტემა ბანანის რესპუბლიკის დონეზეა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განათლების სისტემამ მე-16 მინისტრი გამოიცვალა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ხუთი მინისტრი შევცვალეთ, მიხეილ სააკაშვილმა განათლების სისტემაში ექვს მინისტრს ატარებინა ექსპერიმენტები (მათ შორის გია ნოდიას, ნიკა გვარამიას, კახა ლომაიას), “ქართულმა ოცნებამკი დღემდე მეხუთე მინისტრი შეცვალა და ქართული განათლება ახლა მიხეილ ბატიაშვილს აბარია.

ამ ხნის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა ეროვნული გამოცდები, პირველ კლასელებს წავართვით გოგებაშვილის “დედა ენა” (რომელსაც გაისად დავაბრუნებთ), რამდენჯერმე შეიცვალა ეროვნული გამოცდების ფორმა და ფორმატი, დაწესდა ქულათა სისტემა, უმაღლეს სასწავლებლებში შეიცვალა სწავლის წესი, ცნება ჯგუფელი პრაქტიკულად გაქრა, რადგან, შესაძლოა, შენ და შენმა ჯგუფელმა სხვადასხვა საგანი აირჩიოთ, სხვადასხვა ლექტორი და ერთმანეთი საერთოდ ვერ ნახოთ.

რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა? პირველ რიგში ის, რომ სტუდენტები დაიბნენ. დაიბნენ იმიტომ, რომ ეს მათთვის უცხო ხილი იყო და, რაც მთავარია, უმაღლესი სასწავლებლების პარალელურად, რეფორმები სკოლებშიც დაიწყო. პრაქტიკულად ყოველ წელს იცვლებოდა (და იცვლება) წიგნები. თუ ერთი ბავშვი, მაგალითად, მეშვიდე კლასის ისტორიას კონკრეტული ავტორის წიგნით სწავლობდა, შემდეგ წელს წიგნიც იცვლებოდა და ავტორიც, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი და იმავე სკოლის კურსდამთავრებულებმა ისტორია სხვადასხვაგვარად იცოდნენ. მართალია, ისტორია ერთია და ვერ შეიცვლება, მაგრამ ხედვა და გადმოცემის უნარია სხვადასხვა. შედეგად, აბიტურიენტები მიდიოდნენ და მიდიან უმაღლეს სასწავლებლებში თითქოს ნასწავლები, მაგრამ რეალურად, ზოგადი განათლება ძალიან დაბალია. ეს მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველო ზოგადი განათლებით 15 რესპუბლიკას შორის მოწინავეთა სამეულში იმყოფებოდა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ წორლდატლას-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სარეიტინგო სიაში შეიყვანა. worldatlas-ი არის ორგანიზაცია, რომელიც 1994 წელს შეიქმნა და მისი სამუშაო მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით განათლების სფეროს შესწავლაა. worldatlas-მა იმ ქვეყნების სარეიტინგო სია შეადგინა, რომლებშიც განათლების სისტემამ კრახი განიცადა (ამჟამადაც განიცდის) და კვლევას სათაურად “ქვეყნები საშინელი განათლების სისტემით” დაარქვა. საქართველო ამ სიაში 25-ე ადგილზეა და როგორ გგონიათ, ჩვენს ზემოთ რომელი ქვეყნები არიან?! ეკვატორული გვინეა, მიანმა, ზამბია, ლიბანი, ერითრეა, პაკისტანი, ზიმბაბვე, ანტიგუა და ბარბუდა, ჩადი, კამბოჯა, სიერა ლეონე

რა ჰქვია ამ ყველაფერს? არის თუ არა ეს სამშობლოს ღალატი და, საზოგადოდ, მომავალზე უარის თქმა?! ხმამაღლა რომ ვთქვათ, საქართველო ბანანის რესპუბლიკების რიგშიაო, შეიძლება ჯვარზე გაგვაკრან, შეიძლება გამოჩნდნენ არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იტყვიან, რომ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ, რომ სამშობლო არ გვიყვარს. არადა, ამ გავლენიან ორგანიზაციას საქართველო მოწინავეთა შორის რომ შეეყვანა, მაშინვე ხმაურს ატეხდნენ, მაშინვე პრესკონფერენციას გამართავდნენ, წარმატებებზე ისაუბრებდნენ შთაგონებული სახეებით და გვეტყოდნენ, რომ წინ მივდივართ, რომ ჩვენნაირი რეფორმები არავის ჩაუტარებია თუ გაუტარებია. ახლა კი ვითომც არაფერი, ვითომც არ ყოფილა ეს კვლევა და არ უთქვამთ, რომ განათლების სისტემა ისეთი გვაქვს, როგორც ბანანის რესპუბლიკას.

განათლების სისტემაში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ საქმე კატასტროფამდეა მისული. საქართველოში სრულყოფილი განათლების მიღება შეუძლებელია და, რაც უნდა მოინდომოს სტუდენტმა, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ძნელად ჩამოყალიბდება ნამდვილ პროფესიონალად. მართალია, დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ კვალიფიციური ლექტორების მოწვევას, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის _ სისტემა არ აძლევს შესაძლებლობას სტუდენტს, განვითარდეს.

სანამ განათლების სისტემის მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკას დაიწყებენ, მარტივ კითხვას დავსვამთ _ თუ განათლების სისტემა კარგი გვაქვს, დეპუტატები და მაღალჩინოსნები, რომლებიც სტუდენტების მშობლები არიან, რატომ ასწავლიან შვილებს საზღვარგარეთ და არა საქართველოში? აკი ყველას მითითებული აქვს ქონებრივ დეკლარაციაში შვილების სწავლის გადასახადი, სასწავლებელი, გვიყვებიან, რამდენი უჯდებათ შთამომავლათა განათლება… თუ კარგია აქ, რატომ უშვებთ შვილებს იქ? და თუ არ ვარგა აქ, მაშინ რას მიკეთებენ თვითონ “იქ”? თქვენც ხომ ისევე გიყვართ შვილები, როგორც ჩვენ? ხომ გირჩევნიათ, რომ ახლოს გყავდეთ, ყოველდღიურად უყუროთ? მაგრამ უშვებთ საზღვარგარეთ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი განათლება მიიღონ.

სხვათა შორის, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ თურმე საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ ჩვენ არ გვყავს მომსახურე პერსონალი და ერს მოუწოდა, შვილებს მიმტანობა, ლაქიაობა, ჭურჭლის გარეცხვა ასწავლეთ, უცხოელებს რომ მოემსახურონ, ჩვენი მომავალი თაობა მოსამსახურეებად უნდა გავზარდოთო. ჰო, ზუსტად ასე თქვა და შემდეგ, როცა აუხსნეს, ეგ თქვენი ფარული ჩანაფიქრის სააშკარაოზე გამოტანააო, მხოლოდ ერთხელღა ახსენა, მაინც ვერ შეიკავა თავი.

რას ნიშნავს ფარული ჩანაფიქრი? სქემა და გეგმა მარტივია. ძლიერნი ამა ქვეყნისანი თავიანთ შვილებს კარგ განათლებას აძლევენ, შესაბამისად, მათ იმ ადგილს უმზადებენ, რომელიც ახლა თვითონ უკავიათ და შემდეგ, როცა პენსიაზე გასვლის დრო დაუდგებათ, ისინი სწორედ შვილებმა უნდა ჩაანაცვლონ, ხოლო რიგითი ამომრჩეველი, რომლისგანაც ხმის მეტი არაფერი სჭირდებათ, იძულებული იქნება, მათ მოემსახუროს, ისევ ლუკმაპურის საშოვნელად იყოს გადაგებული და ისევ ხელი ჰქონდეს გაშვერილი. ის ხელი, რომელშიც არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩვენივე გამომუშავებული მილიონებიდან თეთრები გვხვდება (სიტყვამ მოიტანა და, მეფის ინსტიტუტის აღდგენის კამპანია სწორედ მთავრობა-დეპუტატების წისქვილზე ასხამს წყალს. მეფეს ნაზირ-ვეზირები სჭირდება, თავად-აზნაურები. და მკითხველო, როგორ გგონია, ვინ მოირგებს ამ ნაზირ-ვეზირების ტიტულებს? და კიდევ: თავად-აზნაურებსა და ნაზირ-ვეზირებს ყმები სჭირდებათ და ამ ყმების როლისთვის ვის ამზადებენ, აბა, გამოიცანით? _ რედ.)

ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს იმ ბავშვების განათლების წინააღმდეგი ვიყოთ, პირიქით, რაც უფრო განათლებული თაობა გვეყოლება, მით უკეთესი, მაგრამ განათლების სისტემა რატომ ვერა და ვერ დალაგდა?! რატომ არის, რომ აგერ უკვე მერამდენე მინისტრი აანონსებს რეფორმებს, რეალურად კი წინ ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ? სამაგიეროდ, უკან დავიხიეთ უზარმაზარი ნაბიჯებით და ამ ყველაფრის გამოსწორებას ერთი და ორი წელიწადი ნამდვილად არ ეყოფა.

თუ ატყობთ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები აქტიურად გვესაუბრებიან რეფორმებზე პრაქტიკულად ყველა სფეროში, გარდა განათლებისა. გაუნათლებელი ადამიანის მართვა ძალიან მარტივია, განათლებულის _ შეუძლებელი. ამიტომ, რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება განათლების სისტემაში, მით უკეთესი მათთვის, ვინც მართვას გვიპირებს”, _ გვითხრა განათლების სისტემის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, მეცნიერებათა აკადემია ვალდებულია, უფრო აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში; მოითხოვოს, შეიმუშაოს სისტემა, რომელიც მომავალ თაობას შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი განათლება მიიღოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად, მეცნიერებათა აკადემია დუმს და არაფერს აკეთებს.

სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ რამდენჯერმე გაილაშქრა, ამ ორგანიზაციას დაფინანსება შეუმცირა, შემდეგ თითქოს საერთო ენა გამონახეს. სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა მეცნიერების დამფასებელი, კონკრეტული კვლევებისთვის არც ფულს იშურებს და არც რესურსს. შედეგად მივიღეთ ის, რომ მეცნიერებათა აკადემია ერთგვარი ჩაკეტილი სისტემა გახდა და გარედან ისე ჩანს, რომ ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერები საკუთარი თავით ტკბობით უფრო არიან დაკავებულნი, ვიდრე მომავალ თაობაზე ზრუნვით. ეს გარედან, თორემ რეალურად რა ხდება, ალბათ, ყველაზე უკეთ თვითონ იციან. ისე, საინტერესოა, ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენი მეცნიერი შეემატა აკადემიას. ერთი რამის თქმა გადაჭრით შეიძლება _ განათლების ასეთი სისტემით მეცნიერებათა აკადემია ფუნქციონირებას, უბრალოდ, შეწყვეტს, რადგან მისი წევრი ვეღარავინ გახდება და, თუ გახდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ევროპამოვლილი მოინდომებს ამ ორგანიზაციაში დასაქმებას, მაგრამ, აკი გითხარით, მათ მამები ჩვენს მომავალ ბატონებად ზრდიან და გვეეჭვება, რომელიმემ მეცნიერის მძიმე გზა აირჩიოს.

სხვათა შორის, საშინელი განათლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალის პირველ 25 ქვეყანაში, საქართველოს გარდა, ერთადერთი ევროპული ქვეყანაა _ ლიხტენშტეინი. ახლა ვიღაც იტყვის, აგერ, შუაგულ ევროპაშიც ეს პრობლემა ყოფილაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ბატონებო. რეალურად, ლიხტენშტეინი ქალაქისახელმწიფოა და უნივერსიტეტებში კი არა, სკოლებშიც კი მეზობელ ავსტრიასა და შვეიცარიაში დადიან განათლების მისაღებად. 35-ათასიანი სახელმწიფოს ბიუჯეტი ორი მილიარდი ევროა, ანუ დაახლოებით იმის ნახევარი, რამდენიც მოსახლეობით ათჯერ მეტი საქართველოსი და მოდი, ამით თავს ნუ გაიმართლებთ. ერთადერთი ევროპული ქვეყანა განათლების სისტემის პრაქტიკულად არქონით სწორედ საქართველოა, დანარჩენები _ ბანანის რესპუბლიკები. უფრო ზუსტად კი, ჩვენ ვართ ბანანის რესპუბლიკების რიგში და ეს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here