ამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელია “სოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვის”. როგორც ვხედავთ, ის რამდენიმე თანამოაზრე პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს; მჯერა, ახლო მომავალში მას ახალი, ჯანსაღად მოაზროვნე ძალები შეემატებიან.
მადლობა ეთქმის სიმართლის ჭეშმარიტ სიმბოლოს, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლეგიას, რომელმაც ახლახან გაზეთის მე-5 ნომერში (17-23 თებერვალი, 2021 წ.) პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი თავკაცის _ პატივცემულ თემურ ფიფიას _ მთელი მე-17 გვერდი რომ დაუთმო აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამის წარმოსადგენად. “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილთან საუბარში თემურ ფიფიამ დაწვრილებით გააშუქა საქართველოში სოციალისტური სისტემისა და, მაშასადამე, სოციალური სამართლიანობის აუცილებლად დამკვიდრების გზები და მიმართულებები. ეს არ იქნება საბჭოური სოციალიზმის ასლი, არამედ იქნება სოციალისტური სისტემისა და კერძო სექტორის თანაარსებობა და შეჯიბრება.
მე, ისტორიკოს–პოლიტოლოგი, ახლახან 92-ე წელში გადაბიჯებული ხანდაზმული, მრავლისმნახველი და მათი გონებაში გადამხარშველი, უყოყმანოდ ვიწონებ “სოციალისტური კოალიცია აღორძინებისთვის” სამოქმედო პროგრამას და თავს უფლებას ვაძლევ, მოვუწოდო ყველა ქართველსა და არა მხოლოდ ქართველს, ხელში აიღონ “საქართველო და მსოფლიოს” აღნიშნული ნომერი და მუშტრის თვალით, გულისხმიერად გაეცნონ ახალი გეოპოლიტიკური ორგანიზაციის ჭეშმარიტად სამართლიან და ცხოვრების მიერ მბრძანებლურად ნაკარნახებ პროგრამას, რომელიც მე ორჯერ გულდაგულ გადავიკითხე. ბოლოს, მინდა განხილვისთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ჩემეული ხედვა გაახლოთ. აი, ისიც: საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სახალხო ფედერაციულ რესპუბლიკად, რომლის სუბიექტები იქნებიან კომპაქტურად დასახლებული აფხაზთა, ოსთა, სომეხთა და აზერბაიჯანელთა ავტონომიური მხარეები სათანადო უფლებამოსილებებით, როგორც ადგილზე, მხარეებში, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაშიც; ამით შევქმნით ხელსაყრელ პირობებს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის. როგორ? საქართველოში მცხოვრები სომხები თუ აზერბაიჯანელები აღარ მღერიან და ცეკვავენ? აუცილებელია ტელეეკრანებიდან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მათი შემოქმედებაც ვიხილოთ, თანაც რეგულარულად.
ჩვენს მზრუნველობასა და განვითარებას მოითხოვს ქართველური ენები _ მეგრული და სვანური.
პატივისცემით, გივი გურეშიძე,
ისტორიის დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან