Home რუბრიკები სამართალი საქართველოს ორი მოქალაქის სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს 48 000 ევროს...

საქართველოს ორი მოქალაქის სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს 48 000 ევროს გადახდა დააკისრა

1068
სასამართლო

ნაციონალური მოძრაობისმიერ წლების წინათ ჩადენილი დანაშაულების შედეგებს საქართველოს მოსახლეობა ახლა იმკის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ორი მოქალაქის სასარგებლოდ 48 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

2017 წლის 1 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე _ “მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ” და “დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ” _ გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე “მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ” ეხება 2005 წლის 3 ნოემბერს ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაკავებისა და მისი შემდგომი პატიმრობის შედეგად მომჩივნის პრეტენზიებს, ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე. 2017 წლის 1 ივნისს გამოტანილი განჩინებით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტაცია და მომჩივნის ყველა პრეტენზია მიუღებლად გამოაცხადა. რაც შეეხება საქმეს “მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ”, ის წინა ხელისუფლების მიერ დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას ეხება, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას.

“საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2004 წელს ორივე მომჩივანი დააკავეს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრზე (კ.გ.) თავდასხმაში.

ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა ეხება 2004 წლის 13 მაისს პოლიციელების მიერ მომჩივან მინდაძის წამებას (სასტიკი ცემა და ელექტროშოკის გამოყენება). მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო. მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მინდაძისგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით. ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28.000 ევროს გადახდა მინდაძის და 16.000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე, 4.800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად”, _ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here