14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისში გამართული აქცია არაერთმა რუსულმა არხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს ეთქვათ, მიტინგი რუსეთიდან იმართება, ხომ ხედავთ, პირდაპირ ეთერში აშუქებენო. ვალში არც ოპოზიცია რჩება და როცა რუსთავში, ციხეებთან ჩადიან, ბოლო ხმაზე გაჰკივიან, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს პუტინის ციხეში იხდის…
უკვე მერამდენედ გაიყო ერი. ჯერ იყვნენ პუტჩისტები და ზვიადისტები, მერე _ შევარდნაძისტები და ისევ ზვიადისტები, მერე _ ნაციონალები და დანარჩენი საქართველო, ახლა _ ქოცები და ნაცები. აღარ დამთავრდა, ვეღარ ვეღირსეთ, რომ ერი ერთ მხარეს დადგეს, გაერთიანდეს და ერთი საკეთებელი აკეთოს. ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ და ამ ზიზღის გამოხატულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ. სოციალურ ქსელებში ერთმანეთს წყევლიან, აგინებენ, მოსაკლავად იწევენ,… აქციაზე მიმავალ ნაციონალებს ცოცხებისა და ყავარჯნების დერეფანი მოუწყვეს და, ნება რომ მიეცათ, ერთმანეთზე რომ მიეშვათ ეს ხალხი, სისხლი დაიღვრებოდა.
არ ვდავობთ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საშინელებები ხდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს პრეტენზია, რატომ აქამდე არ დაისაჯნენ იმ საშინელებების ჩამდენები და რატომ არის ბევრი მათგანი დღესაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე? გიორგი გახარიამ, ალბათ, თვითონაც არ იცის, რა საოცარი და ისტორიული ფრაზა თქვა, როცა ტენდერებზე “ქართული, ჯიგრული პონტი” ახსენა. სწორედ ასე, ქართულ, ჯიგრულ პონტში დამნაშავეებს კონკრეტულმა ახლობელმა აპატია, კონკრეტულმა ახლობელმა “დაკრიშა” და მერე რა, რომ ამით მასები გამწარდნენ. ესეც ხომ ქართული სენია _ მთავარია ერთეულები იყვნენ კარგად, თორემ ხალხზე ვის და როდის უზრუნია?!
ისიც გავიხსენოთ, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული “ოცნება” 9 წლის განმავლობაში გაიძახოდა, _ მიშა მოდისო, და, აჰა, მოვიდა და დააკავეს. ასევე მთელი 9 წელი ისიც იძახეს, _ რუსეთი მოდისო, ოღონდ ამ შემთხვევაში ნაკლებ ომახიანად, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რუსეთი არ მოდიოდა და ამის კეთებას დასავლეთი აიძულებდა. დღესაც, ადამიანების დაპირისპირების უკან დასავლეთის კვალი უფრო ჩანს და ახლავე ავხსნით, რატომ.
პოლიტიკურ კულუარებში რამდენიმეჯერ ითქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მზად იყოს რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ. ეს ისე მკაფიოდ ითქვა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა მოვლენებს დაასწრეს და, სანამ ქართული მხარე ოფიციალურად იტყოდა რამეს, განცხადებაც კი გააკეთეს, _ რუსეთთან დიალოგს თუ დააპირებს საქართველო, მხოლოდ ჩვენი შუამავლობითო. არადა, გვახსოვს, ჯერ კიდევ გახარიას პრემიერობისას, დავოსის ეკონომიკურ სამიტზე მისი და პუტინის შეხვედრა მზადდებოდა. ლაპარაკი იყო ერთ–ერთზე შეხვედრაზე და ამ საქმეში ევროპა შუამავლად ჩაერია. საბოლოოდ, შეხვედრის ნაცვლად მივიღეთ გახარიას მწვავე გამოსვლა და რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა. საქართველოს პრემიერი იყო ერთადერთი, ვინც აღნიშნულ სამიტზე რუსეთი გააკრიტიკა, დანარჩენებმა კი მშვიდად განიხილეს ეკონომიკური საკითხები, გააფორმეს ახალი ხელშეკრულებები და სამიტი გამოიყენეს იმისთვის, რისთვისაც ის იმართება _ ურთიერთობის მოსაგვარებლად. ჩვენ კი ეს ურთიერთობა კიდევ ერთხელ ავრიეთ… ან აგვარევინეს.
კიდევ ერთი პარადოქსი, რომელიც ისევ ქართულ სოციალურ ქსელებში შეინიშნება: პანდემიამ ახალი ძალით შეუტია მსოფლიოს, მათ შორის ჩვენც და ჩრდილოელ მეზობელსაც. ინფიცირებისა თუ გარდაცვალების შემთხვევები რუსეთში რეკორდულად გაიზარდა, რაც აქ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში სიხარულს იწვევს, აქაოდა, მტერს პანდემია ამარცხებს და ჟუჟავსო. არადა, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ჩვენთან, ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი კვდება და ამ თვეში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი, ალბათ, კვლავ მოიმატებს და უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს. რუსეთზე ქილიკის ნაცვლად, ჩვენს ქვეყანას რომ მივხედოთ, ის სჯობს; გარდაცვალება კი არც ერთი ქვეყნის მოქალაქის არ უნდა გვიხაროდეს. იმავე რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს იმის რესურსიც არ აქვს, რომ კვლავ სრულად დაკეტოს ყველაფერი, რადგან ეკონომიკურად ამას ქვეყანა, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანს და დეფოლტისკენ წავალთ. ეს კი სახელმწიფოს გაკოტრებულად გამოცხადებას ნიშნავს. პანდემიის გავრცელებას ის აქციებიც შეუწყობს ხელს, რომლებსაც ერთი თუ მეორე მხარე ყოველდღიურ რეჟიმში მართავს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან და თავსაც უფრთხილდებიან, ცდილობენ, მასებს გაერიდონ და მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრონ. ის, რომ მოსახლეობა, საკუთარი მხარდამჭერები ფეხებზე ჰკიდიათ, გიგი უგულავამ დაამტკიცა, როცა აქციაზე მივიდა და თანაც ხმამაღლა განაცხადა, კოვიდი მაქვსო. ის კი დააჯარიმეს (გადაიხდის თუ არა, კაცმა არ იცის), მაგრამ რამდენს დაავირუსებდა, რამდენ ახალ კერას შექმნიდა, ეგ სხვა საქმეა და, თუნდაც ერთი ადამიანი რომ გარდაიცვალოს უგულავას უგუნური ნაბიჯის გამო? არ ღირს, რადგან ჩვენთვის, რიგითი ადამიანებისთვის, თითოეულის სიკვდილი ტრაგედიაა, თორემ პოლიტიკოსებისთვის უკვე სტატისტიკაა… ხუთნიშნა სტატისტიკა.
სიმართლე ვთქვათ და, ერთმანეთის რუსეთუმეობაში დადანაშაულებას თუ არ ჩავთვლით, ხელისუფლების უმაღლესი პირები მაღალი ტრიბუნებიდან სულ უფრო ნაკლებად აკრიტიკებენ ჩრდილოელ მეზობელს. სწორედ ეს აწუხებს დასავლეთს და სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. არჩევნებმა დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ ამ გზით წასვლა წამგებიანია და “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, ხელისუფლებაში კანონიერი გზით მოვიდეს, ამიტომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ვითარების რადიკალურად დაძაბვას და იქნებ ისე მოხდეს, როგორც 2003 წელს. ტყუილად კი არ ახსენა სააკაშვილმა, ამდენი ხალხი “ვარდების რევოლუციის” დროსაც არ მყოლიაო. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ისინი რევოლუციის მოწყობას ისევ შეეცდებიან. ამაზე პირდაპირ მიანიშნებს ისიც, რომ არჩევნების დღეს, 30 ოქტომბერს, რუსთაველზე აქცია უკვე დაანონსდა და ითქვა, რომ გამარჯვება უნდა “გააპრავონ”. არადა, ვინ იცის, მეორე ტურები როგორ დასრულდება, მაგრამ ნაციონალები განწყობას ქმნიან ისეთს, რომ, გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი მიუღებელი იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ახლო მომავალში რუსეთთან რეალურ საუბარსა და ურთიერთობაზე ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს. არადა, მხოლოდ მინიშნებები არ კმარა, რეალური საქმეა საჭირო და, სანამ დასავლეთს დაველოდებით, მანამდე საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი რომ იმსხვერპლოს ვირუსმა? ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ვირუსი, რომლის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა მძვინვარებს, თავს კიდევ კარგა ხნით არ დაგვანებებს და ეს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ 2022 წლის ბიუჯეტიდან 850 მილიონი ლარი მოხსნა, ვირუსის პრევენციისთვის აღარ მჭირდებაო. სინამდვილეში კი ბიუჯეტში ფული, უბრალოდ, არ არის და 2022 წელს სხვადასხვა სფეროს უნდა მოაკლდეს თანხები, პანდემია, ავად თუ კარგად, მინიმალურად მაინც რომ ვმართოთ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები შესაბამის განათლებას ვერ იღებენ და ისედაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი განათლების სისტემა საბოლოოდ ჩამოშლის პირასაა.
სხვათა შორის, ცუდად გვენიშნა ისიც, რომ ოპოზიციასა და ამერიკელ სენატორებს შორის 16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ არაფერი უთქვამთ. ამერიკელებმა ერთი წუთიც კი არ დაუთმეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბარს და ახლავე აგიხსნით, ეს ცუდი რატომაა. 30-ში, იმ აქციაზე, რომელიც დაგვიანონსა ოპოზიციამ, რამე რომ მოხდეს, ამერიკელები ხელებს დაიბანენ, აქაოდა, ჩვენ არაფერი ვიცით, აგერ, ბოლო შეხვედრაზე, სააკაშვილის თემას არც კი შევხებივართ, ეგ თქვენი შიდა საქმეაო. ოფიციალურად ისინი მართლები იქნებიან, არაოფიციალურად კი…
სათვალავი აგვერია, ბოლო წლების განმავლობაში, მერამდენედ გადის საქართველო ბეწვის ხიდზე; მერამდენედ ცდილობენ გარე ძალები, წინსვლისთვის გამზადებული ქვეყანა კვლავ შემოაბრუნონ და იმავე წრეზე გაუშვან, რომელზეც არაერთხელ გაიარა… სამწუხაროდ, წინსვლის ერთ-ერთი შემაფერხებლები ქართველი პოლიტიკოსებიც არიან, ისინი, ვინც, აგერ უვკე 30 წელია, ვერ მოვიშორეთ, და ისინიც, ვინც მერე მოვიდნენ. სანამ საკუთარ ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესს არ დააყენებს ხელისუფალი, მანამ არაფერი არ გვეშველება.
30 ოქტომბრამდე მივალთ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებით, გარდაცვალების მომატებული რაოდენობით და, ამის მიუხედავად, არავინ დაიცავს რეგულაციებს და არც პოლიტიკოსები მოუწოდებენ ხალხს, თავს გაუფრთხილდითო. გარდაცვალების რაოდენობა უკვე მართლა სტატისტიკად მოჩანს და ადამიანების სიცოცხლე არაფრად რომ არ მიაჩნია, თუნდაც გიგი უგულავამ მიტინგზე ერთი მისვლითა და ვირუსების გამოტყორცნით დაამტკიცა, როცა მიკროფონთან დაჭრილი კურდღელივით კიოდა. მოგისმენიათ დაჭრილი კურდღლის კივილი? თუ არა, უგულავას გამოსვლა გადაახვიეთ, ერთი ერთზე იმეორებს.
ბესო ბარბაქაძე