Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს ამერიკაზე ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნევს

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს ამერიკაზე ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნევს

ვალერი ხაბურძანია

ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთს, სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრო ძლიერ სახელმწიფოდ მიიჩნევს.

შეკითხვაზე _რომელ ქვეყანას უფრო მეტი სამხედრო ძალა გააჩნია, რუსეთს თუ ამერიკას? _ გამოკითხულთა 41% რუსეთს ასახელებს, 36% _ აშშ, ხოლო 15 პროცენტი ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა თანაბარი ძალისაა. შეგახსენებთ, რომ იმავე ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ადრე გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტად სწორედ შეერთებულ შტატებს მიიჩნევდა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და მათ სამხედრო ძალებთან მჭიდრო პარტნიორობას ასახელებდა. რაზე მეტყველებს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული ციფრები და რა განწყობებია დღეს რეალურად ქართველ საზოგადოებაში? _ ამ საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოექსპერტებს დაუკავშირდა.

რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანა რომ არის, ამას კვლევა არ სჭირდება

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

_ იმას, რომ რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, კვლევა არ სჭირდება. ეს, დიდი ხანია, თვითონ რუსეთმა დაამტკიცა, მაგრამ ენდიაის კვლევის მიზანი ამის წარმოჩენა არ არის, მათი მიზანი არის ის, რისთვისაც იდება ხოლმე მსგავსი კვლევები და შემდეგ ეს ჩვენი .. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ თურმე რუსული პროპაგანდა მძლავრობს საქართველოში, ანუ ეს არის რუსული პროპაგანდის თემის გაგრძელება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ შეკითხვაა ძალიან სასაცილოდ დასმული: რუსეთი უფრო ძლიერია თუ ამერიკა? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, იკითხო: ერთ ორთქლმავალს უფრო მეტი ძალა აქვს თუ ორს?.. ეს ასე არ იზომება, ამის წარმოჩენა შეუძლია მხოლოდ უშუალო კონფლიქტს, თუმცა ლიბერალები, ალბათ, ატეყხენ ერთი ამბავს, რუსული პროპაგანდა საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებსო…

ჰალმეტ ჭიპაშვილი
ჰამლეტ ჭიპაშვილი

ამერიკა კარგავს მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერის ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ ერთპოლუსიანი სამყაროს ეპოქა დასრულდა

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ საქართველოს მოსახლეობა რუსეთის სამხედრო ძლიერებაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც ეს ქვეყანა აქტიურად ჩაერთო სირიის საკითხებში. მოგეხსენებათ, სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ომი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთმა და ეს მოქმედებები ფართომასშტაბიანი იყო, ამ ანტიტერორისტულ კოალიციაში ამერიკამ დაახლოებით 70 ქვეყანა გააერთიანა და ყველა გაშმაგებით ებრძოდა “ისლამურ სახელმწიფოს”. მიუხედავად ამისა, “ისლამური სახელმწიფოს” შეკავება და განადგურება ვერ მოხერხდა, პირიქით _ სირიის ოფიციალური ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა.

რა იყო ეს საფრთხე? _ “ისლამურმა სახელმწიფომ” მოახერხა სირიის ტერიტორიის დაახლოებით 80 პროცენტის დაკავება და, დიდი ალბათობით, მთელ ქვეყანაზეც დაამყარებდა კონტროლს. და ეს იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მიუხედავად დაპირებისა, რომ ტერორისტული ორგანიზაციებს გაანადგურებდა და რეგიონში წესრიგს დაამყარებდა, ვერ ან არ შეასრულა პირობა _ ვერ უზრუნველყო მშვიდობა და ამით, ფაქტობრივად, ტერორისტებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი მისცა…

_ ფიქრობთ, რომთეთრი სახლისინტერესებში რეალურად შედიოდა სირიაში წესრიგის დამყარება?

_ ცხადია, ეს იყო ორმაგი სტანდარტი. ოფიციალურად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ ებრძვიან “ისლამურ სახელმწიფოს”, მაგრამ რეალურად ხელს უწყობენ ამ ორგანიზაციას ბაშარ ასადის ჩამოგდებაში. თუმცა რიგითმა მოქალაქეებმა, ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას ვგულისხმობ, ეს არ იციან. გარედან კი მხოლოდ ის ჩანს, რომ შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, ვერ უზრუნველყო სირიაში მშვიდობა. ამ დროს საომარ მოქმედებებში ჩაერთო რუსეთი, თანაც, არა მთელი რესურსით, არამედ მხოლოდ საჰაერო-კოსმოსური ძალებით და შეზღუდული რაოდენობის სამხედრო კონტინგენტით, რომელიც უზრუნველყოფდა ამ საჰაერო ძალების უსაფრთოხებას. შედეგად წელიწად-ნახევარში რუსეთმა მოახერხა “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება და ბაშარ ასადის ხელისუფლებას მისცა სულის მოთქმის საშუალება. ახლა, რა თქმა უნდა, იქ გრძელდება პატარ-პატარა ტერორისტული გამოხდომები, მაგრამ მთავარი ტერორისტული ძალა, რომელიც ქმნიდა საფრთხეს არა მხოლოდ სირიისთვის, არამედ რეგიონისა და სრულიად მსოფლიოსთვის, წელშია გადატეხილი. ჩნდება შეკითხვა _ რით მოახერხა ეს რუსეთმა? _ ცხადია, იმ მძლავრი სარაკეტო-საჰაერო თავდასხმებით, რომლებსაც რეგულარულად ახორციელებდა კასპიის ზღვიდანაც კი. ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ ნებისმიერი ამერიკელისა და ევროპელისთვის, რომ ყველა დარწმუნდა: რუსულ არმიას შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს. ვფიქრობ, სწორედ აქედან გამომდინარეა ის ციფრები, რომლებიც ენ-დი-აიმ გამოაქვეყნა, და ეს სავსებით ლოგიკურია.

_ რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები, თუ დაინახავს, რომ საქართველოში გავლენას კარგავს?

_ შეერთებულ შტატებს უკვე აქვს რეაქცია იმაზე, რაც ხდება, ვგულისხმობ რუსეთის გაძლიერებას. ამას წინათ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა, რომელსაც ხშირად უწოდებენ “ცოფიან ძაღლს”, წარმოადგინა თავდაცვის კონცეფცია, რომელშიც წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერებისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და ჩინეთი. ამ კონცეფციის თანახმად, ამერიკამ თავისი ძლიერების განსამტკიცებლად უნდა შექმნას ახალი სახეობის ბირთვული იარაღი. საუბარია ისეთ ბირთვულ იარაღზე, რომელსაც ექნება ნაკლებად დამანგრეველი ძალა და მისი გამოყენება ლოკალურად იქნება შესაძლებელი, ისე, რომ სხვა სახელმწიფოებს არ მიადგეთ ზიანი. ხვდებით, რაზეა საუბარი? ასეთი რამ არც ერთ დროში არც ერთ სახელმწიფოს არ უთქვამს. პირიქით, ამერიკის პრეზიდენტები და სენატორები ყოველთვის იმ პოზიციაზე იყვნენ, რომ ბირთვული ომი უნდა გამორიცხულიყო. ახლა ამერიკა თვითონ გამოდის ამ ომის წამახალისებელი და, ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში არა მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი ძლიერდება და არა მხოლოდ რუსეთი, ასევე, ჩინეთიც. ამერიკა კარგავს მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერის ფუნქციას, რაც ნიშნავს, რომ ერთპოლუსიანი სამყაროს ეპოქა დასრულდა.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს საქართველოში ამერიკა არ მიაჩნია უსაფრთხოების გარანტად

ვალერი კვარაცხელია, ჟურნალისტი, სოციოლოგი:

_ საერთოდ, ეს სოციოლოგიური გამოკითხვები ძალიან არასანდო და არასაიმედო რამ არის, იმიტომ, რომ მსგავს კვლევებს, როგორც წესი, პროპაგანდისტული ეფექტისთვის იყენებენ. ამ შემთხვევაში კი სოციოლოგები მართლები არიან. რადგან არ შეუძლიათ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე უკუღმა წარმოადგინონ, იძულებულნი არიან, თავიანთი სიცრუე დამაჯერებლობის ეფექტის მისაღწევად გარკვეულ სიმართლეს ამოაფარონ _ როდესაც ადამიანი ეცნობა კვლევის შედეგებს, სიმართლისა და რეალობის ნასახიც თუ ვერ იპოვა, მის მიმართ ნდობა არ გაუჩნდება.

რას დაეყრდნენ ამ შემთხვევაში ის ქართველი რესპონდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე აშშ? მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან მეტ-ნაკლებად ჩანს ამ ორი სახელმწიფოს ძალთა თანაფარდობა და რიგით მოქალაქეს სწორედ აქედან გამოაქვს გარკვეული დასკვნები. ავიღოთ თუნდაც ახლო აღმოსავლეთი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ალბათ, დასკვნა გამოტანილია იქიდან, რომ რუსეთმა სირიაში მინიმალურ დროში ჩაატარა ძალიან წარმატებული სამხედრო ოპერაცია. დაამარცხა .. ისლამური სახელმწიფო, რომლის უკან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები დგას და რეგიონში წესრიგი დაამყარა. ყველამ იცის, თუ ვისი შექმნილია ეს ტერორისტული ორგანიზაცია, ვინ დააფინანსა, ვინ შეაიარაღა და ვინ გააძლიერა _ რა თქმა უნდა, ამერიკამ. რუსეთმა კი ხელის ერთი მოსმით შეძლო საერთაშორისო ტერორიზმის ამ საშინელი ბუდის განადგურება და ამოძირკვა. ამით ვაშინგტონს ხელიდან გამოაცალა მის ხელთ არსებული უმძლავრესი იარაღი ამ ტერორისტული ორგანიზაციის სახით. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით ათჯერ აღემატება რუსეთისას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი სამხედრო არსენალი, ეფექტიანობის თვალსაზრისით, არც ერთ დონეზე არ გამოიყურება რუსეთისაზე უფრო მძლავრად _ არც ტაქტიკურ შეიარაღებაში, არც ავიაციაში, არც წყალქვეშა გემებში და არც ბირთვულ შეიარაღებაში, რის გამოც ჩნდება შეკითხვა: შეერთებულ შტატებს ამდენით მეტი ფინანსური რესურსი თუ აქვს, როგორაა რუსეთი მისი საპირწონე ძალა? საქმე ის არის, რომ ძლიერება მხოლოდ ფულში არ გამოიხატება, არის სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს სახელმწიფოს ძლიერებას. რუსეთი მრავალმხრივ ძლიერი სახელმწიფოა, ამიტომაა, რომ, მიუხედავად იმ სანქციებისა, რომლებსაც მას დასავლეთმა დაუწესა, მყარად დგას ფეხზე და ძლიერდება. ამერიკელებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს რუსეთის დაჩოქება. საზოგადოებას აქედანაც გამოაქვს დასკვნა, რომ რუსეთი უფრო მძლავრი სახედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოა, ვიდრე შეერთებული შტატები.

საზოგადოების ამ დასკვნას, ალბათ, მოსდევს სხვა ქვეცნობიერი დასკვნაც, რომელიც გამოკითხვაში არ ჩანს, რომ ჩვენთან ტერიტორიულად ახლოს მყოფი ძლიერი რუსეთი, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და სულიერკულტურული ნათესაობა გვაკავშირებს, ლოგიკურადაც და ბუნებრივადაც, უნდა გახდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა ამ საკითხზე ამერიკელი სოციოლოგები ჯერჯერობით დუმან

_ თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი უფრო ძლიერია სამხედრო ძალის თვალსაზრისით, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, რანაირად შეიძლება მოსახლეობას ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტად ამერიკა მიაჩნდეს?

_ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს საქართველოში ამერიკა არ მიაჩნია უსაფრთხოების გარანტად, მით უმეტეს, თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სახელმწიფო უფრო სუსტია იმ ქვეყანაზე, რომლისგანაც ვითომ უნდა დაგვიცვას. საზოგადოების ეს პოზიცია 2008 წლის კონკრეტული ფაქტითაა არგუმენტირებული. ხალხს ხომ ახსოვს, როგორ “დაგვიცვეს” ამერიკელებმა ათი წლის წინათ? ამერიკელები, მართალია, სად როგორც დაჭირდებათ, ისეთ დასკვნებს გამოაქვეყნებენ: სჭირდებათ _ გეტყვიან, რომ უდიდესი ნაწილი ნატოს მომხრეა, სჭირდებათ _ გეტყვიან, რომ იკლო ნატოს მომხრეების რაოდენობამ, მაგრამ მათი სიცრუეც კი ხშირად სიმართლეს ღაღადებს, ვინაიდან მათ მიერ გამოტანილ სოციოლოგიური დასკვნების ჭუჭრუტანებში თავისუფლად ატანს მზის სხივი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here