ამერიკის “ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი იყო, 42 პროცენტი ამ მოვლენას უარყოფითად აფასებს, 10 პროცენტს კი პასუხი არ აქვს, თუმცა, როგორც “ენ–დი–აის” წარმომადგენლები აცხადებენ, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად მიიჩნევენ, მაინც ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა.…არის კი ზუსტი “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევა, რაზე მიანიშნებს ამ კვლევაში მოცემული ციფრები და რატომ აფასებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად? გვესუბრება ექსპერტი ვალერი კვარაცხელია:
_ მე, როგორც სოციოლოგიის პროფესორმა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გამოკვლევები და არა მხოლოდ “ენ–დი–აის”, არამედ საერთოდ, რასაც ჰქვია ემპირიული სოციოლოგია (გამოყენებითი სოციოლოგია), დიდი ხანია, ჩამდგარია გარკვეული პროპაგანდის სამსახურში; და ამას ახლა კი არ აკეთებენ, დასავლური სოციოლოგია თავის არსებობის განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდა.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ 42 პროცენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითი მოვლენა იყო (თუნდაც ვენდოთ ამ ციფრებს), ვთქვათ: 42 პროცენტი ხომ თითქმის ნახევარია?! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ვერანაირი სიკეთე, ვერანაირი სიხარული და ბედნიერება საბჭოთა კავშირის დაშლით ვერ მიიღო; და ვერ მიიღო ვერც ერთი მიმართულებით _ ვერც ეკონომიკურად, ვერც მატერიალურად, ვერც სოციალურად, ვერც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხრივ, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისითაც. დღეს ხომ თითქოს არის სიტყვის თავისუფლება, სინამდვილეში ყველაფერი უზურპირებული აქვს დასავლეთს, დასავლურ მედიასა და პროპაგანდას. ყველა წამყვანი მედიასაშუალება მათ ემსახურება. არადა, გაჰყვირიან, წალეკა ქვეყანა რუსულმა პროპაგანდამო. რუსული პროპაგანდა კი არა, რუსეთის ხსენებისა ეშინია ხალხს. ტერორია პირდაპირ. განსხვავებული აზრისადმი პატივისცემას ქადაგებენ და, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ლამის ჩაქოლონ. გზას არ გიტოვებენ _ ან მათი ყურმოჭრილი მონა უნდა იყო და მათ იდეოლოგიას, მათ პროპაგანდას ემსახურო, ან ქვეყნის მტერი ხარ და “ბნელ საბჭოთა” წარსულს მისტირი. აი, ეს არის მათი დემოკრატია და თანასწორობა. ამ ყველაფრის ფონზე ვინმეს შეიძლება უკვირდეს, რატომ მიაჩნია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფით მოვლენად? ამაში გასაკვირი არაფერია. რა პროპაგანდაც უნდა მუშაობდეს, საზოგადოება ყოველთვის ხვდება, რა არის კარგი და რა _ ცუდი, რა ჯობია ან ჯობდა და რა _ არა.…
_ დღეს რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ნატოში შესვლა–არშესვლის საკითხზე, როგორ შედეგს მივიღებთ?
_ კონკრეტულ მონაცემს, ბუნებრივია, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მომხრეთა რაოდენობა წლების წინათ გაცილებით მეტი იყო. ეს იმიტომ, რომ დასავლური პროპაგანდა მას ჩვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების ერთადერთ გარანტად ხატავდა, მაგრამ ეს მითი ნელ–ნელა დაიმსხვრა. დღეს, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა. და, ობიექტური რეფერენდუმი თუ ჩატარდება, დავინახავთ, რომ სინამდვილეში ქართველ ხალხს, არათუ შესვლა არ სურს ნატოში, გაცნობიერებული აქვს ის უმძიმესი შედეგები, რომლებიც არც ისე შორეულ მომავალში შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორგანიზაციისკენ სწრაფვის უპერსპექტივო პოლიტიკას. კიდევ ვიმეორებ: ეს კურსი არის საქართველოს სრული განადგურების, გაჩანაგებისა და უპერსპექტივობის კურსი, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ, ძირეულად თუ არ შეცვალა მიდგომები საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების თვალსაზრისით, საქართველოს საბოლოოდ მოსპობისა და განადგურების დღე (დაწყებული დემოგრაფიით, დამთავრებული მისი ტერიტორიული მთლიანობით) სწრაფად მოახლოვდება.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია