Home რუბრიკები ისტორია საქართველოს მიზნები მხოლოდ ზომიერების გზით მიიღწევა

საქართველოს მიზნები მხოლოდ ზომიერების გზით მიიღწევა

1406
ნიკო ნიკოლაძე

რა ჭამა ჩვენმა მთავრობამ იმდენი, რომ ჩვენსავე სამშობლოში ჩვენვე ვიჩაგრებით?!” _ ეს ერთი რიგითი ქართველის სამართლიანი გულისწყრომაა; ისეთის, რომლის მსგავსთა მხრებზეც ოდითგან დგას საქართველო, რადგან უყვარს და რუდუნებით უფრთხილდება ყველაფერ ქართულს _ ტრადიციებს; მიწას; ძეგლებს; თითოეულ ჩუქურთმას, საუკუნეების წინათ ქართველი ოსტატის ხელით გამოკვეთილსსტუმარიც უყვარს და სათანადო პატივს მიაგებს, თუმცა დღეს ჯაყოსავით შემოსახლებული უცხოელების მიმართ კეთილგანწყობას ნამდვილად არ ამჟღავნებს.

ძველი ქართული გამონათქვამიც კი არსებობს ასეთი: “როგორც მოსვლით გამახარე, ისე წასვლით გამახარეო”… დღეს ჩვენ მოსვლით იმდენჯერ გვახარებენ არაბები, ირანელები, თურქები თუ ათასი ჯურის გადამთიელები, რომ, როგორც ჩანს, “ვებრალებით” _ მეტისმეტი სიხარულისგან გული არ გაუჩერდეთო, და წასვლის სიხარულისგანგვზოგავენ”.

მაგრამ, იმ რიგითი ქართველისთვის, ზემოთ რომ ვახსენე, პოეტის თქმისა არ იყოს, ძნელი ასატანია, დადიოდეს და ფიქრობდეს: ეს არ არის საქართველო!

მართლაცდა: “რა ჭამა ჩვენმა მთავრობამ იმდენი, რომ ჩვენსავე სამშობლოში ჩვენვე ვიჩაგრებით?!”

ქართველ ერს წარსულში საკმარისად გვყავდა გონიერი კაცები, რომელთაცერის წყლული აჩნდათ წყლულადდა მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება ერისთვისტანჯვის ცრემლისმოწმენდას ცდილობდნენ. ისინი დღესაც შესანიშნავი მრჩეველნი და დამკვალიანებლები იქნებოდნენ, თუ ვინმე ჩაუღრმავდება მათ ნააზრევს.

“დროსგასწრებულ მოაზროვნეს” უწოდებდნენ ნიკო ნიკოლაძეს, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ეხმიანებოდა მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესს, რომლებსაც სწორად, ხშირად კრიტიკულადაც აშუქებდა კიდეც. ნიკო ნიკოლაძე მაქსიმალისტი იყო, თუმცა ყველაფერში ზომიერებას ანიჭებდა უპირატესობას, განსაკუთრებით _ ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური პრობლემების მოგვარების საქმეში. “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნებაო”.

და რას ნიშნავს ზომიერება დღეს?

სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

და იმასაც ამტკიცებდა ბატონი ნიკო, რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია ქვეყნისთვის: “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”.

გადაჭარბებული რადიკალიზმი ღუპავს დღესაც ქვეყანას.

ევროპული განვითარების კურსი კი მას საქართველოსთვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნდა, მაგრამ ეს ის ევროპული კურსი არ არის, რომლისკენაც დღეს ქვეყანას ექაჩებიან ლიბერალები, ვაიქართველები.

მოვუსმინოთ ნიკო ნიკოლაძეს: ერთი და იგივე ძალა მართავს ქვეყნიერების ფიზიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას: ის, რომელიც მთვარეს აბრუნებს დედამიწის ირგვლივ და მათ ორივეს მზის გარშემო, ორიენტაცია შთაგონებით არ ხერხდება, ხალხი, როგორც ყოველი ცოცხალი არსება, თავისთავად მუდამ იქეთ იქცევს პირს, საიდანაც მზე სხივს ჰფენს და ღვივის. საქართველო წარსულში ორიენტაციას ყოველთვის იქეთ მიმართავდა ხოლმე, საიდანაც სინათლე და მოძრაობა მოდიოდა. შემცდარია, ვინც ფიქრობს, ვითომც რომელიმე მეფეს, წოდებას ან თაობას თავის ნებაზე შეძლებოდეს საქართველოს აქეთ და იქეთ მიბრუნება. სანამ განათლება და ცხოვრება ბიზანტიაში ენთო, საქართველოსაც მზესუმზირასავით თვალი იქეთ ეკავა, როცა სპარსეთი აყვავდა ინდოეთის კულტურაზე დაწაფებით, ჩვენი აღორძინებაც მისკენ მიიმართა, აზრი მისკენ გვქონდა, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის ამაგმა რუსეთი რომ გააჩაღა, საქართველოც ძალაუნებურად მან წარიტაცა ფიზიკის კანონით. როცა სხვადასხვა ძალა ერთ და იმავე საგანს თავისკენ უქაჩავებს, ამ საგნის მდებარეობას სწყვეტს მებრძოლი ძალების უძლიერესობა, _ საგანს, უნდა თუ არ უნდა, ყოველთვის მომრევი გადითრევს”.

როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს?

გასულმა საუკუნემ ახალი რეალობის, საზოგადოებრივ, სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ სიახლეთა რეალობის წინაშე დააყენა ქვეყანა. ახალ ქვეყანას ახალი მაჯისცემა გაუჩნდა, ამან წამოჭრა საკითხი: როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს? ვინ უნდა აღზარდოს საზოგადოებამ? დროა, შეიგნონ, რომ პატიოსნება, გულწრფელობა, გატაცება, ერთგულება, მაგრამ არა ოქროსადმი, არამედ კაცობრიობის მაღალი იდეალებისადმი, დანაშაული კი არა, არამედ ძალაა აუცილებელი სახელმწიფოსათვის, სასარგებლო საქმეა ხალხის განვითარებისათვის”.

“ხალხმა და საზოგადოებამ იგრძნო და დაინახა, რომ საზოგადოებრივი წესი და წყობა ადამიდამ შეუცვლელი და ხელუხლებელი კი არ ყოფილა, ის თურმე კაცის ხელით შექმნილა და კაცის ხელითვე შეიცვლება”.

XXI საუკუნის გარიჟრაჟზეც იგივე კითხვა გაჩნდა ჩვენ წინაშე: როგორი ადამიანი სჭირდება ახალ დროს?

მოდი ჯერ ვიკითხოთ, როგორია დღევანდელი ქართველი.

ერთნი არიან დაბნეული, უიმედო, ხელჩაქნეული…

მეორენი _ გაზულუქებული, თუმცა უთავმოყვარეო და უცხოთა ყურმოჭრილი მონები… სამშობლოს მათთვის კიტრის ფასი აქვს, თუმცა არც მათ აქვთ ფასი სამშობლოსთვის…

მესამენი კი _ ქუდზე კაცის დაძახების მოლოდინში გარინდულნი, იმედის თვალით უცქერიან მომავალს. სწამთ, რომ “სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უსაქმურობა და მუქთა პურის ჭამაა”; იციან შრომის ფასი და ის, თუ რა გადაარჩენს ქვეყანას.

სანამ ჩვენ არ მოვარხებთ, ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული”, _ ცდილობდა თანამემამულეების დარწმუნებას ნიკო ნიკოლაძე. მიაჩნდა რა სახელმწიფოს გაძლიერების ბერკეტად საკუთარი წარმოების აღორძნების აუცილებლობა, ეროვნული ვაჭრობისა და ეროვნული მრეწველობის განვითარება, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა, მეზობელ ქვეყნებთან კავშირის გაუმჯობესება, სამამულო მაღალგანვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბება. “ამ გასაჭირში, როცა არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი, ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი, წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა, უნდა მოვახერხოთ, გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოეთს ვთხოვდეთ საყიდ საქონელს”; უნდაგაიხსნას უამრავი ფაბრიკაქარხანა”.

დიდი მოაზროვნე ამტკიცებდა, რომ “საზოგადოებრივი წყობილების შეცვლა ხალხის პოლიტიკური კულტურის დონის ამაღლებით, მისი ზნეობრივი და გონებრივი განვითარების წყალობით უნდა მოხდეს”.

დღეს ჩვენი ვალუტის გასაძლიერებლად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ეს კიდევ ერთი სასარგებლო და ყურადსაღები რეკომენდაციაა.

ნიკო ნიკოლაძეს ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებლობად მიაჩნდა ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობის არსებობა. “ერთსულოვანი, ერთფეროვანი საკრებულო, კამათისა და პარტიათა ბრძოლის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც, ვაი, რომ არავის აქვს საწერი”. ერთფეროვანი, ერთპარტიული საკრებულოარაფერს წარმოადგენს, სრულიად არაფერს, ქიმერისა და უნაყოფობის გარდა. მასში არაა ცოცხალი მუშაობა და სასარგებლო, ნაყოფიერი შრომა ჯანღონით, ცოდნითა და იდეებით, ენერგიითა და მტკიცე რწმენით სავსე ადამიანებისათვის”.

როცა ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მმართველობაში მრავალპარტიულობის აუცილებლობაზე საუბრობდა, ვერც კი წარმოიდგენდა ისეთ მრავალპარტიულ მართველობას, დღეს რომ გვაქვს საქართველოში; ისეთ პარლამენტსა და მთავრობას, რომლებშიც პარტიების წარმომადგენლები კრილოვის იგავის გმირებივით სხვადასხვა მხარეს წეწენ ქვეყანას, ოღონდაც ხელი მოითბონ, ჯიბე გაისქელონ.

ასე “ესმით” მათ პატრიოტიზმი!

ნიკო ნიკოლაძე, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, ოპოზიციაში ედგა სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას, მისი გამოსვლები ყოველთვის საქმიანი და კონსტრუქციული იყო: ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ არა იმიტომ, რომ გითხრათ, ჩამოდექით და ჩვენ დავსხდებით თქვენს სკამებზეო, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მამულის და თავისუფლების განმტკიცება, ჩვენ მტრულად კი არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ ძმურად!..”

დღეს პარლამენტის სხდომების ტელეეთერით პირდაპირი ტრანსლაციისას საპირისპიროში ვრწმუნდებით, როდესაც ქვეყნის კანონმდებელნი ერთმანეთთან ქიშპობით სწორედ ამას ამბობენ: “ჩამოდექით და ჩვენ დავსხდებით თქვენს სკამებზეო”.

დიდ რეფორმატორს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და გაძლიერება მიაჩნდა უპირველეს პრიორიტეტად. ის გამუდმებით ფიქრობდა ქვეყანაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საზღვარგარეთ გატანის საქმეზე, რკინიგზებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე. როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინიგზის, მიმოსვლის, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებით!..”

მას მიაჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ჰიდრორესურსების წყალობით და მათი გეგმაზომიერი ათვისებით შესაძლებელი იქნებოდა “აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობაში, რევოლუცია ფინანსებში, მრეწველობაში”.

“დღესასწაული მოელის ჩვენს მთიან ქვეყანას!.. _ წერდა იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლებში, _ აი, მაშინ გაუთენდება აღდგომა ჩვენს მთებს! რამდენი მთის მდინარე, რამდენი ჩანჩქერი, რამდენი მოძრავი ძალა გვაბადია! ეს ყველაფერი გამოიყენება. ეს აუარებელ ჩარხებს, დაზგებს, მანქანებს აამოძრავებს. მილიონ ოჯახში, რომელნიც შინაურ ხელობას, შინაურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. აქამდის ხალხი ჩვენი წინაპრების სადგომიდან მთებიდან ძირს მიელტვოდა ვაკეს დასაკავებლად, სადაც ხვნა-თესვა უფრო უადვილდებოდა. ეხლა კი პირიქით _ ვაკედან მთებისკენ, მოძრავ ძალისკენ ავა”.

ნიკოლაძე თვლიდა, რომ ამავე ჰიდრორესურსების წყალობით შესაძლებელი გახდებოდა რკინიგზის დამოუკიდებელი დენის წყაროთი უზრუნველყოფაც: “როცა ის გვექნება ხელში, მაშინ ჩვენ გვექნება ნამდვილი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა”.

ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ ქვეყნის გაძლიერებისათვის აუცილებელია ბაქო-ბათუმისა და გროზნო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობა ისე, რომ ორივე ნავთობსადენმა აუცილებლად გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზეო. მისი სიტყვით, “ჩვენ უნდა გავაკეთოთ მილი გროზნომდის იმისთვის, რომ ბაქოს სათამაშონი არ გავხდეთ, როგორც დღესა ვართ”. ნ. ნიკოლაძის ამ და სხვა პრაქტიკულ პროექტებს სკეპტიკურად და ირონიულადაც კი უყურებდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ის მაინც დაუღალავად შრომობდა და ეძებდა უცხოელ ინვესტორებს.

აქ უნებლიეთ გაგახსენდათ, ალბათ, მკითხველო, ის გაზსადენები, რომელთა გაყვანამ და გახსნამ სიხარულის კურცხლები აყრევინა ყველა გულანთებულ ქართველს: ავშენდით! გავკეთდით! აწი რაღა გაგვიჭირდებაო…

მაგრამ…

მაგრამ ბუნებრივი აირიც გაგვიძვირეს და ელექტროენერგიაც, ლამის უფასოდ რომ გვექნებოდა, გვეგონა.…

და დავრჩით ასე _ პირშიჩალაგამოვლებულები.

სამაგიეროდ გაკეთდნენ ინვესტორები და ჩვენი შადიმანებიც, ალბათ!

ამასობაში კი მავანნი, რომლებსაც ხმლითა და მახვილით არ აკარებდნენ ქვეყნის საზღვრებს ჩვენი სახელოვანი წინაპრები, ჭილყვავივით შემოესივნენ საქართველოს; მოვიდნენ ტურისტებად, სტუმრებად, მოგზაურებად, ინვესტორებად, ბიზნესმენებად… და უკან, თავიანთ სამშობლოში, აღარ უნდათ გაბრუნება, რადგან მოსწონთ აქაურობა, შეიძინეს მიწები, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება და ცდილობენ დამკვიდრებას.

აქაც დავკარგეთ ზომიერება. დიდმა ნიკომ კი _ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიღწევნებაო”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

  1. კარგი სტატიაა. ეკონომიკის საკითხში, ილიასოდენა პიროვნება ყოფილა ნიკო ნიკოლაძე. თუმცა მრავალპარტიულობის საკითხში, დიამეტრალურად განსხვავებულა ილიასაგან: ილია საერთოდ პარტიების წინააღმდეგი გახლდათ, ნიკო კი – მრავალპარტიულობის მომხრე ყოფილა. ქ-ნი დარეჯანი სწორად შენიშნავს: „როცა ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის მმართველობაში მრავალპარტიულობის აუცილებლობაზე საუბრობდა, ვერც კი წარმოიდგენდა ისეთ მრავალპარტიულ მართველობას, დღეს რომ გვაქვს საქართველოში“. რას ნიშნავს მრავალპარტიულობა? ბუნებაში სულ სამი პოზიცია არსებობს: მონარქისტულ-ფეოდალისტური, ოლიგარქიულ-კაპიტალისტური და სოციალისტური. შესაბამისად, სამი პარტია შეიძლება არსებობდეს და არა იმდენი, რამდენსაც ბ-ნი ნიკო გულისხმობდა, აღარაფერს ვამბობ 220-ზე თუ მეტზე. მაგრამ რამდენადაც პირველი ორი ადამიანთა უთანასწორობას ისახავს მიზნად, რჩება მესამე – სოციალისტური, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს, რადგან არა მგონია ადამიანთა ნორმალურ უმრავლესობას სოციალური უთანასწორობის იდეალი ხიბლავდეს. სხვა საკითხია განსხვავებული აზრები სოციალური თანასწორობის შესახებ, რასაც მოაზროვნე პიროვნებები სჭირდება და არა პარტიები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here