Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მზე სამხრეთიდან იწყებს ამოსვლას?

საქართველოს მზე სამხრეთიდან იწყებს ამოსვლას?

4710
დროშა (საქართველო, რუსეთი, თურქეთი)

უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ ორ უდიდეს იმპერიას შორის მოყოლილი პატარა ქვეყანა თუ ერთთან კატეგორიულად გაწყვეტს ყოველგვარ კონტაქტს, მაშინ მეორე იმპერიას უკვე სრული კარტ-ბლანში ეძლევა ამ პატარა ქვეყნის თავის ჭკუაზე სატრიალებლად. ყურადღება მიაქციეთ _ არ ვამბობ “გავლენის სფეროში მოსაქცევად”-მეთქი. აქ საუბარი სწორედ საბოლოო “დაჩოქებასა” და “დაჩმორებაზეა” და არა ისეთ მსუბუქ მდგომარეობაზე, რომელსაც “გავლენის სფერო” ჰქვია.

თანამდეროვე მსოფლიოში გავლენის სფეროში ნებისმიერი პატარა ქვეყანა ისედაც იქნება. უამისობა, უბრალოდ, არ არსებობს. ეს მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო ორ დიდ იმპერიას შორის ცდილობს ლავირებას და იმ ორ იმპერიას ისღა დარჩენია, ხანდახან მაინც მოთაფლოს და თუნდაც მოჩვენებითი “კეთილგანწყობა” დაანახვოს. ასეთი თუნდაც მოჩვენებითი “მოთაფვლების” შედეგად კი პატარა ქვეყანას შეუძლია, თუ მაინცდამაინც სარეგებლი არა, შედარებით ნაკლები ზარალი მაინც ნახოს და უდიდესი საფრთხეები აიცილოს თავიდან.

ამის საკმარისი გამოცდილება გვაქვს ქართველებს და მით უფრო გასაკვირია, რომ ასე ხელაღებით დავივიწყეთ წინაპართა შეცდომები თუ პირიქით _ სწორი ლავირებები და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი “ტოტი” ჩვენივე ხელით მოვჭერით.

პირდაპირ ვამბობ _ საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მოსპობა და უკანდასახევი ხიდების დაწვა ვისაც შეიძლება ხელს აძლევდეს, ეს თურქეთია. ისიც ფაქტია, რომ ოსამალების საქმის გამგრძელებლებმა მათივე სამხედრო პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, ხელშეწყობითა და დიდი მონდომებით მოაწყვეს საქმე კავკასიაში თავიანთ სასარგებლოდ.

სიტყვამ მოიტანა და კონკრეტულად ავხსნათ, რას ნიშნავს “საქმის თავიანთ სასარგებლოდ მოწყობა” და შემდეგ ისევ მივუბრუნდეთ ზოგად მსჯელობას.

ამ დღეებში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია: “თურქეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველომ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის თანახმად, ევროსაბჭომ თურქეთი პოსტმონიტორინგის ეტაპიდან ისევ მონიტორინგის ეტაპზე დააბრუნა. ამის მიზეზი გახდა თურქეთის პრეზიდენტის _ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ ჟურნალისტების დაპატიმრებები, ოპოზიციის დევნა და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ევროსაბჭოში 2 საათის განმავლობაში გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც თურქეთსა და მის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდნენ. საბოლოოდ თურქეთის ასეთი ფორმით დასჯას ხმა მისცა 113 ევროპულმა ქვეყანამ, რომელთა შორის არ იყო საქართველო. ჩვენი ქვეყანა იმ 45 ქვეყნის რიგებში აღმოჩნდა, რომლებმაც თურქეთის გავლენით ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს”.

როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ინფორმაცია? აკი, აქამდე ყველა იმ გადაწყვეტილების გულმხურვალე მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიღებული, ქართველი დიპლომატები იმით ხსნიდნენ, რომ ევროპელები ითხოვენ ასეო. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წინააღმდეგ ასე დაუფარავად წასვლა დიდ საფრთხეს უქმნიდა ჩვენს ქვეყანას, მაინც გვეუბნებოდა ქართული ოფიციოზი _ თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ ევროპა ზურგს შეგვაქცევს და ამიტომ იძულებული ვართ, რისკზე წავიდეთ და რუსეთს დავუპირისპირდეთ, რათა ევროპულ ოჯახში მოხვედრის შანსი არ დავკარგოთო.

მაშ, ახლა, როდესაც საქმე თურქეთის “მსუბუქ დასჯას” ეხება, რატომ ვუპირისპირდებით ევროპის 113 წამყვან, ძლიერ სახელმწიფოს და რატომ ვართ იმ 45 “მაჩანჩალის” რიგებში?

რა თქმა უნდა, ყველა ეს კითხვა რიტორიკულია და ნათელია, რაც ხდება სინამდვილეში საქართველოს თავს. არაფერ შუაშია აქ ევროპა, ევროპული ოჯახი და ფასეულობები. საქმე ის არის, რომ რუსეთთან “ხიდების საბოლოო დაწვის” შედეგად, ჩვენ თურქების პირდაპირი მონები გავხდით. ოღონდ კი თურქეთს არაფერი ვაწყენინოთ და უკვე პირდაპირ მივდივართ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც კი.

თავის მხრივ, თურქებიც იმ დონეზე გათავხედდნენ, რომ ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნასაც გვიკრძალავენ. რა თქმა უნდა, არავინაა ისეთი გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს _ თურქეთის ელჩის პოზიცია დიდგორობის მიმართ “თხოვნა” იყო და სხვა არაფერი. ან თუნდაც თხოვნა ყოფილიყო, ვფიქრობ, თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი რამ “დიდ მეზობელს” თხოვნის დონეზეც კი არ უნდა გააბედინოს.

ჩვენ კი უკვე ისეთი “ექსპერტები” და “ჟურნალისტებიც”გვყავს, რომლებიც ტაო-კლარჯეთსა და სამცხე-ჯავახეთს ქართულ მიწად აღარ მიიჩნევენ, რადგან თურმე ეს მიწები “გაერომ სცნო” და ჩვენმა მთავრობამაც, თავის მხრივ, ხელი მოუწერა თურქებს იმაზე, რომ მათთან საქართველოს ტერიოტირიული პრეტენზია აღარასოდეს ექნება, ანუ რეალურად საქართველოს ოფიციალურმა წრეებმა “აჩუქეს” ეს ტერიტორიები თურქებს.

თუმცა მე სულაც არ მაინტერსებს, რა აღიარა “გაერომ” და საქართველოს რომელმა მთავრობამ როდის რა ადგილი აულოკა თურქებს.

ქართველი ხალხისთვის ტაო-კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი ქართული მიწაა და მოდი, ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ, მიუხედავად ყარსის ხელშეკრულებისა, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა ხელისუფლებასაც კი არასოდეს მოუწერია ხელი ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც თურქეთთან არასოდეს ექნებოდა პრეტენზია ამ ტერიტორიებზე და ვინმე სამუდამოდ აღიარებდა თურქეთის უფლებებს ტაო-კლარჯეთსა და სამცხე-ჯავახეთზე.

ისიც ყველამ კარგად იცის, რომ იოსებ სტალინი, ფაქტობრივად, მზად იყო, სარფიდან ტრაპიზონამდე ტერიტორია საბჭოთა კავშირისთვის, რეალურად კი საქართველოსთვის, შემოეერთებინა, მაგრამ იაპონიაში ჩაგდებულმა ამერიკულმა ატომურმა ბომბებმა შეაჩერა ეს ოპერაციები.

ახლა მეძახეთ რუსეთუმე და “რუსული პროპაგანდისტი”, ოღონდ გულს რომ მოიჯერებთ, მერე კარგად დაფიქრდით, _ რა უფრო ნაკლებად საზიანო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის: რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება ჩვენს რეგიონში თუ თურქების ასეთი სამარცხვინო მონობა, რის გამოც დღესასწაულების აღნიშვნასაც კი ვერ ვბედავთ მათთან შეუთანხმებლად.

რა თქმა უნდა, ოპონენტები ახლა აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სოხუმში გახსნილ რუსეთის საელჩოს მოიტანენ მაგალითად. ამაზე არავინ დავობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს თავხედობაც არის, ოკუპაციაც, ანექსიაც, აგრესიაც და მტრობაც, მაგრამ სწორედ აქ არის საჭირო ტვინი, აზრი, გონება და გონიერი მოქმედება, რომ ძლიერი მტერი არ გამოიწვიო, არ გააბრაზო, არ გაამწარო და არ გადაადგმევინო ხისტი ნაბიჯები.

მარტივია _ ნებისმიერი ძლიერი მტერი ცდილობს, ზედმეტი თავის ატკივების, ანუ სამხედრო რისკების, ცოცხალი ძალის მსხვერპლის გარეშე მიიღოს თუნდაც მინიმუმი თავისი სტრატეგიული ინტერსებისა და, თუ შენ დათმობ, გარკვეულწილად ისიც დაგითმობს. თუ შენ გაჯიქდები და “ვაჟკაცობანას” დაიწყებ და მტერი იძულებული შეიქნება, “თავი აიტიკივოს”, ანუ სამხედრო რისკებზე წავიდეს, მაშინ რაღა მინიმუმს მოითხოვს, ადგება და ბარემ მაქსიმუმს წაიღებს და მიითვისებს! სწორედ ამას აკეთებს ახლა რუსეთი, რომელიც 2008 წელს ქართველებმა ვაიძულეთ “თავი აეტკივებინა”.

ახლა ვიცი, უკვე მზად არის მავანი, “სამშობლოს მოღალატე” მიწოდოს. არადა, ვფიქრობ, ღალატი სწორედ ის არის, როდესაც შიშით ან სარგებლის მიღების სურვილით არ ამბობ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობ. მე სწორედ ასე ვფიქრობ სინამდვილეში და ამაში არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან არანაირ “ხეირს” არ ველოდები. აი თქვენ კი, სწორედ იმის გამო, რომ “წარმატებას” მიაღწიოთ, მიიღოთ გრანტები თუ სხვა მატერიალური სიკეთეები, არ ამბობთ იმას, რასაც შეიძლება რეალურად ფიქრობდეთ: რუსეთთან “ხიდების დაწვა” საქართველოს დაჩაჩანაკებას, დაკნინებასა და დამონებას ნიშნავს.

ზევით ისტორია ვახსენეთ და განა სწორედ სიმართლისა და სწორი პოლიტიკის გამო არ განდევნეს საქართველოდან ვითომ “პატრიოტმა” თავდებმა “შაჰ-აბასის მეგობრად” შეარცხილი გიორგი სააკაძე?

არადა, გაიხსენეთ, ვიდრე სააკაძეს განდევნიდნენ, როგორ, რა ხერხით დაიბრუნა თბილისი ქართულმა გარნიზონმა და საქართველომ. სწორედაც მტერ, აგრესორ, ოკუპანტ შაჰ-აბასთან მეფე ლუარსაბის აუდიენციის, სპარსეთის “მეგობრობის” დამტკიცებისა და, როგორც ახლა ურაპატრიოტებს უყვართ ხოლმე თქმა, “ჩექმების ალოკვის შემდეგ” შაჰ-აბასმა ბრძანა, თბილისის ციხიდან სისხლის დაუღვრელად გასულიყო დელუ-მუჰამედის სარდლობით მდგარი სპარსული გარნიზონი და თბილისი ქართლის მეფე ლუარსაბს გადასცემოდა სამართავად. ეს ყოველივე “მოღალატე” გიორგი სააკაძის მოქნილი და სწორი საგარეო დიპლომატიის შედეგი იყო. ძალიან ცდება ის, ვისაც დიდი მოურავი მხოლოდ ხმლის მქნეველი ჰგონია… არადა, იყვნენ მაშინაც ე.წ. პატრიოტები, რომლებიც შაჰ-აბასთან “მეგობრობას” ქვეყნის ღალატად მიიჩნევდნენ.

დარჩნენ კიდეც ასეთი “პატრიოტების” გარემოცვაში “მოღალატე” გიორგი სააკაძის განმდევნელი ქართლის მეფე ლუარსაბი და “მოღალატე” ქაიხსორო ჩოლოყაშვილის მკვლელი, კახეთის მეფე თეიმურაზი და, ამის შემდეგ რაც მოხდა კახეთსა და ქართლში, რამდენჯერ შემოესია შაჰ-აბასი კახეთ-ქართლს და რა შედეგი მოტანა “პატრიოტთა” მიერ “ჩექმების არალოკვის” პოლტიკამ, ყველამ ვიცით…

და ისევ და ისევ “შაჰ-აბასის ჩექმის მლოკავი” დიდი მოურავი, “მოღალატე” გიორგი სააკაძის მიერ საკუთარი თავისა და საკუთარი შვილის გაწირვა რომ არა, დღეს, ალბათ, ქართველის სახსენებელიც აღარ იქნებოდა ქვეყანაზე!

თუმცა სჯობს, აქ შევჩერდე, თორემ, როგორც ვხედავ, მავანი უკვე ემზადება კვლევების ჩასატარებლად, რათა დაადგინოს, რამდენს მიხდის ასეთ “პროსპარსულ პროპგანდაში” ირანის ლომის, შაჰ-აბასის, ადმინისტრაცია…

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. კარგი ხარ, ბაკურ, ჭირიმე შენი! თუ სამშობლოს სიყვარულს დაფარვა სჭირდება, ვერაგი მტერი უნდა გძულდეს; სხვანაირად მთლად დავიღუპებით. ნახევარმთვარეც კი მაღიზიანებს, ხან ცაზე რომ გამოჩნდება. ,,აბა, რომელი გენიოსები თურქებს ჰყავდათ, მაგრამ მაინც სულ ხმალი ეჭირათ უანბანო ხელში.” – ჩემი ავტორი ამბობს ამას – პირველი კაცი საქართველოში – დოჩანაშვილი გურამ. ჰოდა, გაბედეთ ,,ტაბულა-ლიბერალის” საცოდავო მკითხველებო და უწოდეთ ჰომოფობი!

  2. უღრმესი მადლობა ბატონო ბაკურ!!! თქვენსავით რომ ფიქრობდნენ და აანალიზებდნენ არსებულ ვითარებას ჩვენი ‘პოლიტიკოსები’ და ‘ექსპერტები’, ასევე, თქვენსავით რომ წერდნენ ჩვენი ‘ჟურნალისტები’, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. სამწუხაროდ მძლავრობს შაჰ-აბასის (და სხვა დამპყრობელთა) ჯიში და გენი საქართველოში. სწორედ ისინი არიან NATO-ს და ევროპას რომ გაიძახიან და მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ. ნამდვილი ქართველი თქვენსავით მსჯელობს! ის გრანტებზე არ გაყიდის თავისი ქვეყნის მომავალს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ქართველი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here