Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს კონსტიტუციიდან სასწრაფოდ ამოსაღებია აბსურდული პუნქტები

საქართველოს კონსტიტუციიდან სასწრაფოდ ამოსაღებია აბსურდული პუნქტები

საქართველოს კონსტიტუცია

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა საკონსტიტუციო პროექტის განხილვა სხვადასხვა დონეზე. კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა კონსტიტუციაში არსებული თუ შესატანი ბევრი დებულება. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის, საარჩევნო სისტემის სრულყოფის, პრეზიდენტის არჩევისა და სხვა საკითხებმა. მაგრამ წინამდებარე სტატიაში, ჩვენი პროფესიისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ ერთ საკითხზე, კერძოდ, კონსტიტუციიდან 94- მუხლის მე-4 და მე-5 აბსურდული და წმინდა წყლის პოპულისტური პუნქტების ამოღების აუცილებლობაზე, რომლებიც კრძალავს საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადების (გარდა აქციზისა) განაკვეთების გაზრდას ან ახალი გადასახადების შემოღებას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

გადასახადების მომატების საკითხის რეფერენდუმზე გატანა ყოველთვის წინასწარ იქნება განწირული, რადგან ხალხი მხარს არასოდეს დაუჭერს, რაც უნდა მართებული იყოს. საერთოდ, საგადასახადო საკითხების რეგულირება არ შეიძლება, ხალხის გადასაწყვეტი იყოს. ან როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამჟამინდელი საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ნორმები ოპტიმალურია და ცვლილებები არ სჭირდება, როდესაც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაყინულ მდგომარეობაშია. აღნიშნული მუხლის კონსტიტუციაში უცვლელად დასატოვებლად გააფთრებით იბრძვიან ნაციონალები, აგრეთვე, მისი განაყოფი და სატელიტი პარტიების წარმომადგენლები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნაციონალური მოძრაობისფსიქიკურად გაუწონასწორებელმა და უსაზღვრო უფლებების მქონე ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში 94- მუხლი ორი მიზნით შეიტანა: პირველი _ ინვესტორებს უშიშრად ჩაედოთ ფული ქვეყნის ეკონომიკაში და მეორე _ ეს მუხლი კარგად ერგებოდა ნაციონალების მიერ გატარებულ ანტისახელმწიფოებრივ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ემსახურებოდა მდიდარი, ელიტური ფენების, მონოპოლისტი კომპანიების გაძლიერებასა და უგულებელყოფდა მოსახლეობის მცირეშემოსავლიანი და ღარიბი ფენებისა და მიკრო და მცირე ბიზნესის ინტერესებს.

2007 წელს ნაციონალებს უკვე ხელში ჰქონდათ მსხვილი საწარმოებისა და კომპანიების წილების დიდი ნაწილი და მაქსიმალურად ლობირებდნენ მათ. ამიტომ იყო, რომ ნაციონალებმა 2007 წლის 7 დეკემბერს, ფაქტობრივად, უკვე თავიანთ კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოები სრულიად გაუმართლებლად გაათავისუფლეს სოციალური დაზღვევის გადასახადისგან, შეიტანეს ის საშემოსავლო გადასახადში და ეს საგადასახადო ტვირთი მთლიანად აჰკიდეს დასაქმებულებს, ანუ მშრომელ ხალხს. უფრო ადრე კი, 2005 წელს, ნაციონალების ხელისუფლებამ ტოტალიტარული და სამართლიანობისგან შორს მდგარი ნაბიჯი გადადგა _ გააუქმა საშემოსავლო გადასახადის პროგრესული ფორმა და შემოიღო პროპორციული საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. ამით ნაციონალების უკვე კარგად გამდიდრებულმა, მაგრამ გაუმაძღარმა კასტამ უარი თქვა საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე შედარებით მაღალი 15, 17 და 20-პროცენტიანი განაკვეთებით და, ფაქტობრივად, მხოლოდ თავისთვის შეამცირა ის 12 პროცენტამდე. მცირეშემოსავლიანი ფართო მასებისთვის კი არაფერი შეცვლილა _ მათ შეუნარჩუნდათ მანამდე დაწესებული 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთი. კითხვა _ რატომ იხდიდნენ ხალხის ხარჯზე გამდიდრებული კეზერაშვილები, ბოკერიები, ჭიაბერაშვილიები და ძმანი მათნი საშემოსავლო გადასახადს იმავე სარგოთი, როგორითაც უღარიბესი ფენები (მეეზოვეები, ლიფტის გამცილებლები, დამლაგებლები და სხვა რიგითი მოქალაქეები), პასუხგაუცემელი დარჩა. პროპორციულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლით კიდევ უფრო დაჩქარდა მოსახლეობის ქონებრივი პოლარიზაციის პროცესი და ხელი შეეშალა საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. ხელისუფლების სათავეში წამოსკუპებულ ნაციონალებს სულაც არ ადარდებდათ, რომ პროპორციული და რეგრესული გადასახადების შემოღებით მოიმატებდა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის სახელმწიფოს მთლიანი შემოსავლის განაწილების უთანაბრობის ხარისხი. ამას ემატებოდა ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიეროვნული პროიმპორტული ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შედეგად, ფაქტობრივად, ჩამოიშალა როგორც სამრეწველო დარგები, ისე სოფლის მეურნეობა. უმუშევრად დარჩენილი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად გადაიხვეწა საზღვარგარეთ. ამას თუ დავუმატებთ რუსეთთან უგუნურად გაჩაღებული ომის შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა აღმოჩნდა დემოგრაფიული კატასტროფისა და სახელმწიფოებრივი ჩამოშლის რეალური საფრთხის წინაშე.

უკვე მეხუთე წელია, “ქართული ოცნებახელისუფლების სათავეშია, მაგრამ მოსახლეობა იმედგაცრუებულია მრავალი დაპირების შეუსრულებლობის გამო. მაგალითად, ეკონომიკის მართვის კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილადღემდე ვმუშაობთ სააკაშვილისდროინდელი უვარგისი კონსტიტუციითა და საგადასახადო კოდექსით, ყველა საერთოსახელმწიფოებრივი თუ ადგილობრივი გადასახადი კვლავ ნაკლებეფექტიანი პროპორციული ფორმისაა, ქვეყნის სასურსათო ბაზრის 80 პროცენტი იმპორტულ პროდუქციას უკავია. უარესი მდგომარეობაა სამრეწველო პროდუქციის ბაზარზე, სადაც იმპორტზე მოდის 90 პროცენტზე მეტი, ქვეყნის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა კვლავ ძველებურია და ეყრდნობა გუბერნატორის ინსტიტუტს, მთავრობა ძველებურად ლობირებს მონოპოლისტურ კომპანიებსა და კარტელურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით პრივილეგიურ მდგომარეობაშია საბანკო სისტემა, სათანადოდ ვერ ვითარდება მიკრო და მცირე ბიზნესი, კვლავ დიდია უმუშევრობის კოეფიციენტი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. და, რაც ყველაზე დამთრგუნველია, ქვეყანაში ტარდება ყოვლად გაუმართლებელი საკადრო პოლიტიკა _ რიგ საკვანძო სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე, თავს მოხვეული კოაბიტაციის გამო, კვლავინდებურად მუშაობენ ბობოლა ნაციონალები, რომლებიც დაკავებული არიან საბოტაჟით, ქვეყანაში მდგომარეობის არევითა და ხელისუფლების დისკრედიტაციით.

იცით, რატომ იცავენ ნაციონალები ასე თავგამოდებით 94-ე მუხლის უცვლელად დატოვებას საქართველოს კონსტიტუციაში? _ იმიტომ, რომ ქვეყანაში ვერ შემოვიღოთ სამართლიანი პროგრესული გადასახადები კონსტიტუციის 94-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლოს უკეთესი საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება, ვერ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შეცვლილ სამარკეტინგო თუ ბიზნესგარემოებების მიმართ და შეფერხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ნაციონალების ამოცანაა, ჩაშალონ მთავრობის მუშაობა, დააჯერონ მოსახლეობაქართული ოცნებისუნიათობაში და როგორმე თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ამ რთულ სიტუაციაში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ნაციონალების მხარესაა, ეწინააღმდეგება 94-ე მუხლის ამოღებას კონატიტუციიდან და ამბობს, ქვეყნის კონსტიტუციაში გადასახადების მომატების შემზღუდავი მუხლის არსებობის პირობებში ინვესტორები თავს უფრო მშვიდად გრძნობენო. ბატონო ირაკლი, 94-ე მუხლის დატოვებით კონსტიტუციაში თვითონ იკრავთ ხელ-ფეხს და თვითონვე იზღუდავთ უფლება-მოვალეობებს, შეიმუშავოთ და განახორციელოთ ხალხის ფართო მასების ინტერესებზე მორგებული უფრო ეფექტიანი ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკა, მოახდინოთ სწორი საგადასახადო რეგულაციები, პროგრესული გადასახადების შემოღებით მეტი თანხები ამოიღოთ გამონოპოლისტებული და საიდუმლო კარტელურ გაერთიანებებში შესული, უსინდისოდ გამდიდრებული საწარმოო-დაწესებულებებისა და უზარმაზარი შემოსავლების მქონე სხვადასხვა პირისგან, შემდეგ კი ეს ფული მოახმაროთ ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური განვითარების პრობლემების მოგვარებას. ეტყობა, თქვენი გავლენის გამოა, რომ პარლამენტი აპირებს, გადადგას ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი და 94-ე მუხლი დატოვოს უცვლელად კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში 12 წლის ვადით. სინამდვილეში სწორედ დღეს, როდესაც ამდენი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა, საჭიროა თამამი ინიციატივებისა და ეფექტიანი ცვლილებების გატარება. გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც 1,8 ტრილიონი ევროს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პრობლემებთან გამკლავება გადაწყვიტა მდიდრების ხარჯზე და ფიზიკური პირებისთვის დააწესა 45-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთი 150 ათას ევროზე მეტ შემოსავალზე, ხოლო ერთ მილიონ ევროზე მეტ შემოსავალზე – 75-პროცენტიანი განაკვეთი. საქართველოს მთავრობა კი მატროსოვივით გადაეფარა მაღალშემოსავლიან მდიდარ ფენებს და კონსტიტუციაში 94-ე მუხლის დატოვებით გარანტია მისცა მათ, რომ 12 წლის განმავლობაში გადასახადები არ გაეზრდებათ. გამოდის, რომ, მკვეთრი სამეწარმეო პოლიტიკისა და ეფექტიანი სოციალურეკონომიკური რეფორმების გატარების ნაცვლად, ხელისუფლება აპირებს, ძველი ინერციით განაგრძოს მუშაობა, საბანკო სისტემისა და მევახშეობის, ანუ ფულით ფულის კეთების ხელშეწყობა და ელიტისთვის, ანუ თავიანთთვის ხელფასების, დანამატებისა და პრემიების მომატება, ამიტომ არის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში პრობლემები. ჩვენ ხომ ჯერაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ქვეყნის განვითარების 1990 წლის დონეს?

ბატონო ირაკლი, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რომ პროგრესული გადასახადების უპირატესობა, მათი გაცილებით უფრო მაღალი სამართლიანობა და ჰუმანურობა, პროპორციულ და რეგრესიულ გადასახადებთან შედარებით, აღიარებულია მსოფლიოს საღად მოაზროვნე ყველა წამყვანი ეკონომისტის მიერ. პროგრესული გადასახადების სამართლიანობასა და ჰუმანურობაზე მიუთითებს ლუკას სახარების 21-ე თავიც, სათაურით “ღარიბი ქვრივი ქალის ორი ლეპტა”, სადაც მოთხრობილია, როგორ ადევნებდა თვალს უფალი ხალხის მიერ შეტანილ შენაწირებს, როგორ სწირავდნენ სოლიდურ თანხებს მდიდრები და ამ დროს როგორ გამოჩნდა ღარიბი ქვრივი ქალი, რომელმაც შესაწირის სახით ჩადო ორი ლეპტა, ანუ ყველაფერი, რაც ებადა. პროგრესული გადასახადების უპირატესობაზე მეტყველებს ისიც, რომ ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანასა და მსოფლიოს წამყვან ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედებს სწორედ პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობაში დაწესებულია საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული დაუბეგრავი მინიმუმი და მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები დაოჯახებულებისთვის, შვილების ყოლისთვის მათი რაოდენობის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და თავის კმაყოფაზე პენსიონერი მშობლების მყოლი პირებისთვის. მათ მშვენივრად იციან, რომ დაბალშემოსავლიანი ფენები მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა და მათი ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში მიიღებენ ხალხის მასების უკმაყოფილებას და ქუჩაში გამოსვლას, რაც ცუდად დამთავრდბა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. მაშ, სად იყურებიან და რას ფიქრობენ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სამსახურები? ჩვენ ვეთანხმებით ცნობილი ქართველი ეკონომისტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ლადო პაპავას მოსაზრებას, რომ 94-ე მუხლის შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში იყო “ძალიან დიდი შეცდომა”. გადასახადების მომატების საკითხის რეფერენდუმზე გატანას ეწინააღმდეგება თვით ვენეციის კომისია, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უჭერს მხარს ამ პოპულისტური მუხლის არსებობას ქვეყნის კონსტიტუციაში.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს კონსტიტუციიდან ქვეყნის განვითარების ხელის შემშლელი 94- მუხლის პოპულისტური მე-4 და მე-5 პუნქტების ამოღებას, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კი სასწრაფოდ დაიწყოს კარდინალური რეფორმების გატარება ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად!

თამაზ ბაქრაძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,

ირაკლი კვინიკაძე,

მაგისტრანტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here