Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე კარატეში

საქართველოს ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე კარატეში

კარატე

2017 წლის 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ მონტეკატინიტერმეში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში.

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობდა 45 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი, საქართველოს ნაკრებმა, 10 წევრის შემადგენლობით, 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ქართველმა კარატისტებმა ურთულეს ორთაბრძოლებში შთამბეჭდავი და უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ ასახელეს სამშობლო, უკვე მსოფლიო დონეზე.

პირველი ადგილი დაიკავეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ:

  1. გიორგი ზურაბაშვილი;
  2. ნიკა ნავროზაშვილი;
  3. ტატო თავართქილაძე;
  4. დავით ასლანოვი.

მეორე ადგილზე გავიდნენ:

  1. მარიამ დათვაძე;
  2. გიორგი დევდარიანი.

მესამე ადგილზე გავიდნენ:

  1. ლიზი ალადაშვილი;
  2. ბექა ზედგინიძე;
  3. სანდრო გემაზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ტექნიკურ სპორტსმენად ქართველი კარატისტი აკაკი გაგუა დასახელდა.

ბოლო ერთ წლის განმავლობაში საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე 34 მედალი მოიპოვა: 15 ოქრო, 11 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

სამწუხაროა, რომ, არაერთგზის მოწოდებისა და თხოვნის მიუხედავად, ფინანსურად არავინ დაეხმარა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ამჯერადაც საკუთარი თანხებით გაემგზავრნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ფედერაცია, რომელიც, ყოველგვარი დახმარებისა და დაფინანსების გარეშე, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროსარბიელზე ასეთ წარმატებებს აღწევს, დაფინანსების შემთხვევაში, მედლების რაოდენობას, სულ ცოტა, გაასამმაგებდა.

საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველას, ვისაც აქვს სურვილი და ფინანსური შესაძლებლობა, გახდეს ფედერაციის პარტნიორი და მიიღოს მონაწილეობა ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაში.

მიღწეული შედეგებით ფედერაციამ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, აღზარდოს და მოამზადოს მსოფლიო დონის სპორტსმენები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ გამარჯვებასა და აღიარებს მოუტანენ საქართველოს.

2018 წელს ფედერაცია გეგმავს მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში და, ვისაც სურვილი აქვს, ფინანსურად დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გამგზავრებაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ამ ნომერზე:

555 425 455 (გოჩა კაკაბაძე, ფედერაციის პრეზიდენტი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here