საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები

    ამა წლის 7 მაისს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, გაიმართა  საზოგადოების წარმომადგენელთა და საზოგადოებრივ მოძრაობათა შეხვედრა-მრგვალი მაგიდა სახელწოდებით  „საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები”.

    შეხვედრას უძღვებოდა ფრიდონ ინჯია _ ,,სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს” ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი, რომელმაც მონაწილეებს შესთავაზა  განსახილველი თემა  „საქართველოს ადგილი ცვალებად მსოფლიოში და სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები“.

    საუბარი, ძირითადად, შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და გამოთქვეს აზრი, რომ საქართველომ ოფიციალურ დონეზე უნდა დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. 

    აღინიშნა, რომ ქართული მხარე აგვიანებს, მაშინ, როცა აფხაზეთის ახალარჩეული მეთაური ბადრა გუნბა 9 მაისს წითელ მოედანზე დაესწრება დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას, მეორე დღეს კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

    საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს. უმრავლესობამ  უკმაყოფილება გამოთქვა ადგილობრივ არჩევნებში ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის გამო. „ოცნება“ დროულად  ვერ ასრულებს დაპირებას დესტრუქციული ძალების აკრძალვის შესახებ – ასეთი იყო საერთო აზრი.

    მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ: ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჟღენტი, ნანა კაკაბაძე, ნუკი არველაძე, ზაზა დავითაია, ეკა ნასყიდაშვილი, თემურ მაკარიძე, პაატა აბულაძე, ტრისტან წითელაშვილი და სხვ.; ექსპერტები: თამარ კიკნაძე და ვასილ კაპანაძე; ტელეჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტები.

    შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, პირდაპირი დიალოგი დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან. გამოცხადდა ხელმოწერების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ. გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს:

    ,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა იმედისმომცემია როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების, ასევე საგარეო გამოწვევების აცილების კუთხით, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას,  უფრო მეტი წინდახედულება  და ფიქრი გვმართებს, რა სახით და როგორ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის გამთლიანებაში, საერთაშორისო ზეწოლის დაძლევასა და ახალი სამეზობლო პოლიტიკის ფორმირებაში.

    ეკონომიკური მაჩვენებლებით, რომლებიც ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში შესამჩნევია საქართველოში, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში ბევრ წარმატებულ სახელმწიფოს  გაუსწრო და ამ პირობებში ძალიან საყურადღებო და დასაცავია ჩვენი სწორი პოლიტიკა რეგიონსა და სამეზობლოში.

     დღეს ჩვენ გარკვეული გვაქვს დამოკიდებულება სამ მეზობელთან და უნდა ითქვას, რომ სამივესთან ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულია. ამ ურთიერთობებში ბევრი ეკონომიკური მიმართულება ერთმანეთს ავსებს და მომგებიანი ხდება ყველასთვის. რაც შეეხება მეოთხე მეზობელს _ რუსეთის ფედერაციას, მასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ურთიერთობები მრავალმხრივია და გარკვეულ ნაწილში ჩვენთვის მნიშვნელოვანიც კი.

    მსოფლიოში დღევანდელი გეოპოლიტიკური გადანაწილების ეპოქაში ასეთი ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს და არა ჩვენს სასარგებლოდ, ამიტომ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან გარდაუვალი ხდება. თუ ამაში გავითვალისწინებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

    ეს არ არის პარტიული შეკრება. დრო სხვა გამოწვევებს გვთავაზობს. დღეს, როგორც არასდროს, ხალხის ხმა მნიშვნელოვანია. ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა ვერ გააკეთებს ხელისუფლების საქმეს.  გვესმის, რომ ხელისუფლება შეზღუდულია გადაწყვეტილებებში, მისი სიფრთხილეც გასაგებია.

    საზოგადოებამ, ხალხმა, მათ შორის  „ოცნების“ იმ მილიონ 120 ათასმა   ამომრჩეველმა ფართომასშტაბიანი მანდატი უნდა მისცეს ხელისუფლებას, რომელიც დანაკარგის გარეშე საბოლოოდ გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს, მაგრამ ეს ყველაფერი დიალოგის გარეშე შეუძლებელია. დიალოგის მაგალითზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მხოლოდ ტრამპისა და პუტინის ბოლოდროინდელი დიალოგის შედეგები რად ღირს.

    ერთი სიტყვით, კონფერენციის მონაწილეებს ვთავაზობთ საერთო აზრის ჩამოყალიბებას ზემოთ თქმული საკითხების გარშემო…”

    რეზოლუციის შინაარს დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

    შეხვედრაზე, აგრეთვე, შეაფასეს და ვრცლად ისაუბრეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის შესახებ. ითქვა, რომ ,,დიდ სამამულო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავზე შევიკრიბეთ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტები. ფაშიზმისაგან მსოფლიოს გათავისუფლების საქმეში ქართველმა ხალხმა ღირსეული წვლილი შეიტანა.

    1945 წლის 9 მაისს საქართველომ და რუსეთმა მოძმე რესპუბლიკებთან ერთად ეპოქალური გამარჯვება მოიპოვეს.  სიმბოლურია, რომ რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა ქართველმა ქანთარიამ და რუსმა ეგოროვმა აღმართეს.

    დღეს კი, იმ დიადი მოვლენიდან მე-80 წელს, ჩვენი ქვეყნები დაშორებულია ერთმანეთს _ საქართველო არ ესაუბრება თავის ყველაზე დიდ და ძლევამოსილ მეზობელს.

    ერთად ცხოვრებისა და ერთად შენების ორასწლოვანი ისტორია შეწყდა, ამან საქართველოს უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სხვას.

    ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია. აშკარაა ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. კარს მოგვადგა დემოგრაფიული კატასტროფა. ათასგვარი ჭირი და უბედურება ერთად დაგვატყდა თავს.

    ჩვენი პატარა ქვეყანა მარტო ვერ შეძლებს მასშტაბური სიძნელეების დაძლევას. საჭიროა, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების აღდგენა.  დადგა დრო, როცა აუცილებლად უნდა აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთანაც.

    გამომდინარე ზემოთ თქმულიდან,  დადებითად ვაფასებთ და მივესალმებით რა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას, აუცილებლად მიგვაჩნია რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის ოფიციალურ დონეზე გამართვა.

    მივბაძოთ ჩვენს გმირ წინაპრებს, გადავდგათ შერიგების ნაბიჯი, დავძლიოთ წინააღმდეგობანი  და აღვადგინოთ მშვიდობიანი და ურთიერთხელსაყრელი მეგობრული ურთიერთკავშირები!”

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here