Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოვ, გაიღვიძე, გამოფხიზლდი!

საქართველოვ, გაიღვიძე, გამოფხიზლდი!

უკვე 30 წელიწადია, საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ისევ იმ სიდუხჭირესა და უბედურებაში ვიმყოფებით, რომლითაც ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო. 1992 წლამდე საქართველო ეკონომიკურად უძლიერესი რესპუბლიკა იყო. არ არსებობდა და არც იყო საჭირო უფასო სასადილოები, იშვიათად ნახავდით მათხოვარს, უმუშევარს. დღეს უფასო სასადილოებში რიგი დგას.

მათხოვრები ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, უმუშევრებით გაივსო ქვეყანა. აბა, გავიხსენოთ: 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანია სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად და პოლიტიკურადაც სრულიად განადგურებული ქვეყანა იყო. 23 წლის შემდეგ, ანუ 1968 წელს კი მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ იქცა. იგივე შეიძლება ითქვას იაპონიაზეც. 1945 წლის აგვისტოში ატომური ბომბებით დანგრეული და მორალურად დაცემული იაპონია, 23 წლის შემდეგ, 1968 წელს უკვე ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნად ითვლებოდა. ამ ქვეყანას დღესაც კი პერმანენტულად თავს ატყდება ბუნებრივი კატაკლიზმები, მაგრამ ნახეთ, როგორ უმკლავდებიან იაპონელები ყველაფერს. ამ ფონზეც კი იაპონია, ბევრი მონაცემით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ავიღოთ ისრაელი. იგი მუდმივადაა ჩართული ომში. მისი ტერიტორია 3-ჯერ ნაკლებია საქართველოს ტერიტორიაზე, მოსახლეობა კი ორჯერ მეტია; კლიმატითა და ბუნებრივი პირობებითაც ვერ შეედრება საქართველოს. მიუხედავად ამისა, უდაბნოში ყვავის ისრაელი. ისრაელში მეცნიერებაზე იხარჯება მშპის 4,4%, რაც 2-ჯერ მეტია აშშის შესაბამის ხარჯზე, 40-ჯერ მეტია საქართველოს შესაბამის ხარჯზე, ამიტომაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი ჰყავს მოსახლეობის ერთ სულზე. მთლიანი შიდა პროდუქტი 37 035 აშშ დოლარია, საქართველოში _ 5200 აშშდოლარი და ამ მხრივ მსოფლიოში 119- ადგილზე ვართ. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა _ 6700 აშშ დოლარი, სერბეთი _ 10 900 აშშ დოლარი, მაკედონია _ 9700 აშშ დოლარი, აზერბაიჯანი _ 10 200 აშშ დოლარი, საქართველო ჩამორჩება სომხეთსაც _ 5400 აშშ დოლარი, რომელიც, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ჩვენ ვერ შეგვედრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1987-1989 წლებში ყოველწლიურად იწარმოებოდა 36 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (დღევანდელი კურსის შესაბამისად), ხოლო 2013 წელს ვაწარმოეთ 1 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია (საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ვაწარმოებთ 18 კგ მარცვლეულს, მოვიხმართ 128 კგ, ხორცს ვაწარმოებთ 9 კგ, მოვიხმართ 26 კგ).

ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში ძროხები 6-ჯერ მეტ რძეს იწველიან, ვიდრე საქართველოში. იქ სიმინდის მოსავალს ერთი ჰექტრიდან 8-15 ტონას იღებენ, ხოლო ჩვენთან _ 3-5 ტონას, ხორბლის მოსავალს _ 4-8 ტ-ს, ხოლო ჩვენთან _ 1-2 ტ-ს. ჰოლანდია ტერიტორიით ჩვენზე პატარა ქვეყანაა, მოსახლეობით _ ჩვენზე მეტი. ჰოლანდია მსოფლიოში საუკეთესო გემთმშენებელია. ჩვენ ასჯერ უკეთესი კლიმატური პირობები გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს განვითარებული თევზჭერის ინდუსტრია. ჩვენს ისტორიულად საზღვაო ქვეყანას ერთი ნავიც არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდში შექმნილ რამდენიმე ეგზემპლარს. მოკლედ, ერთი ჰოლანდიელი წელიწადში უშვებს 179 227 ევროს ღირებულების პროდუქციას, ხოლო მისი ქართველი კოლეგა იმავე პერიოდში _ სულ 1103 ევროს ღირებულების პროდუქციას, ანუ, თუ სხვაგვარად ვიტყვით, ერთი ჰოლანდიელი უდრის 182 ქართველს. ვაღიაროთ, რომ შეურაცხმყოფელი მონაცემებია.

ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება. რატომ მათ არ დასჭირდათ ფეხზე დასადგომადდიდი ხანი”? ჩვენ რატომ ვერაფერი შევძელით კინკლაობის, შიდა ომების, მექრთამეობის, დატაცებისა და ყაჩაღობის გარდა? რატომ არის ჩემი თანამოქალაქე ღატაკი, შეურაცხყოფილი და გაბითურებული? რატომ ვერ ვხედავ ჩემივე სამშობლოში მომღიმარ სახეებს? რატომ ტყუის ყველა მთავრობა? რატომ მიდის ქართველი ქალი და კაცი სხვა ქვეყანაში შავ მუშად? და სხვა ბევრი რატომ, რატომ და რატომ?” კატასტროფაა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 36,9% და ოჯახების 45% რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ბაზაში. რატომ ამბობენ, რომ ის დრო სჯობდა, როცა დატყვევებული ქართველი ქალები მიჰყავდათ სპარსეთში (ირანში). არ ვიყვიროთ? თუ ვიმღეროთ: “ქეიფს ვიწყებ დილიდან, ვიქირავებ დილიჟანსს”… დილიდან ქეიფი კი არ უნდა დავიწყოთ, შრომას უნდა შევუდგეთ! ერთსაათიანი სადღეგრძელოებით სამშობლო და ქართველი ვაჟკაცი ვაქოთ, რომელიც ჯიპით სეირნობს რუსთაველზე და “მარლბოროს” ცარიელ კოლოფს ისვრის მანქანიდან, ან ახალგაზრდები, რომ გაიძახიან დედაჩემის მ-ლი ვიყო, ხოლო ქალიშვილები _ “მამაჩემის ბოზი ვიყო”-ს?

ხშირად გაიგონებთ: რა კარგი სუფრა იყო, რა კარგი თამადა, რა კარგი ღვინო”. თუმცა, იშვიათად ან საერთოდ ვერ გაიგონებთ: რა კარგი გამგებელია, რა კარგი მინისტრია, რა კარგი მთავრობაა!” საქართველოში 4700 სოფლიდან 700-ზე მეტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ყველაზე დიდი სოფელი საქართველოში იყო ქართველებით დასახლებული სოფელი მარტყოფი, ახლა ყველაზე დიდი სოფლებია ლაგოდეხში სოფელი კაბალი და საგარეჯოში იორმუღალო, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში პირველ ოცეულში იყო მხოლოდ ქართველი ეროვნების გვარები. დღეს პირველ ადგილზეა ბერიძე, 12419 კაცი, მეორეზე _ მამედოვი 12185 კაცი, მესამეზე _ კაპანაძე 8566 კაცი, მეოთხეზე _ ალიევი, 7936 კაცი. მეხუთეზე _ გელაშვილი, 7839 კაცი. მეთვრამეტეზე _ ბაირამოვი, 4265 კაცი. ხშირად გაიგონებთ: გავყიდოთ მიწა უცხოელებზე თან ხომ არ წაიღებენო. მე-19 საუკუნეში ვაჩნაძეების ოჯახმა ლაგოდეხში სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოასახლა საკუთარი საქონლის სამწყემსავად. დღეს ეს სამი ოჯახი 16 000 მცხოვრებია და სოფელი კაბალი ყველაზე დიდი სოფელია საქართველოში. ანალოგიური მდგომარეობაა სამაჩაბლოში. ერთი წლის განმავლობაში _ 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე _ უცხოელებმა შექმნეს 395 იურიდიული პირი, რომლებმაც იყიდეს 217 ნაკვეთი. მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპის ფონზე საქართველოში საწინააღმდეგო ვითარებაა _ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, თავისი ისტორიის განმავლობაში ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება არასოდეს ყოფილა. 1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. ამ აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ 2 მილიონ 109 ათასი კაცი შეადგინა და 1814 წელთან შედარებით 5,3-ჯერ მოიმატა. ბოლო წლებში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1992 წელს _ 5 467 ათასი კაცი. მას შემდეგ საქართველოს მოსახლეობა განუხრელად მცირდებოდა და ოდნავ გაიზარდა მხოლოდ ბოლო წლებში. 1926 წელს კავკასიის მოსახლეობის 35,1%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს 28,1%, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,9% შეადგინა. სამაგიეროდ, 1926-2010 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 30,4%-დან 38,0%-მდე მოიმატა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის წილი სულ უფრო მცირდება სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაშიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 34%-ით მოიმატებს, სომხეთის მოსახლეობა _ 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით შემცირდება. საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. სახელმწიფო ენას უაღრესად უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება, ადრინდელ მიმზიდველობას კარგავს ერისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები, ტრადიციები და წესჩვეულებები. ასეთ ვითარებაში ეროვნული ცნობიერების შემცირება გარდაუვალია, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იგი მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს. ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელია გაუკაცრიელებული. კარგად ჩაუფიქრდით შემდეგ მონაცემებს: 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და უფრო ნაკლებია 152 სოფელში, ხოლო 905, ანუ ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე მცხოვრებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მთის ძნელმისადგომ სოფლებში უგზოობის, უშუქობისა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე მოხუცებიღაა დარჩენილი, რომლებიც უიმედოდ ითვლიან თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მოსახლეობისგან ცარიელდება საქართველოს ისტორიული კუთხეები _ რაჭალეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა მთიანი რეგიონები. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ მხოლოდ 22 000 კაცი ცხოვრობს _ ძირითადად ხანდაზმული ადამიანები. გამოდის რომ მტერი და აგრესორი სულაც არ არის საჭირო, რომ რამე გვავნოს. ჩვენ თვითონვე გავქრებით დედამიწის ზურგიდან და ამისთვის დიდი დროც არ დაგვჭირდება. თუ ყველაფერ იმას, რაც ზემოთ იყო ნათქვამი, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრობლემებსაც დავუმატებთ და იმასაც გავაანალიზებთ, რა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გვიწევს არსებობა, ძნელია, ოპტიმიზმით განიმსჭვალო და ცხოვრებას მხნედ შეხედო. დიახ, ქართველები ვიყავით და ვართ შემწყნარებლები, უცხოელებს უფრო წინა პლანზე ვაყენებდით და ვაყენებთ და პატივს ვცემდით და ვცემთ, ვიდრე საკუთარ მოყვასს. ჩვენმა ტოლერანტობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენს ქვეყანაში 70-ზე მეტი ერი ცხოვრობს. ყველა ქართველებზე მეტ ყურადღებას მოითხოვს და, რაც ხდება, მე მგონი, არ არის საჭირო, განვმარტო, რადგან კარგად ვიცით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, როგორ მოგწონთ სატელევიზიო შოუები _ გადაცემები, რომლებშიც ჟურნალისტები პოლიტიკოსებს, როგორც მამლებს, წააჩხუბებენ და სეირს უყურებენ; ჩვენც ვუყურებთ, როგორ ლანძღავს და აგინებს ერთი ქართველი მეორეს. როგორ მოგწონთ, ჩვენი ცნობილი პოეტები რომ ბილწად ლანძღავენ ერთმანეთსჩვენი საამაყო დეპუტატები, ერთმანეთის გინებით გულს რომ იჯერებენ, მერე მუშტიკრივზე გადადიან.

 როდემდე ვლანძღოთ ერთმანეთი, როდემდე ვცვალოთ მთავრობა და პარლამენტი? ხომ არ დადგა დრო, შევწყვიტოთ ქუჩის აქციები და მიტინგები, ყველა შევრიგდეთ და გამოვაცხადოთ ამნისტია? ჯანსაღი, ნორმალური კრიტიკით ვიცხოვროთ!

ანზორ მესხიშვილი

1 COMMENT

  1. ანზორ-ბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია, ეს ყველაფერი ბევრმა იცის. რატომ იმ საწყის და მთავარ მიზეზებზე არაფერს ამბობ, რითაა გამოწვეული ეგ ყველაფერი, ქართველთა უვარგისობით თუ სხვა რამ არის ამის მიზეზი? ეტყობა შენი გულადობა უკეთურებათა ჩამოთვლით მთავრდება. ეგ-კი ვერაფერი ვაჟკაცობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here