Home ახალი ამბები სასჯელის ფორმა შეიცვალა მარიხუანის და კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის,...

სასჯელის ფორმა შეიცვალა მარიხუანის და კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ფაქტზე!

”სისხლის სამართლის კოდექსში” ცალკე მუხლად გამოიყოფა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების – კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. აღნიშნულ ქმედებაზე კოდექსის 260-ე მუხლი აღარ გავრცელდება. ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით, ცალკეულ შემთხვევებში, სასჯელის სახის – თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა ხდება.

ამ ყველაფერს ”სისხლის სამართლის კოდექში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

“სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი – 2731-ე მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო   ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: – წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას საათამდე ვადით.

დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი: – წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია – თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – პასუხისმგებლობა იქნება თავისუფლების აღკვეთა, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება გამოიწვევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობას. ამასთან, აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი: – დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი: – განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

”მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, როდესაც გასაღების მიზანი ან გასაღების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის საფრთხის შემცველი სხვა პირთათვის და ზოგადად, საჯარო წესრიგისათვის. შესაბამისად, არ არის გამართლებული პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. გარდა ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული საქმეების განხილვისას აღნიშნა, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციულია მარიხუანას განმეორებით მოხმარების მიმართაც”, – აღნიშნულია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: – “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონებში და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

,,საქართველომ და მსოფლიომ“ კითხვით მიმართა ჯანმრთელობის ხელშეწყობის  მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტსა და ,,ბერგენის“ უნივერსიტეტის დოქტორს გიორგი ბახტურიძეს.

– არის თუ არა აუცილებელი საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია,?

,,დეკრიმინალიზაცია რეპრესიულ წნეხს მოხსნის  და  დაავადებული ადამიანი ციხეში არ ჩაჯდება, თუმცა  პარალელურად უნდა არსებობდეს  მძლავრი პრევენციული, საგანმანათლებლო და საკონუმიკაციო აქტივობები. დღეს  მედიასაშუალებები და პოლიტიკური ჯგუფები ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით ნარკოტიკების მოხმარების  მიზანმიმართულ პოპულარიზაციას  ეწევიან, რაც ისეთივე  დასჯადი  უნდა იყოს, როგორც რეალიზაცია.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციისას გადასახედი იქნება სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სახელმწიფომ მომხმარებელსა და რეალიზატორს შორის ზღვარი მკვეთრად უნდა გამიჯნოს.

ავღნიშნოვ, ლეგალიზაცია გამოსავალი არ არის,  სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და რესურსები მიმართული უნდა იყოს  ჯანმრთელი თაობების აღზრდაზე. გარდა ამისა,  მედიამ ხელი უნდა  უნდა შეუწყოს  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენაშენახვის, გადაზიდვის ან გასაღების მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 2016 წელს 1759 იყო, რაც  141-ით  მეტია  2015 წლის მონაცემზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნარკოდანაშაულის შემთხვევები საგრძნობლად გაიარდა. გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცებებს:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვის ან გასაღების მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 2016 წელს 1759 იყო, რაც 141-ით მეტია 2015 წლის მონაცემზე.

საქსტატის მონაცემები მოიცავს იმ პირთა რაოდენობას, რომელთა მიმართ 2001-16 წლებში, ნარკოდანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. 2001 წელს, ნარკოდანაშაულისთვის სულ 854 პირი გაამტყუნეს. მათი რაოდენობა 1760-მდე გაიზარდა 2006 წელს, რაც წინა წლის მონაცემზე თითქმის ორჯერ მეტია.

ბოლო ხუთ წელში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა მერყეობდა და ბოლო ორ წელში შემცირდა, თუმცა, 2013 წელს (2660) მიაღწია პიკს.

მონაცემებით ჩანს ისიც, რომ 2016 წელს, გაუპატიურებისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის და განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა მაინც მკვეთრად ჩამორჩება ამავე წელს, ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებული პირების რაოდენობას. აღნიშნული ოთხი დანაშაულისთვის 2016 წელს, სულ 604 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here