თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში “თეთრი ხმაური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს.
სასამართლოს ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა. წიქარიშვილი და ბზიავა სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წიქარიშვილი და ბზიავა ადმინისტრაციულ სამმართალდართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს. უწყების ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე, ნივთის დაზიანება და განადგურების მუხლით.
დღეს, 23 იანვარს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ამ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ წიქარიშვილი და ბზიავა.
გიორგი გიორგანაშვილს იგივე ბახალას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბახალას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა შეთანხმებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს შეუძლია მიიღოს, ამ შემთხვევაში არის გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობა.