Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

1032
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

“ის მთელი სისასტიკით მოექცევა ყველას, ვინც შეეცდება, შებღალოს მისი წმინდა სახელი და, პირველ რიგში, მოაგონებს ყველა საეკლესიო მოღვაწეს, ვინ უნდა იყოს ის. კარგად შეისწავლონ და დაიცვან კანონი მოციქულთა, რომელიც გვეუბნება: ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, ანუ დიაკონი, რომელი სიძვასა, ცრუ ფიცობასა, ანუ პარვასა დაეპყრას, განიკუეთენ და ნუ უზიარებელ იქმნებიან, რამეთუ იტყვის წერილი: არა შური იძიო ერთბაშად ორგზის. აგრეთვე და სხუანიცა მოყუასნი და სამღვდელონი დასნი” (25- კანონი) ან კიდევ იქვე: “უკეთუ ვინმე მოყუასმან, ანუ ერისკაცმან წმიდისა ეკლესიისაგან, მოიხუეჭოს ცვილი, ანუ ზეთი, უზიარებელ იქმენი და ხუთწილად მიიხადენ, რაიცა იგი წარიღო”… იქვე: “ჭურჭელთა ოქროისა და ვერცხლისაითა განწმენდილთა ტილოთა ნუღარამცა ვინ მიიხუეჭს სახმარად თვისსა, რამეთუ უსჯულოება არს (კანონი 72-ე, 73-ე). ვფიქრობ, აქ კომენტარი ზედმეტია და ყველა გონიერი და ნათელი მოაზროვნე დარწმუნდება, რომ ეს კეთდებოდა ეკლესიის სიწმიდის შენარჩუნების მიზნით, რათა ხელშეუხებელი დარჩენილიყო ის სიწმიდე, რომლის წინაშე, უკვე 20 საუკუნეა, მუხლმოდრეკილი ლოცულობს კაცობრიობა, რომლისათვის ყველაზე ძვირფასია მაღალი სულიერი სიფაქიზე და პატიოსნება.

აქ ისმის კითხვა: მიტროპოლიტი გაიოზი, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს საეკლესიო ისტორიას და, ზოგიერთი მოწმის ჩვენებით, საეკლესიო საკითხებშიყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებადაცკი ითვლება საქართველოში, ნუთუ არ იცნობდა ამ კანონებს, ნუთუ არ ჰქონდა წაკითხული კართაგენს შეკრებილ მამათა კანონი (33-) “ვითარმედ ხუცესნი ეკლესიისმა და შეწირულსა სახმარსა ნუ გაჰყიდიან და ვითარმედ არც ეპისკოპოსსა უღირს ხმარებაი საქონლისაი, რომელი გუქარსა შინა საეკლესიოსა იადგარისასა დაწერილ იყოს”? ან, თუკი იცნობდა, რატომ ჩავარდა ასეთ დიდ ცოდვაში, რომ აღარ დაინდო ღმერთმა და წარადგინა სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე? შეიძლება ასე მოიქცეს მორწმუნე ადამიანი? ან იქნებ სრულ ურწმუნოებასთან გვაქვს საქმე? იქნებ ბიძინა კერატიშვილს რწმენის ნატამალიც არ ჰქონდა და შემთხვევითი პიროვნება იყო ქართულ სამოციქულო ეკლესიაში. შეიძლება თუ არა, ვიფიქროთ ასე? ან როგორ შეიძლება ასე იფიქრო, როცა ბიძინა კერატიშვილი სრულიად ახალგაზრდა, როგორც თვითონ ამბობს, მიეკედლა ეკლესიას და სულიერი შვება ჰპოვა მისი გუმბათების ქვეშ. მაშ, რატომ მოხდა, რომ ესოდენ მორწმუნე, ქრისტიანულ სარწმუნოებას ნაზიარები, სარწმუნოებას, რომლიც მხოლოდ და მხოლოდ სიწმინდისაკენ, სათნოებისა და სულიერი სიფაქიზისაკენ მოუწოდებს ყველას, მღვდელმთავარი, რომელიც უჩვეულოდაც კი ეკლესიისათვის აღაზევა ღმერთმა ასეთ მაღალ ხარისხში, დღეს საბრალდებო სკამზე ზის და უნდა გამოუტანონ საბრალდებო განაჩენი? როგორ მოხდა მოძღვარი იმ ეკლესიისა, რომლის ოცსაუკუნოვან ისტორიას შემონახული აქვს ისტორიის ულამაზესი ფურცლები, იმ ეკლესიისა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი განადგურებას და, რომელიც ქართულ მიწას ვაჟკაცობითა და ჰუმანურობით აღვსილ ერისშვილებს უზრდიდა მუდამდღე. დაეცა ისე, რომ პარვასა და ქურდობაში ამხელენ და, თუკი ეკლესიამ მას მიუტევა, არ შეინდო ერმა და გაკიცხა და აი, სწორედ აქ მაგონდება ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას, გმირი ქალის სიტყვები: “უნდა ეცადო, არ დაეცე, ხოლო თუ წაიქეცი, კიდეც რომ აღდგე, ღმერთი შეგინდობს, ადამიანები კი არ გაპატიებენ”. და, თუკი ქართულ ეკლესიას არ ჰქონდა იმის საშუალება, ემხილა და განესაჯა, მას განსჯის საზოგადოება, ერი, რომლის მორალური ყოფის გამომხატველია სახელმწიფო კანონი და მისი კოდექსი. ძნელია, ძალზე ძნელი, სასულიერო პირმა ილაპარაკო სისხლის სამართლის კოდექსის პოზიციებიდან, რადგან ჩემთვის უმაღლეს მსაჯულსა და განმგებელს წარმოადგენს მამაზეციერი, რომლის განსჯა ყოველგვარ მიწიერ განსჯაზე უმძიმესია მორწმუნე კაცისთვის, და რომელსაც ღვთიური განსჯის შემდეგ მოელის სამუდამო სულიერი ტანჯვა-წამება ჯოჯოხეთში. და ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რა სასჯელს გამოუტანს მას სასამართლო. როგორც მოქალაქე და სახელმწიფო ქონების მიმტაცებელი, ის დაისჯება დამსახურებულად. აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩემთვის, მღვდელმთავრისთვის მთავარია ის, რომ მან დაღუპა და გასწირა თავისი სული, რომ ის სამუდამოდ განერიდა ღმერთს, ჩამოშორდა მას, დაგმო ის და ჩაიდინა ცოდვა, რომელსაც ჩვენ სასიკვდილო ცოდვას ვუწოდებთ. დიახ, იცოდა რა ღმერთმა მის მიერვე შექმნილი არსების სულის სუსტი მხარეები, თავის ათ მცნებაში, რომელიც მან წინასწარმეტყველ მოსეს საშუალებით ქვის ორ ფიცარზე დაწერილი აუწყა ებრაელ ხალხს, ერთ-ერთი მცნებაა “არა იპარო” და დამრღვევი თუნდაც ამ ათიდან ერთი რომელიმე მცნებისა ითვლება ღვთისმგმობელად და იესო ქრისტეს სჯულისგან განდგომილად.

ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის დანაშაული მოგვაგონებს იუდა ისკარიოტელის მიერ ჩადენილ ცოდვას, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იესო ქრისტე და ოცდაათ ვერცხლად მიჰყიდა თავისი სული სატანას. იუდა ისკარიოტელი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი, მოციქულების მიერ შემჩნეული იყო პარვაში. ის იყო, ასე ვთქვათ, მოციქულთა საძმოს ხაზინადარი და მოციქულებმა იცოდნენ, რომ ის საერთო სალაროდან ფულს ითვისებდა. დაინახა რა ბოროტმა სულმა იუდა ისკარიოტელის სულის ეს მანკიერი მხარე, გადაწყვიტა, მთლიანად დაპატრონებოდა მის სულს და გამოეყენებინა ღმერთთან საბრძოლველად. ეს ყოველთვის ასე ხდება, ეშმაკის ცდუნება ადამიანზე ყოველთვის ძლიერია. როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას ჩაიდენს და ის შეუმჩნეველი ან დაუსჯელი რჩება, ბოროტი მას აქეზებს, ისევ სცადოს. ასე ამგვარად ცოდვა ცოდვას წარმოშობს, რასაც ადამიანის სული სრულ განადგურებამდე და დაღუპვამდე მიჰყავს. ასე დაიწყო იუდა ისკარიოტელმა ფულის პარვით და დაეცა იქამდე, რომ თავად იესო ქრისტე გაწირა ჯვარზე საცმელად. ასევე დაიწყო ბ. ტ. კერატიშვილმა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ საბოლოოდ საკუთარი თავი უნდა აცვას ჯვარს. და ის, ვინც თავის სულს ასე დაუმონებს ეშმაკს, განწირულია დასაღუპავად. ყველას გვახსოვს ლეგენდა დოქტორ ფაუსტზე, რომელმაც სული მიჰყიდა მეფისტოფელს, რათა დაებრუნებინა მისთვის ახალგაზრდობა და დამტკბარიყო მარგარიტას სიყვარულით. თითქოს აქ სათაკილო არაფერია. ადამიანს ყოველთვის სურს, იყოს ახალგაზრდა და მოხდენილი მით უმეტეს, როდესაც ეს სიყვარულს ეხება. და ახალგაზრდა ასულის სიყვარულით გატაცებული მოხუცი დოქტორი ფაუსტი ასეც მოიქცა, მაგრამ ის ვერ იხსნა ვერც ახალგაზრდობის დაბრუნებამ, და ვერც მარგარიტას სიყვარულმა, რადგან აღმოჩნდა მეფისტოფელის ტყვეობაში და ჯოჯოხეთში ჩაეშვა. დიახ, ასევე მოელის ბ. ტ. კერატიშვილსაც, რომლის სულს ბელზებელი დაეპატრონა და რომელმაც დააღვია მცნება “არა იპარო” და აღმოჩნდა დამნაშავედ, როგორც ღვთის, ასევე ეკლესიისა და ერის წინაშე. და მის პირველ ცოდვას მოჰყვა მეორე, შემდეგ _ მესამე და, ალბათ, დასასრულიც არ ექნებოდა. ღმერთმა მას დიდხანს უთმინა, ელოდა რა მისგან ცოდვების მონანიებას და კიდეც შეუნდობდა, რადგან იესო ქრისტე მოევლინა კაცობრიობას არა დასასჯელად, არამედ საცხოვნებლად, მაგრამ მან, მონანიების ნაცვლად, აირჩია სულ სხვა გზა, რომელიც საბოლოოდ მისი დამღუპველი აღმოჩნდა. და სწორედ ეს იყო გზა, რომელმაც ის საბრალდებო სკამზე დასვა. ნუთუ ერთხელ მაინც არ იფიქრა ბ. ტ. კერატიშვილმა, რომ მაცხოვარი ვერ აპატიებდა საკუთარი დედის, წმინდა მარიამის გაძარცვას. და რა შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელიც ამოაცლის ღვთისმშობლის ხატს ძვირფას თვლებს ან დასჭრის სახარებას, რათა გაყიდოს ის და ქაღალდის ფულად აქციოს; გაძარცვოს ხატი წმინდა ღვთისმშობლისა, რომლის წილხვედრია ივერიის უძველესი მიწა და რომლის მადლმა და ლოცვამ ქართველი ხალხი, რა ოდენობით მცირე რიცხოვანი, მსოფლიოს უდიდესი ერების გვერდით დააყენა და რომლის კულტურამ და ცივილიზაციამ ბრწყინვალე ფურცლები შეჰმატა მსოფლიო კაცობრიობის ცივილიზაციას?

რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია, რომელიც ყოველდღე აღავლენს წმინდა ლოცვებს წმინდა ღვისმშობლის სადიდებლად, ვერ შეურიგდება ბ. ტ. კერატიშვილის ამ საქციელს. წმიდა სინოდი მოითხოვს, რომ ის უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს არა მარტო სულიერად, ღვთის სამართლით, არამედ ფიზიკურადაც სახელმწიფო კანონითა და ადამიანთა განსჯის შედეგად”.

ამ ხმაურიანი სასამართლო პროცესიდან 30 წლის შედეგ მიტროპოლიტმა გაიოზმა (ბიძინა კერატიშვილმა) ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა და მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილს “საბჭოთა ინკვიზიტორი მოსამართლე” უწოდა. წერილის გამოქვეყნებისთანავე კერატიშვილს პასუხი გასცა ა. ალადაშვილმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად ვიყავი მე საბჭოთა მოსამართლე, ინკვიზიტორი, როდესაც მივუსაჯე ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმ დოკუმენტური მასალებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებზეც ქვემოთ იქნება საუბარი, თვითონ მკითხველმა განსაჯოს.

30 წლის შემდეგ, (ბატონ) ბიძინა ტიტიკოს ძეს, ეტყობა, აერია სიტყვების _ მითისა და სინამდვილის _ მნიშვნელობა. კერატიშვილს სურვილი აქვს, ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე ჩაიდინა, წარმოაჩინოს მითად, მაგრამ, რაც სინამდვილეში მოხდა, ვერ გაექცევა. რეალობა კი შემდეგი იყო:

ინტერვიუში ბ. კერატიშვილი აცხადებს: “მან (ა. ალადაშვილმა) არათუ ჭორებსა და ცილისწამებაზე აგებული და თანაც უმკაცრესი განაჩენი გამომიტანა ვიღაცის დაკვეთით და ცხოვრება დამინგრია, მეტიც _ დღემდე თავს არ მანებებს ეს კაცი, და მიუხედავად იმისა, რომ ოცი წელია, რაც განვთავისუფლდი და ნასამართლეობაც მოხსნილი მაქვს, ისევ ასრულებს ვიღაცის დაკვეთას და მთელი ამ წლების განმავლობაში მის მიერ გამოტანილი განაჩენიდან ამოკრებილი სისულელეებით და კვლავ მოსამართლის მანტიამოსხმული, პატივსა და ღირსებას მილახავს”.

“ბატონ” ბიძინა ტიტიკოს ძეს, ეტყობა, ამნეზია აქვს იმ ფაქტებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს და რის შესახებაც დეტალურად ვიმსჯელებთ ქვემოთ. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე, აქვს თუ არა ღირსება ადამიანს, რომელიც მხილებულია ეკლესიის გაძარცვაში, ხატების შეურაცხყოფასა და ამორალურ საქციელში.

უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა, მათ შორის, არც მე, მაგრამ, როდესაც მაღალი წოდების სასულიერი პირი, რომელსაც პრეტენზია აქვს ერის წინამძღოლობაზე, შეეხება ეროვნულ ღირებულებებს, ჩვენს რწმენას და გაქურდავს სალოცავებს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალია, ამხილოს ასეთი პიროვნება, რათა ეს იყოს გაფრთხილება იმ პირებისათვის, რომლებსაც აზრად მოუვათ ასეთი ბოროტება.

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here