Home რუბრიკები საზოგადოება საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტის _ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

_ 1977 წლის 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის (დევდარიანი) გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) არჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს გამართულმა საეკლესიო კრებამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურად აირჩია ილია მეორე, 26 დეკემბერს კი მისი ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი მეთაურის წინააღმდეგ დაუფარავად და განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი), რამდენიმე თანამზრახველთან ერთად. ილია მეორის არჩევით კერატიშვილი გავლენას კარგავდა, ამიტომაც იბრძოდა.

ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ მისი რეზიდენცია, რომელიც სიონის ეკლესიის გვერდით იყო, დაიწვა. კათოლიკოს-პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომელი წყობილება იყო, სულიერ მამად მიგვაჩნდა. როგორც კი ეს ფაქტი შეგვატყობინეს, შემთხვევის ადგილზე წავიყვანე გამომძიებელთა ჯგუფი. იმხანად თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემთან ერთად იყვნენ სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ნოდარ წკრიალაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და საქმის ბრწყინვალე მცოდნე.

დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ექსპერტიზა და მივედით დასკვნამდე, რომ ხანძარი იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ წინასწარ განზრახული და ორგანიზებული დანაშაული.

დაიწყო გამოძიება. დაისვა კითხვები _ ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს ბოროტება? ვის აძლევდა ხელს? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული? იმთავითვე ცხადი იყო, რომ საპატრიარქოს საქმეებში უცხო ადამიანი არ იქნებოდა გარეული. დადგინდა იმ ადამიანების წრე, რომლებზეც შეგვეძლო ეჭვი მიგვეტანა. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ პატრიარქს აღსაყდრების პერიოდში ობსტრუქცია მოუწყო სასულიერო პირების გარკვეულმა ჯგუფმა. მათ შორის იყო მიტროპოლიტი გაიოზი. სხვებიც მოყვნენ ჩვენი მხედველობის არეში და დაიწყო ამ პირების შესწავლა. ჩვენი თხოვნით, გამოძიებაში ჩაერთო ოპერატიული სამსახური და დაინტერესდა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა სინოდის წევრებით, რომლებიც აღსაყდრების კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ილია შიოლაშვილისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი გამხდარიყო.

მათგან წამყვანი ფიგურა იყო მიტროპოლიტი გაიოზი. ოპერატიულ განყოფილებებში მასზე მასალები უკვე არსებობდა, რადგან შემჩნეული იყო ძველი ხატებითა და საეკლესიო წიგნებით ვაჭრობაში. ამ კაცმა, რომელიც თავდაპირველად ისე ხელმოკლედ ცხოვრობდა, რომ იძულებული იყო, ღამე ეკლესიაში გაეთია ხოლმე, მოკლე ხანში თბილისში, ხილიანზე იყიდა სახლი, რომელშიც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 65 ათას მანეთზე მეტი გადაიხადა. დავადგინეთ, რომ კერატიშვილს სურდა კათოლიკოსობა, მაგრამ იცოდა, რომ მას არ აირჩევდნენ და ამიტომ პატრიარქობის კანდიდატად წამოაყენა ერთ-ერთი სამოქალაქო პირი. საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურებისა და რიტუალის დაცვის შემდეგ იგი შეიძლებოდა კათოლიკოსად აერჩიათ. ეს კაცი განათლებულიც იყო და საეკლესიო ცხოვრებაში კარგად გარკვეულიც, მაგრამ სუსტი ადამიანი გახლდათ. კერატიშვილის ჩანაფიქრით, მას მალე მოიცილებდა თავიდან და თვითონ დაჯდებოდა საქართველის პატრიარქის ტახტზე.

_ ვის ეკუთვნოდა იმხანად ეკლესიის ქონება?

_ ეკლესიის ქონება საკუთრების რომელ ფორმას ეკუთვნოდა იმ დროს, სადავო იყო, მაგრამ ის გარემოება, რომ გატაცებისა და გაყიდვის საგანი, უმეტეს შემთხვევაში, ქართული ეკლესიისთვის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდა, გვაძლევდა უფლებას, ეს ნივთები საერთო-სახალხო (ეროვნულ), ანუ საზოგადოებრივ საკუთრებად მიგვეჩნია. სახელმწიფო ან საზოგადოების საკუთრების გატაცება კი უმკაცრესად ისჯებოდა. ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლ ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა ჩემი მეგობარი ნოდარ წკრიალაშვილი.

ერთ დღეს ჩემთან მოვიდნენ ნოდარ წკრიალაშვილი და ოპერმუშაკი სტეპანოვი, მათ ქაღალდში შეხვეული რაღაც დადეს მაგიდაზე. გაშალეს. აღმოჩნდა ოქროს ჯვარი, რომელიც დაახლოებით 35 სანტიმეტრი სიგრძის იქნებოდა. მითხრეს, ამ ჯვარს კეტარიშვილი ყიდის, უნდა, რაც შეიძლება მალე შეძლოს მისი რეალიზაცია და მყიდველის მოსაძებნად ჩვენს კაცს მისცა, მან კი ჩვენ მოგვიტანაო. მკითხეს, შეიძლება თუ არა ამაზე რეალიზატორის დაჭერაო. ვუპასუხე, ამ ჯვრის გაყიდვა იგივეა, რაც ჩვეულებრივი ოქროს საათის ან ოქროს ბეჭდის, ამის გამო კი ვერავის დააპატიმრებ-მეთქი.

იმ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლი ითვალისწინებდა უმძიმეს სასჯელს სავალუტო ოპერაციების დარღვევისთვის. უცნაური და, ამასთანავე, საინტერესო იყო ამ მუხლის განმარტება. კერძოდ, თუ პირი გაყიდდა ძვირფასთვლიან ბეჭედს, ეს დანაშაულად არ ითვლებოდა, მაგრამ, თუ ამოიღებდა ძვირფას თვალს ამ ბეჭდიდან და ცალკე გაყიდდა, ჩაითვლებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლით დასასჯელ სუბიექტად. ეს მუხლი კი ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯასაც კი. ეს ყველაფერი ჩემს კაბინეტში შემოსულ თანამშრომლებს ავუხსენი. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი რჩევების მისაღებად ჩემთან კოლეგები ხშირად მოსულან და მეც მათი დაკვალიანება არ დამზარებია.

მეორე დღეს წკრიალაშვილი და სტეპანოვი ისევ მოვიდნენ და მითხრეს, რომ კერატიშვილს შინ აქვს ტიხვინის ღვთისმშობლის უნიკალური ხატი, რომელიც უკანონოდ მიისაკუთრა, არ მინდა ვთქვა, მოიპარა, კათოლოკოს-პატრიარქ დევდარიანისგან, რომელიც უპატიოსნესი ადამიანი იყო. კერატიშვილმა ისარგებლა მისი ნდობით, მასთან სიახლოვით და ხატი მიისაკუთრა. ხატი მოოჭვილი იყო ზურმუხტის ქვებით. კერატიშვილს უთქვამს, ფული ძალიან მჭირდება, რადგან ხილიანზე ბინა ვიყიდე და ვალი მაქვს გასასტუმრებელიო. კოლეგებმა მკითხეს: “ზურმუხტი ძვირფას ქვად წავა?” ვუპასუხე: რა თქმა უნდა, წავა.

ოპერმუშაკმა მითხრა, რომ კერატიშვილს ჩვენი აგენტის თანდასწრებით ხატიდან დანით სამი თვალი ამოუჩიჩქნია და გასაყიდად რკინის პატარა კოლოფში მოუთავსებია. აგენტს დაუპირებია გამორთმევა, მაგრამ კერატიშვილს უთქვამს: ვერ გენდობი, მე თვითონ წავიღებ გასაყიდადო.

პლეხანოვის გამზირზე, ყოფილ კინოთეატრ “ოქტომბერთან” იყო ოქროს ჯართის შემსყიდველი პუნქტი. ეს კანონით იყო დაშვებული. თუ, მაგალითად, ოქროს საათს მიიტანდი ან ბეჭედს, იყიდიდნენ, მაგრამ, თუ გადაადნობდი, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებდი. დავგეგმეთ, რომ ჩვენს აგენტს კერატიშვილი იმ შემსყიდველ პუნქტში უნდა მიეყვანა. ასეთ პუნქტებში მომუშავე პირები ჩვენთან იყვნენ დაკავშირებული ან უშიშროებასთან, ან _ ორივესთან ერთად.

დღევანდელ კანონმდებლობაში შემოღებულია საპროცესო გარიგების ცნება. დანაშაულს თუ აღიარებ და გამოძიებასთან ითანამშრომლებ, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდები. იმ პერიოდში ასე არ იყო. მე თუ დანაშაულის მონაწილე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებდი და ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან, პასუხისმგებლობა მაინც მეკისრებოდა. დამუშავდა ამ ოპერაციის განხორციელების ზუსტი სცენარი, ვის რა უნდა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო. გათვალისწინებული იყო ოპერაციის მონაწილე აგენტების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაც.

მოკლედ, წაიყვანეს კერატიშვილი ძვირფასეულობის შემსყიდველ პუნქტში. ჩვენ ვსხედვართ და ველოდებით. დაახლოებით ერთ საათში მირეკავს წკრიალაშვილი, რომ ობიექტი დააკავს. მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი გავიყოლეთ და სასწრაფოდ მივედით დაკავების ადგილზე. გავეცი განკარგულება, იქ მოეყვანათ საპატრიარქოს წარმომადგენელიც, რადგან დაკავებული იყო საეკლესიო იერარქიის მეორე პირი. ისიც მოიყვანეს.

_ საეკლესიო პირის დაკავებამ ხმაური არ გამოიწვია?

_ პლეხანოვზე გავიზარდე, მაგრამ ერთად შეკრებილი ამდენი ადამიანი არასოდეს მინახავს. ოპერაცია კინოსეანსის დასრულებას დაემთხვა. სამღვდელო პირის დაკავების ამბავი სწრაფად გავრცელდა და იმდენი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, რომ პლეხანოვზე მოძრაობა გადაიკეტა.

შევედით შემსყიდველ პუნქტში. ერთი პატარა ოთახია. ვხედავთ, დგას მაღალი, წელში გამართული, შავოსანი სამღვდელო პირი, შავი წვერით, აბრიალებს თვალებს, ხელში კი დიდი კვერთხი უჭირავს.

_ ვინ ბრძანდებით? _ შევეკითხე.

_ შენ ვინ გეკითხება? _ უხეშად მიპასუხა.

ვუთხარი, ვინც ვიყავი და ავუხსენი, რომ ის, რაც აქ ხდებოდა, სწორედ მე მეკითხებოდა. ხელმეორედ ვკითხე ვინაობა. ამჯერად მიპასუხა, _ მიტროპოლიტი გაიოზი ვარო.

_ აქ რატომ მოხვედით? _ ვკითხე.

_ ეს ჩემი საქმეა, თქვენ არავინ გეკითხებათ, _ მიპასუხა მან.

მაშინ პუნქტის შემსყიდველ თანამშრომელს მივმართე:

_ რატომ მოვიდა ეს კაცი თქვენთან?

_ ზურმუხტის სამი თვალი მოგვიტანა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძვირფასი ქვების შესყიდვა აგვიკრძალეს, ამიტომ უარი ვუთხარი, თუმცა ვასწავლე, ზურმუხტებს ვინ შეისყიდდა, _ მიპასუხა პუნქტის თანამშრომელმა.

მარტო მოვიდა? _ ვიკითხე მე.

_ არა, ეს კაცი მოჰყვა, _ მიპასუხა პუნქტის თანამშრომელმა და ჩვენს აგენტზე მიმითითა. _ იმან მკითხა, რა ეღირებაო (მღვდელზე მიმითითა). ვუთხარი, 38-40 ათას მანეთზე მეტად ვერ გაიყიდება-მეთქი. ვინც მოჰყვა, იმან წამოიძახა:

_ არა, ძმაო, ამ საქმეში მე ვერ გავერევი, თავი დამანებეთ!

ამ მომენტში შემოვარდნენ უფორმოები და მღვდელი დააკავეს.

_ ასე იყო? _ ვკითხე კერატიშვილს.

მღვდელმა მიპასუხა, _ რა სისულელეებს ლაპარაკობენ ესენიო. ვუთხარი, ჯიბიდან ამოეღო ყველაფერი, რაც ედო. უარი თქვა, გაჯიუტდა. მაშინ ვუბრძანე, გაეჩხრიკათ. იქ იყვნენ სოციალისტური საკუთრების დატაცებასთან მებრძოლი განყოფილების (“ობეხეესი”) უფროსის მოადგილე ბორის გედევანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ეცნენ კერატიშვილს, მაგრამ ვატყობ, კანკალებენ უჩვეულო სიტუაციისა და მორიდების გამო.

_ უღმერთოები ხართ თქვენ! თვითონ ამოვიღებ ჯობიდან, რაც მაქვს, _ განაცხადა კერატიშვილმა და მოგვაწოდა პატარა კოლოფი. გავხსენით, შიგ ზურმუხტის სამი თვალი და რამდენიმე ცირკონი თუ სხვა ნახევრადძვირფასი ქვა იდო. შევადგინეთ აღწერის ოქმი. ვეკითხები დაკავებულს: _ სად ცხოვრობთ?

მან აგდებით მიპასუხა, თქვენ ვინ გეკითხებათო. კვლავ გავუმეორე შეკითხვა, რის შემდეგაც მითხრა, რომ ხილიანზე ცხოვრობდა.

_ წავიდეთ ხილიანზე, _ ვუთხარი მე.

_ რატომ? _ მკითხა.

ვუთხარი, რომ მისი სახლი უნდა გამეჩხრიკა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here