საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოწოლილი ამბიციები ვერ დამალეს და ერთმანეთს დაერივნენ. შეურაცხმყოფელი ფრაზები, ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენება ჩვეულებრივ ამბად იქცა და ახლა ყველა იმ სხდომის მოლოდინშია, რომელზეც მტყუან–მართალი უნდა გაირკვეს, ვიღაცას ყურს აუწევენ, ვიღაცას თავზე ხელს გადაუსვამენ, ვიღაცას დატუქსავენ და ისევ ისე გაგრძელდება ცხოვრება, როგორც აქამდე. რა თქმა უნდა, დატუქსულები ბოღმას გულში შეინახავენ მორიგ ამოხეთქვამდე, მერე კი ისევ შეიკრიბებიან და ასე დაუსრულებლად. ჰო, მთავარი არ დაგვავიწყდეს _ ყველა ელოდება, რომ ამ შეხვედრაზე აუცილებლად მივა ბიძინა ივანიშვლი და დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ–ერთის პოზიციას გაიზიარებს…
რას იზამს რეალურად ივანიშვილი, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვის დატუქსავს ექსპრემიერი ან დატუქსავს თუ არა საერთოდ, არამედ ის, როგორ მივედით იქამდე, რომ საკანონმდებლო ორგანო ყველაფერია, გარდა პარლამენტისა. იქ არის ჩხუბი, გარჩევა, წილების გადანაწილება, გაყოფა, გამრავლება და, ვისი დეპუტატი ვის ფრაქციაშია, რეალურად თვითონაც არ იციან. პარლამენტარებმა ეს დაპირისპირება ძველებისა და ახლების ბრძოლად მონათლეს, მაგრამ რეალობა სხვაა. რომელი ძველები და რა ახლები?! კი ამბობენ წინა მოწვევის პარლამენტარები: ძველები ისინი ვართ, ვინც 2012 წელს კარდაკარ ვიარეთ და ვისაც მოსახლეობა გვენდო და ხელისუფლებაში მოგვიყვანაო, მაგრამ იმაზე ჩუმად არიან, კარდაკარ რომ დადიოდნენ, დაპირებებსაც არიგებდნენ და პრაქტიკულად არაფერი შეუსრულებიათ: არ მოუმატებიათ პენსია, არ აშენებულა ქარხნები, არსად ჩანს უფასო ფული, დაბალპროცენტიანი კრედიტები და რეალურად, ბოლო ექვს წელიწადში ქვეყანა გაღარიბდა.
ეს _ ძველების “გმირობა”. რაც შეეხება ახლებს, ახალი სახეები, ახალგაზრდული სახეები, პარლამენტში მოხვედრის პირველი დღიდანვე ზემოდან უყურებდნენ ყველას და ყველაფერს. ისე გეგონებოდათ, თითქოს მათ ეს ადგილი დიდი ხნის წინათ დაიმსახურეს და ახლაღა ეღირსათ. თავს გვამადლიან იმის გამო, რომ თვეში ათასობით ხელფასს ვუხდით და, რაც მთავარია, ამ ხელფასს ერთ რამეში იღებენ _ არაფრის კეთებაში, მაგრამ იმასაც ნიჭი უნდა, არაფერი აკეთო და თან ისეთი სახე გქონდეს, თითქოს მართლა გაწუხებს ქვეყნის ბედი. ერთმა ჩემმა მეგობარმა იწინასწარმეტყველა: ახალგაზრდები გაზაფხულზე აურევენ, ისეთ ასაკში არიან, ჰორმონების შემოტევას ვერ გაუძლებენ და ეს ყველაფერი ზედაპირზე წამოვაო. ჰოდა, პრინციპით, “კოკასა შიგან რაცა დგას”, რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა. ჰორმონები ტყუილად არ მიხსენებია, ამ ასაკში ასეთი თანამდებობები რატომ და რისთვის ერგოთ, თვითონაც არ იციან, მაგრამ შეიფერეს, დაიჯერეს და ბატონკაცურად ჭკუას არიგებენ ქვეყანას. მხოლოდ ჭკუის დარიგებას ვინ ჩივის, ჰგონიათ, რომ მათ გარეშე დედამიწაც არ ბრუნავს, რომ ნულოვანი მერიდიანი მათ კაბინეტს კვეთს, რომ სამყაროს ღერძი იმ კალამზე გადის, რომლითაც ხელს აწერენ და…
რეალურად, ძველები და ახლები, უბრალოდ, არ არსებობენ, დღეს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ და არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ პარლამენტში არ უნდა ისხდნენ. ეს არის მთელი ფილოსოფია ძველებსა და ახლებზე, თორემ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არასამთავრობოებში გამოზრდილი ჩუგოშვილი, თალაკვაძე, მდინარაძე და ზარდიაშვილი კარგს რომ არაფერს მოიმოქმედებდნენ, აქამდეც უნდა სცოდნოდა იმ ფრთას, ძველებს რომ უწოდებს თავს, და მათ მამა-მარჩენალსაც. აი, ირაკლი კობახიძე, საერთოდ, განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ ერთი, ვერავინ იხსენებს 2012 წლამდე მას სააკაშვილი გაეკრიტიკებინოს, საკუთარი აზრი გამოეხატოს, წინა ხელისუფლებაზე ეთქვას, ცუდიაო… ვერ იხსენებს იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა და მეორეც: კობახიძე პოლიტიკურ ასპარეზზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ოპოზიციაში ჩანერგილმა მამამისმა გამოაცხადა, _ პოლიტიკურ პენსიაზე გავდივარო და ივანიშვილს სთხოვა, შვილი დამისაქმეო. ირაკლიც დაასაქმეს პარტიაში, როგორც ტიგრანა გულოიანი იტყოდა, დროშა იყო და ტარი გაუკეთეს. მერე ბიჭმა ბიჭები შემოიკრიბა გარშემო და… ამას წინათ თქვა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა: კობახიძის მშობლებს მივმართავ, მიხედონ ბავშვს, დაიღუპება, მერე ფსიქიატრიც ვეღარ უშველის, ახლა კი ფსიქოლოგებმა შეიძლება მოარჩინონო.
ჰოდა, ექსპერტს პარლამენტის თავმჯდომარის ფსიქიკურ აშლილობაზე რომ აქვს ეჭვი, ეს ნორმალურია? აკი ამბობენ კიდეც, ყველაზე ნაკლებად სიტუაციის დალაგება სწორედ კობახიძესა და მის თანამოაზრეებს არ აძლევთ ხელს, რადგან მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უფრო ადვილია და სატყუარაც სერიოზულიაო _ სააკაშვილის მიერ დაფრთიანებული ბიჭბუჭობა საპრეზიდენტო კანდიდატად ხომ თავისი კადრის გაყვანას აპირებს და აქეთ კვირიკაშვილის შემცვლელიც შეგულებული ჰყავთ უკვე, ანუ მათი გათვლა მარტივია _ პარლამენტი ჯიბეში აქვთ, დარჩა პრეზიდენტისა და პრემიერის სავარძელი. მომავალ წელსაც ხომ დადგება გაზაფხული და ჰორმონების შემოტევას უფრო ფართო გასაქანი უნდა მისცენ ახალგაზრდებმა.
პარლამენტი, კარგა ხანია, კომკავშირს ჰგავს, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე _ კომკავშირის მდივანს. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ თალაკვაძემ დავით ჭიჭინაძის განცხადების შემდეგ გაბრაზებული ბავშვის იერი მიიღო (აი ისეთის, სათამაშოს რომ არ უყიდიან) და განაცხადა: ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემაო. არადა, ბატონმა დავითმა, უბრალოდ, აღნიშნა, _ კოლექტიური ზარდიაშვილები უნდა დამთავრდესო. ზარდიაშვილი ხომ იცით, რომელია? _ აი ის, ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი რომ იყო და მერე პროკურორობა რომ მოუნდა, მაგრამ ნარკოტესტი ვერ ჩააბარა, ანალიზზე სხვისი შარდი პრეზერვატივით შეჰქონდა და არ გამოუვიდა, გამოიჭირეს. არ გეგონოთ, ეს ყველაფერი მე გამოვიგონე. არა, ბატონებო, ეს ზარდიაშვილის თანაგუნდელის, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებაა.
სხვათა შორის, შარდი ქართულ პოლიტიკაში აქტუალურია. ქვეშაფსია პრეზიდენტი ხომ გვყავდა, გორში მტვრის ბუღი რომ დააყენა?! ახლა ხომ გვყავს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ქვეშაფსია თავმჯდომარე?! ჰო, ირაკლი სესიაშვილზე მოგახსენებთ, კაცზე, რომელიც ჯარში არ წავიდა და ცნობა მიიტანა, _ ვიფსამო… ახლა კიდევ ზარდიაშვილი, ახალგაზრდების ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ზონდერი და ნაციონალების მეხოტბე, რომელიც ნაციონალების პროკურატურის დერეფნებში ხან ყავის ჭიქით დარბოდა, ადეიშვილისთვის რომ მიერთმია, ხან პრეზერვატივში ჩასხმული შარდით, ანალიზი რომ ჩაებარებინა. ქვეშაფსიას ებარა ქვეყანა და ისე ჩანს, უკეთეს მდგომარეობაში არც ახლა ვართ. “უძინართა მზის” პერსონაჟი რომ ამბობს: “შე შარდის ბუშტო…” აი, ასეთი სურვილი ჩნდება უნებლიეთ _ შეხვიდე პარლამენტში და დაიყვირო ეს ფრაზა. მერწმუნეთ, ძალიან, ძალიან ბევრი მოიხედავს.
ჰოდა, ამ ყველაფრით გათამამებულმა სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა: აქაოდა, ხომ ხედავთ, უსუსურები არიან, ისევ მე ამირჩიეთ, ჩამოვალო. სააკაშვილის ქვეშაფსიობაზე უკვე გითხარით და ეგ ჩამომსვლელი არ არის, ძალიან სერიოზული გარანტიები თუ არ ექნება და რომც ჩამოვიდეს, გგონიათ, რამეს შეცვლის დღევანდელ პარლამენტში?! პირიქით _ იქ სწორედ ის ხალხია, რომელიც მას მხარს უჭერს და აკი ამიტომაც ამბობენ, დღევანდელ პარლამენტში იმდენი ნაციონალია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რომ არ ყოფილაო. ეს ხუმრობა არ არის, ეს რეალობაა და 2012 წელს ჩატარებული არჩევნები თავისი დაპირებებით, არჩეული თუ ასარჩევი ხალხით, არსაიდან მოსული სახეებითა და სახელებით სულ უფრო მეტად ემსგავსება ფარსს, სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი, რომელიც გვიან აღვიქვით, თუმცა ისიც საკითხავია, ბოლომდე აღვიქვით თუ არა.
კიდევ ვიმეორებთ: არანაირი ძველები და ახლები არ არსებობენ. დღეს პარლამენტში არიან სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმის აქტივისტები და ადამიანები, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში “შეიტანეს” და “დადეს”. ეს კი ერთი კაცის ბრალია, იმ კაცის, რომელსაც დაანონსებულ სხდომაზე ელოდებიან და, ერთი სული აქვთ, გაიგონ, ვის მხარეს დადგება. რეალურად, ერთ კაცზე კიდია ყველაფერი და მერე ნუ გიკვირთ ხოლმე, იმ კაცსაც რომ ჰკიდია… ყველაფერი.
ბესო ბარბაქაძე
ბიძინა მოვაო და მოვიდა კიდეც პარტიის ხელმძღვანელად,მერედა ჩვენ რა?