გასულ კვირას თავი შეგვახსენა ორმა გავლენიანმა ამერიკულმა ორგანიზაციამ: “ფრიდომ ჰაუსმა” და “საერთაშორისო საკითხების ეროვნულ– დემოკრატიულმა ინსტიტუტმა”. ამ უკანასკნელს, როგორც წესი, უბრალოდ, ენ–დი–აის ვუწოდებთ. პირველმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში “თავისუფლება მსოფლიოში”, ხოლო მეორემ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გაგვაცნო. ორივე დოკუმენტი საკმაოდ საგულისხმო ინფორმაციას შეიცავს.
“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მთავარი დასკვნა შემდეგია: მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი მცირდება. რაც შეეხება საქართველოს, მას კვლავინდებურად “ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანას” უწოდებენ. “ფრიდომ ჰაუსმა” ყურადღება ორ ფაქტზე გაამახვილა: “აფგან მუხთარლი თბილისში თითქოსდა ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს, შემდეგ აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს, რამაც გააჩინა ეჭვები გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობაზე”. კიდევ ერთი კრიტიკული აბზაცი პოლიტიკურ სიტუაციას ეხება: “ახლახან “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რაც მისი მფარველის, დახურულ კარს მიღმა მცხოვრები მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დანაწევრებული ოპოზიციის შედეგიან ბრძოლას მომავალ არჩევნებში კიდევ უფრო სათუოს გახდის და პოტენციურად გაამყარებს მმართველი პარტიის კონტროლს მომდევნო წლებში”.
ის, რომ სამარცხვინო საკონსტიტუციო რეფორმა უკვე მოხვდა და კიდევ არაერთგზის მოხვდება სხვადასხვა ანგარიშში, ალბათ, გასაკვირი არაა, თუმცა, ალბათ, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც “ქართული ოცნების” ძალაუფლებას ამყარებს. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილმა ხელმძღვანელმა (2010-2014) დევიდ კრამერმა შემდეგი რამ თქვა: “ჩემთვის გაუგებარია, რისი გაკეთება სურს “ქართულ ოცნებას” ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს, რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ”. საკვანძო სიტყვა ამ რეპლიკაში “დაბრუნებაა” – ის შეიძლება მხოლოდ ორ პარტიას: “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” ეხებოდეს. საზოგადოების დიდი ნაწილი მათ ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალებად საერთოდ არ თვლის, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა, აქ კი მთავარია სხვა რამ. მანამ, სანამ იარსებებს ამ პარტიების ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც მინიმალური საფრთხე, ხოლო გარკვეული ძალები ვაშინგტონში მათ პრივილეგირებულ პარტნიორებად განიხილავენ, “ქართული ოცნების” ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა, ძალიან მაღალი ალბათობით, ერთსა და იმავე არჩევანს გააკეთებს და არათუ საეჭვო საკონსტიტუციო რეფორმას დაუჭერს მხარს, არამედ აშკარად დიქტატორულ გადახრებსაც კი.
მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს საქართველოში ანტიამერიკული განწყობის გაძლიერებას. კრამერს რომ ეთქვა: “მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მოსვლა შეძლონ” _ ეს სავსებით ბუნებრივი და სამართლიანი იქნებოდა და ყველა ოპოზიციურ პარტიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ მან “დაბრუნება” ახსენა და ძველი რეჟიმის ოპონენტების რეაქცია ამ და სხვა მსგავს განცხადებებზე, ბუნებრივია, მკვეთრად ნეგატიური იქნება. გაუგებარია, რა ლოგიკით ხელმძღვანელობდა კრამერი და რატომ აღიზიანებდა ამ ადამიანებს, რომელთაც, დეტალებში ჩაღრმავების გარეშე, შეიძლება “ფრიდომ ჰაუსი” სააკაშვილის მოკავშირედ ჩათვალონ.
ზედმეტი დაახლოება სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრალად ენ–დი–აი–საც წაუყენეს, მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების წინ მან გამოაქვეყნა რეალობას აშაკრად აცდენილი რეიტიგები, რომლებიც “ნაცმოძრაობის” ტრიუმფალურ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. ამის შემდეგ აპელირება ენ–დი–აი–ს რეიტინგების მიმართ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ექსპერტების ნაწილი ამას ცუდ ტონად თვლის, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი ამ მონაცემებზე სერიოზულ კომენტარს აღარ აკეთებენ. თუმცა, პარტიების რეიტინგების გარდა, არის სხვა მონაცემებიც, რომლებიც პოლიტიკას უშუალოდ არ ეხება. ის გაცილებით ახლოს დგას რეალობასთან, რასაც სხვა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები ადასტურებს. დასანანია, რომ არც ერთი ქართული ან საერთაშორისო ორგანიზაცია არ ასაჯაროებს ასეთი მოცულობის ინფორმაციას უფასოდ; ზოგიერთ შემთხვევაში ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
ენ-დი-აი-ს ბოლო მონაცემები (2298 რესპონდენტი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გამოკითხეს) რამდენიმე საგულისმო მაჩვენებელს შეიცავს. მართალია, ნდობა მედიის მიმართ მთელ მსოფლიოში მცირდება, მაგრამ ამ გამოკითხვაში ასახული სურათი კატასტროფულია:
გამოკითხულთა 60% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, 51% იმავეს ონლაინ–გამოცემებზე ამბობს, ხოლო 43% _ ბეჭდურ მედიაზე. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებობს რუსული პროპაგანდა, 45% საუბრობს ევროკავშირიდან, ხოლო 41% აშშ–დან მომავალ პროპაგანდაზე. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა აზრით, ქართული სატელევიზიო არხებით, უპირველესად, დასავლური პროპაგანდა ვრცელდება. რესპოდენტების 66% თვლის, რომ ამ გზით ვრცელდება აშშ–დან მომავალი პროპაგანდა, 66% _ ევროკავშირიდან, 53% კი რუსეთიდან მომავალ პროპაგანდაზე მიუთითებს. რაც შეეხება ინტერნეტს, აქ გამოკითხულთა 31%, უპირველესად, ამერიკულ პროპაგანდას ხედავს, 31% _ ევროპულს, 28% კი _ რუსულს.
საინტერესო სურათია პოლიტიკური პარტიების მიმართ: გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ისინი რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, 26% _ ამერიკულს, 23% კი _ ევროპულს. მთლიანობაში ეს, ალბათ, კოშმარული შედეგია _ აშკარაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცრუის და ტოტალური პროპაგანდის ატმოსფეროში ცხოვრობს.
როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს: “რომელ არხებს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად?”, 46%-მა “იმედი” დაასახელა, ამდენივემ _ “რუსთავი 2” და მხოლოდ 9%-მა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს, ალბათ, ცალკე კოშმარია, უფრო სწორად, საზოგადოებრივი კოშმარი.
შეკითხვაზე _ “რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი?” _ გამოკითხულთა 54%-მა სამუშაო ადგილები დასასახელა, 35%-მა _ ფასების ზრდა და ინფლაცია, 30%-მა _ სიღარიბე, 25%-მა _ პენსიები, 23%-მა _ ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ამდენივემ _ ტერიტორიული მთლიანობა, 20%-მა კი _ ხელფასები (დანარჩენი პასუხები 20%-ს ქვემოთაა, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა _ 10%). არსებითი ცვლილება პრიორიტეტებში, წინა კვლევასთან შედარებით, არ მომხდარა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა და ის ტოპ-სამეულიდან ამოვარდა, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების პრიორიტეტულობა კი გაიზარდა. ვითარება ამ მხრივ მართლაც დამძიმდა და პრაქტიკულად გაუსაძლისი გახდა; ადამიანი, რომელიც თვითგადარჩენისთვის იბრძვის, ეროვნულ საქმეზე იშვიათად ფიქრობს.
გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26% თვლის, რომ _ სწორი მიმართულებით, ხოლო პასუხში “საქართველო საერთოდ არ იცვლება”, ალბათ, უფრო მეტი პესიმისტური ირონიაა, ვიდრე სტაბილურობის შეგრძნება. ეს მაჩვენებლები ძალიან საინტერესოდ იცვლება _ გრაფიკზე კარგად ჩანს ოპტიმიზმის შემცირება 2014 წლიდან, როდესაც ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებული დადებითი მოლოდინების პერიოდი, როგორც ჩანს, დასრულდა. ამ მონაცემების თანახმად, 2012 წლის არჩევნების მომდევნო პერიოდში პესიმისტების ხვედრითი წილი შემცირდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო მისი ზრდა და საბოლოოდ ის უფრო დიდი გახდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში იყო. ამას, ალბათ, შეიძლება იმედგაცრუების პიკი ვუწოდოთ. მის არსებობას, ალბათ, ვერავინ უარყოფს, მიუხედავად იმისა, ენდობა თუ არა ენ-დი-აი-ს. პარადოქსულია, მაგრამ ამ ფონზე მთავრობის საქმიანობის შეფასება, ივნისთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესდა და ეს, ალბათ, ადგილობრივი არჩევნების პერიოდში წარმოებული ინტენსიური პროპაგანდისტული კამპანიის შედეგია.
როდესაც რესპონდენტებს სთხოვეს, აერჩიათ პასუხი “საქართველო უნდა გაწევრდეს ევროკავშირში” ან “საქართველო უნდა გაწევრდეს ევრაზიულ კავშირში” (იქვე ნახსენები იყო ამ ორგანიზაციების დამაარსებელი ქვეყნებიც) _ ევროკავშირში გაწევრებას გამოკითხულთა 60% მიემხრო, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრებას _ 29%. საინტერესოა, რომ წლის განმავლობაში პირველმა მაჩვენებელმა იკლო, ხოლო მეორე გაიზარდა. გამოკითხულთა 8% არც ერთ მოსაზრებას არ დაეთანხმა, 3%-მა განაცხადა, რომ არ იცის.
განსაკუთრებული რეზონანსი საზოგადოებაში გამოიწვია გამოკითხვამ იმის თაობაზე, ვინ უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით _ რუსეთი თუ აშშ. 41%-მა რუსეთი დაასახელა, 36%-მა _ აშშ, 15%-მა განაცხადა, რომ ისინი თანაბარი ძალის არიან, 8%-მა კი თქვა, რომ არ იცის. ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში ხმაურიანი დებატები გაიმართა, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი კითხვების დასმა იმ ადამიანებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი სამხედრო საკითხებში არაკომპეტენტურია. სამხედრო ძლიერება მოსაზრებებითა და შეგრძნებებით არ იზომება და ამ გამოკითხვის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, ზემოთ ნახსენები პროპაგანდის ეფექტურობის “გაზომვა” იყო. ან რა უნდა თქვან ძალთა გლობალურ ბალანსზე ადამიანებმა, რომელთა 59% აღიარებს, რომ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი (კიდევ 14%-მა სხვა გვარი დაასახელა)?
იყო სხვა კითხვები საგარეო პოლიტიკაზე, ადგილობრივ არჩევნებზე და ა.შ., მაგრამ ყურადღება, ალბათ, იმას უნდა მივაქციოთ, რომ გასული თვის შემოსავლებსა და ხარჯებზე საუბრისას გამოკითხულთა 50-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე მცირე იყო. მათ შორის 1%-მა განაცხადა, რომ შემოსავალი საერთოდ არ მიუღია; 11%-მა თქვა, რომ შემოსავალი 180 ლარს არ აღემატებოდა; 17%-მა _ 300 ლარს, 21%-მა კი _ 500 ლარს. საუბარია არა ცალკეული პირების, არამედ ოჯახების(!) შემოსავალზე. ეს, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების სოციალურ–ეკონომიკურ პოლიტიკას ერთხელ და სამუდამოდ, მოკლედ და მარტივად გენოციდი უნდა ვუწოდოთ.
დიმიტრი მონიავა