საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურს რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო–გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო–საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მუსლიმ პირებს დაბრკოლებები ექმნებათ.
განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და ააიპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდა: „მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ საზღვრის დაცვა და კონტროლი, როგორც წესი, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული ამოცანის მიღწევის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უფლების შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის რელიგიური კუთვნილებით არის განპირობებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები; ამასთან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპასპორტო-სავიზო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარეს სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა.
სანდრო ბრეგაძე: მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ ნანუაშვილი არ არის სახალხო დამცველი, ის არის სახალხი მოღალატე. ის არის საქართველოს მიმართ მტულად განწყობილი ძალების მიერ ჩანერგილი ხორცმეტი, რომელიც ნებისმიერი თავისი მოქმედებით ცდილობს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევას. აქ უბრალოდ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ მისი კავშირებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ.
რაც ეეხება ამ უგვანო მოღალატის კონკრეტულ განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ეს ადამიანი ძირს უთხრის სახელმწიფოს და თითოეული მისი განცხადება, თითოეული მისი ნაბიჯი, შეგნებულად მიმართულია ამ მიზნისკენ. როგორ შეიძლება, ქართულ სამართალდამცველ ორგანოებს აუკრძალო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთელს მსოფლიოში ურთულესი მდგომარეობაა ტერორიზმის კუთხით და ყველა ვხედავთ, რა ხდება ევროპაში. კიდევ ვიმეორებ, ნანუაშვილი არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალებისგან მართული და ის ცდილობს, საფუძველი მოურყიოს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანი სასწრაფო წესითაა გადასაყენებელი, თუ არა და მისი ეს მოღალატეობრივი ქმედებები მომავალში კიდევ უფრო დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს…
ჯაბა ჟვანია