Home რუბრიკები საზოგადოება სანამ ქართველ ფეხბურთელს არ ეცოდინება, რომ თვის განმავლობაში დაღვრილი ოფლი თვის ბოლოს...

სანამ ქართველ ფეხბურთელს არ ეცოდინება, რომ თვის განმავლობაში დაღვრილი ოფლი თვის ბოლოს შესაბამისად აუნაზღაურდება, მანამდე არაფერი გვეშველება

ფეხბურთის განვითარების პროექტი, რომელიც დაიწყო მთავრობამ, ჩანასახშივე განწირული იყო

1072
ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი

ოთხმა ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ევროთასებზე გამოსვლა დაიწყო და დაასრულა. “სამტრედიამ”, ქუთაისისტორპედომ”, ბათუმისდინამომდა საჩხერისჩიხურამ”, საერთო ჯამში, რვა შეხვედრა ითამაშეს (გასვლამიღება). ამ რვა შეხვედრაში 2 გოლი გაიტანეს და 22 გაუშვეს, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართულმა კლუბებმა მეტოქის კარში 17-ჯერ დაარტყეს, წუთობრივად თუ დავიანგარიშებთ, გამოვა, რომ მეტოქის კარში თითო ტაიმის, ანუ 45 წუთის განმავლობაში ერთხელ ურტყამდნენ. ეს საერთო სტატისტიკაა, თორემ ოთხივე კლუბმა, სულ ცოტა, თითო ტაიმი ისე ჩაატარა, კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს; და თუ კარში არ დაარტყამ, ისე გოლი არ გადის და

ცოტა უცნაურად განავგრძოთ _ ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” “ბარსელონიდან” ბრაზილიელი ნეიმარის ყიდვას აპირებს, ამისთვის 222 მილიონ ევროს იხდის, თვითონ ფეხბურთელს კი ხელფასად კვირაში მილიონს ჰპირდება. ახლა მეტყვით, რაღა ნეიმარსა და “ბარსელონას” გვადარებ, ცოტა დაბალ დონეს შეგვადარეო და, კი ბატონო: აზერბაიჯანულმა კლუბებმა სეზონისწინა მზადებისას ტრანსფერებში, საერთო ჯამში, 35 მილიონი დოლარი დახარჯეს, ყაზახურმა კლუბებმა _ თითქმის ორჯერ მეტი… უფრო დაბალი დონე გნებავთ? კეთილი _ ლუქსემბურგულმა “ნიდერკორნმა” (არის ასეთი გუნდი), ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გლაზგოს “რეინჯერსი” გამოაგდო. რატომ და როგორ? როგორ და ლუქსემბურგელებს თავმოყვარეობა აღმოაჩნდათ, ლუქსემბურგის მთავარ მწვრთნელს მატჩამდე არ უთქვამს, “რეინჯერსი” ევროპული გრანდია და ფავორიტები არიანო. გავიდნენ “ნიდერკორნის” ფეხბურთელები მოედანზე, ის ფეხბურთელები, რომელთა ნახევარიც პროფესიონალი არ არის, პარალელურად ტაქსისტად, ეკონომისტად, მეთევზედ და ბუღალტრად მუშაობს და “რეინჯერსს” ბრძოლა გაუმართეს, გლაზგოში წაგებული 0:1-ის მერე, შინ 2:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ზემოთ ტრანსფერები ვახსენეთ და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის “დინამომ”, ფოთის “კოლხეთისგან” სულ რაღაც ერთი კვირის წინათ უკრაინელი ფორვარდი, მიკოლა კოვტალიუკი, იყიდა. კოვტალიუკი ფოთელთა მთავარი დამრტყმელი ძალა გახლდათ _ მიმდინარე სეზონში ზღვისპირელთა მიერ გატანილი 18 ბურთიდან 10 სწორედ უკრაინელ ფორვარდზე მოდის. როგორ ფიქრობთ, რამდენს გადაიხდიდა “დინამო” კოვტალიუკში და რამდენად შეელეოდა გუნდის მთავარ თავდამსხმელს “კოლხეთი”?! 3 (სამი) ათასი დოლარი, ბატონებო. დიახ, ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი საქართველოში სამი ათასი დოლარი დაჯდა…

ევროთასებზე შერცხვენილი კლუბების ხელმძღვანელებმა ხელი ფედერაციისკენ გაიშვირეს, _ მას შემდეგ, რაც ფორმატი შეიცვალა და ახალ სისტემაზე გადავედით, თამაში გვიჭირს და სწორედ ამის ბრალია, ევროთასებზე რომ შევრცხვითო. ამ განცხადებამ კი ფედერაციის პრეზიდენტი და, ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი გააღიზიანა.

“ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს. ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა, კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს, ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ, როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყავდეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ.

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. “ლუდოგორეცთან” გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინათ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ, რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიჰყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილს ვტკეპნით.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს, სად უნდა წავიდეს _ ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო. წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივები, ფეხბურთელები… ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიჰყვებიან.

კლუბს ხ თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ ხ-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს”, _ განაცხადა კობიაშვილმა.

თითქმის ანალოგიური თვალსაზრისი აქვს სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ფედერაციისა და სახელმწიფოსგან მიღებული ფული კლუბებმა აკადემიებში უნდა ჩადონ და ახალგაზრდა თაობა განავითარონ, სხვანაირად არაფერი გამოვა. კი, მაგრამ, ბატონო ტარიელ, რომელ აკადემიებში? შეგიძლიათ დაასახელოთ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე რამდენ კლუბს აქვს აკადემია? მართალია, აკადემიის შექმნა მოთხოვნებშიც წერია და ფურცელზეც არსებობს, მაგრამ თქვენ ხომ ჩვენზე უკეთ იცით, რომ რეალურად გამართული სტრუქტურა აქვსდინამოს”, თქვენს მფლობელობაში არსებულსაბურთალოსდაკიდევ ვის აქვს გამართული აკადემია, ეგებ შემახსენოთ?! ჰო, ჩვენც გვიჭირს გახსენება და მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ თავს ვიტყუებთ და ფეხბურთის განვითარების პროექტი, რომელიც დაიწყო მთავრობამ, ჩანასახშივე განწირული იყო. განწირული იყო იმიტომ, რომ კლუბებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი სახელმწიფომ ისევ უკან წაიღო, ხან 200-ლარიანი ბურთები იყიდეს კლუბებმა 700 ლარად, ხანაც დაფინანსების ფორმატი შეცვალეთ და თითო კლუბს ასი ათასი ჩამოეჭრა… ყველაზე მთავარი _ აღნიშნული დაფინანსების სქემა სხვას არავის უცდია, სხვას არავის გამოუყენებია და, ფინანსებში ქართული ნოუ-ჰაუ რომ არ ამართლებს ხოლმე, თქვენ ჩვენზე უკეთ იცით.

ისიც იცით, როგორ განვითარდა რეალურად ფეხბურთი იმ ქვეყნებში, რომლებთან თამაშს არც კი ვკადრულობდით თავის დროზე. აზერბაიჯანი, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ყაზახეთი, ბელარუსი… პრაქტიკულად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე წინ წავიდა, გაგვისწრო და ახლა ყველა საბჭოურ კლუბს უხარია, ევროთასებზე წილისყრა ქართულ კლუბს თუ შეახვედრებს, იციან, უეჭველი მოიგებენ და იმიტომ. არც ერთ ქვეყანაში ჯადოსნური ჯოხი არ დაუქნევიათ, არც ერთ ქვეყანაში ერთ დღეში არ მოსულა წარმატება. უბრალოდ, სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა: იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც ფეხბურთში ფულის დაბანდება გადაწყვიტეს, შეღავათები დაუწესა; იმ საფეხბურთო აკადემიებს, რომლებმაც ინფრასტრუქტურა სერიოზულ დონეზე გამართეს, მიწის გადასახადი მოუხსნა; წყლის გადასახადი, რომლითაც მოედნებს რწყავდნენ, გაუნახევრა; დენის გადასახადი, რომლითაც ღამე მოედნებს ანათებდნენ და ახალგაზრდებს ევროპული დროის მიხედვით თამაშს ასწავლიდნენ, გაუნახევრეს; ბიზნესმენებს, რომლებმაც მილიონები ჩადეს ფეხბურთში, საგადასახადო შეღავათი მისცეს და ასე გახდა აზერბაიჯანული კლუბების ბიუჯეტი ათეულობით მილიონი, ასე იხდიან რუსული კლუბები ფეხბურთელებში 20-30 მილიონს, ასე თამაშობენ ლატვიური კლუბები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ასე თამაშობენ ბელარუსული კლუბები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უკრაინასა და რუსეთზე დიდ აქცენტს არ ვაკეთებთ, იქ ლიგის ჯგუფური ეტაპი ჩვეულებრივი მოვლენაა და თუნდაც ის, რომ დონეცკის “შახტარის” არენა ევროპაში რიგით მეორეა კომფორტითა და თანამედროვე მოთხოვნებით, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ვაღიაროთ, რომ ის, რასაც ახლა ხელისუფლება თუ ფედერაცია აკეთებს ფეხბურთის გასავითარებლად, პრაქტიკულად, არაფერი არ არის. საქართველოში ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის იბადებიან, მაგრამ მათ სწორი მიმართულება სჭირდებათ, სწორი ვარჯიში, სწორი კვება, სწორი აღზრდა, კვალიფიციური მწვრთნელი და კარგი სტადიონი. რაც შეეხება ანაზღაურების სისტემას, არ შეიძლება ფეხბურთელს, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ხელფასად 500 ლარი მიუგდო, იმიტომ, რომ დაუძახებს მერე ამ ფეხბურთელს რუსეთის ქვედალიგელი ან სომხეთის ქვედალიგელი, ან აზერბაიჯანის ქვედალიგელი კლუბი, გადაუხდის თვეში 4-5 ათას დოლარს და ისიც წავა უფრო დაბალ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ ეცოდინება, რომ ოჯახის რჩენას შეძლებს. ვინც ამბობს, რომ ფული მეორეხარისხოვანია, კარგად გაიხსენოს ბადრი პატარკაციშვილისდროინდელი თბილისის “დინამო”. ბიჭებს 5, 6 და 10 ათასიც კი ჰქონდათ ხელფასი და იმჟამინდელმა “დინამომ” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ეს ითვლება დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდ წარმატებად დღემდე და, სანამ ქართველ ფეხბურთელს არ ეცოდინება, რომ თვის განმავლობაში დაღვრილი ოფლი თვის ბოლოს შესაბამისად აუნაზღაურდება, მანამდე არაფერი გვეშველება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here