მოსახლეობაში მარტივი გამოკითხვა რომ ჩაგეტარებინათ, ქუჩაში გასულიყავით და პირველივე შემხვედრისთვის გეკითხათ, _ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ციხეში უნდა ისხდნენ თუ თავისუფლები უნდა იყვნენო, საუკეთესო შემთხვევაში, ასიდან ორი კაცი იტყოდა, _ გამოუშვითო. ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა ოქრუაშვილისთვის არ უნდა ეპატიებინათ, ის, რომ უგულავასთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან მოპარული 48 მილიონისთვის თავზე ხელი არ უნდა გადაესვათ, ყველამ იცოდა, ყველამ, გარდა ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარებისა თუ კონგრესმენებისა.
სხვათა შორის, როცა გათავისუფლებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს კამერების წინ შეხვდნენ, მხურვალედ გადაეხვივნენ და…
“ვაშაძისა და ოქრუაშვილის შეხვედრა ვერ გავიგე, ყველამ იცის, რომ ოქრუაშვილი არ “პრავდება”, _ ეს ფრაზა უგულავამ მაშინ თქვა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ოქრუაშვილს ჩაეხუტა და მისი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში ხომ ყველაფერი მოსულა და ვაშაძემ კი არა, აგერ გიგიმაც “გააპრავა” “ოქრო ბიჭი”. ისე, ეს ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომლის მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილი პირადად მოუწოდებდა ამომრჩეველს, _ მოდით, მხარი დაგვიჭირეთ და მერე მე ვიციო. თურმე, იმისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი, რომ მერე ჩვენ მიერ ცუდსა და უარესს შორის არჩეულ ცუდს შეწყალების აქტი გამოეცა და გაეთავისუფლებინა ადამიანები, რომლებზეც მთელი ხელისუფლება და თვითონ ზურაბიშვილიც გაიძახის, _ დამნაშავეები არიანო.
სოციალურ ქსელში ბევრი ითხოვს, დაიდოს ოქრუაშვილისა და უგულავას ხელმოწერილი შეწყალების აქტები, სადაც მათ ბრალი ექნებათ აღიარებულიო. ანუ, თუ პრეზიდენტი გიწყალებს, თანხმობა უნდა განაცხადო, უნდა აღიარო, მოინანიო დანაშაული და მერე გამოდიხარ გარეთ. არ იცით, ბატონებო, არა… უმრავლესობამ არ იცის, რომ ეს აუცილებელი პირობა შეწყალებისა სწორედ “ოცნების” ხელისუფლებამ შეცვალა. ახლა აუცილებელი აღარ არის, შეწყალების აქტს შეწყალებულმა ხელი მოაწეროს და დანაშაული აღიაროს. მთავარია, პრეზიდენტმა გადაწყვიტოს შეწყალება და ყოველგვარი აღიარების გარეშე გარეთ ხარ. როცა ეს შესწორება შეიტანეს და ხმაური არ ატეხეს, ვიფიქრეთ, რომ სწორედ ასეთი პროცესებისთვის სჭირდებოდათ და, აჰა, იძახეთ ახლა, _ უგულავა და ოქრუაშვილი დამნაშავეები არიანო. ისინი ციხიდან აღიარების გარეშე გამოვიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პოლიტპატიმრებად აღიარება მოგიწიათ. იმ პოლიტპატიმრებად, რომლებიც თურმე არ გყავთ და ჯერ სად ხართ, ჟორიკა რურუას რომ გმირად შეგირაცხავენ და ტაშით შეხვდებიან “სვაბოდაზე”, მერე უფრო საინტერესო სანახავები იქნებით.
მთავარი ის აღარ არის, ციხეში იქნებიან თუ მის გარეთ უგულავა და ოქრუაშვილი, მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტს ეს ყველაფერი საკუთარი ნებით არ გაუკეთებია, არც ივანიშვილს დაუძალებია და არც მმართველი გუნდის სხვა წევრებს. საქართველოს ხელისუფლებას (საკანონმდებლოს, აღმასრულებელს, უმაღლეს მთავარსარდალს) ევროპელებმა და ამერიკელებმა უბრძანეს, ეს ადამიანები გაათავისუფლეთო და მანაც გაათავისუფლა. რაც მანამდე ისედაც ვიცოდით, ახლა უკვე ვირუსის დადასტურებული შემთხვევასავით არის _ ჩვენ დამონებულები ვართ. სხვათა შორის, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ გვანახვებს ვერც ერთი ევროპული ქვეყნის ლიდერის და მითუმეტეს, ამერიკის პრეზიდენტის 8 მარტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პროცესები იქნება ნახსენები ან 8 მარტის შეთანხმების შესრულება-შეუსრულებლობაზე იქნება ლაპარაკი. დასავლელმა ლიდერებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, ამაზე ხმა ამოეღოთ, ზედმეტად დიდი პატივი იქნებოდა ჩვენთვის, ამიტომ განცხადებები მეორე თუ მესამე რანგის პოლიტიკოსებს გააკეთებინეს, ჩვენთვის ეგეც კმარა. აი, დაახლოებით ისე, რომელიმე ქვეყანისთვის ბრძანება რომ მიეცათ ენძელა მაჭავარიანს ან ლელა ქებურიას და მერე იმ ქვეყნებს ამ ბრძანების მიხედვით გადაწყვეტილებები მიეღოთ. დასავლელი ლიდერები ხვდებიან: ისე ჰყავთ საქართველო დაჩმორებულ–დამონებული, მათი ხმის ამოღებაც აღარ არის საჭირო, საქმეს რიგითი პარლამენტარებიც აკვარახჭინებენ და, თუ ელჩებიც ჩაერევიან, მაშინ ხომ, საერთოდ, ჩვენი ხელისუფლება თუ ოპოზიცია უკანა თათებზე დადის.
ციხეში დღეს სასჯელს ათასობით ადამიანი იხდის ქურდობის ბრალდებით და მათ მიერ მოპარული ნივთებისა თუ სურსათის ოდენობა ხშირად ათას ლარს არ აჭარბებს. კარგი, ათი ათასი იყოს. ეს ადამიანები სასჯელს იხდიან გაჭირვების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის, სასჯელს იხდიან იმიტომ, რომ შიოდათ, შვილებს შიოდათ, მაგრამ პრეზიდენტი არ ამბობს, დამნაშავეები არიან, მაგრამ სახელმწიფოს ბრალია, რომ შიმშილის გამო იქურდეს და გარეთ უნდა გამოვიდნენო. ე.ი., ათასის მომპარავი ქურდია და მილიონების მომპარავი _ პოლიტპატიმარი? კიდევ ვიმეორებთ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, ჩვენ ხელს არ ვადებთ უგულავასა და ოქრუაშვილს, სასამართლომ დაადო ხელი და მიუსაჯა კიდეც, მათ დანაშაული დაუმტკიცდათ და რატომ არ უნდა ვენდოთ სასამართლოს? ჩვენ კი ვენდობით, მაგრამ, აგერ, ევროპელებმა თქვეს, _ არ ენდოთო. ეს ხომ პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ სწორედ დასავლეთმა გამოუცხადა უნდობლობა სასამართლოს?! მაშინ, ბატონებო, თუ მათ ვუჯერებთ, გამოდის, მოსამართლე როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, პოლიტიკური თვალსაზრისით მოქმედებდა და არა კანონით, ამიტომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრათ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც უგულავა და “ოქრო ბიჭი” ციხეში გამოკეტეს, მაგრამ ეს არ მოხდება და არ მოხდება არა იმიტომ, რომ სამართლებრივად არ იქნება გამართული, არამედ იმიტომ, რომ მერე, შესაძლოა, დასავლეთმა ამ მოსამართლეებზე თქვას, _ პოლიტპატიმრები არიან და გამოუშვითო და გაგრძელდება ასე დაუსრულებლად.
XXI საუკუნის გარიჟრაჟზე (გარიჟრაჟია 20 წელი, აბა, რა არის) იმას მოვესწარით, რომ საქართველო ფურთხის ღირსიც აღარ არის. დასავლეთმა ქართული მართლმსაჯულება ფეხქვეშ გათელა. ქართველი ერის ინტერესები მანამდეც ფეხებზე ეკიდა და ახლა რატომ შეიწუხებდა თავს?! დასავლეთმა დაადასტურა, რომ თვითონ წყვეტს, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს გარეთ, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ გახდეს ოპოზიცია. საინტერესოა, რას იზამენ დღევანდელი მმართველები ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ დასავლეთმა შედეგები რომ დაიწუნოს? (ეჭვი არ შეგეპაროთ, დაიწუნებენ, ევროპა–ამერიკას ის უნდა, ჩვენს პარლამენტში ძალთა ისეთი თანაფარდობა ჩამოყალიბდეს, რომ გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი შეიქნეს, სახელისუფლებიო კრიზისი გაჩნდეს და ქვეყანაში სრული ქაოსი გამეფდეს, სხვანაირად სააკაშვილს და ნაციონალებს ხელისუფლებაში ვერ დააბრუნებენ) ხელმეორედ ჩატარება კი არა, ციფრები რომ დაუდონ მმართველ გუნდს, პარლამენტში თქვენ ამდენი უნდა იყოთ, ოპოზიცია იმდენიო; ცხვრებივით რომ გადათვალონ (ახლა არ თქვათ, ცხვართან შედარება შეურაცხყოფააო, მონას აღარ ჯობია?!). და ვინ არის იმის გარანტი, რომ დასავლეთმა უკვე არ იცის, ვინ რამდენი შევა პარლამენტში, რა კანონებს მივიღებთ სამომავლოდ და, საზოგადოდ, იმაზე თუ გიფიქრიათ, ახალ პარლამენტში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას რომ “დააჩაქუჩებინებენ” კანონმდებლებს და ლგბტ დროშას სახელმწიფო დროშის გვერდით რომ ააფრიალებენ? რეალურად ხომ ლგბტ თემის მომხრე და მხარდამჭერი დაახლობით იმდენია, რამდენიც უგულავასა და ოქრუაშვილის ციხიდან გამოსვლის მომხრე იყო?
ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ ხმაში გაჰკივიან, _ უნდა გავთავისუფლდეთ რუსეთის მონობისგანო; იმ რუსეთის, რომელიც ჩვენს საშინაო საქმეებში არ ერევა; იმ რუსეთის, რომლის აგენტობაც მიაწერა ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილს. არადა, სწორედ ოქრუაშვილს უწოდა დასავლეთმა პოლიტპატიმარი და მისი გამოშვება მოითხოვა. რეალურად, წლებია, რუს პოლიტიკოსებს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ განცხადება არ გაუკეთებიათ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იტყვიან ხოლმე, ხომ არ გვესაუბრაო, და ისეთ მკვახე პასუხს იღებენ, კიდევ რამდენიმე წელი სჭირდებათ მორიგი შემოთავაზებისთვის.
მანამდე კი, სანამ თურმე რუსეთის მონობისგან გვათავისუფლებს, ჩვენი ხელისუფლება დასავლეთმა ხარჭად დაისვა, რაც მთავარია, ქართველ პოლიტიკოსებს ეს მიმართულება _ დასავლეთის ხარჭად ყოფნა ძალიანაც მოსწონთ. ისიც არ ადარდებთ, ჩვენ გარეშე რომ წყვეტენ, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი და როგორ უნდა იცხოვროს ერმა, ფიქრობენ, რომ თვითონ კი იქნებიან კარგად (ვითომ?) და ხალხი? რა მათი საკითხავია ხალხი. ქვეყანა აგერ 30-ე წელია, ერთსა და იმავე წრეზე დაჰყავთ და გამოსავალი არ ჩანს.
საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეკონომიკის წამოწევა, იმიტომ, რომ ამის უფლება დასავლეთმა არ მისცა. დასავლეთს არ სურს, საქართველოს ძლიერი მოსახლეობა ჰყავდეს, რადგან ეკონომიკურად ძლიერი ერი მონობის უღელს გადააგდებს და გახარჭებული პოლიტიკოსებისგან გათავისუფლდება. ეს კი დასავლეთის გეგმებში არ შედის და ამიტომ გაუმარჯოს კანონიერ მონობას, გაუმარჯოს აღიარებულ დიქტატურას (პოლიტპატიმრები მხოლოდ დიქტატურის პირობებში არსებობენ) და გაუმარჯოს იმ საქართველოს, რომელსაც ევროპისა თუ ამერიკის მესამე–მეოთხე რანგის პოლიტიკოსები მაგიდაზე მუშტის ბრახუნით თავზე გადაახევენ კონსტიტუციას, სასამართლო სისტემასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს!
ბესო ბარბაქაძე