არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. ცალკე ოპოზიციას და ცალკე ხელისუფლებას საზრუნავი ერთი აქვთ _ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ ჰქონდეთ პარლამენტარის სტატუსი, რომელიც ავტომატურად ნიშნავს, სულ ცოტა, 4 წლის განმავლობაში უზრუნველ ცხოვრებასა და პოლიტიკურ ჭაობში ტივტივს.
ქართული პოლიტიკა ჭაობი რომ არის, არაერთხელ დადასტურდა და, უკვე 30-ე წელიწადია, არ გამოჩნდა არავინ, ვისზეც ამომრჩეველი იტყოდა, რომ მისით კმაყოფილია. რეალურად, ყველა ხელისუფლება სწორედ ხალხის ხარჯზე ცხოვრობს და მოსახლეობა არჩევნების წინ, ანუ 4 წელიწადში ერთხელ ახსენდება. მართალია, არის კიდევ თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ მთავარი საპარლამენტო არჩევნების მოგებაა, რადგან შემდეგ სწორედ დეპუტატები განსაზღვრავენ რეგიონებში დღის წესრიგს და საპარლამენტო უმრავლესობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიაქვს ყველაფერი, რისი წაღებაც და წაგლეჯაც შეიძლება.
ჰოდა, სწორედ არჩევნების მოახლოებამ დაგვანახვა პოლიტიკოსების ნამდვილი სახე. ჯერ ოპოზიციაზე ვთქვათ: ერთი შეხედვით გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული ოპოზიციური სპექტრი თვალსა და ხელს შუა დაიშალა, გამარგინალდა და მისი წევრები ერთმანეთს დაერივნენ. ნათლად გამოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ყოფილი “ნაციონალური მოძრაობა”, ანუ “ევროპული საქართველო” მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ და მათ მიკედლებული 30-მდე პარტია მხოლოდ იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ დასავლეთისთვის დაენახვებინათ, ერთად ვდგავართ და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად ვიბრძვითო. შედეგად, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთკაციანი პარტიები არც ნაციონალებს დასჭირდათ და არც გიგა ბოკერიას გუნდს. ჰო, ბოკერიას გუნდს, რადგან დასავლეთში “ევროპული საქართველოს” ხაზი სწორედ ბოკერიამ გაჭრა და სწორედ მისი კავშირების მეშვეობით დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკელ კონგრესმენებთან თუ ევროპარლამენტის დეპუტატებთან. შედეგად, ბოკერიას უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი ეტოლება და ახლა სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. უფრო სწორად, ისინი ცდილობენ, დასავლეთს გადააწყვეტინონ, ვინ უნდა იყოს მეორე, რადგან მმართველი გუნდი პირველობის დათმობას არ აპირებს და ამის მთავარი დამადასტურებელი ის მონური მორჩილებაა, რომელიც “ოცნებამ” გასულ თვეში აჩვენა, როცა ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნების ელჩებს ფიანდაზად დაეგო და გაეგო. ამ პირობებში ერთკაციანი პარტიები ხმას ვეღარ იღებენ, რადგან მათ არც საერთაშორისო კავშირები აქვთ, არც ადამიანური და ფინანსური რესურსი და ახლა ამ პარტიების ლიდერები იმას ცდილობენ, ეგებ რომელიმემ გამსვლელ სიაში შეიყვანოს, რაც ასევე გამორიცხულია. გამსვლელი სიისთვის გუნდში ბრძოლაა და მაჭუტაძე–ქარდავა–სანიკიძისთვის არავის სცალია. ოპოზიცია სახის შენარჩუნებას დედაქალაქის ხარჯზე ცდილობს, სადაც 8 საარჩევნო ოლქის გადანაწილებას აპირებს, და არავინ კითხულობს, უნდა თუ არა ეს ამომრჩეველს. ამომრჩეველი ჯერ აქტიური თემა არ არის, ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე დასჭირდებათ, ბოლომდე გამოხრულ ძვალს რომ გადაუგდებენ, ხმას ფასს რომ დაადებენ და ვაჭრობა რომ დაიწყება. ფინანსური რესურსი ამ არჩევნებზე უმთავრესი ფაქტორი იქნება, რადგან მოსახლეობა დამშეულია და მის დაპურებას დიდი ჯიბე სჭირდება. ამიტომაცაა, ყველა პარტია სწორედ ფინანსურ რესურსზე რომ ფიქრობს და არა საარჩევნო პროგრამაზე. გადაიწერენ ძველ საარჩევნო პროგრამას, ცოტას გდაასხვაფერ–შეალამაზებენ და მორჩა, რადგან ის არც არასდროს შესრულებულა და არც არასდროს შესრულდება. გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” პროგრამაც და გვახსოვს “ოცნების” პროგრამაც. ამ პროგრამების 5% თუ შესრულდებულა, მერე ამ შესრულებულს 4 წლის განმავლობაში ცხვირში გვტენიან, _ ეს ხომ გავაკეთეთ და გვაცადეთ, დანარჩენსაც მივხედავთო. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ყველაზე მარტივად შესასრულებელს ან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს აკეთებენ ხოლმე, თორემ, აგერ უკვე 30 წელიწადია, ყველა მთავრობა ას საწარმოსა და ადამიანების მასობრივად დასაქმების პირობას დებს. რეალურად, პოლიტიკოსები ამომრჩეველს ასაქმებენ ხოლმე, ოღონდ… თავზე.
სასაცილო სიტუაციაშია ხელისუფლებაც. მმართველი გუნდის ლიდერები შთაგონებული სახეებითა და დამაჯერებელი ტონით ტელეკამერების წინ გვპირდებიან ნათელ მომავალს, აწყობენ გეგმებს, შემდეგ კი ირკვევა, რომ ეს გეგმები არ ემთხვევა იმ ერთი კაცის ნააზრევს, რომელიც დღეს ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს, ან მანამდე ემთხვეოდა და შემდეგ გადაიფიქრა. ბოლო მაგალითი ვთქვათ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, _ მაჟორიტარი დეპუტატების სია ივნისის შუა რიცხვებში იქნებაო; მეორე დღეს თქვა, _ თვის ბოლოსო; ხოლო მესამე დღეს _ ივლისის პირველ რიცხვებშიო. არავინ დავობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიქტატორი მოგვაცილა, რომ არაერთი პროექტით საქართველოს ფეხმოტეხილ ეკონომიკას საყრდენი მისცა, რომ პანდემიის პერიოდში 100 მილიონი გადარიცხა, მაგრამ მის გარშემო მყოფი ადამიანები სასაცილოები და უმწეოები ჩანან. ისინი ვერ და არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ… ეგებ უკეთესიც იყოს, რადგან დღეს “ოცნებაში” ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ლიბერალურ პოლიტიკას უჭერს მხარს, აქაოდა, დასავლეთის დავალებააო, მაგრამ იმავე დასავლეთმა ლიბერალიზმს ომი გამოუცხადა და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება. თუმცა, ამერიკელები თვითონ გაერკვევიან, ჩვენ კი ისევ ჩვენსას მივხედოთ.
პარტიების 99% აცხადებს, _ დასავლურ კურსს ვუჭერ მხარს, ევროპისა და ამერიკის მომხრე ვარო. სიტყვა მომხრე ამ შემთხვევაში პირობითია და ავტომატურად გულისხმობს მონობას, ანუ პარტიების 99% ამბობს, რომ ამერიკისა და ევროპის მონა ვარო. ეს მონობა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მაისში ამერიკის ელჩმა, ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუცია ქართულ პოლიტიკურ ელიტას თავზე ფურცელ–ფურცელ გადაახია. არადა, რომელიმე პარტიის ლიდერმა რომ თქვას, _ ჯერ საქართველო და მერე ყველა დანარჩენიო, მაშინვე ქვას ესვრიან, მოღალატედ გამოაცხადებენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რომ პატრიოტიზმი, საქართველოს სიყვარული ღალატად ითვლება. ჯერ დასავლეთი უნდა გიყვარდეს, შემდეგ _ შენი ქვეყანა. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და ხომ გაგიგიათ, მონა, რომელიც არ იბრძვის თავისუფლებისთვის, ორმაგ მონობას იმსახურებსო. ჰოდა, ამ ორმაგი მონობის პირობებში ვართ ახლა და, რაც დრო გავა, საკუთარ თავს თუ არ ვუშველეთ, მონობა სამმაგი და ოთხმაგი გახდება. დაახლოებით ისეა, არაბებმა დაპყრობილ საქართველოს ჯერ ხარკი რომ დააკისრეს, შემდეგ რჩეულ გოგო–ბიჭებს რომ ერეკებოდნენ აქედან, მოგვიანებით კი კანონი შემოიღეს, რომ ნებისმიერ არაბ ჯარისკაცს უფლება ჰქონდა, გზაზე გაეჩერებინა ქართველი ქალი და მას უარი არაფერზე არ უნდა ეთქვა, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა. აი, დაახლოებით ამ ეტაპზეა ქართული პოლიტიკა, დასავლელი პარტნიორების ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ უნდა შეასრულონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, თორემ დაისჯებიან. სასჯელი კი ფინანსურია, ანუ ევროპა-ამერიკიდან გრანტები აღარ წამოვა და კონკრეტულ ადამიანებს “ტირამისუს” და ნაღებიანი ყავის ფული შემოაკლდებათ. არადა, მიჩვევა იცის თურმე ერთმაც და მეორემაც.
სხვათა შორის, გიგა ბოკერიამ განაცხადა, _ მაჟორიტარი ვიქნებიო და ეს არის საუკეთესო შანსი მოსახლეობისთვის, ნათლად დაანახვოს ბოკერიასა და კოლექტიურ ბოკერიებს, რას ფიქრობს მათზე. მათ სარკეში უნდა ჩაიხედონ და დაიჯერონ, რომ ამომრჩეველს ისინი, უბრალოდ, არ სურთ. გარემოცვა პოლიტიკოსებს არწმუნებს, რომ ისინი საუკეთესოები არიან, რომ მათ ამომრჩეველი აღმერთებს და მათაც სჯერათ, მართლა სჯერათ და დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანას გადაარჩენენ. რეალურად კი არ იციან, რომ, ოჯახის წევრების გარდა, მათი დანახვა არავის სურს, მით უმეტეს ხმის მიცემა და არჩევა.
ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩეველი მაინც მივა საარჩევნო უბანზე, უკვე მერამდენედ, არჩევანს ცუდსა და უარესს შორის გააკეთებს, გააკეთებს არჩევანს იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებისთვისაც საქართველოს პირველ რიგში დაყენება ღალატად ითვლება. ზოგი ამას სამსახურის დაკარგვის შიშით იზამს, ზოგი _ სამსახურის შოვნის იმედით, ზოგიც კი, უბრალოდ, 50 ან 100 ლარად გაყიდის იმას, რასაც ამომრჩევლის ხმა ჰქვია და მომდევნო ოთხი წელიწადი კვლავ დამუნჯდება, რადგან ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი მხოლოდ არჩევნების დღეს არის, შემდეგ კი ის ჩუმად უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის ხმა პოლიტიკოსებს იმ მშვიდ ძილს უფრთხობს, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში მიეცემიან ხოლმე.
ბესო ბარბაქაძე
P.S. ერთი ანეკდოტი გამახსენდა:
ქალი ეკითხება პოლიციელს: _ ვიღაცამ გაუპატიურება რომ დამიპიროს, რა ვქნაო? პოლიციელი ეტყვის, _ უნდა იყვიროთ, შეეწინააღმდეგოთ, გაქცევა უნდა სცადოთო. ქალი “ჩაეკითხება”, ვერც ერთი რომ ვერ შევძლო, რა მეშველებაო? _ მაშინ უნდა გაჩუმდე, ქალბატონო, და შეეცადო, სიამოვნება მიიღოო. აი, დაახლოებით ამ პროცესში არიან ქართველი პოლიტიკოსები _ დასავლეთთან სიამოვნების მიღებას ცდილობენ.