Home რუბრიკები ისტორია სამწუხაროა, რომ იური გაგარინის სურვილს ახდენა არ უწერია

სამწუხაროა, რომ იური გაგარინის სურვილს ახდენა არ უწერია

387
იური გაგარინი

12 აპრილს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟმა დედამიწელებს მოგვილოცა კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის 60 წელი. იური გაგარინმა პირველმა შეაღო კოსმოსის კარი კაცობრიობის სასიკეთოდ. ორბიტაზე მან 108 წუთი აჰყო და დროის ეს მონაკვეთი სამარადისოდ ჩაიწერა ჩვენი პლანეტის ისტორიაში.

12 აპრილს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საზეიმოდ აღნიშნეს ადამიანის გონების ეს ტრიუმფი.

გარდა საქართველოსი.

მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როდიდან გახდა პოლიტიკა მეცნიერული მიღწევების ორიენტირი და მიღწევების მამოძრავებელი ძალა?!

რაღაც ისე აირია დღევანდელ მსოფლიოში (ჩვენთანაც _ საქართველოში), დანიის სამეფოში რომც ვერ წარმოიდგენდნენ…

ეკიპაჟის წევრების მისალმება კოსმოსიდან გადმოგვცა კოსმონავტმა გამომცდელმა პეტრე დუბოვმა:

“მეგობრებო, ამ საზეიმო და საიუბილეო დღეს მივესალმებით და მივულოცავთ ყველას, ვინც თავისი ცხოვრება სამყაროს შესწავლას მიუძღვნა, მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველას, ვინც მუშაობდა და განაგრძობს საქმიანობას კაცობრიობის მიერ კოსმოსის უფრო და უფრო სიღრმისეულად ათვისების მიმართულებით”.

ამ დღეს მიეძღვნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც მოსკოვში გაიმართა; მათ შორის _ ტრადიციული, გრანდიოზული კონცერტი და ამ “კოსმიურ ღონისძიებაში” ჩვენი თამარ გვერდწითელიც მონაწილეობდა.

იყო დრო, როცა ქართველი მეცნიერები, ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ექიმები აქტიურად იყვნენ ჩართული კოსმოსის ათვისების საქმეში _ არა მასობრივად, ცხადია. კორიფეების დონეზე.

გვყავდნენ ასეთები.

პირველი კოსმონავტების რაზმი
პირველი კოსმონავტების რაზმი

დღეს რა ხდება, ვერ გეტყვით, რადგან მაშინ შეგვეძლო, ქართველ ჟურნალისტებს დავკავშირებოდით (და დავმეგობრებოდით) კოსმონავტების პირველი ლეგენდარული კოჰორტის წევრებს.

ყველა კარი ღია იყო ჩვენთვის. მათაც ეხალისებოდათ ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენთან და რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრებთან, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი იყო რესან კონცელიძე, შემდგომში თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე.

ნიკოლაი რუკავიშნიკოვი
ნიკოლაი რუკავიშნიკოვი

განსაკუთრებით დაგვიახლოვდა ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, კოსმონავტი ნიკოლაი რუკავიშნიკოვი, რომელიც ყველგან, ყველასთან და ყველა დონეზე ამბობდა, რომ საქართველოში ჰყავდა ორი მეგობარი _ რესან კონცელიძე და ამ სტრიქონების ავტორი.

ეამაყებოდა.

ბატონი რესანი ჟურნალისტებს მაინცდამაინც არ გვწყალობს, მაგრამ ამჯერად დამთანხმდა ბლიცინტერვიუზერუკავიშნიკოვის ხათრით:

_ საოცრად გულწრფელი კაცი იყო, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული, _ იხსენებს ბატონი რესანი, _ ბაკურიანიც ნახა, მცხეთაში წავიყვანეთ, ჯვარზე ავედით, ყაზბეგშიც. გაგიჟებული იყო კაცი. ასეთი სილამაზე და დიდებულება რომ არსებობდა, ვერც წარმომედგინაო. არ იყო ეს მასპინძლების გულის მოსაგებად ნათქვამი სიტყვები, გამიზნულად გათამაშებული სცენა.

ერთხელ ასეთი რამ მითხრა: “კოსმოსიდან ჩვენს პლანეტას რომ გადმოვხედე, ისეთი ლამაზი სივრცე დავინახე, ისეთი ღვთაებრიობა, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ახლა ვხვდები, რომ ამ ხიბლს საქართველო ანიჭებს ჩვენ მშობლიურ დედამიწას _ დედასავით ულამაზესსა და განუმეორებელს”.

_ ყველა კოსმონავტი, რომლებსაც ვიცნობდი, შინაგანად პოეტი იყო, მხატვრული სახეებით მოაზროვნე.

_ დაგემოწმები, რომ მართალს ამბობ. მაგრამ ეს ერთი მხარეა. ნიკოლაი რუკავიშნიკოვი რეალისტიც იყო ამასთანავე, რადგან ზუსტად აფასებდა ადამიანებს მიწიერი სამოთხის დროებითობასა და წარმავლობას. დედამიწას რომ ვუყურებდი, ამაში დავრწმუნდიო. ქარიშხალს, ცუნამის, ქარბორბალას, ვულკანის ამოფრქვევას და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს თვალის დახამხამებაში შეიძლება შეეწიროს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე. ხელის გულზე დადებულივით ჩანს ეს ყველაფერი კოსმოსიდან, თანაც მუსონების პერიოდში, რომელსაც ერთ-ერთი ჩვენი გაფრენა დაემთხვა.

ე.ი., არ არის ადამიანის კოსმოსში გაშვება რიგითი ექსპერიმენტი, მეცნიერების ორდინარული მიღწევა. ბუნების ძალებთან თანაზიარებაა და თვისობრივად ახალი ეტაპი, განუმეორებელი.

ამასაც ამბობდა ნიკოლაი რუკავიშნიკოვი და იური გაგარინი ჭეშმარიტ გმირად მიაჩნდა. კოსმონავტის კოსმოსური ოდისეა არ არის, ჩაგსვეს რაკეტაში, გაგაფრინეს, კოსმოსურ სადგურში გამოიძინე და უკან დაგაბრუნეს. უმნიშვნელოვანესი საქმეა და მასშტაბური ექსპერიმენტი: ამასთან ერთად, არა მარტო შენ აკვირდები, აანალიზებ, ასრულებ დავალებას, არამედ თვითონ ხარ დაკვირვების საგანი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი და მოაზროვნე არსება.

ვერ დაითვლიდი, იმდენი “დატჩიკი” მქონდა გაკეთებული და იმდენი ტესტი უნდა გამეარა. ამაყობდა, რომ ამას თავი გაართვა.

_ ქართული სუფრა ხომ არ მობეზრდა ჩვენს მეგობარს?

_ სულ ორჯერ გავშალეთ სუფრა, მაგრამ ისეთი ბიჭები იყვნენ, ისეთ სიმღერებს ამბობდნენ, ისე გალობდნენ, რომ, მობეზრდა კი არა, აღრფოთვანებას ვერ მალავდა.

ერთხელ საჭაშნიკეში მივიწვიეთ, ბარათაშვილზე. რჩეული ბიჭები იყვნენ ჩვენი მეინახენი: შოთიკო ჭუბაბრია (არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე), ოთარ შარაბიძე, ლერი გამრეკლიძე, თამაზ დალაქიშვილი, ლევან ჯაფარიძე _ ყველანი ან პროფესორები, ან წარმოების ხელმძღვანელები, ან არქიტექტორი, ან მასწავლებელი და ქართული მრავალხმიანი გალობის დიდოსტატები. მათ შესრულებულ რუსულ სიმღერებზე გაგიჟდა რუკავიშნიკოვი: Мы не умеем, так хорошо, как вы поете!

ვლადისლავ ვოლკოვი
ვლადისლავ ვოლკოვი

ვოლკოვიც იყო ჩამოსული, სლავა. საბჭოთა კავშირის გმირი. დაიწვა. არნახული ბიჭი, სასწაული! მახსენდება მისი ერთი წინადადება, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. შევეკითხე, აპირებ თუ არა კოსმოსში მესამედ გაფრენას-მეთქი. მიპასუხა:

_ არ მინდა, მაგრამ დაგანებებენ თავს?

დაიღუპა!

* * *

არნახული თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ პირველი რაზმის კოსმონავტები. თბილისში ჩამოსული ნიკოლაი რუკავიშნიკოვი, წესისამებრ, თავდაპირველად პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მივიყვანეთ. ცხადია, მოეწონა. იმდროინდელი სასახლე მართლაც ბრილიანტის თვალივით ბრწყინავდა კავშირის მასშტაბით. გაიხარეს ბავშვებმა _ რუკავიშნიკოვი პირველი კოსმონავტი იყო, რომელიც მათ ეწვია. სასახლის სასწავლო პლანეტარიუმისთვის მისი სახელის მინიჭების ნებართვა სთხოვეს.

ძალიან ეუხერხულა. დიდი მადლობა უთხრა პატარა ასტრონომებს, მაგრამ ისე, რომ, ჯერ ერთი, არ სწყენოდათ ინიციატორებს; მეორეც, გასაგები და მისაღები ყოფილიყო მათთვის:

_ ძალიან გაგიჭირდებათ თქვენც და თქვენი პლანეტარიუმის სტუმრებს ჩემი გვარის წარმოთქმა: “რუკავიშნიკოვის სახელობის პლანეტარიუმი”. გაუგეს. დათანხმდნენ. რუკავიშნიკოვმაც თავისუფლად ამოისუნთქა.

* * *

1965 წლის გვიან შემოდგომაზე მოსკოვში, სასტუმროიუნოსტშიპოლიტექნიკური ინსტიტუტების შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული სტუდენტების საკავშირო შეკრება გაიმართა. მაშინ პირველად ვნახე იური გაგარინი, ბლიცინტერვიუ ჩამოვართვი, სურათიც გადავიღეთ ქართველ სტუდენტებთან ერთად. ეს ფაქტი ქართულ პრესაში რამდენჯერმე აღინიშნა. შარშანაც კი.

გამეორებით თავს არ შევაწყენ ჩვენს მკითხველებს. აი, გაგარინის მისალმებას ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობისადმი სიამოვნებით გავიმეორებ:

“გულწრფელად მივესალმები საქართველოს ახალგაზრდობას და ვუსურვებ წარმატებებს სწავლასა და შემოქმედებაში. კოსმოსში მომავალ შეხვედრამდე. თქვენი იური გაგარინი”.

სამწუხაროა, რომ ამ სურვილს ახდენა არ უწერია.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here