დაპირისპირება მმართველ პარტიაში გრძელდება. ის 4 აპრილს დაიწყო (მას წინ უძღოდა კონფლიქტის მრავალთვიანი “საინკუბაციო პერიოდი”). დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს იმის გამო, რომ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაპირისპირება გაღრმავდა, გამოითქვა არაერთი ვარაუდი მის რეალურ მიზეზებზე, დაიწყო საუბარი უმრავლესობის დაშლაზე, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე და ა.შ.
.სანამ მომხდარის ანალიზს შევუდგებით, აუცილებელია, მოვიყვანოთ ძირითადი განცხადებები, რომლებმაც კონფლიქტის “ჩონჩხი” შექმნა. ფოფხაძის დემარშის შემდეგ თემა მისი კოლეგების კომენტარებში გაიშალა. დეპუტატებმა _ მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა კაკაბაძის მხარდაჭერისთვის ამომრჩეველს ბოდიში მოუხადეს. დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ბიძინა გეგიძე ფოფხაძის განცხადებას სხვადასხვა ფორმით მიესალმნენ. ორივემ მიანიშნა, რომ პოზიცია კაკაბაძის მიმართ ერთიანი და შეთანხმებული არ იყო. მას მხარი ზაზა პაპუაშვილმაც დაუჭირა, ხოლო ნუკრი ქანთარიამ ფოფხაძის გადაწყვეტილებას “ტვ პირველის” ეთერში ნაჩქარევი და ემოციური უწოდა, მაგრამ პოზიციას კაკაბაძის მიმართ მხარი ცალსახად დაუჭირა.
თავად ფოფხაძემ სკანდალური გადაწყვეტილების მიღების ფორმა შემდეგნაირად აღწერა: “წინა საღამოს, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში შეკრებილები ვიყავით; ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ნინია კაკაბაძეს ხმას არ ვაძლევდით. ამაზე შევთანხმდით და ყველას ჩვენი არგუმენტები გვქონდა. შეიძლება ბევრი არ დავრჩით, მაგრამ, თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოთქმა უნდოდა, მოსულიყო. თუ ვინმე “ჩატში” რაიმეს კენჭისყრამდე 15 წუთით ადრე დადებს, ეს გუნდის პოლიტიკური პოზიციის მაჩვენებელი რატომ არის?”
განსხვავებული რეაქცია ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ რგოლს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფოფხაძემ თანაგუნდელებს “მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა”, ამასთანავე, “არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას”. მისი პოზიცია “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც გაიზიარა.
ამ განცხადებებს ყველაზე რეზონანსული პასუხი, “ტვ პირველის” ეთერში ნუკრი ქანთარიამ გასცა: “შეცდომები არის სწორედ პარლამენტში პირველი პირის მხრიდან და არა ერთი. და მთელი მოღვაწეობა, გამონაკლისების გარდა, არის შეცდომა”.
დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა პრობლემის არსი “რუსთავი 2”-თან საუბარში შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “მთავარი პრობლემა ის არის “ქართული ოცნების” გუნდში, რომ უმრავლესობის დეპუტატები უფუნქციოდ დარჩნენ. არის დაჯგუფება, რომელიც მართავს პარლამენტს და რატომღაც გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად”.
ვიდრე დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტებზე გადავალთ, ალბათ, აუცილებელია ყურადღების გამახვილება პიროვნულ ფაქტორზე. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს საბაბი მისცა, დიქტატზე ისაუბრონ. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საკონსტიტუციო შესწორებების მიღების პროცესი, რომლის მთავარი კურატორი სწორედ კობახიძე გახლდათ. მას ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ყოველივე უმტკივნეულოდ დასრულებულიყო, მაგრამ საბოლოოდ “ქართული ოცნება” იზოლაციაში აღმოჩნდა _ ყველა პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ზეწოლასა და დიქტატზე საუბრობდა. ასეა ახლაც _ კობახიძე თითქოს თითს უქნევს დეპუტატების ნაწილს, დისციპლინასა და იერარქიაზე საუბრობს, რაც მათ უფრო აღიზიანებს.
ის, რომ კონფლიქტი შეიძლება კვირიკაშვილისა და კობახიძის დაპირისპირების გამოვლინება იყოს, რომელზეც ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ, ან სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ კობახიძე და მის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი ვერ ახერხებს კოლეგების დარწმუნებას და ისევ აკრძალულ ილეთებს მიმართავს, როგორც ეს კონსტიტუციის მიღებისას ხდებოდა. როგორც ჩანს, კობახიძე ძალიან მოუქნელი პოლიტიკოსია ან ბრძანებების გაცემა და თითის ქნევა მართვა ჰგონია, ბიძინა ივანიშვილმა კი ამის შესახებ, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ მის დაწინაურებამდე იცოდა, თუმცა, შესაძლოა, კობახიძის კანდიდატურა მას ხელს აძლევს იმის გამო, რომ ის დამოუკიდებელ თამაშს გარანტირებულად არ დაიწყებს.
“ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემას ამართლებენ, ორი ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ: მათი აზრით, სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის არყოფნა ხელისუფლების იმიჯს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის _ მას ხომ ტელევიზიების კონტროლში ადანაშაულებენ. ამასთანავე, მმართველ პარტიას თითქოს ხელს აძლევდა ის, რომ ეს სავარძელი ისეთ პიროვნებას დაეკავებინა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ოდიოზურად თვლის და მის მიმართ სოლიდარობას არავითარ შემთხვევაში არ გამოავლენს. მრევლის დიდ ნაწილს კაკაბაძის მიმართ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იმ პოზიციის გამო აქვს, რომელსაც ის ილია მეორისა და საპატრიარქოს მიმართ გამოხატავს.
მათი ოპონენტები კი მიუთითებენ იმაზე, რომ მსგავსი მიდგომა “ქართულ ოცნებას” კონსერვატორი მხარდამჭერების ხმებს დააკარგვინებს, ხოლო კაკაბაძის არჩევა “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” დიდი გარიგების ერთ–ერთი პუნქტია.
აქ, ალბათ, მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ “ნაცმოძრაობა” თავის დროზე ორი ჯგუფის სიმბიოზს წარმოადგენდა _ შედარებით მცირე ლიბერალურის და დიდის, რომელიც მიბმული იყო პოპულისტ ბელადზე და იდეებზე მეტად კაპიტალების გადანაწილება და ელიტების როტაცია აინტერესებდა (მარტივად რომ ვთქვათ, ფული და თანამდებობა) _ მისი იდეოლოგიური ბაზისი ვულგარული, პროტო-ფაშისტური ეტატიზმით შემოიფარგლებოდა (ძლიერი სახელმწიფოს გაკერპება და ა.შ.). სააკაშვილს ლიბერალები მაშინ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რისთვისაც დღეს ივანიშვილს სჭირდება _ ისინი დასავლელი პარტნიორებისთვის (უფრო სწორად მათი ერთ-ერთი გავლენიანი ნაწილისთვის) ვიტრინის როლს ასრულებდნენ, ამასთანავე, აქტიურად უტევდნენ ხელისუფლების ოპონენტებს ქვეყნის შიგნით.
სააკაშვილს ხელს აძლევდა, რომ კონსერვატორებს მთავარ მოწინააღმდეგედ ბოკერია, თუთბერიძე და სხვები აღექვათ, ეს შესაძლებლობას აძლევდა, ნეიტრალური არბიტრის, დამბალანსებლის როლი შეესრულებინა (ზუსტად იმავეს აკეთებს ახლა ივანიშვილი), მაგრამ სააკაშვილმა რთული თამაშის წარმოება ვერ მოახერხა _ მისი ოპონენტების უდიდესი ნაწილი “ნაცმოძრაობას” სწორედ გლობალისტურ, კონსერვატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ძალად აღიქვამდა. გასაკვირი არაა, რომ ახლა, როდესაც ძველი “ნაცმოძრაობა” დაიშალა და მას ე.წ. ლიბერალები ჩამოსცილდნენ, სააკაშვილი ცდილობს, “მეორედ შევიდეს მდინარეში” და ანტიგლობალისტურ, კონსერვატიულ ამომრჩევლებზე იმუშაოს: “უნგრეთში ისევ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ჩემმა პირადმა მეგობარმა და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა. პოლონეთს მართავენ ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში ზის ტრამპი… ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს პოლონელებმა. ეს ტიპაჟები, ვინც ანადგურებს, უნდა გაიწიოს საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთიდან მოვლენილი ბოროტების _ ივანიშვილის სახით”, _ განაცხადა მან თავის ბოლო მიმართვაში, რომელიც ჰოლანდიიდან, როგორც თბილისში ხუმრობენ, სიმამრის სამზარეულოდან გაავრცელა. ცხადია, სააკაშვილის მატარებელმა უკვე ჩაიარა და არანაირი პოლიტიკური შედეგი მსგავს განცხადებებს არ მოჰყვება, თუმცა ეს მცდელობა და საუბარი “ანტიქართულსა და ანტიქრისტიანულზე” საკმაოდ სიმპტომატურია. სააკაშვილი, ისევე როგორც სხვები, ხედავს, რომ “კონსერვატიულ ფლანგზე” “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემები აქვს.
2011-12 წლებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ბირთვს კონსერვატორები და ტრადიციონალისტები წარმოადგენდნენ (იგულისხმება არა შესაბამისი სახელწოდების მქონე პარტიები, არამედ შეხედულებები). მათ აღიქვეს არჩევნების შედეგი, როგორც გამარჯვება ლიბერალებზე, სააკაშვილის თქმის არ იყოს, “ანტიქართულ და ანტიქრისტიანულ” ხელისუფლებაზე და ა.შ. მათ ძალიან არ მოსწონდა მმართველ კოალიციაში ლიბერალური ძალების (მაგ. რესპუბლიკელების) ყოფნა, თუმცა ნაწილობრივ ამშვიდებდა ის, რომ კოალიციის მთავარი პარტია ცდილობდა, “ეროვნული ლოზუნგები” გაეჟღერებინა, თან ჩუმად მიანიშნებდა, რომ “ლიბერალური ვიტრინა” მაინც საჭიროა დასავლეთთან დიალოგისთვის. 2016-ში, კოალიციის დაშლის შემდეგ, “ქართული ოცნება” იძულებული გახდა, ვიტრინა საკუთარი ფრაქციის შიგნით მოეწყო და ეთანამშრომლა ისეთ ძალებთან და პირებთან, რომლებიც სააკაშვილის ძველი ოპონენტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” როგორც პოსტსაბჭოთა ტიპის სახელისუფლო პარტია, ცდილობს, იდეოლოგიური ნიუანსებისგან თავი შეძლებისდაგვარად შორს დაიჭიროს და ყველა შეხედულების მქონე ამომრჩეველი მოიზიდოს, აშკარა შეუსაბამობებს გვერდს ვერ აუვლის. ასე მოხდა განხილულ შემთხვევაშიც _ ერთმანეთს ორი ფაქტორი დაემთხვა: დეპუტატების ნაწილმა აღიქვა თანამშრომლობა ნინია კაკაბაძესთან და “ევროპულ საქართველოსთან”, როგორც ამორალური ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მიუღებელი იქნება, რასაც დაემთხვა ირაკლი კობახიძის მოუქნელი რეაქცია და მისი სავარაუდო დაპირისპირება კვირიკაშვილთან.
ყველაზე მეტად ამ კონფლიქტით, ალბათ, კახა კალაძე იხეირებს, რომელიც ფორმალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მისი გავლენის ზონა არაპროპორციულად გაფართოვდა და მიუხედავად იმისა, რომ მას დამოუკიდებელი თამაში ჯერ არ დაუწყია, თვითგადარჩენის ინსტიქტი, სავარაუდოდ, კარნახობს ივანიშვილს, რომ აუცილებელია “ქართულ ოცნებაში” კალაძის გაზრდილი გავლენის დასაბალანსებლად ახალი პოლუსის შექმნა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერც გიორგი კვირიკაშვილი, ვერც ირაკლი კობახიძე ამ ჰიპოთეტური პოლუსის ცენტრალური ფიგურები ვერ გახდებიან _ ამისთვის უნარ–ჩვევები, ავტორიტეტი და გავლენა არ ეყოფათ. ვიდრე ივანიშვილი მათ “პერსონალურ საკითხს” არ გადაწყვეტს, კალაძის (ჯერჯერობით) მცირე, მაგრამ აგრესიული “იმპერიის” გაფართოებას ხელს, სავარაუდოდ, ვერაფერი შეუშლის.
დიმიტრი მონიავა