გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში სამ ფოტოს განიხილავდნენ. ორ მათგანზე სამი მერია გამოსახული, ერთზე კი _ მანქანის კაპოტზე ელენე ხოშტარიას ქეიფი. უფრო გასაგები რომ იყოს, სამ მერთან ელენეს კაპოტი რა შუაშია, ამბებს ქრონოლოგიურად მივყვეთ.
რამდენიმე დღის წინათ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა და ასევე, შეიძლება ითქვას, ყოფილმა (ქუცნაშვილს მიჯირყვნა არ ასცდება) “მოლაპარაკე ქუდმა”, ზაქარია ქუცნაშვილმა, ერთმანეთი პირდაპირ ეთერში ისე ლანძღეს, გაყინული თევზივით უემოციო ირაკლი კობახიძემაც კი თქვა, ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყოო. ყოფილი თანაგუნდელების, ნათესავების ლექსიკაში ისმოდა ისეთი ეპითეტები, როგორიცაა: “გალოთებული”, “კორუმპირებული”, “კაპოტზე მოქეიფე”, “ნაბიჭვარი”, “წარაკუა”, “ცუანა” და სხვ. ამ ეპითეტებიდან, რომლებითაც ზაქარია და მეჭიაური ამკობდნენ ერთმანეთს, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი (სხვა პოლიტიკოსების ცხოვრებაშიც ჰპოვა ასახვა) “კაპოტზე მოქეიფე” აღმოჩნდა. აღშფოთებულმა მეჭიაურმა ქუცნაშვილს ასე უპასუხა: “სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ?! მე ქეიფიც ვიცი და ყველა მიცნობს და მთვრალი კაციშვილს არ ვუნახივარ. კი, ბატონო, ქეიფიც მიყვარს და კაპოტზეც მიქეიფია. დადიოდა და დაჭორაობდა, კაპოტზე მოქეიფეების დრო წავიდაო, ეგ კურდღელი, ეგ”…
ზაქარია ქუცნაშვილი, როგორც ჩანს, შეცდა პოლიტიკურ პროგნოზში _ თიანეთში აშკარად თამაზ მეჭიაურის დრო მოვიდა.
ივანიშვილის კურსელმა თამაზ მეჭიაურმა მას შემდეგ, რაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თიანეთის მერობა ხვდა წილად, გამარჯვება პირდაპირ კაპოტზე აღნიშნა. “აქედან გავალ და ბიჭებთან თითო ჭიქას დავლევ კაპოტზე”, _ თქვა მან სასამართლოს დასრულების შემდეგ და კაპოტზე ქეიფის ამსახველი სურათებიც მალევე გაჩნდა ინტერნეტსივრცეში. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეჭიაურს გამარჯვებას ისინიც კი ულოცავდნენ, ვინც მას უმრავლესობაში ყოფნისას ხშირად აკრიტიკებდა. ასე დაიწყო “კაპოტზე ქეიფის” სინდრომმა ფეხის მოკიდება ქართულ პოლიტიკაში და ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამაც პირდაპირ კაპოტზე აღნიშნა… როგორც თვითონ ამბობს, ღირსეული წაგება. “ევროპელმა” ხოშტარიამ კაპოტზე სუფრა დაქალებთან ერთად გაშალა და ქეიფის ამსახველი დოკუმენტური მასალა სოციალურ ქსელში გამოფინა სტატუსით: “ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ახლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ”…
ელენე ხოშტარიასა და მისი მეგობრების კაპოტზე ქეიფის ფოტო თამაზ მეჭიაურმა “გააზიარა” წარწერით _ “ქალების კაპოტი… შეგერგოთ, გოგოებო!” ახლა მთავარია, “კაპოტზე ქეიფი” გამარჯვების სიმბოლოდ არ იქცეს ქართულ პოლიტიკაში და ასე, კაპოტ–კაპოტ ქეიფს არ გადაჰყვს ეს ხალხზე ზრუნვით დაოსებული პოლიტიკური სპექტრი.
დიდი განსჯის საგანი იყო, აგრეთვე, თბილისის ორი მერის ერთობლივი სელფი. ტელეკომპანია “პირველში” სტუმრად მყოფი დავით ნარმანიას მიერ სტუდიის დატოვებამდე წამყვანმა სტუდიაში თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიიწვია. ორი მერის პირდაპირ ეთერში შეხვედრა, გადაცემის წამყვან ვახო სანაიას თხოვნით, სელფით დაგვირგვინდა. ჰოდა, სახეგაბადრული მერების ფოტომ მალე გადაინაცვლა ინტერნეტში და მრავალი კომენტარიდან ყველაზე სახალისო ეს იყო: “მეჭიაური კაპოტზე საქეიფოდ გეპატიჟებათ ყველას… ჰოდა, კაპოტზე ქეიფის აქტუალობიდან გამომდინარე, თბილისის ყოფილ მერებს, შესაძლოა, ერთხელ მართლაც კაპოტზე გაშლილი სუფრით უმასპინძლოს თიანეთის მომავალმა მერმა… “ნაც–ქოცობა” არც სელფის გადაღებაში უშლის მათ ხელს და არც ქეიფში შეუშლის…”