პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. საქართველოს დელეგაცია ღირსეულად გამოვიდა და მედლების რაოდენობითა და ხარისხით ბევრ ისეთ ქვეყანას გაუსწრო, რომელთა მოსახლეობაც რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს. კიდევ ერთხელ დავანახვეთ მსოფლიოს ქართული სული, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, ღირსეული გამარჯვებაც შეგვიძლია და მარცხიც. არ დავთმეთ, სადაც დასათმობი არ იყო, და არ შევირჩინეთ წარსული წყენა, სადაც შესარჩენი არ იყო.
სამწუხაროდ, დიდი ხანია, სპორტი პოლიტიკის ნაწილად იქცა და ეს განსაკუთრებით საქართველოში იგრძნობა. ოპოზიციის ლიდერები არ მალავენ, რომ ვერ იტანენ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. მათ ვერც ის აიტანეს, პირადად ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონი რომ მისცა; ვერც ის, როცა ხელისუფლებამ ოლიმპიური ოქრო მილიონად დააფასა, ვერცხლი – ნახევარ მილიონად, ხოლო ბრინჯაო – 250 ათასად. საკმარისია, რომელიმე სპორტსმენი გამოირჩეს, მაშინვე ყვავ-ყორნებივით წაესევიან ხოლმე. ამის ნათელი მაგალითი საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი იყო, რომელზეც ვიღაცამ თქვა, ხელისუფლება საპარლამენტო სიაში უპირებს შეყვანასო და ოპოზიციამ გველესიანი ჯვარზე გააკრა, მან კი შვებულების დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ჰოდა ამის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გველესიანის ძაგება გსმენიათ? არა, იმიტომ, რომ წარმატებული სპორტსმენი მათთვის პოლიტიკურ ოპონენტად არ იქცა და ინტერესიც გაქრა.
ოლიმპიადაზე კი… ოპოზიციის ლიდერები ხშირად იმეორებდნენ: ასეთი ცოტა სპორტსმენი არასდროს გვყოლია და, რაც მთავარია, მედლების რაოდენობაში მოვიკოჭლებთო. მტკიცებით ფორმაში ვიტყვით, რომ ილია სულამანიძის მიერ ბოლო წამს წაგებული ფინალი დაღესტნელ გამარჯვებულზე მეტად ოპოზიციას გაუხარდა, რადგან მანამდე ოქრო ლაშა ბექაურს ჰქონდა მოგებული და კიდევ ერთი ოქრო ოპოზიციას არ სჭირდებოდა. უხაროდათ ლაშა ტალახაძის ტრავმა, უხაროდათ გენო პეტრიაშვილის „დასკოჩილი“ მკლავები, ტრავმა აქვს, წინ ვერ წავაო. როცა გენო ფინალში გავიდა, დედამისმა თქვა: ღვთისმშობელს ვავედრებდი ჩემს შვილს და სწორედ მან დაიფარაო. ამის გამო სოციალურ ქსელებში „სამოქალაქო აქტივისტებმა“ ათრიეს: ღვთისმშობელი რა შუაშიაო. მერე კი, როცა გენომ საოცარი ფინალი მოიგო, თქვა: მადლობა უფალს, მის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდიო. და ახლა მისი „თრევის“ ჯერი დადგა.
საერთოდ, ეს ოლიმპიადა თავიდან ბოლომდე ღვთის, რწმენის გმობა იყო. ვერ ისწავლეს ფრანგებმა საკუთარ შეცდომებზე, ძალიან მალე დაივიწყეს „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარი… ამ ოლიმპიადაზე იყო ტრანსვესტიტებისა თუ ტრანსგენდერების ზეიმი, მათი უფლებების დაცვა და, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ოლიმპიადამდე იყო არაერთი განცხადება, რომლებიც რიგით ადამიანებს შეურაცხყოფდა და ისე გამოვიდა, რომ, თუ ლგბტ თემის წარმომადგენელი არ იყავი, ოლიმპიადაზე გამოსვლა „ტეხავდა“. საუბედუროდ, უკვე აღარ არის სირცხვილი კაბიანი კაცების ყოფნა ტრიბუნასა თუ რინგზე; აღარ არის სირცხვილი, კაცმა ქალი დაირქვას და… პარიზში მყოფი მეგობრები ყვებიან, რომ ტრიბუნებზე ხელი-ხელჩაჭიდებული კაცებისა თუ ქალების ნახვა, მათი „ზასაობა“ ჩვეულებრივი ამბავი იყო. და ვინმეს მათთვის შენიშვნა რომ მიეცა, საუკეთესო შემთხვევაში, ქვეყნიდან გააძევებდნენ, უარეს შემთხვევაში კი ჰომოფობიური ქცევისთვის ციხეს მიუსჯიდნენ.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ უკვე გაჩნდა იდეა ლგბტ ოლიმპიადის ჩატარებისა. ამ იდეის ავტორები ამბობენ, რომ, თუ ტარდება პარაოლიმპიადა, რატომ არ უნდა ჩატარდეს ლგბტ ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობის მსურველი თურმე ბევრი იქნება და მონაწილეებს ტრიბუნებიდანაც ბევრი მხარდამჭერი ეყოლებათ. ამ ოლიმპიადის მასპინძლობაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა საფრანგეთმა: ინფრასტრუქტურა გვაქვს და მზად ვართ, მსოფლიოს ჩვენი ტოლერანტობა დავანახვოთო. თუმცა იდეის ავტორები აცნობიერებენ, რომ არაერთი ქვეყანა იქნება წინააღმდეგი, ასეთ ოლიმპიადაზე წარმომადგენელი გაუშვას და ამიტომ ფიქრობენ, რომ დაშვება ქვეყნის კი არა, კონკრეტული პიროვნების სურვილზე იყოს დამოკიდებული, ანუ ჩვენიდან ვიღაცამ რომ მოინდომოს ასეთ ოლიმპიადაზე გამოსვლა, უფლებას მისცემენ, ზურგზე GEORGIA ეწეროს, მკერდზე კი ხუთჯვრიანი დროშა ჰქონდეს მიხატული.
როგორც უცხოური მედია წერს, ლგბტ ოლიმპიადამ დღის სინათლე უკვე მომავალ წელს უნდა იხილის და, რაც მთავარია, იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მან მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა მოიცვას, თუმცა, თუ რომელიმე სახელმწიფო მოახერხებს და წარმომადგენელს არ გაუშვებს, ის ქვეყანა, რომელსაც ათეულობით თუ ასეულობით მონაწილე ეყოლება, ერთ-ორ სპორტსმენს დათმობს და მათ სწორედ იმ სახელმწიფოს სახელით გამოსვლას აიძულებენ, რომელიც სინამდვილეში უარს იტყვის. გამოვა ისე, რომ წარმომადგენელი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ყველას ეყოლება და ამით ლიბერალები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ყველგან არიან, ყველგან შეაღწიეს და მათ წინააღმდეგ წასვლას, უბრალოდ, აზრი არ აქვს.
სხვათა შორის, სწორედ ლიბერალები ცდილობენ, რომ ოლიმპიადიდან სპორტის ნამდვილი, კაცური სახეობები გააქრონ. მაგალითად, კატეგორიულად ითხოვენ, რომ სპორტის ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღონ ძალოსნობა, ამოიღონ შვიდკაცა რაგბი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობაც კი, რომელიც რეალურად ოლიმპიადის ერთ-ერთი სიმბოლოა. ასევე, ლიბერალების მოთხოვნა იყო ის, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ერთ-ერთი მედროშე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო (რა პრობლემაა) და ერთ-ერთი _ აუცილებლად ფერადკანიანი. ვისაც ფერადკანიანი არ ჰყავდა გუნდში, ლამის დისკრედიტაციად შეფასდა, ზუსტად ისე, როგორც ეს, მაგალითად, ლონდონის „არსენალის“ 20-წლამდელ საფეხბურთო გუნდის შემთხვევაში მოხდა. ამ გუნდში მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად ყველა თეთრკანიანი იყო და ლიბერალურმა ფრთამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მოიგო კიდეც და „არსენალს“ აიძულეს, ოფიციალური ბოდიშის მოხდის გარდა, ორი ფერადკანიანი ფეხბურთელი შეეძინა. სამაგიეროდ, საფრანგეთის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში (და არა საკლუბო დონეზე) მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, ექიმებიც და საერთოდ ყველა ფერადკანიანია, მაგრამ ხმას არავინ იღებს, ერთი თეთრი მოთამაშე ან მწვრთნელი რატომ არ გყავთო. პირიქით, ამ შემთხვევაში ხმა რომ ამოიღო, ჰომოფობად შეგრაცხავენ და ფერადკანიანების სიძულვილში დაგადანაშაულებენ. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, მაგრამ… ისევ ლგბტ ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივას დავუბრუნდეთ.
საქართველოს პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი „დააჩაქუჩა“ და იცით, რა არის საინტერესო: ეს ოლიმპიადა მართლაც რომ ჩატარდეს და იქ ვინმე საქართველოს დროშითა და წარწერით GEORGIA გამოვიდეს, ჩაითვლება თუ არა ეს ლგბტ პროპაგანდად და დაისჯება თუ არა ეს პიროვნება? რეალურად ეს პროპაგანდა იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, მათი დასჯა უდიდეს რეზონანსს გამოიწვევს. ასევე საინტერესოა, რა მოხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემის რომელიმე წარმომადგენელი ირანის სახელით იასპარეზებს, ირანში ამისთვის სიკვდილით სჯიან და ასე საჯარო გამოსვლა, წესით, ირანელებმა უნდა დასაჯონ.
ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ ლიბერალები მსოფლიოს მასშტაბით გადამწყვეტ იერიშზე გადავიდნენ და მათი მიზანია ყველა ღირებულების გაქრობა, გაუფასურება, ყველაფერი ის, რამაც სახელმწიფოები კი არა, ერები მოიყვანა დღემდე, რამაც ეს ერები გადაარჩინა. ჰოდა, პირველ რიგში, ერჩიან რწმენას და აგერ, ცხოვრების ჯანსაღი წესის გაუფასურება სურთ, სპორტის გვირგვინის, ოლიმპიადის, ისე გაუფასურება, რომ მერე, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გერქმევა, გვერდით მითითებული იყოს, ეს მედალი ჩვეულებრივ ოლიმპიადაზე მოიგო თუ ლგბტ ოლიმპიადაზე. ჰო, როგორც არაერთ ქვეყანაში დედასა და მამას მიანიჭეს სტატუსები: „მშობელი #1“ და „მშობელი #2“, ზუსტად ისე უნდა დანომრონ ოლიმპიადაც – ჩვეულებრივი და… არაჩვეულებრივი. მის წაბილწვას უკვე საფუძველი რომ ჩაუყარეს, პარიზში გამოჩნდა. გაითვალისწინეთ, რომ შემდეგი ოლიმპიადა აშშ-შია, ქვეყანაში, სადაც ლიბერალებმა ცოტა ხნის წინათ მთავარ მოწინააღმდეგეს ტყვიაც კი ესროლეს და უკან არაფერზე დაიხევენ.
ჩვენ კი… ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სწორედ ისე ღირსეულად გამოვიდეთ ყველა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ეს პარიზში შევძელით, როგორც ახლა დავანახვეთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც არასდროს არაფერზე დაიხევს უკან და მნიშვნელობა არ აქვს, სხვა რამდენი ათეული მილიონია, მთავარია ხარისხი!
P.S. სხვისი რა გითხრათ, მაგრამ ჩვენთვის ასეა – პარიზის ოლიმპიადის რეჟისორებს თუ შემოქმედთ ჩვენ დავუტოვეთ ერთი მეტად საინტერესო კითხვა, რომელიც აწ უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა “ევროსპორტის“ ჟურნალისტს ქართულ-ინგლისურად დაუსვა: “სამასი არაგველი Do you know?” (300 არაგველი იცი)?
ლევან გაბაშვილი