ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი
მეოთხე გამოშვება
“თქვენ გვეტყვით, ეს მონები ჩვენ გვეკუთვნისო”.
უილიამ შექსპირი
ძალიან დემოკრატები
რამდენიმე დღის წინათ ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს შემდეგი ინფორმაცია: “15 თებერვლიდან იწყება იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გერმანიაში დასაქმება სურს. გერმანიის მთავრობა მზადაა, საქართველოს მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს, თუმცა ეს არ იქნება მუდმივი სამუშაო. დროებითი სამუშაო მიგრაცია სამთვიანია”.
საქართველოდან სოციალურ ემიგრანტთა რაოდენობა აქამდეც მაღალი იყო, მაგრამ ამიერიდან უფრო მოიმატებს. საქმე ის არის, რომ დაუსაქმებელ და საარსებო საშუალებას მოკლებულ ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასაღწევად მრავალი ბარიერის გადალახვა უწევდათ. მართალია, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ემიგრანტებით უჩვენოდაც დამძიმებული ევროპული სახელმწიფოები სამუშაოს საძებნელად ჩასულ ქართველებს ხელგაშლილნი არ ხვდებოდნენ. თავის დაზღვევისთვის ისინი ითხოვდნენ, წამსვლელებს წარედგინათ უკან გასამგზავრებელი ბილეთი და საბანკო ანგარიში, რომელზეც (ლუკმაპურის მაძიებელთა საზომებით) სოლიდური თანხა იქნებოდა დარიცხული. ბევრი მათგანი სამგზავრო ბილეთის თანხასთან ერთად ამ თანხასაც მევახშისგან სესხულობდა ხოლმე. არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც ევროპის ამა თუ იმ სახელმწიფოში ასე შიშითა და ძრწოლვით ჩაფრენილი გასაცოდავებული ადამიანები მიზეზების აუხსნელად უკან გამოუბრუნებიათ. წარმოიდგინეთ, სამშობლოში უარყოფილი და კუთხეში მიმწყვდეული იმ ადამიანის სულიერი, ფიზიკური და მორალური მდგომარეობა, რომელმაც გადარჩენის გზების საძებნელად მევახშისგან პროცენტიანი ვალი აიღო და დემოკრატიულ ევროპაში რის ვაი–ვაგლახით ჩააღწია, მაგრამ იქაც ზედმეტი და უარყოფილი აღმოჩნდა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი _ თვითმკვლელობამდე მიყვანა. სოციალური სიდუხჭირით იძულებულ საზღვარგარეთ გადახვეწილ ადამიანს, იქ, სადაც ჩავიდა, და სადაც იმედი ჰქონდა, რომ ფეხს მოიკიდებდა, სამუშაოს იშოვიდა და იმდენის გამომუშავებას შეძლებდა, რომ საქართველოში უმწეოდ და უნუგეშოდ დატოვებული ოჯახის წევრები (მოხუცებული მშობლები, მცირეწლოვანი შვილები და ა.შ.) ერჩინა, ეუბნებიან, აქ შენი ადგილი არ არის და უკან უნდა დაგაბრუნოთო, პირველ რიგში, რა აზრი მოუვიდოდა თავში? რა თქმა უნდა, სუიციდი. ჰო, ესაა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა _ დანაშაულთა შორის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული. იგი უმძიმესია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ახორციელებს, მაგრამ ეს დანაშაული ასჯერ და ათასჯერ მძიმდება, თუ ის სახელმწიფოსა და სისტემისგან მოდის. ჩვენ შევქმენით სახელმწიფო, სისტემა, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ მისი სისტემურობითა და ორგანიზებულობით ადამიანებს, ხალხს ცხოვრებას უიოლებდეს, საზოგადოების ცალკეული წევრები ზოგჯერ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ზოგ შემთხვევაში კი აიძულებს, რომ, საზღვარგარეთ გადახვეწილმა, თავი ღირსების შემლახავი საქმიანობით ირჩინოს. ჩემს სატელევიზიო საავტორო გადაცემებში ხშირად ვაშუქებ საზღვარგარეთ გადახვეწილ ემიგრანტთა ცხოვრებას. ორი წლის წინათ ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა, დედამ, ისეთი შემზარავი სიტყვები მითხრა, რომელმაც არა მხოლოდ მაშინ შემძრა, როცა პირველად მოვისმინე, არამედ, ყოველი გახსენებისას თავზარდამცემად მოქმედებს:
“ჩვენ აქ მონები ვართ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ადრე ქართველებს უცხოელი დამპყრობლები გვყიდდნენ მონებად, მაგრამ მაშინ სხვა დრო და სხვა წყობილება იყო. ახლა კი, ამ დემოკრატიის ეპოქაში, ისეთი სიტუაცია შეგვიქმნეს, რომ ჩვენ თავს ნებაყოფლობით ვყიდით მონებად”. მემატიანემ კარგად უნდა აღნუსხოს ეს საშინელი სიტყვები, საქართველოში ამერიკული დემოკრატიისთვის გამოტანილი ეს უმძიმესი განაჩენი, რათა მომავალ თაობას მისხალი ეჭვიც არ შეეპაროს იმაში, რომ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებული რეჟიმი, რომელიც ხალხს დემოკრატიული ფასადით მოევლინა, სისასტიკის თვალსაზრისით არათუ ჩამორჩება მონათმფლობელურ სისტემას, ზოგიერთ რამეში აღემატება კიდეც…
სოციალურ ემიგრანტთა ხვედრი ძირითადად ასეთია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ წამსვლელთა ნაკადი არ წყდება. წეღან ვთქვი, ახლა ეს ნაკადი გაიზრდება-მეთქი. მხედველობაში მქონდა ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით “დემოკრატიული სამოთხის” მშენებელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, მათი საზღვარგარეთ ოფიციალურად დასაქმების მავნებლური პრაქტიკა შემოიღო. ეს, რა თქმა უნდა, გააადვილებს ჩვენი თანამემამულეების სამშობლოდან მასობრივად აყრის საქმეს, რადგან მათ უკვე აღარ გაუჭირდებათ სასაზღვრო ბარიერების გავლა. მხოლოდ სამი თვითო, შეთანხმებულან ქართველი მინისტრი და გერმანიის ელჩი საქართველოში. ან ქართველი მინისტრი და ან გერმანელი ელჩი მართლა თუ ფიქრობენ, რომ ამ გზით გერმანიაში ჩასული ქართველები ხელშეკრულების ოფიციალური ვადის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნდებიან, ძალიან შემცდარან. მათთვის მთავარია, შეაღწიონ ამათუ იმ ქვეყანაში და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსკენ პირი აღარ ქნან, რადგან ამერიკელების მიერ აქ მოყვანილ ხელისუფალთა თაობებმა ხალხს სამშობლო ავ დედინაცვლად უქციეს. ხელისუფლება, რომელიც მადლიანი ქართული მიწის განმკარგავია, განა ევროპაში უნდა დაეძებდეს სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებს, ეს ხომ აბსურდია?!
რა ვერ შეგიქმნიათ საქართველოში, რომელმა კულტურამ ვერ იხარა ქართულ მიწაზე, რომ ხალხიც დასაქმდეს, მოსახლეობაც გამოიკვებოს და აქ მოწეულმა პროდუქციამ სხვათა ბაზრებიც დაამშვენოს და გაამდიდროს? ოცდაათი წელიწადია დამოუკიდებლები ვართო, რომ გაჰყვირით, რა შეჰქმენით ამ ოცდაათი წლის განმავლობაში? რომელი დარგი და რომელი სფერო წამოსწიეთ? საუკუნის წინათ სოციალისტურმა სისტემამ, რომელსაც თქვენ ჩამორჩენილსა და არაეფექტურს უწოდებთ, რამდენიმე წელიწადში კოლხეთის დაბლობზე ჭაობი დააშრო და უნიკალური ჩაის კულტურა გააშენა გადამამუშავებელი მთელი ინფრასტრუქტურით, რომელიც თვალუწვდენელ საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით ამარაგებდა და საღვარგარეთაც გაჰქონდა. თქვენ კი ოცდაათი წელიწადი აშენებულისა და შექმნილის ნგრევა–განიავებას მოანდომეთ. ჩაის კულტურა მთლიანად მოსპეთ, გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა დაანგრიეთ, ჯართად გაყიდეთ და, ახლა, ხალხს ეუბნებით, გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოზე გაგიშვებთო. იმ სამი თვის შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებულმა ხალხმა რა ქნას, რა აკეთოს? იქ გამომუშავებული ფულით, რომელმაც შეიძლება გზის ხარჯებიც ვერ დაუფაროს, აქ როგორ და რამდენ ხანს იცხოვროს? ამაზე თუ გიფიქრიათ? რატომ იფიქრებდით, რა თქვენი საქმეა, ხალხი როგორ იცხოვრებს და რით გაიტანს თავს? გერმანიაში ამ საცოდავი ხალხის გაშვება, დარწმუნებული ვარ, მათ ბედზე თქვენი ზრუნვის შედეგი კი არ არის, გერმანელებს სეზონური მუშები რომ დასჭირდათ, როგორც იაფი მუშახელის ბაზა სახელმწიფოს, ალბათ, შეკითხვით მოგმართეს, ამგვარ კონტინგენტს ხომ არ გამოგვიგზავნითო და, თქვენც დათანხმდით. სულ ეს იყო საკუთარი ხალხის მიმართ გამოჩენილი თქვენი “მზრუნველობა”.
რა უნდა იყოს იმაზე დიდი უბედურება და ეროვნული ტრაგედია, როდესაც ხალხი სამშობლოდან გარბის, ქვეყანა როდესაც ცარიელდება და უპატრონოდ რჩება? ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკი დაეპატრონაო. რუსებსაც აქვთ მონათესავე ანდაზა _ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩებაო. აკი, არც დარჩა ცარიელი. ათასი ჯურის ხალხით გაივსო და კიდევ უფრო გაივსება საქართველო. ძალიან დემოკრატები ამბობენ, ადამიანს თუ ინვესტიცია მოაქვს, საქართველოში ფულს აბანდებს და სასარგებლო საქმესაც აკეთებს, თანაც კანონმორჩილია და არაფერს აფუჭებს, მოქალაქეობაც მიიღოს, იყოს, იცხოვროს, საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდესო. ძალიან დემოკრატიულად თუ მივუდგებით სააკითხს, იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ამ ძალიან დემოკრატიას ცოტა ხნით გვერდზე თუ გადავდებთ და საქმეს ლოგიკურად განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველების საქმე ვერ მიდის კარგად. ასეთი სურათი ისახება: ქართველები საქართველოდან გარბიან, უცხოელები საქართველოში მორბიან. ჰოდა, ეს სურათი ახლო მომავლისთვის ასე ჩამოყალიბდება: საქართველოში არ იქნებიან ქართველები და იქნებიან უცხოელები. ძალიან დემოკრატიულად თუ შევხედავთ, არც ესაა პრობლემა. მთავარია, რომ საქართველომ აზიასა და ევროპას შორის დერეფნის როლი შეასრულოს; კასპიის ზღვიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით ენერგომატარებლების გამტარ ტერიტორიად დარჩეს; ოდესმე იქნებ ნატოსა და ევროკავშირის წევრობაც ეღირსოს; ერქვას დემოკრატიული სახელმწიფო; იცავდეს ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჰოდა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ეთნიკური წარმომავლობის ხალხი იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, რომ ეროვნება საბუთებში მაინც არ იწერება. ასეთია ძალიან დემოკრატიული მიდგომები, მაგრამ, არის ერთი მაგრამ: თუკი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, ჩვენგან განსხვავებით, არც არიან და არც ისწრაფვიან ძალიან დემოკრატიულობისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უომრად და უსისხლოდ ტერიტორიის ერთ გოჯსაც კი არავის დაუთმობენ და არც არავის აპარპაშებენ თავიანთ სახელმწიფოებში, ჩვენ რატომ ჩამოვყალიბდით ძალიან დემოკრატებად?!
მეზობელ სახელმწიფოებს თავი დავანებოთ, სადმე, რომელიმე სახელმწიფო არსებობს, რომელიც ამ თვალსაზრისით თადარიგს არ იჭერდეს და საზღვრები მოღიავებული ჰქონდეს? ევროპელებმა გაუღეს კარები ემიგრანტებს, მაგრამ იმავე დღიდან საქმე სანანებლად გაუხდათ და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ დემოგრაფიული ბალასი შეინარჩუნონ. პრეზიდენტი ტრამპი მექსიკასთან მაღალი კედლის მშენებლობის იდეით იყო შეპყრობილი, რათა აშშ–ის მიმართულებით უკონტროლო მიგრაციული ნაკადი შეეჩერებინა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კი სახელმწიფო დეპარტამენტში მისი პირველი შეხვედრა ამ სიტყვებით დაიწყო, “ამერიკა დაბრუნდა!” თანაც ეს სიტყვები ორჯერ გაიმეორა. როდესაც ასე უზარმაზარი სახელმწიფოებიც კი საკუთარი იდენტობის დაცვაზე არიან ორიენტირებულნი, ჩვენ, გადაშენების გზაზე მდგარი ქართველები, რომლებიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში თითქმის გავნახევრდით, რატომ ვართ ისე ძალიან დემოკრატები, რომ ჩვენს ერს, ჩვენს ჯიშს გადაშენებისკენ მივაქანებთ?! არის ამაში გლობალური პრობლემებისადმი არამარტო პროვინციული მიდგომის ნიშნები, არამედ ეპოქალური ტრენდის წინაშე მონური თავდადრეკის სამარცხვინო გამოვლინებაც…
ევროპის მერცხალი
რა არის ის ეპოქალური ტრენდი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ? ესაა რუსოფობია, რომელსაც, მართალია, ფესვები წარსულში აქვს გადგმული, მაგრამ დღეს განსაკუთრებულ აქტუალობასა და სიმწვავეს იძენს. ევროპული რუსოფობია, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ნაპოლეონის წარუმატებელი ლაშქრობიდან იღებს სათავეს. ამერიკული რუსოფობია შედარებით ახალგაზრდაა და მას ორი ძირითადი წყარო კვებავს.
1.იდეოლოგიური, რომელიც 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულ იმ ალტერნატიულ წყობილებაზე რეაქციაა, იმთავითვე კაპიტალიზმის მესაფლავედ რომ იყო აღქმული და აღიარებული;
2.კონკურენცია მსოფლიო ლიდერობაში, რომელიც, ასევე, საბჭოთა პერიოდს უკავშირდება.
დღევანდელ დასავლურ რუსოფობიას განსხვავებული საფუძვლები გააჩნია:
1.რუსოფობია მექანიზმია დასავლეთის სისტემური კრიზისის სხვისთვის გადაბრალებისა;
2.რუსოფობია მექანიზმია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და ვარშავის პაქტის სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვებისა და დაქვემდებარებისა.
თვით საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის სახელმწიფოებში რუსოფობია ხელოვნურად თავსმოხვეული და პროპაგანდის გამოყენებით გაღვივებული მოვლენაა, რომელიც რუსეთის ფაქტორით ამ სახელმწიფოთა მოქალაქეებში შიშის დანერგვის მიზანს ემსახურება, რათა საზოგადოებრივ ცნობიერებაში მუდმივად იყოს აშშ–ისა და ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის გამძაფრებული სურვილი და მოთხოვნილება.
დღეს რუსოფობია ისტორიულ ანტისემიტიზმს ემსგავსება, რაც უაღრესად საშიში მოვლენაა, ვინაიდან რუსი ერი არ ჰგავს საკუთარ სახელმწიფოებრიობას მოკლებულ და მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ებრაელობას, რომელსაც ანტისემიტიზმის ყოვლად სამარცხვინო გამოვლინებაზე საკადრისი პასუხის გაცემა არ შეეძლო. რუსი ერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ერია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში უძლიერესი ბირთვული ტრიადა.რუსოფობიის ანტისემიტიზმთან მსგავსების შესახებ ანალოგიური აზრი სხვებსაც გამოუთქვამთ. მაგალითად შვეიცარიელი პოლიტოლოგი გი მეტანი წერს: “რუსოფობია გვევლინება კოლექტიური ფსიქოლოგიის ფენომენად, რომელიც იკვებება ფაქტებისა და სიტუაციების იმგვარი ტენდენციური ინტერპრეტაციით, როდესაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთს და მის ლიდერს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს ეკისრება. როგორც ანტისემიტიზმი, ასევე რუსოფობია არ არის დროებითი და გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენა. რუსოფობია, ისევე როგორც ანტისემიტიზმი, ტრანსფორმაციის შედეგად იღებს განსხვავებულ ფორმას იმის მიხედვით თუ რა კონტექსტშია მოქცეული ან რომელ სახელმწიფოში ვითარდება იგი. რუსოფობია არ არის შეთქმულება, ვინაიდან ღიად ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით”. პატივცემულ ავტორი ყველაფერში მართალია, მაგრამ ბოლო დასკვნაში ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ადრე შეთქმულებისათვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი ფარულობა თუ იყო, დღეს აშკარაა შეთქმულების სრულიად ახალი და უჩვეულო ფორმა _ ღია შეთქმულება. შეიძლება გაგიკვირდეთ, ღია შეთქმულება რა შეთქმულებააო, მაგრამ, თუ დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ამერიკელებმა ეს უცნაური მოვლენა მყარად დაამკვიდრეს პრაქტიკაში. მაგალითად, ე.წ. ფერადი რევოლუციები, რომლებიც იწყება თუ არა, ყველამ იცის, რომ ეს არის შეთქმულება ამა თუ იმ სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ, რომელიც ღიად მიმდინარეობს და, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ყოველთვის მიზანს აღწევს. ამერიკელთა დაუოკებელი სწრაფვა მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობისკენ, როგორც უნდა შეფუთონ იგი დემოკრატიზაციისა და გლობალიზაციის პროცესებით, ყველამ იცის, რომ მსოფლიოს წინააღმდეგ შეთქმულებაა, მაგრამ არც ეს სათაკილო განზრახვა წარმოადგენს საიდუმლოს ფართო საზოგადოებისთვის. ასე რომ, დასავლური რუსოფობია, რასაც ისინი ყოველგვარი გასაიდუმლოების გარეშე აღვივებენ, სწორედ რუსეთის წინააღმდეგ დაუფარავი შეთქმულებაა, რომელიც მსოფლიო დესტაბილიზაციის გამომწვევი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია. დასავლეთის მიერ გაღვივებული რუსოფობიის უმთავრესი ნიშანი მისი მოდად ქცევაა. სხვათა შორის, ეს ძალიან სწორად გათვლილი და კარგად დამუშავებული ფსიქოლოგიური მომენტია. მასას ცოდნა არ იტაცებს, რომელიც მძიმე შრომით მოიპოვება. მასას მოდა იტაცებს, რომელსაც შრომა არ სჭირდება. მოდურ აზროვნებას აყოლილ ნებისმიერ სულელს მარტივად შეუძლია ფეხქვეშ გათელოს საღი აზრი, დღესავით ნათელი პოზიცია, ჭეშმარიტება. მოდას აყოლილ სულელთა არმიას არ სჭირდება ლოგიკური აზროვნება, ფაქტების ცოდნა, არგუმენტაცია, მათთვის საკმარისია ტელეეკრანებსა და ინტერნეტსივრცეში ქირქილი, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელება და თავისმოწონება იმით, რომ პროგრესულად და თავისუფლად აზროვნებენ. მათ არ იციან, რომ, თუ რამეს არიან ძალიან დაშორებული, ეს სწორედ თავისუფლებაა. ისინი არა, უბრალოდ, მონები, არამედ საშინლად თავდაჯერებული მონები არიან იმისა, რაც, ლაბორატორიულად და მეცნიერულად დამუშავებული მეთოდებით, შეგნებულად და მიზანმიმართულად გაუფეტიშეს და მოდად უქციეს. ისინი ნებაყოფლობით ხდებიან რა მონები მათთვის სპეციალურად შექმნილი თეორიისა, სინამდვილეში მონები ხდებიან იმ მოდის შემქმნელებისა და კანონმდებლებისა. რუსეთში აშშ-ისა და ევროპის “მეხუთე კოლონის” ერთ-ერთი წარმომადგენლის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო დასავლეთში ატეხილი ვაი-უშველებელი ერთი ნათელი მაგალითია დასავლური პოლიტიკური სტრუქტურების რუსოფობიის გაღვივების სამსახურში ღიად დგომისა. ევროკავშირის საზღვარგარეთთან ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ევროდეპუტატების მძაფრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. მას დაუწუნეს ლავროვთან საუბრის ტონი და რუსეთის წინაშე პოზიციების დათმობის პოლიტიკა. ბორელმა, თავის მხრივ, უაღრესად საყურადღებო განცხადება გააკეთა: “მე ბრიუსელში დავბრუნდი რუსეთის საზოგადოების განვითარების პერსპექტივითა და რუსეთის გეოსტრატეგიული არჩევანით ღრმად შეშფოთებული. ჩემმა შეხვედრამ მინისტრ ლავროვთან და ამ ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლებიდან წამოსულმა მესიჯებმა დაადასტურეს, რომ ევროპა და რუსეთი შორდებიან ერთმანეთს. სჩანს, რომ რუსეთი თანდათანობით წყვეტს კავშირს ევროპასთან და დემოკრატიულ ფასეულობებს განიხილავს, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს”.
როგორც ხედავთ, განცხადება მართლაც სერიოზული და დამაფიქრებელია, მაგრამ დეპუტატებს ფიქრისთვის არ ეცალათ. იმ დღეს ევროპის პარლამენტის დარბაზში ეპოქალური ტრენდი ბობოქრობდა, მოდად ქცეული რუსოფობია ზეიმობდა. ერთად-ერთი დეპუტატი, რომელიც ტრენდის კონტექსტიდან ამოვარდა და მოდურ აზროვნებას გაემიჯნა ირლანდიელი კლერ დეილი იყო:
“გაუთავებელი რუსოფობიური რიტორიკის ფონზე, რომელიც ამ დარბაზში გაისმის, მსურს შეგეკითხოთ: რატომ გიკვირთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობას რუსეთი უაზრობად მიიჩნევს? მე სხვებზე ნაკლებად არა ვარ მზად ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, ალექსეი ნავალნის უფლების დასაცავად, მაგრამ ვიყოთ პატიოსნები. რუსეთში მას ოთხპროცენტიანი მხარდაჭერაც არა აქვს. ასეთ შემთხვევაში მისი მხარდამჭერი აქციების რომელ მასობრიობაზეა საუბარი?! იგი რუსეთის ნაცვლად სხვა რომელიმე სახელმწიფოში რომ იყოს დაპატიმრებული, აქ მისი საკითხის განხილვა საერთოდ არ იქნებოდა. ჯულიან ასანჟი, ამერიკელების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულთა მხილების გამო, ათი წელიწადია, იტანჯება, მაგრამ ჩვენ ამ დარბაზში მისი სახელის ხსენებასაც ვერ ვბედავთ. ხვალ კი, მისი სიმღერის ტექსტის გამო, გისოსებს მიღმა აღმოჩნდება კატალონიელი რეპერი პაბლო ასელი, მაგრამ თქვენგან არ ისმის მოწოდებები, რომ ესპანეთს ამის გამო სანქციები დაუწესონ. დასავლეთ ვირჯინიაში, არაძალადობრივ აქციაში მონაწილეობის გამო, ციხეში უშვებენ 62 წლის კლერ გრეიდის, მაგრამ არ ისმის თქვენი მოთხოვნა აშშ–თან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. რას ვაკეთებთ? რა არის ეს? აქ საქმე ადამიანის უფლებების დაცვაში კი არა, რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაშია, რაც სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის მიერ არის წაქეზებული, ვინაიდან მას მრავალმილიონიანი ხარჯების გასამართლებლად მტრის ხატი სჭირდება. ჩვენ რუსეთთან დიალოგის გზით უნდა ვიაროთ და არა საომარი რიტორიკის გზით”.
ნათქვამია ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. მე რომ მკითხონ, გაზაფხულს ვერც ერთი მერცხლის ჭიკჭიკი მოიყვანს და ვერც ათასი მერცხლის. ის მერცხლები (ერთი იქნება თუ ათასი) თვითონ მოჰყავს გაზაფხულს. ამიტომ ერთი მერცხალი, თუ სადმე აჭიკჭიკდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ გაზაფხული კარსაა მომდგარი. სწორედ, გაზაფხულის მაცნე მერცხლის ჭიკჭიკს ჰგავდა მონობისგან განთავისუფლებული დეპუტატის, ქალბატონ კლერ დეილის გამოსვლა ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში…
ვალერი კვარაცხელია
P.შ. დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ისიც, ვინც მსოფლიოში მონობის ფსიქოლოგიას ნერგავს. სიცრუეა მათი უპირველესი იარაღი და სიცრუის აბლაბუდაში ეხვევიან თვითონაც. ყველაზე დიდი სიცრუე მათ მიერვე შექმნილი მითია ამერიკელთა გამორჩეულობის შესახებ, რაც იდეოლოგიის რანგში ჰყავთ აყვანილი. აშშ–ის პრეზიდენტი, სანამ ძალმოსილებაში შევა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ფიცს წარმოსთქვამს და ამ დროს ხელი ბიბლიაზე უდევს. ამაზე ზუსტად შენიშნა პრეზიდენტმა პუტინმა: “Они клятву произносят своему народу на чем? На Библии. А в Библии что сказано? Что перед Господом все равны. В Библии брак–это союз между мужчиной и женщиной. Он клянется на Библии, и нарушает ее. Значит, он нарушает данную им клятву американскому народу. В этих вещах очень много противоречий.
არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მსოფლიო გასათავისუფლებელია სიცრუისა და ძალმომრეობის, მოსყიდვისა და დამონების იმ საშინელი წნეხისგან, რომლის დანერგვასაც ამერიკელები ასე დაჟინებით ცდილობენ.
ვ.კ.
დიდი მადლობა ბატონო ვალერი, მართალი და გაბედული სიტყვისათვის!
წერთ: „მხოლოდ სამი თვითო, შეთანხმებულან ქართველი მინისტრი და გერმანიის ელჩი საქართველოში. ან ქართველი მინისტრი და ან გერმანელი ელჩი მართლა თუ ფიქრობენ, რომ ამ გზით გერმანიაში ჩასული ქართველები ხელშეკრულების ოფიციალური ვადის გასვლის შემდეგ უკან დაბრუნდებიან, ძალიან შემცდარან. მათთვის მთავარია, შეაღწიონ ამათუ იმ ქვეყანაში და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსკენ პირი აღარ ქნან…“
ბ-ნო ვალერი, თქვენ ფიქრობთ, რომ გერმანელი ელჩი ისეთი სულელია, რომ ქართველი მინისტრის მოსატყუარი იყოს? ქართველი მინისტრი ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ამ გზით გერმანიაში ჩაყვანილ ქართველებს სამი თვის შემდეგ უკან დააბრუნებს. ზალკალიანი და შს მინისტრი თავისით წასულ ქართველებს დასდევდნენ საფრანგეთსა და ესპანეთში გამოსადეპორტებლად და თავიანთ წაყვანილებს დაანებებენ იქ დარჩენას?! ასე, რომ გერმანიაში ჩაყვანილ ქართველებს სამი თვის შემდეგ გარანტირებული აქვთ „სამშობლოში“… დაბრუნება.
დიახ,სრული ჭეშმარიტებაა რაც ახლა წავიკითხე,მაგრამ მოვა კი გონს საქართველოს ხელუსუფლება?ალბათ უკვე აზროვნებაც დაავიწყდათ,თვითონ არ მართავენ ქვეყანას(ალბათ არც აქვთ მაგის შნო),როგორც დასავლეთი უბრძანებს ისე მოქმედებენ.
ვაი,ვისი საჯიჯგნი გახდა საქართველო!იმიტომ დაღვარეს სისხლი ჩვენმა წინაპრებმა?,.იმიტომ შესწირეს შვილები საქართველოს დამოუკიდებლობას რომ ერთეულები გამდიდრებულიყვნენ და ხალხს მონობაში ეცხოვრა?ექიმები და მასწავლებლები,ინტელიგენცია ევროპელების და ამერიკელების მონები გამხდარიყვნენ?ოჯახს მოწყვეტილებს სხვისი თვალებისა და შუბლისთვის ეყურათ არაფერი ეწყინოთო?ზოგს ისეთი უხასიეთო დავარქვა თუ მტარვალი არ ვიცი,მოსავლელი მოხუცი ჰყავს სამშობლოში ოჯახთან დარეკვასაც უკრძალავს და როცა მოხუცი დაიძინებს მერე ურეკავენ მშობლებსა თუ შვილებს.
ზოგს ჭამას უკრძალავენ(რამდენს ჭამო).კიდევ ბევრი შემთხვევაა,ყველას ხომ ვერ დავწერ.
ესაა ბიძინა ივანიშვილის დაპირებული აღორძინებული სოფლის მეურნეობა და თითო რეგიონში თითო საწარმოს გახსნა?
დიდი მადლობა ბატონო ვალერი ამ სიმართლისთვის!
დიდი მადლობა ბატონო ვალერიიდეალური აზროვნებისთვის. თქვენისთანა ხელმძღვანელი სჭირდება ქვეყანას