Home რუბრიკები საზოგადოება სამართებელი გიჟების ხელში, ანუ, ღმერთო, იხსენი საქართველო!

სამართებელი გიჟების ხელში, ანუ, ღმერთო, იხსენი საქართველო!

ბოლო ოთხი ათეული წელია, ჩემი ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ მდგომარეობას რომ ვაკვირდები, არა მხოლოდ ვაკვირდები და შორიდან ვუცქერი, ერთ ხანს აქტიურადაც ვმონაწილეობდი მიმდინარე პროცესებში, თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ საქართველოში მასობრივი ფსიქოზი მძვინვარებდა. მერე და მერე ისიც აშკარა შეიქნა, რომ მასობრივი ფსიქოზი მხოლოდ ჩემს სამშობლოს არ დამართნია, ამ დაავადებამ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და უფრო მეტად ევროპის ქვეყნები მოიცვა.

ფსიქოლოგი და, მით უფრო, ფსიქიატრი არ ვარ, მაგრამ იმდენი კი ვიცოდი და ვიცი, რომ ბევრი ფსიქოლოგის მოსაზრებანი უნდა წამეკითხა და დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი სამშობლო ერთი დიდი საგიჟეთისკენ მიექანებოდა. ნებისმიერმა სერიოზულმა ფსიქოლოგმა (მით უფრო მეცნიერმა) იცის, რომ ფსიქოზი იმაზე უფრო გადამდები დაავადებაა, ვიდრე გრიპი თუ კორონას ნაირსახეობა _ ომიკრონი. აბა, ერთი, ხმამაღლა გაიცინოს ვინმემ ხალხით გაჭედილ ავტობუსში ან მეტროპოლიტენის მატარებლის ვაგონში, თუ მგზავრების უმრავლესობამ სიცილი არ დაიწყოს. რატომ? რა იციან, რაზე გაიცინა იმ ერთმა მგზვრმა? არ იციან და არც კითხულობენ სიცილის მიზეზს. ისტერიკის გამოვლინებაა ეს და ცოტა ისტერიკულობა ყველას ახასიათებს, ამიტომ არის სიცილი თუ მთქნარება გადამდები, მით უფრო მათთვის, ვისაც ნაკლებად მყარი ფსიქიკა და გონიერების დეფიციტი აქვს.

როდესაც საქართველო პერმანენტულმა მიტინგომანიამ მოიცვა, როდესაც ყველა წვერგაუპარსავი, პირდაუბანელი ეროვნული მოძრაობის აქტივისტად იქცა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქვეყანას მასობრივი ფსიქოზის პანდემია დაატყდა თავს, რომლის გაღვივებასა და გავრცელებას აქტიურად უწყობდა ხელს როგორც ჩვენი სახელმწიფოს მოღალატე (უცხოელების მიერ ნაყიდი) ხელისუფლება, ისე ჩვენი სიბრიყვე და უვიცობა.

ნათქვამია, კაცს რომ ღმერთი გაუწყრება, ჯერ ჭკუას გამოაცლისო. სრული ჭეშმარიტებაა ეს. ღმერთი რომ გაგვიწყრა, ამის მიზეზების ჩამოთვლა იქნებ ზედმეტიც არის, მაგრამ ვიტყვი მაინც: ტყუილი და სიბრიყვე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩვენი არსებობის ნორმად იქცა. ცრუობდა ყველა _ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებით დაწყებული, ყველაზე დაბლა მდგომი, დამლაგებლისა და მეეზოვის ჩათვლით. ცრუობდა გლეხი, მუშა, მოსწავლე და მასწავლებელი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, მღვდელი და დიაკვანი, ერი და ბერი. გაგვიწყრებოდა ღმერთი, აბა რა იქნებოდა?!

რაც 1980-იან წლებში პერმანენტულ მიტინგებზე მომისმენია: “ჩვენ მხოლოდ ბორჯომის წყალი გვაცხოვრებს!” “ჩვენ მხოლოდ ჩაი გვეყოფა ბედნიერად ცხოვრებისთვის!” “მხოლოდ მარგანეცი რომ გავყიდოთ, ისიც თავზესაყრელად გვეყოფა!” და .. .., მასობრივი სიგიჟე სრულიად აშკარა იყო უკვე.

მარტო ლოზუნგები კი არა, პრაქტიკული მოქმედებაც ახლდა ამ “ფსიქოზურ პანდემიას”. გამარჯვებულიეროვნული მოძრაობისმიერ სამტრედიის პრეფექტად დანიშნული კაცის ინიციატივით, რუსეთისაკენ მიმავალი სატვირთო მატარებელი რელსებზე მიადუღეს და რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს, მისი მრეწველობის დანგრევის მიზნით. იმ ეროვნულმა მოღვაწე პრეფექტმა თავისი ცხოვრება კი მოიწყო, მაგრამ საკუთარი სამშობლოს ეკონომიკისთვის გაწეულისამსახურისთვისსინანული არ გამოუხატავს არასოდეს. როგორც ვატყობ, იმ მასობრივი ფსიქოზის მღვრიე საზოგადოებრივ მდინარეში ბევრმა კაი ღლავები დაიჭირა.

დღეს? ჩვენმა ეროვნულმა გამოთაყვანებამ, მცირე გამონაკლისის გარდა. ვფიქრობ პიკს მიაღწია!

მცირე გამონაკლისი-მეთქი რომ ვთქვი, ეს “მცირე” მართლა მცირე კი არ არის, დიდი უმრავლესობაა, მაგრამ ეს “უმრავლესობა” გათითოკაცებულია, ქვეყნის ხელისუფლება კი ერთ-ორკაციანი პარტიების ხელშია, ტელევიზიებიც მათია და პრესის დიდი ნაწილიც. ფინანსები? მტერი აფინანსებს მათ, ის მტერი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უჭირავს თვალი, რომელიც ქართველების გარეშე სჭირდებათ. გათითოკაცებული ერი ერი აღარ არის, ბრბოდ ქცეული ხალხია! ბრბოს კი ორგანიზებული სამი ხულიგანიც კი თავის ჭკუაზე გარეკავს, საითაც უნდა და როგორც უნდა. ერეკებიან კიდეც! რატომ ვერ გარეკავენ, რა, ჩვენი არჩეული ხელისუფლება სულ თბილ სულს უბერავს დასაბმელი გიჟების ე.წ. პარტიასა და ერთკაციანი პარტიების ოპოზიციონერ დეპუტატებს. ისეთიკაცები”, რომლებსაც მართლა კაცები ქელეხის სუფრაზეც კი თავიანთ გვერდით არ დაისვამენ ყოველდღე ტელეეკრანებზე არიან გამოფშკერილები და ისეთ სისულელეებს ბოდავენ ქვეყნის გასაგონად, ცოცხალი რომ იყოს, ავლიპ ზურაბაშვილსაც გაუკვირდებოდა.

ის, რაც ოროიდე დღის წინათ ტელეეკრანზე ნახა საქართველომ, იქნებ სხვებმაც კი, უბრალოდ, საღადაოც არ არის, როგორც ცნობილმა პოლიტოლოგებმა იმავე დღეს “პოსტივის” ეთერში აღნიშნეს _ თამარ კიკნაძემ და მისმა კოლეგამ ირაკლი ლატარიამ _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქციელმა სასამართლოს სხდომაზე ყოველგვარი ტელესიგიჟის რეკორდი მოხსნა, რაც მისი კი არა, ჩვენი ხალხის სირცხვილი და თავის მოჭრააო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია, ამაში არც ერთ ჭკუათმყოფელს ეჭვი არ შეეპარება, მაგრამ იმ ხელისუფლებას რა უნდა ვუთხრა, რომელსაც პარლამენტში უსხედან ამ პიტალო გიჟის ფანები და პოლიტიკოსებად და მთავარ ოპოზიციონერებად ითვლებიან ოფიციალურად.

იმასაც ამბობს მავანი, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა ამ შიზოფრენიკების სიგიჟეების მონაწილეებს საშუალებას აძლევს, დღენიადაგ ამბიონზე იდგნენ და ე.წ. ცნობად სახეებად ეჩვენებოდნენ ხალხს. ამით მათდამი ნდობას უკარგავენ ადამიანებს და საბოლოოდ აფარჩაკებენო.

არ არის ასეთი მიდგომა სწორი. კი, ბატონო, როდესაც პატიმარ ექსპრეზიდენტის გიჟურ გამოსვლას უჩვენებ ხალხს, მისდამი პოლიტიკურ სიმპათიას, იქნებ, სულაც ქარს ატან, მაგრამ გონიერი კაცი იმასაც ხომ იფიქრებს, შეურაცხადის გასამართლება უზნეობა და უსამართლობააო. იფიქრებს! უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კავკასიის ხალხები და, იქნებ, მსოფლიოც ხედავს ყოველივე ამას და, ბუნებრივია, ჩვენ მიმართ ყოველგვარი სიმპათია უქრება. და არავინ მოინდომებს იმ ქვეყანასთან სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგს, რომლის პარლამენტში ისტერიკული და შიზოფრენიკული ქალები და მარაზმატიკი მამაკაცები ბატონობენ.

ხელისუფლება, რომელიც, ალბათ, გარიგებულია “მთავარ ოპოზიციურ ძალასა” და მის სატელიტ “ფინიებთან”, არანაკლებ შეცდომებს უშვებს, ვიდრე მისი ჭკუიდან გადამცდარი ოპონენტები. ამ შეცდომის (რომელიც დანაშაულზე მეტია) არსი არის ის, რომ ხელისუფლება, ვითომ აგრესიულად, მაგრამ მაინც თანამშრომლობს მათთან. ამ თანამშრომლობას კატასტროფისკენ მიჰყავს საქართველო. ამას წინათ დიდი გულისტკივილით ვწერდი, რომ ორი ე.წ. პოლიტიკური ძალის _ ქოცებისა და ნაცების _ ფსევდოდაპირისპირებასა და დადგმულ პოლიტიკურ დებატებს საქართველო დაშლისკენ მიჰყავს-მეთქი. ხომ არ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ხალხის მასა მათ მიერ დადგმულ პოლიტსპექტაკლებს გასართობ შოუებად მიიჩნევს? ან მართლა ხომ არ სჯერათ, რომ მათი ნაბოდვარი _ ქართველი ხალხის მიზანი ნატოში გაწევრებააო, _ მართლა ხალხის არჩევანია? ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხს არც ქოცები ახატია გულზე და, მითუმეტეს, არც ნაცები, ამიტომ იქმნება ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჯერ რეალურად არ ჩანს, მაგრამ მალე აფეთქდება და ჩვენში ღრმად ჩანერგილი სეპარატიზმი, რომელიც არაერთხელ განხორციელებულა რეალურად, კვლავ ძლიერ ანტისახელმწიფოებრივ ძალად იქცევა.

ის, რაც ახლა სენაკში, ბათუმში, რუსთავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და ქუთაისში ხდება, არაფერს გვეუბნება? ვაი, ჩვენს პატრონს, თუ ასეა! აი, ეს იცის კოაბიტაციამ, ანუ მტერთან თანამშრომლობამ! აი, ეს არის უძველესი ქართული ანდაზა: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!”

როდესაც ღორის ტილს ფეხზე დაისვამ, “ქართველია” ეს ტილი თუ ოკეანის გაღმიდან გადმოღოღებული, თავზე აგაღოღდება უთუოდ. ღორის ტილი, თუ შეამჩნევ, იქვე უნდა გასრისო, რომ მერე პრობლემად არ გექცეს.

გონიერი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, _ ნათქვამია, _ სულელი კი ვერც საკუთარზეო. ნუთუ ეს ჩვენზეა ნათქვამი? ან იქნებ გერმანელი ფილოსოფოსი ჰანს მაგნუს ენცენბერგერი იყო მართალი, როცა თქვა: ქართველი ერი სახელმწიფოებრივი ერი არ არის, ის უფრო კულტურის ერიაო.

დღევანდელ ე.წ. პოლიტიკოსებსა და მათ ჭკუასუსტ მიმდევრებს რომ ვუყურებ, სამწუხაროდ, მგონია, რომ ენცენბერგერი მართალი იყო.

ზურაბ ცუცქირიძე

P.S. იმის ცოდნა, რომ ჩვენზე მეტი გიჟები სხვა ქვეყნებში არიან, თუნდაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, რა შვებაა ჩვენთვის, ნეტავი?!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here