სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტია. შემდეგი პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა 300 ხმოსანს თუ მგოსანს ექნება. ვიღაცები დასხდებიან და გვეტყვიან, _ ეს იქნება თქვენი პრეზიდენტიო და ჩვენც ტაშს დავუკრავთ… ან არ დავუკრავთ. ზუსტად ისე, როგორც ქალბატონ სალომეს შემთხვევაშია. ქალბატონი პრეზიდენტი ხანდახან ისეთ რამეს მოიმოქმედებს, ისეთ გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებს, რომ სწორედ “იქ თხრის, სადაც არ უნდა გათხარო”.
როცა “ქართული ოცნების” განცხადება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ევროპელებმა არ მოიწონეს, საფრანგეთში მყოფი ზურაბიშვილი შარლ მიშელს, შეიძლება ითქვას, “ხალათითა და ჩუსტებით” ეახლა, ძალიან შინაურ გარემოში _ არანირი ოფიციალური პროტოკოლი, ჩაის ჭიქები, ფრანგული კრუასანი (რატომაც არა, საქართველოს მოსახლეობა იხდის). მაშინვე არ მოგვეწონა ასეთ გარემოში მიშელთან შეხვედრა და… “კოალიციური მთავრობა, ალბათ, შემდეგი ნაბიჯია. არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს. გამოსავალია, ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი და უჩვეულო _ კოალიციური მთავრობა. ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებაა. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს (თუ არ იცის, უფრო ცუდი), რომ კოალიციურმა მთავრობამ არ გაამართლა არსად _ მოლდოვაში, რუმინეთში, ისრაელში, იტალიაში. სხვა უფრო პატარა ქვეყნებს აღარ ჩამოვთვლით. როგორც კი იქ კოალიციური მთავრობები შეიქმნა, ნახევარი წელიწადი (და ეს პოლიტიკურად უმცირესი დროა) არ იყო გასული, რომ კრიზისი დაიწყო და სწორედ კოალიციური მთავრობა შეიქნა იძულებული, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. ასე წავიდნენ ხელისუფლებები იმ წრეზე, რომელიც უკვე გავლილი ჰქონდათ, და თუ ისრაელსა და იტალიაში შედარებით მსუბუქად გადაიტანეს ეკონომიკის რყევა, რუმინეთსა და მოლდოვაში ლამის დეფოლტი გამოაცხადეს. ჰოდა, პრეზიდენტი გვეუბნება, _ კარგი იქნება, თუ კოალიციურ მთავრობას შევქმნითო. ის, რამაც არ გაამართლა არც ერთ ქვეყანაში, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ არ გაამართლებს საქართველოშიც. ორი წელიც არ არის გასული, რაც გერმანიაში იყო საუბარი კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობაზე, როცა ანგელა მერკელის პარტიის გამარჯვება წინასაარჩევნოდ ეჭვქვეშ დადგა და იცით, რა თქვეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა? კოალიციურ მთავრობას გვირჩევნია, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, მაინც აქამდე მივალთ და ტყუილად დროს დავკარგავთო. მაშინ რატომ არ მიცუნცულდა მიშელი მერკელთან და რატომ არ უთხრა: ფრაუ ანგელა, “ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო _ კოალიციური მთავრობა…” იმიტომ, რომ დასცინებდნენ, იმიტომ, რომ მის გონიერებაში ეჭვს შეიტანდნენ. ჩვენთან კი ყველაფერი ჭრის, მთავარია, წინადადება დაიწყო ტექსტით: “შარლ მიშელმა ბრძანა…”
“შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და იმაზე, რაც აუცილებელია _ ტოლერანტობა. არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს”, _ ესეც ზურაბიშვილის სიტყვებია.
კოალიციურ მთავრობაზე 2016 წლიდან ლაპარაკობს გიგა ბოკერია. მან ზუსტად იცის, რომ უმრავლესობით მოსვლა ხელისუფლებაში როგორც მის ახალ პარტიას, ისე “ნაციონალურ მოძრაობას” არ შეუძლია და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ერთადერთ გამოსავალი სწორედ კოალიციური მთავრობაა. ხომ ძალიან მარტივი მისახვედრია ის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, ერთ–ერთი მინისტრის პორტფელს, უშუალოდ ბოკერიას თუ არა, ისეთ ადამიანს მაინც მისცემენ, რომელიც მთლიანად მისი ზეგავლენის ქვეშ იქნება?! იცით, რომელ ბოკერიას, ქალბატონო სალომე? პირადად რომ გყავთ ქვეყნის მტრად გამოცხადებული და თანაც არაერთხელ და ამ საკითხში მოსახლეობის 96,21% რომ გეთანხმებათ (არჩევნებზე ბოკერიას პარტიამ 3,79% აიღო). როგორც კი კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება დღის წესრიგში, მიღებული პროცენტის მიუხედავად, დასავლეთი ხელისუფლებას აიძულებს, მინისტრთა კაბინეტში რაც შეიძლება მეტი ლიბერალი მოხვდეს, ბოკერიას გუნდიდან, რესპუბლიკელებიდან, “ნაციონალური მოძრაობიდან” და როგორ წარმოგიდგენიათ შემდეგ ამ ხალხის ერთად მუშაობა? ხომ ჩანს წარმოუდგენელი? და ეს არის, სხვა კი არაფერი, პოლიტიკური კრიზისი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დასავლეთისთვის ცხადია, რომ არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოხდება ისეთი რამ, რაც საფუძველს მისცემს, ხელისუფლებაში “ძველი გვარდია” დააბრუნოს. 43%-იანი ბარიერიც არ ჩანს გადაულახავი და ისე გამოდის, “ოცნების” მმართველობას 2024 წლამდე კანონიერად არაფერი ემუქრება, უკანონოდ კი… რევოლუციური სცენარები მოძველებულია და ისე მობეზრებული აქვს ხალხს, რომ ქუჩაში აღარ გავა და აღარ იყვირებს “გადადექი, გადადექი”-ს. ამიტომაც მოიფიქრა დასავლეთმა “პოლიტიკური რევოლუცია” და ეს ყველაფერი ჩვენი პრეზიდენტის პირით გვითხრა. კეთილი, ვთქვათ, შევთანხმდით, რომ კოალიციური მთავრობა კარგია, და სწორედ მაშინ გვეშველება, როცა მინისტრთა კაბინეტში საბოტაჟის მოსურნე არაერთი პირი იქნება. თუ ასეთი კარგი და გადასარევია, რატომ არ არის ბელგიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში კოალიციური მთავრობები? თუ კარგი მოდელია, საკუთარ თავზე რატომ არ ირგებენ? იმიტომ, რომ ზუსტად იციან, პოლიტიკური მუხრუჭის გარდა, კოალიციური მთავრობა ეკონომიკისთვისაც უდიდესი მუხრუჭია და არავის არ სურს, რამდენიმე მილიარდით იზარალოს. საქართველოში კოალიციური მთავრობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ჩამოშლის და კვლავ ხელს გავიშვერთ დახმარებისთვის. ამ ხელში კი გროშებს სწორედ დასავლეთი ჩაგვიდებს და მონობის უღელს მარყუჟებს უფრო ძალუმად ამოუჭერს. სწორედ ეს არის მიზეზიც და მიზანიც იმისა, რომ კოალიციურ მთავრობას ცხვირში გვტენიან და ამის შესახებ ხმამაღლა განსაკუთრებით ე.წ. ლიბერალური ფრთა საუბრობს. რაც მთავარია, ოპოზიციას პრეზიდენტის განცხადების სახით კიდევ ერთი კოზირი უჭირავს, აქაოდა, ეგ ქალი თქვენი გუნდის წევრია და ისიც კი კოალიციის მომხრეაო. მართალია, ოფიციალურად ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ისე გაიმარჯვა, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რა ფინანსური და ადამიანური რესურსი დაუჯდა “ოცნებას” მისი გამარჯვება.
ზევით შეგნებულად არ გვიხსენებია საბერძნეთი იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც კოალიციურმა მთავრობამ დაანგრია და უკან დასწია. საბერძნეთს ხშირად ადარებენ საქართველოს, როგორც ერთ–ერთ უძველეს ცივილიზაციას და ტრადიციულ ერს. ბერძნების ტრადიციები ძვალივით იყო გაჩხერილი ევროკავშირის ყელში და კოალიციური მთავრობის წყალობით მოუღეს ბოლო. ჰო, კოალიციური მთავრობის შექმნის შემდეგ საბერძნეთში რამდენიმე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რამდენიმეჯერ გადადგა პრემიერი და საბოლოოდ, ეს ყველაფერი ისეთი ფინანსური ზარალით დასრულდა, რომ აღმავლობის გზაზე მყოფი ქვეყანა ნახევარი საუკუნის შემდეგ თუ ამოვა ვალებიდან. ვალი კი, რაღა თქმა უნდა, ევროკავშირიდან აიღო… ბოლო ერთი წლის განმავლობაში გსმენიათ ბერძენი პოლიტიკური ლიდერების ხმამაღალი განცხადება ან პროტესტი რომელიმე საკითხზე? არა, და ეს იმიტომ, რომ ქვეყანა ვალში იხრჩობა და, ხმა რომ ამოიღოს, მართლა დაახრჩობენ. ევროკავშირის ელჩები წერილს წერილზე რომ წერენ და ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით გვმოძღვრავენ, საბერძნეთის ელჩისთვის მოგიკრავთ თვალი ან ყური სადმე? არადა, სწორედ ეს არის მიზეზი მისი დუმილისა _ ისინი ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანეს და გააჩუმეს. სწორედ აქეთ გვიპირებენ ჩვენც წაყვანას და, იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთის ეკონომიკასთან შედარებით ჩვენი ფინანსური მდგრადობა ძალიან მყიფეა, უფრო მარტივად მოგვიღებენ ბოლოს, უფრო მარტივად გააკეთებენ თავიანთ საქმეს და უფრო მარტივად შეაგუებენ ხალხს იმას, რომ სხვაგვარად არაფერი არ გამოვიდოდა. ხომ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირისა და ნატოს გარეშე დავიღუპებით? არადა, არც ნატოს წევრი ვართ, არც ევროკავშირის და… “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”
შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შინაურული შეხვედრით დავიწყეთ და ამ შეხვედრითვე დავასრულოთ. სერიოზული ეჭვი გვაქვს, აღნიშნულ შეხვედრაზე მიშელმა კიდევ არა ერთი და ორი რამ მოსთხოვა ქალბატონ სალომეს, რასაც ჩვენი პრეზიდენტი, ეტაპობრივად, მაგრამ მაინც იტყვის და მის ბაგეთაგან მიშელის სიტყვები გადმოიღვრება.
ჩვენთვის კი მთავარი ის არის, “ოცნების” ლიდერებმა შეასრულონ დაპირებები, არც 19 აპრილის შეთანხმებას არ დაუბრუნდნენ და მომავალში ანალოგიურ ხელშეკრულებას აღარ მოაწერონ ხელი. ეს დაპირება მაინც შეასრულეთ, ბატონებო, მხოლოდ საჩვენო არ არის, სათქვენოცაა და, ხალხზე თუ არა, საკუთარ თავზე მაინც იფიქრეთ.
ბესო ბარბაქაძე