კორონავირუსის ეპიდემია, რომელმაც 100-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, სამედიცინო პრობლემაა _ ამ მხრივ, მისით უნდა დაკავდნენ სპეციალისტები _ თუმცა, არა მხოლოდ. ეს ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემაა. და პრობლემის ამ მხარეზე უნდა დავფიქრდეთ მანამდე, სანამ სნეულება ჩვენამდე მოაღწევს.
ფიზიკურ ინფექციასთან ერთად, ჩვეულებრივ, მოდის ფსიქოლოგიური ინფექციაც _ პანიკური ხმები, რომლებიც ვირუსისგან განსხვავებით იოლად და სწრაფად ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით. ამასთანავე, აქტიურდებიან ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანები, რომლებიც აღიგზნებიან და სხვებსაც აღაგზნებენ, ვიღაც თესავს პანიკას, სურს, ყველა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლება “რაღაცას მალავს”, ვიღაც კი ამას ბოროტი განზრახვით აკეთებს.
ზომები, რომლებსაც ხელისუფლება მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად, ხშირად განიცდის საბოტაჟს, ერთი მხრივ, უდარდელი ადამიანებისგან, რომლებსაც არ სურთ ვითარების სერიოზულობის დანახვა, მეორე მხრივ _ გაღიზიანებული პანიკიორების ჯგუფებისგან, რომლებიც იწყებენ აქეთ-იქით მიწყდომას და ამით ზრდიან თავიანთი თავისა და სხვების ინფიცირების საფრთხეს, როგორც მოხდა მსოფლიოში ცნობილი ნოვიე სანჟარის (უკრაინა, პოლტავის ოლქი) მცხოვრებლების შემთხვევაში.
ვითარება ნოვიე სანჟარსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, რომლებმაც უარი განაცხადეს ევაკუირებულთა მიღებაზე, ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენია, და არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს. გასაგებია, რომ ადამიანებს სურთ ამის ახსნა რაღაც განსაკუთრებული მენტალობით ან სპეციფიკური ვითარებით. უკრაინაში შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, მართლა სპეციფიკურია. ეს, უწინარესად, გამოწვეულია სახელმწიფოს სისუსტით, სახელმწიფოსი, რომელიც, წლებია, წარმოაჩენს თავის უუნარობას, დამამშვიდებელი პერანგი ჩააცვას განსაკუთრებით სახიფათო შეშლილებს.
თუმცა თვით პანიკიორობაში სპეციფიკურად უკრაინული არაფერია. პანიკა შეიძლება შექმნას ნებისმიერმა ადამიანმა. პანიკა ემყარება რაღაც ბიოლოგიურ ინსტინქტებს _ როგორც ბალახისმჭამელთა ფარა ადგილიდან მოსწყდება და იფანტება, როცა მათგან რომელიმე დაინახავს მტაცებელს და დანარჩენებს სიგნალს გაუგზავნის ამის შესახებ. ბალახისმჭამელები ვერ აანალიზებენ ინფორმაციას, ვერ გამოიმუშავებენ საუკეთესო სტრატეგიას და არც სჭირდებათ. სადღაც უნდა გაიქცნენ თავქუდმოგლეჯით, რადგან მათ, ვინც ფიქრობს, შეჭამენ.
ეს საკმაოდ მიზანშეწონილი საქციელია, თუ თქვენ ბალახს მიირთმევთ სადღაც აფრიკულ სავანაში, მაგრამ ქალაქში მცხოვრებთათვის ეს საკმაოდ მოძველებულია. მიუხედავად ამისა, სახელდობრ, ეს პანიკური რეაქცია “გამოხტება” ხოლმე, როდესაც ადამიანები იღებენ სიგნალს, რომ მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.
ორგანიზმის უნარი, ებრძოლოს ვირუსს, დამოკიდებულია მის იმუნიტეტზე, ხოლო ადამიანის (და საზოგადოების) უნარი, დაუპირისპირდეს ფსიქოლოგიურ დასნებოვნებას _ მის მიზანდასახულობასა და ფასეულობებზე.
საკუთრივ, ნებისმიერი ხიფათი, ისევე, როგორც ნებისმიერი გამოწვევა, გვაიძულებს, დავფიქრდეთ ფასეულობებზე _ საიდან გამომდინარე და როგორ ვაპირებთ ვითარებაზე რეაგირებას? რას უნდა დავეყრდნოთ?
უწინარესად, ჩვენ გვაქვს ისეთი რაღაცები, რომელთა დაკარგვაც არ გვსურს _ ღირსება, თვითპატივისცემა, სხვა ადამიანების პატივისცემა. ადამიანებს, რომლებიც ბოთლებსა და ქვებს ესროდნენ ნოვიე სანჟარიში ევაკუირებულთა ავტობუსებს ან მათ, ვინც კიბოთი დაავადებული ბავშვის ოჯახის გასახლებას ითხოვდა მოსკოვში, ერთი და იგივე სიმპტომი აქვთ _ საკუთარი თავის უპატივცემულობა. პანიკის შეტევა შეიძლება დაემართოს ნებისმიერს _ ეს ბიოლოგიაა. მაგრამ, როდესაც ადამიანს აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, ის უარს ამბობს, დაემორჩილოს პანიკას: მე არ მივაწყდები აქეთ–იქით, როგორც თავმოჭრილი ქათამი, მე მაქვს ღირსება და თავს არ შევირცხვენ. ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი თავის პატივისცემა, იოლად აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც შეუთავსებელია ღირსებასთან და, უბრალოდ, ვერ აცნობიერებს, რა საშინლად იმცირებს თავს.
სიკვდილის შორეული და გაურკვეველი პერსპექტივა უღირსებო ადამიანს არარაობად აქცევს, რაც გარშემო მყოფთა ზიზღს იწვევს და მასშიც ზიზღს გამოიწვევდა, საღად რომ შეეხედა საგნებისა და მოვლენებისთვის.
საკუთარი თავის პატივისცემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქმედებდე, როგორც პატიოსანი, გაბედული, კეთილი ადამიანი და არა ისე, რომ ყველაფერს კადრულობდე ხიფათის თავიდან ასაცილებლად, თანაც პანიკით შეპყრობილი ადამიანი თავიდან ვერაფერს აიცილებს. ვირუსი არ არის ხულიგანი, რომლის დარტყმების ასაცილებლად უნდა შეეცადო მორჩილის პოზის მიღებას და დამცირებას. საკუთარი თავის უპატივცემულობა არ ამაღლებს იმუნიტეტს _ უფრო პირიქით.
მეორე, რაც უნდა გავიხსენოთ, ეს არის საღი აზრი. მედიკოსების ინფორმაციით, დაავადების შემთხვევათა 80,9% მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის სიმპტომებით მიმდინარეობს. მძიმე შემთხვევები 13,8%-ია და მხოლოდ 4,7%-ია კრიტიკული. სიკვდილიანობა მერყეობს ინფიცირებულთა რაოდენობის 2-დან 3%-მდე, მათი უმრავლესობა სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმული ადამიანები არიან. კიდეც რომ დაავადდეთ, გამოჯანმრთელების საკმაოდ კარგი შანსი გაქვთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დროულად მიმართავთ სამედიცინო დახმარებისთვის. 2 კვირის განმავლობაში იზოლაციაში ყოფნა უსიამოვნო ამბავია, მაგრამ ეს სასიკვდილო არ არის. როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებმა, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჩვენ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა დავიცვათ ხანდაზმული და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები, მაგრამ ჩვენ სრულიად არ გვაქვს ანდერძის დაწერის მიზეზი.
მესამე _ და ეს დაკავშირებულია საღ აზრთან _ არ უნდა მივაწეროთ ხელისუფლებას (ან ექიმებს), რომ მათ განზრახული აქვთ, ყველა გამოასალმონ სიცოცხლეს.
ასეთ ბოდვას სწრაფად ავრცელებენ მსგავს ვითარებაში _ როგორც მოხდა იმავე ნოვიე სანჟარიში. ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს უფრო მეტ ნდობას, ვიდრე კონსპიროლოგიური თეორიებისა და პანიკური ჭორების გამავრცელებლები.
რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომა და არაკომპეტენტურობა, მაგრამ ამჟამად კორონავირუსთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა, სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები მას ერთმანეთს უზიარებენ. როგორც იმ შემთხვევებში ხდება, როცა სამედიცინო დახმარებისთვის მივმართავთ, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ მედიცინის სპეციალისტები კომპეტენტური და კეთილგანწყობილი ადამიანები არიან და იციან, რასაც აკეთებენ.
მეოთხე _ უნდა გვახსოვდეს, რომ თვით ყველაზე საშინელი ომები და ეპიდემიებიც კი ვერ აუარესებენ სიკვდილიანობის საბოლოო სტატისტიკას. ყოველი 100 ადამიანიდან, საბოლოო ჯამში, კვდება ასივე. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების უმრავლესობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მოკვდება, მეორე ადგილზეა _ კიბო. გაცილებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, კვება და მავნე ჩვევების მოშორება, ვიდრე კორონავირუსის შიში.
ჩვენ, ყველანი, საბოლოო ჯამში, მოვკვდებით. სიკვდილისგან ვერაფერი გვიხსნის და, მით უმეტეს, ვერ გვიხსნის ამორალური და უპატიოსნო საქციელი ხიფათის წინაშე. ინტერნეტში გავრცელებული პანიკური ჭორების აყოლა, მით უმეტეს, გავრცელება ინფექციისთვის ხელის შეწყობას ნიშნავს. სიკვდილის დამარცხება რწმენით არის შესაძლებელი, აგრეთვე, მზადყოფნით, აღასრულო შენი ვალი, ამქვეყნიდან ჩვენი წაყვანა კი ღმერთს მივანდოთ, ის გადაწყვეტს, როდის და როგორ.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული სერგეი ხუდიევის წერილის მიხედვით გვერდები მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ