Home რუბრიკები ისტორია საით მიდის საქართველო?

საით მიდის საქართველო?

3834
აქცია

ცალკეულ ეპოქათა მოღვაწენი პასუხს აგებენ ერის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და მრავალსაუკუნოვანი მომავლის წინაშე

ქართული კულტურულისტორიული ტრადიციები ჩაგვაგონებს, რომ ხსნა არა წარსულთან სამკვდროსასიცოცხლო ჭიდილში, არამედ მასთან ჰარმონიულ თანხმობაში უნდა ვეძებოთ და წარსულის გამოცდილება ქმედით გაკვეთილად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო ორიენტირების განსაზღვრის საქმეში. “შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად და რა კეთილი _ ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა” (ილია ჭავჭავაძე).

ყოველივე ამის გათვალისწინება მით უფრო გვმართებს დღეს, როდესაც უნებლიე გულმავიწყობისა თუ შეგნებული იგნორირების მომაკვდინებელი სენი ასე საბედისწეროდ ღრღნის ჩვენს სულსა და გონებას.

ძალზე შორსაა ჩვენგან იოანე საბანისძე, _ შენიშნავს პროფესორი რევაზ სირაძე, _ იგი გვახსენებს, რომ არსებობს ზედროული პრობლემები; გვახსენებს, რომ ცალკეულ ეპოქათა მოღვაწენი პასუხს აგებენ ერის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და მრავალსაუკუნოვანი მომავლის წინაშე, რომ ერისთვის ათასი წელი ჭეშმარიტად ერთი დღეა, რომჩვეულებისაებრ მამულისა სლვაიბევრი რამით ყველა დროისთვის საერთო უნდა იყოს”.

სწორედ ამჩვეულებისღალატში, ღვთისგან განდგომასა და ცხოვრების ქრისტიანული წესის უგულვებელყოფაში ხედავდნენ მემატიანენი ქართველთა დაცემისა და დამარცხებების ჭეშმარიტ მიზეზს; ამის გამო წუხან და მრისხანებენქართლის ცხოვრებისავტორები, აქედან იწყება დავით გურამიშვილის გოდებაც:

მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმა მათ სასჯელი უგო ცოდვისა”…

ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი” _ იოანე საბანისძის სიტყვებია, 1230 წლის წინათ თქმული, მაგრამ ყოველი დროისთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ეროვნული კონცეფციის შემცველი. ასე განმარტავს მათ ივანე ჯავახიშვილი. ეს სიტყვები გულისხმობს, რომ ყოველ ერს თავისი ისტორიული გზა და კვალი აქვს; ქართველებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ თავისი სამშობლოს ცხოვრების ტრადიციული წესი, რომელიც ყოველ დროში ყველასთვის სახელმძღვანელო უნდა გახდეს.

ეს განსაკუთრებით გვმართებს სწორედ დღეს, როცა, შეიძლება ითქვას, ჩვენი სამომავლო ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება.

და საით მიდის საქართველო _ თავის ტრადიციებს, ჩვეულებებს ერთგულებს თუ სულ სხვა გზას დაადგა?

ამ კითხვას სვამს პროფესორი რევაზ სირაძე და წერილშიჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი” (ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობა”, 2010., #8) აღნიშნავს, რომჩვენ გვმართებს, მოვიხმოთ დიდი ქართველი მწერლის მაღალი სიბრძნე (ავტორს მხედველობაში ჰყავს იოანე საბანისძე _ რედ.), რომელიც გახდა საფუძველი მთელი შემდეგდროინდელი ჩვენი არსებობისაო”.

ცალკეულ ეპოქათა მოღვაწენი პასუხს აგებენ ერის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და მრავალსაუკუნოვანი მომავლის წინაშე… “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაიბევრი რამით ყველა დროისთვის საერთო უნდა იყოს! _ ასეთია ამ წერილის პათოსი.

ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი

ძალზე შორსაა ჩვენგან იოანე საბანისძე, მაგრამ იგი გვახსენებს, რომ ერისთვის არსებობს ზედროული პრობლემები; გვახსენებს, რომ ცალკეულ ეპოქათა მოღვაწენი პასუხს აგებენ ერის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და მრავალსაუკუნოვანი მომავლის წინაშე, რომ ერისთვის ათასი წელი ჭეშმარიტად ერთი დღეა, რომ “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი” ბევრი რამით ყველა დროისთვის საერთო უნდა იყოს.

მაგრამ არსებობს ეპოქები, როცა ყოველივე ამის გათვალისწინება განსაკუთრებით საჭიროა.

ასეთი დროა ახლა, ასეთი დრო იყო VIII საუკუნეშიც. მაშინ არაბთა ძალმომრეობის ეპოქა იდგა. VIII საუკუნეს განსაკუთრებით დაეჯერება, რადგანაც მაშინ მსოფლიოს დამთრგუნველი ძალის წინაშე იდგნენ. თბილისის არაბთა საამირო უკვე დაარსებული იყო, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

ჩვენი ერის ისტორიაში, სხვაობათა მიუხედავად, ძნელბედობებით აღსავსე არაერთი ხანა ერთმანეთს ჰგავს. დღესთანამედროვე ფორმითგვთავაზობენ, ჩვენივე თანხმობით დაკანონდეს ჩვენი ყოფნა სხვის სახელმწიფოში, რომელშიაც ნებაყოფლობით შემსვლელთ აღარ ექნებათ უფლება მისგან ნებაყოფლობითი გამოსვლისა. ამით ჩვენ დიდი ისტორიული გამოცდის წინაშე ვდგებით; ჩვენივე არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვართ თუ არა ჩვენ ღირსნი თავისუფლებისა. ამ პრობლემის გადაწყვეტისას ჩვენ პასუხს ვაგებთ მომავალი თაობების წინაშე, თანაც არა მხოლოდ ქართველთა წინაშე, არამედ წინაშე ყველა სხვა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ერისა, რადგან, როცა ერთი ერი თმობს დამოუკიდებლობას, ამით სხვისთვისაც ქმნის არასასურველ პრეცედენტს.

“აბო თბილელის წამება” მიმართულია არაბთა ძალმომრეობის წინააღმდეგაც, უფრო ზუსტად, _ წინააღმდეგ ქართველთა მიერ რწმენის დაკარგვისა. ქართველები “გარდაგულარძნესო (ე.ი. რწმენა გაუმრუდესო), _ წერს იოანე საბანისძე, რომელნიმეო მზაკუვარებით და სხუანი, რომელნი-ესე ვართ მორწმუნენნი, მძლავრობასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე გუემულნი და ქეჯნილნი, ძვირად-ძვირად ზღუელნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. მიუხედავად ამისაო, _ განაგრძობს იოანე საბანისძე, _ ქრისტეს სიყუარულითა და შიშითა, ჩვეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა, არა განეშორებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა”.

ეს სიტყვები არაა გამიზნული მხოლოდ ეროვნულ ძნელბედობათა წარმოსაჩენად. აქ სხვა რამაა უმთავრესი სათქმელი, კერძოდ ის, რომ უბედურებათა განცდა სულიერ განწმენდას უნდა იწვევდესო და ვერ უნდა გვიკარგავდესო რწმენას. ასეთი იყო და არისმამულისა ჩვეულებისაებრ სლვაო”.

აქედან ისიც ჩანს, რომ ერის სულიერი თავკაცი ერის ნაკლოვანებათა მხილებას არ ერიდება, სიმდაბლეს არ ამართლებს ძნელბედობით და ამიტომ იოანე საბანისძე ჭეშმარიტი წინამორბედია ილია ჭავჭავაძისა. საერთოა მათთვის აზრი, რომ ერის სისუსტეა, თუ ის მხოლოდ თავის ღირსებებზე ფიქრობს, ხოლო ერის ძლიერება იმით გამოიხატება, თუ რამდენად ძალუძს მას თვალი გაუსწოროს საკუთარ ნაკლოვანებებს, ეპოქისეულსაც და მუდმივთამხლებსაც.

…ეროვნული ტოლერანტობა სრულიადაც არ მოასწავებდა ეროვნულ ნიჰილიზმს, რაც კარგად ჩანს “აბო თბილელის წამებიდანაც”, სადაც ქართლის ჭირის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად მიჩნეულია ის, რომ “აღვერიენით ერსა უცხოსაო”.

იოანე საბანისძე ქართველთა დიდ სამომავლო საფიქრალთან აკავშირებს საკუთარ ეროვნულ ნაკლოვანებათა მხილებას და ქართველთა უღირსობას ხელაღებით მხოლოდ არაბობას კი არ აბრალებს, არამედ საკუთრივ ჩვენსავე თანამდევ თვისებად თვლის. თანაც ეროვნული ნაკლულევანებანი თავის თავზე უნდა მიიღოსო პიროვნულად ყველამ. არვის შეჰფერის, რომ ცოდვებიან ერს დაუპირისპირდეს როგორც უცოდველიო. ეს დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანში” ასე გამოიხატა: ეროვნულ ნაკლოვანებებს თავისთავზე ყველაზე მეტად უნდა იღებდეს ერის თავკაცი, როგორც მეფე და როგორც პიროვნება. “ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლიაო”, _ ამბობდა დავით გურამიშვილი და ყველაზე მეტად ცოდვილიანად თავის თავს რაცხდა.

ერს უნდა აერთიანებდეს არა მხოლოდ პიროვნებათა ღირსებით თანასწორობა, არამედ თანასწორობა ეროვნულ ნაკლოვანებათა პირისპირ დგომისას. ღირსების შეგრძნება კი არ წარმოაჩენს ნაკლოვანებას, არამედ ნაკლოვანებათა შეგრძნება წარმოაჩენს ღირსებას.

იოანე საბანისძე ქართველთა ეროვნულ ღირსებებზედაც იმ მიზნით მსჯელობს, რათა გვიჩვენოს, თუ როგორ დავკარგეთ ანდა როგორ ვკარგავთ მათ.

…”მამულისა ჩვეულებისაებრ სლვასუკავშირდება . საბანისძესთან იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქრისტიანო სამყაროს განაპირას (“ყურესა ამას ქუეყანისასა”) და მარტოდმარტონი ვიცავთ ჩვენ თავსაოზედამდგომელთაგან ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა”. და ეს მიაჩნია ჩვენი ეროვნული არსებობის მუდმივთანმხლებ ფაქტორად. მართლაცდა, ეს დღესაც ასეა.

…იოანე საბანისძე ეროვნულ სარწმუნოებრივ პრობლემებს განსჯის არა მხოლოდ გეო-პოლიტიკურ ფაქტორთა გათვალისწინებით, არამედ დროის ფატორთა კვალობაზეც. დრო უაღრესად მრავალნაირადაა მის მიერ გააზრებული: კერძოდ, რელიგიური თვალთახედვით, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით.

…დღეს არცთუ იშვიათად გაიგონებს კაცი იოლად ნათქვამს _ საქართველოში პოლიტიკური აზროვნების ტრადიციები არ ყოფილაო. ამის უარსაყოფად იოანე საბანისძის ნააზრევიც კმარა. იოანე საბანისძესთან შეგვიძლია დავინახოთ ბევრი ისეთი კონცეფცია, რომელიც განსაკუთრებით აკლია დღევანდელობას. მხედველობაში გვაქვს შემდეგი პრობლემა: ამა თუ იმ ეპოქის რაობას უმეტესწილად ვახასიათებთ ხოლმე მხოლოდ შემდეგი თვალსაზრისით: სოციალური ასპექტით, ანდა პოლიტიკურით, ანდა ეკონომიკურით, ანდა კულტურულ-ისტორიული თვალთახედვით და ვივიწყებთ, რომ ეპოქა არის ფსიქოლოგიური რაობა, რომ საჭიროა ეპოქის ფსიქოლოგიური არსის გაგება. ეპოქისეული ფსიქოლოგიის საფუძველია კოლექტიური განწყობა, ეროვნული განწყობა (დ. უზნაძის კვალობაზე თუ ვიტყვით, ეროვნული “მზაობა”). დღევანდელობისათვის კონკრეტულად საკითხი ასე დგება: რამდენად შეესაბამება ჩვენი დღევანდელი ფსიქოლოგია ჩვენსავე ბუნებას? რამდენად შეესაბამება ჩვენი დღევანდელი ფსიქოლოგია ჩვენსავე დიდ ეროვნულ მიზნებს?

შეიცან თავი შენიო, _ თუ ამას ერის მიმართ ვიტყვით, მასში, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ. სადღეისოდ უნდა ვიგულისხმოთ ერის სულიერი გაწონასწორება, ქართულად ამას ჰქვია დარბაისლობა. სამწუხაროდ, ეს სიტყვა სულ უფრო ნაკლებად ისმის. იქმნება სამწუხარო შთაბეჭდილება, რომ ეს სიტყვა ხშირად აღარც კი გვჭირდება. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ მტერთან ბრძოლაზე ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან. ეს პიროვნებებზედაც ითქმის და მთელ ერზეც.

იოანე საბანისძე ქადაგებდა, რომ მტერთან საბრძოლველად გვჭირდება ბრძოლა საკუთარ თავთან. ამის საფუძვლად მას მიაჩნდა ერის სულიერი განწმენდა, ერის თვითსრულყოფა.

…სრულიად აშკარაა, რომ არსებობდა ეროვნული აღორძინების ერთიანი კონცეფცია, რომელსაც სხვადასხვა სახით ემსახურებოდნენ სამუელ ქართლის კათალიკოსი და ნერსე ერისთავი, გრიგოლ ხანძთელი და იოანე საბანისძე და, ცხადია, სულიერი წინამძღვარი ყველასთვის იყო კათალიკოსი სამუელი. მეტადრე, როცა ქვეყანას არ ჰყავდა ერთიანი ხელისუფლება. სწორედ სამუელ კათალიკოსმა უკარნახა იოანე საბანისძესაც “აბოს წამების შექმნა”.

გრიგოლ ხანძთელმა ყველაფრის წინაპირობად გამოაცხადა ადამიანთა პიროვნული სრულყოფა, სულიერი თუ ყოფითი სიწმინდე. ამას იგი ერთნაირად ითხოვდა ბერ-მონაზონთაგანაც, ეპისკოპოსთაგანაც და კურაპალატებისგანაც. მონოპოლია ჭეშმარიტებაზე განისზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალსულიერებით. ასე ამზადებდნენ ქვეყნის მომავალს. ამ გზის მიმდევარნი კი არ ემზადებოდნენ მხოლოდ მომავალი სიკეთისათვის, ისინი უკვე ცხოვრობდნენ სიკეთით. მაშასადამე, ცხოვრობდნენ ისე, როგორც უნდა ეცხოვრათ მომავალში, ცხოვრობდნენ შინაგანი სულიერი თავისუფლებით. ასე იცავდნენ ისინი თავსა და ერს “ზედამდგომელთაგან მათ ჩუენთა, მფლობელთა მის ჟამისათა”, ამიტომაც გასცდა მათი ღვაწლი მათსავე დროს, ამიტომაც არიან ისინი ფრიად ახლობელნი და მაგალითის მომცემნი დღევანდელობისთვისაც.

ეს იყო დიდი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ჩვენთვისაც განსაზღვრა “მამულისა ჩუეულებისაებრ სლვაი”.

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here